"აქაურთა კარმიდამო" – ტურისტული კომპლექსი ინოვაციური და ორიგინალური კონცეფციით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, უმეტესად ეზიარება მისთვის უკვე ცნობილ ან ახალაღმოჩენილ ქართულ სუფრას, საქართველოს წარმტაც ბუნებას, ისტორიულ ძეგლებსა და კურორტებს. თუ ქართული სუფრა უბადლოა და მას კარგი ღვინოც ერთვის, სანახაობის მხრივ მასპინძელი მხარე ხშირად ნაკლებ ფანტაზიას ავლენს და კულინარიული მასტერკლასებით, ღვინის დაგემოვნებით ან ქართული ფოლკლორის წარმოჩენით იფარგლება, ანუ იმით, რაც ჩვენმა წინაპარმა შექმნა, განავითარა, მოუფრთხილდა და სათუთად შემოგვინახა უდიდესი ძალისხმევის შედეგად. ჩვენ, თავის მხრივ, ეს მემკვიდრეობა გადავიბარეთ და, პირველ რიგში, სტუმარს სწორედ ამით ვაცნობთ ჩვენს უდიდეს კულტურას. ეს თავისთავად შესანიშნავია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ მიმართულებით განვითარება და თანამედროვე პრაქტიკის გაზიარება არ გვაწყენდა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ "აქაურთა კარ-მიდამოს" შექმნა, რომელიც სტუმრებს ქართულ კულტურას, მასპინძლობასა და ტრადიციებს განსხვავებული კუთხით გააცნობს", – ამბობს "აქაურთა კარმიდამოს" დამფუძნებელი, ვანო ცინაძე Entrepreneur-თან საუბრისას.
"აქაურთა კარმიდამო" ერთგვარი ტურისტული გამოცდილებების მიღების სივრცეა, ეთნოგრაფიული კარ-მიდამო, რომელიც ტრადიციული ქართული კულტურის ელემენტებს ინოვაციურ ფორმატში აცნობს თითოეულ ვიზიტიორს. ტურისტული კომპლექსი, რომელიც ბოლნისის რაიონში მდებარეობს, ტრადიციულ ქართულ გარემოს თეატრალურ წარმოდგენებთან, ინტერაქტიულ აქტივობებსა და ეთნოკულტურულ შინაარსთან აერთიანებს.
როგორც ვანო ცინაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, აქ სტუმრებისთვის გაიმართება შთამბეჭდავი წარმოდგენები, რომლებიც აუდიტორიას უკეთ გააცნობს ქართული კულტურის მრავალფეროვან ასპექტებს – ეთნოგრაფიას, ისტორიას, კულინარიას, ტრადიციებს, ყოფასა და ასე შემდეგ.
"აქაურთა კარმიდამოს" მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მხოლოდ 2023 წელს დასრულდა.
ვანო ცინაძე:
"გამოვიარეთ პანდემიის მძიმე წლები და მხოლოდ ახლა, ახალ ტურისტულ სეზონზე შევძელით ჩვენ შესახებ ხმამაღლა განგვეცხადებინა. 2024 წლის 9 ივნისს გაიმართა ჩვენი ეთნოსპექტაკლის პრემიერა, რომელიც ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!"-ს მოტივებზეა დადგმული. წარმოდგენა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ინფოტურის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ორგანიზებაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაგვეხმარა".
სპექტაკლი "კაცია-ადამიანი?!" ინტერაქტიული და მრავალენოვანი ფორმატით გამოირჩევა. ვანო ცინაძე აღნიშნავს, რომ წარმოდგენაში აუდიტორია არა მხოლოდ მაყურებლის როლს ასრულებს, არამედ აქტიურად ერთვება სპექტაკლში, რაც ტურისტებისთვის ქართულ კულტურასთან გაცნობას უფრო ემოციურსა და დასამახსოვრებელს ხდის.
"სპექტაკლი "კაცია-ადამიანი?!" კულინარიულ მოტივებზე შექმნილი ერთგვარად ნოვატორული ხასიათის წარმოდგენაა, რომელშიც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, სურვილისამებრ, მაყურებლებიც მონაწილეობენ.
