ანტრეპრენერი სიმსივნის წინააღმდეგ გლიკანები - ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეცვლის მედიცინას
By ანანო ჩხაიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
21-ე საუკუნეში, როცა ხალხი კოსმოსში დაფრინავს, შესაძლებელი ხდება ყველა აუხდენელი ოცნების ახდენა და ტექნოლოგიების განვითარების პიკში ვართ, მაინც არსებობს რაღაც, რისი ბოლომდე მოგვარებაც არ შეგვიძლია – ეს არის სიმსივნე, ვერაგი დაავადება, რომლის აღმოფხვრასაც ძალიან ბევრი მეცნიერი ცდილობს. კიბოს გამომწვევი მიზეზები ყველასთვის უცნობია და რაც დრო გადის, ეს მიზეზები უფრო და უფრო იზრდება.
როდესაც Aldo Carrascoso MBA'08-მ მიმართა ბაბსონის კოლეჯს, ასპირანტურაში მისაღებად, მან დედის შესახებ ესეები დაწერა. მას ლილი ერქვა და 1993 წლის სექტემბერში იგი გარდაიცვალა ძუძუს კიბოსგან. დედის შთაგონებითა და ადამიანების ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის სურვილით, კარასკოსო დედას შეჰპირდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შექმნის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებს. 2016 წელს მან ეს შეძლო. "ხალხი იკითხავს, როდის დაიწყო ეს მოგზაურობა", – ამბობს ის, – "ეს 1993 წლის სექტემბერში დაიწყო".
კარასკოსო არის InterVenn Bioscience-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი. კომპანია სამხრეთ სან ფრანცისკოში, კალიფორნიაში მდებარეობს და აქცენტს ამახვილებს გლიკანების შესწავლაზე, რომელიც შაქრის მოლეკულებისგან შემდგარი რთული სტრუქტურებია. კარასკოსო ამბობს, რომ ეს სტრუქტურები ფლობს უამრავ კრიტიკულ ბიოლოგიურ ინფორმაციას, რომლებიც ხშირად ნაკლებად არის გამოყენებული მედიცინაში.
გლიკანების გამოყენებით, ვითარდება დიაგნოსტიკური ტესტების ფართო სპექტრი. პირველი მათგანი, რომელსაც GLORI ჰქვია, არის სისხლის ტესტი საკვერცხის კიბოზე. ეს სასტიკი დაავადებაა, რომლის ადრეული გამოვლენა საკმაოდ კრიტიკულია და ამჟამად არ არსებობს სტანდარტული დიაგნოსტიკური ტესტი. GLORI ჯერ კომერციულად არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ კომპანიამ ივნისში გამოაცხადა, რომ კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა მისი ეფექტურობა.
როდესაც კარასკოსო ახალგაზრდა იყო, დედის გარდაცვალების ფონზე, ფიქრობდა, რომ ის ექიმი გახდებოდა. ასაკის მატებასთან ერთად, იგი ანტრეპრენერული ამბიციებით სავსე აღმოჩნდა და სურდა ესწავლა პროფესორებისგან, რომლებსაც გამოცდილება ჰქონდათ კომპანიების შექმნასა და ჩამოყალიბებაში.
ამან იგი ბაბსონის კოლეჯამდე მიიყვანა. დამთავრების შემდეგ, კარასკოსომ დაიწყო წარმატებული კომპანიების დაფუძნება, მათ შორის Jukin Media (ვიდეოშინაარსის მიმწოდებელი) და Veem (გლობალური გადახდის პროვაიდერი). "ბაბსონი ჩემთვის იყო ამოსავალი ხაზი", – ამბობს ის, – "ბაბსონმა ჩემი გამოცდილება გაამდიდრა".
კარასკოსო არ არის მკვლევარი ან მეცნიერი, მაგრამ ის თავს პრობლემის მომგვარებლად მიიჩნევს, ასე რომ, იგი შეეცადა შეექმნა InterVenn ორ ქიმიკოსთან – კაროლინ ბერტოცისთან და კარლიტო ლებრილასთან ერთად. ისინი გლიკანებზე მუშაობდნენ.
იგი უყურებდა დედამისის სიმსივნით გარდაცვალებას და ოჯახის სხვა წევრებს, რომლებმაც დაავადება მასთან ერთად განიცადეს. კარასკოსო დიდი ხანი იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ ბრძოლის პროგრესს არარსებულად მიიჩნევდა. "მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი", – ამბობს ის, – "სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვიყენებთ ერთსა და იმავე ინსტრუმენტებს და ველოდებით განსხვავებულ შედეგებს".
გლიკანები არის სწორედ ის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეცვლის მედიცინას. გლიკანები შეიცავს უამრავ ბიოლოგიურ ინფორმაციას. ეს მონაცემები წარმოუდგენლად რთულია და ამ დრომდე ძალიან შრომატევადი საქმე იყო, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, InterVenn-იც განვითარდა და იყენებს ხელოვნურ ინტელექტს გლიკანების მძლავრი მონაცემების განბლოკვისთვის. "იმას, რასაც 12 თვე სჭირდებოდა, ახლა 12 წამი სჭირდება", – ამბობს კარასკოსო.
მომავალი გამოყენება
საკვერცხის კიბო მეხუთე ყველაზე სასიკვდილო დაავადებაა ქალთა შორის. ამიტომაცაა პირველი მნიშვნელოვანი სამიზნე InterVenn-ისთვის. ძნელია ადრეულად გამოავლინო კიბოს დიაგნოზი, ბუნდოვანი სიმპტომებით, რომელსაც შეუძლია სხვა დაავადების იმიტაცია, მაგრამ მომავალი ახლოსაა და მედიცინაც საკმაოდ წინ მიიწევს. ამასთან, InterVenn არ წყვეტს საკვერცხის კიბოზე მუშაობას. კარასკოსო ამბობს, რომ კომპანიის მუშაობას გლიკანებთან უამრავი გამოყენება აქვს, არა მხოლოდ სიმსივნური დაავადებების (ფილტვების, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის და სხვა) დასადგენად, არამედ გარკვეული მკურნალობის ეფექტურობის პროგნოზირებისთვის.
მთლიანობაში, InterVenn გეგმავს 50 პროდუქტის გამოშვებას, გასულ წელს კი მან გამოაცხადა, რომ 34 მილიონი დოლარი დააგროვა თავისი სამუშაოს დასაფინანსებლად. კარასკოსო დიდ იმედს ამყარებს გლიკანებზე და მიაჩნია, რომ სამედიცინო რევოლუციას მოახდენს.