არავინ იბადება თავდაჯერებული
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Poppi სასმელების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდია. ბიზნესის პირველ წელს მისმა გაყიდვებმა დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარი შეადგინა. მომდევნო წელს ეს მაჩვენებელი 22 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ 52 მილიონ დოლარამდე, მოგვიანებით 200 მილიონ დოლარამდე, ბოლოს კი 515 მილიონ დოლარს მიაღწია. 2025 წელს კომპანია PepsiCo-ს 1,95 მილიარდ დოლარად მიჰყიდეს.
როგორ აღწევს დამფუძნებელი წარმატების ასეთ დონეს? "მე ყოველთვის ვამბობ, რომ წარმატების კონტექსტში სირცხვილი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ემოციაა, – ამბობს Poppi-ს თანადამფუძნებელი, ალისონ ელსვორთი, რომელიც მთავარი ბრენდოფიცრის თანამდებობას იკავებდა და 2025 წელს ბიზნესის გაყიდვამდე მას ქმართან ერთად ავითარებდა, წარმატების მისაღწევად მზად უნდა იყო, თავი გამოიჩინო და ზოგჯერ თითქმის სულელადაც კი წარმოაჩინო".
ელსვორთმა საკუთარი თავი საზოგადოების წინაშე არაერთი გზით წარმოაჩინა. ის, ცხრა თვის ორსული, Shark Tank-ში გამოვიდა, სადაც როჰან ოზასთან გარიგება დადო. (ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბრენდს ჯერ კიდევ Mother Beverage ერქვა, მანამ, სანამ მას Poppi-დ გადაარქმევდნენ.) ელსვორთი თავად იქცა ბრენდის სოციალური მედიის აქტიურ სახედ და TikTok-ზე ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო დამფუძნებლად ჩამოყალიბდა. ამასთანავე, მან აქტიურად გამოიყენა კრეატიული დირექტორის უნარები და თითოეული ქილის დიზაინი თავად შექმნა.
ახლა ის ახალი ბრენდის შესაქმნელად ემზადება, რომლის შესახებაც შემოდგომაზე გამოაცხადებს. აქ ელსვორთი Poppi-ს განვითარების პროცესში მიღებულ გაკვეთილებზე საუბრობს და გვიზიარებს მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ დამფუძნებლებს წარმატების მიღწევა.
რა რჩებათ ხშირად მხედველობიდან დამფუძნებლებს ბრენდის მასშტაბირებისას?
ჩვენ ძალიან სწრაფად გავიზარდეთ: ოთხწელიწად-ნახევარში ჩვენი შემოსავალი ნულიდან 500 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მალევე მივხვდით, რომ ბიზნესის პროფესიონალიზაცია გვჭირდებოდა. ვფიქრობ, ანტრეპრენერებისთვის ამის მოსმენა რთულია. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის გაკეთება თავად შეუძლიათ. არ სურთ პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბარება, რადგან, მოდი, გულახდილები ვიყოთ, ამაში ხშირად საკუთარი ეგო უშლით ხელს და დახმარებას არ ითხოვენ. ვფიქრობ, ბიზნესში პროცესები ადრეულ ეტაპზევე უნდა დანერგოთ, თანამშრომლები კი ექვსი თვით ადრე, შესაძლოა 18 თვით ადრეც კი უნდა დაიქირაოთ.
გულისხმობთ, რომ დამფუძნებლები ძალიან დიდხანს აყოვნებენ თავიანთი ბიზნესის ცალკეული ფუნქციების პროფესიონალიზაციას, იქნება ეს ფინანსები თუ ადამიანური რესურსები?
დიახ. თანაც ისინი ხშირად საკუთარ მეგობრებსაც ასაქმებენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს შეიძლება ნორმალური იყოს, მაგრამ გეტყვით, როგორც ადამიანი, რომელსაც პირადად მოუწია ერთ-ერთი მეჯვარის სამსახურიდან გათავისუფლებამ იმის გამო, რომ ამ პოზიციისთვის შესაფერისი არ აღმოჩნდა, ეს საშინელებაა. ასე რომ, ნუ გააკეთებთ ამას.
ზოგჯერ ისეთი დონის თანამშრომლების დაქირავება გიწევთ, რომელიც ბიზნესის განვითარების კონკრეტულ ეტაპს შეესაბამება. უნდა იცოდეთ, რომ ვიღაც შეიძლება ძალიან კარგი იყოს მაშინ, როდესაც ბიზნესი 50 მილიონ დოლარს აღწევს, მაგრამ ვეღარ იყოს ისეთივე ეფექტიანი, როდესაც ის 500 მილიონ დოლარამდე იზრდება, და ესეც ნორმალურია. თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება ყოველთვის მხოლოდ ცუდ მოვლენად არ უნდა აღიქმებოდეს.