ვანო ცინაძე:
"ალბათ, ყველას გვახსოვს მთავარი მოქმედი პირების - ლუარსაბ თათქარიძისა და მისი მეუღლის, დარეჯანის კამათი ბოზბაშისა და ჩიხირთმის უპირატესობაზე. ორმოქმედებიან წარმოდგენაში სწორედ მათი დავა და ამ დავის გამარჯვებულის გამოვლენა ხდება. პირველი მოქმედება სრულფასოვანი კოსტიუმირებული სპექტაკლია, სადაც ძირითადი დიალოგები ლუარსაბსა და დარეჯანს შორის მიმდინარეობს. ლუარსაბისა და დარეჯანის პერსონაჟებს პროფესიონალი მსახიობები - გიორგი ტატიშვილი და ნინო სავიცკაია-წეროძე განასახიერებენ. მკითხველის როლს კი ირაკლი მიქავა ასრულებს. უცხოელი მაყურებლისთვის პროექტორის ეკრანზე სინქრონულად თარგმნილი სუბტიტრებიც გადის. მეორე მოქმედებაში მაყურებელი სპექტაკლის მთავარ გმირებს უკვე ოდის აივანზე გაშლილ სუფრასთან ხვდება. აუდიტორია ხმის მიცემის წესით ირჩევს, რომელი კერძის დაგემოვნება სურთ - ლუარსაბის რჩეული ბოზბაშის, თუ დარეჯანის ჩიხირთმის. მაყურებელი ინტერაქტიულ თამაშში ხალისით ერთვება და საბოლოოდ გამარჯვებულიც ვლინდება".
გასაკვირი არ არის, რომ ვანო ცინაძისთვის "აქაურთა კარმიდამოს" შექმნის შთაგონება საქართველო და მისი მდიდარი კულტურაა.
"მიმაჩნია, რომ შეგვიძლია მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ. ამისთვის გვაქვს სახელოვანი წარსული, ბუნება, უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა. გვყავს ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანები, ვფლობთ ფანტაზიისა და შემოქმედების უშრეტ წყაროს", - ამბობს ვანო ცინაძე.
ვანო ცინაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში გამოწვევებზეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ნულიდან ბიზნესის დაწყება - მით უფრო ისეთი ნიშის ათვისება, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს - საკმაოდ რთულია.
ვანო ცინაძე:
"ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსური საკითხი იყო. გეგმები დიდი გვქონდა და გვაშინებდა, შევძლებდით თუ არა ამოცანებთან წარმატებით გამკლავებას შეზღუდული ფინანსებით. მშენებლობის პერიოდს პანდემიაც დაემთხვა, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა. თუმცა დიდი სურვილითა და ძალისხმევით ყველაფერი შევძელით და შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, ცოტა ავანტიურისტიც უნდა იყო, რომ ახალ საქმეს შეეჭიდო. მიმაჩნია, რომ არასდროს უნდა გაჩერდე. როგორც იტყვიან – "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში".
"აქაურთა კარმიდამოს" სამომავლო გეგმები მასშტაბურია და ინოვაციისა და ტრადიციების შერწყმას ეფუძნება.
"წელს ახალი წარმოდგენის დადგმას ვგეგმავთ, რომელიც საქართველოში არგონავტების მოგზაურობას შეეხება. უკვე ავაგეთ "არგო", რომელიც ჩვენს საკარმიდამო ტბაში ჩავეშვება. სპოილერის სახით გეტყვით, რომ ჩვენი სპექტაკლი არ მთავრდება ცნობილი ავტორების მონათხრობის მსგავსად - ჩვენს წარმოდგენაში ოქროს საწმისი ადგილზე რჩება.
წარმოდგენის პრემიერამდე "არგოს" გემს ღვინის სადეგუსტაციოდ გამოვიყენებთ. სტუმრებს, როლებსაც კოლხურ ტოგებს ჩავაცმევთ, შუა ტბაში "არგოთი" გავიყვანთ, ფსკერიდან ამფორებს ღვინით ამოვიღებთ და სტუმრებს პირდაპირ გემზე დავაგემოვნებინებთ. რაც შეეხება სხვა გეგმებს, თუ ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ განვითარდა, მომავალში გაფართოებას ვგეგმავთ. ჩვენს კომპლექსში იგეგმება: წრიული გასართობი ატრაქციული რკინიგზის შექმნა, ზიპლაინი, სხვადასხვა სპექტაკლი, ეთნოკულტურული წარმოდგენები, ატრაქციონები და აქტივობები, რომლებშიც მაყურებლის ჩართულობა გათვალისწინებულია. გვინდა, საქართველოში გასართობი პარკებისა და წარმოდგენების კულტურა დავამკვიდროთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და მის ხასიათს წარმოაჩენს ტრადიციებით, ფოლკლორით, კულინარიით, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალით, ინოვაციებითა და ეროვნული მისწრაფებებით", – გვიზიარებს "აქაურთა კარმიდამოს" დამფუძნებელი, ვანო ცინაძე.