Poppi-ში კი ჩვენი თანამშრომლების თითქმის 100%-ს კომპანიაში წილი გადავეცით. კომპანიის გაყიდვის შემდეგ 44 ადამიანი მილიონერი გავხადეთ. ზოგმა მანქანა იყიდა. ზოგმა დედის სახლის საფასური სრულად დაფარა. ასე რომ, თქვენი თანამშრომლებიც ბიზნესის ნაწილად აქციეთ.
"არ მინდა სოციალურ მედიაში მარკეტინგით დაკავება. არ მინდა ამაზე დროის დახარჯვა. მრცხვენია". მაგრამ იცით რა? ეს უხერხულობა უნდა გადალახოთ, რადგან დღეს მარკეტინგი სწორედ ასე მუშაობს.

როგორ განვითარდით, როგორც ლიდერი, კომპანიის ზრდასთან ერთად?
გამარჯვება გიყვარს. მე თვითშეგნებული, თავდაჯერებული ქალი ვარ და მომწონს, როდესაც გამარჯვებულებით ვარ გარშემორტყმული. ეს ანტრეპრენერისთვის დამახასიათებელი ეგოდან მომდინარეობს.
იყო პერიოდი, როდესაც ძალიან სწრაფად ვიზრდებოდით. მე მარკეტინგის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი, ჩემი ქმარი კი აღმასრულებელი დირექტორი იყო. ერთ მომენტში ერთმანეთს შევხედეთ, რათა გვეთქვა: "შესაძლოა, ამ პოზიციებისთვის შესაფერისი ადამიანები უკვე აღარ ვართ".
ანტრეპრენერისთვის ამის გაკეთება რთულია, რთულია, გათავისუფლდე აზროვნებისგან: "ეს ჩემია, ეს ჩემი კაპიტალია, ეს ჩემი კომპანიაა". ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ხელმძღვანელის პოზიციებიდან გადადგომა იყო.
საბოლოოდ, მე ბრენდის მართვასა და მთელ შემოქმედებით საქმიანობაზე გადავერთე. ყველა ეს ქილა მე შევქმენი. ამან საშუალება მომცა, თავად გავმხდარიყავი ბრენდის სახე. იცით ერთი საინტერესო ფაქტი? TikTok-ზე ჩემი სახე 3 მილიარდზე მეტჯერ უნახავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პლატფორმის მომხმარებელთა დაახლოებით მესამედს ჩემი სახე საშუალოდ შვიდზე მეტჯერ აქვს ნანახი.
100 000 დოლარი მხოლოდ ჩაწერილ ვიდეოში დახარჯეთ?
მხოლოდ ვიდეოში. ბევრი დამფუძნებელი ამბობს: "არ მინდა სოციალურ მედიაში მარკეტინგით დაკავება. არ მინდა ამაზე დროის დახარჯვა. მრცხვენია". მაგრამ იცით რა? ეს უხერხულობა უნდა გადალახოთ, რადგან დღეს მარკეტინგი სწორედ ასე მუშაობს.
თქვენ ტრადიციულ მარკეტინგსაც აქტიურად იყენებდით, მათ შორის Super Bowl-ის რეკლამას. რა ისწავლეთ მარკეტინგის შესახებ ამ გამოცდილებიდან?
ის, რასაც Poppi-ში ვაკეთებდით, ძალიან მარტივი იყო. პირველ წელს, როგორც მახსოვს, ჩვენი მარკეტინგული ბიუჯეტი 350 000 დოლარს შეადგენდა და მისი 100% ინფლუენსერებთან თანამშრომლობასა და პროდუქტის ნიმუშების დარიგებას მოხმარდა. სოციალურ მედიაში კი მთელი ჩვენი კონტენტი ორგანულად ვრცელდებოდა. იმ დროს ფასიან რეკლამაში დასახარჯი ფულიც კი არ გვქონდა, ამიტომ კონტენტს მხოლოდ მე ვქმნიდი და ყველგან ვცდილობდი მის ვირუსულად გავრცელებას, სადაც ამის შესაძლებლობა მქონდა.
მაშინ სოციალური მედია ჯერ კიდევ "ველურ დასავლეთს" ჰგავდა და კონტენტის ვირუსულად გავრცელება ძალიან მარტივი იყო. ახლა ეს გაცილებით რთულია. დღეს ფასიანი და ორგანული გავრცელების კომბინაციაა საჭირო. ამიტომ ორივე უნდა გამოიყენოთ. თანხა TikTok-ზე ფასიანი რეკლამისთვისაც უნდა გამოყოთ, ჩვენი ციფრული პლატფორმების ბიუჯეტის დაახლოებით 80% TikTok-ზე იხარჯებოდა, დაახლოებით 20% კი Meta-ზე.
ამასთანავე, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ Amazon-ზე სრულად ვყოფილიყავით წარმოდგენილი. ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც პროდუქტს პირდაპირ მომხმარებელს აწვდის. ჩვენ მომხმარებელს იქ შევხვდით, სადაც ის უკვე იყო.
შემდეგ, როდესაც საჭირო მასშტაბს მივაღწიეთ და Poppi უკვე ქვეყნის მასშტაბით ყველა სასურსათო მაღაზიაში იყო წარმოდგენილი, სწორედ მაშინ დავიწყეთ ფიქრი ხაზოვან ტელევიზიაზე, Super Bowl-ის რეკლამებსა და უფრო ფართომასშტაბიან მედიაკამპანიებზე. ეს ყველაფერი ნაადრევად არ უნდა გააკეთოთ.
ამასთან, მასშტაბის ზრდის შემდეგაც არ უნდა შეწყვიტოთ ის მცირე აქტივობები, რომლებმაც თავიდანვე შედეგი მოგიტანათ. ჩვენ დღემდე შეუზღუდავი ბიუჯეტი გვაქვს პროდუქტის ნიმუშების დარიგებისთვის. კვლავ ვთანამშრომლობთ წელიწადში 5 000-დან 10 000-მდე კონტენტის შემქმნელთან. ამ პარტნიორობებს დღემდე ვაგრძელებთ. ასე რომ, ბიზნესის მასშტაბის ზრდასთან ერთად, უბრალოდ, ეტაპობრივად აგრძელებთ ყველაფრის განვითარებას.
როგორი იყო Poppi-ს გაყიდვა და მასთან დამშვიდობება?
კომპანიას 2 მილიარდ დოლარად არ ყიდი და შემდეგ უბრალოდ Pepsi-ს თანამშრომლის ბეიჯს არ იკეთებ. პირიქით, ფიქრობ: "ოჰ, მოიცა, რა ხდება?" ფაქტობრივად, გარიგება პარასკევს დავხურეთ, ორშაბათს კი ჩემი სამუშაო მაგიდა დავცალე. ეს ძალიან ემოციური იყო.
და ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მათ ჩემი წასვლა სურდათ. სამი წლის განმავლობაში მრჩევლის სტატუსით დამტოვეს, მაგრამ კომპანიის თანამშრომელი აღარ ვიყავი. სისტემაზე წვდომაც აღარ მქონდა, სისტემაში შესვლაც კი აღარ შემეძლო.
ამის შემდეგ ერთგვარი პოსტგასაყიდი დეპრესია დამეწყო და ცხოვრებაში ჩემი მიზანი თავიდან უნდა მეპოვა. ფული გაძლევს თავისუფლებას, აკეთო ის, რაც გინდა, როცა გინდა და ვისთან ერთადაც გინდა, მაგრამ მიზანს ვერ გაძლევს. და მინდა გითხრათ, რომ მიზანი ფულზე ბევრად მნიშვნელოვანია. თუ საკუთარ მიზანს იპოვი, ფულიც მოვა.
როგორ პოულობთ ამ მიზანს? ცხადია, პენსიაზე გასასვლელად ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ.
დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში გოლფის თამაშს ვცდილობდი. საკმაოდ კარგადაც ვისწავლე. რამდენჯერმე ჩემი ქმარიც კი დავამარცხე. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, 39 წლის ასაკში პენსიაზე გასვლა არ შემიძლია. რაღაცის შექმნა მენატრებოდა. მენატრებოდა ადამიანები, ლიდერობა და გუნდთან ერთად ყოფნა. ამიტომ შემოდგომაზე ახალ კომპანიას ვქმნით, რაც ძალიან მახარებს.
როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება კომპანიის გაყიდვის შემდეგ?
ჩემს ქმარს ვეუბნებოდი: "ჩვენ ყველაზე მდიდარი ღარიბი ადამიანები ვართ, ვისაც ვიცნობთ", რადგან მოულოდნელად ამდენი ფული აღმოგვაჩნდა, მაგრამ ჩვენს ცხოვრების წესს ერთ ღამეში ვერ შევცვლიდით. გადავწყვიტეთ, უბრალოდ, ისე გაგვეგრძელებინა ცხოვრება, როგორც მანამდე ვცხოვრობდით, და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ნელ-ნელა გვესწავლა ფულის ხარჯვა.
ვიცი, ეს სიგიჟედ ჟღერს. მაგრამ მე მარტოხელა დედამ გამზარდა. ასეთ რამეებს ერთ ღამეში ვერ ცვლი.
არის რამე Pepsi-სთან დადებულ გარიგებაში, რასაც, დღევანდელი გადასახედიდან, სხვაგვარად გააკეთებდით?
არა. 2 მილიარდი დოლარი საოცარია.