Get All Access for $5/mo

არჩილ მამფორიას ტექნოლოგიური თავგადასავალი ესტონეთში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება და სულ უფრო ნაკლებად ხდება დამოკიდებული კონკრეტულ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე. ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, ვფლობდეთ საერთაშორისო "ენას" და ვიმუშაოთ საზღვრებს გარეთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ტექნოლოგიების განუსაზღვრელი შესაძლებლობები და მუდმივად მზარდი მოთხოვნა ბაზარზე კი, თავის მხრივ, გვეხმარება საერთაშორისო განათლების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიღებაში. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით, სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ამ შესაძლებლობებით და ცდილობს, გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე დაიკავოს საკუთარი ადგილი. ბოლო პერიოდში ბევრი ქართველი ახალგაზრდა გახდა საერთაშორისო გუნდის წევრი, რაც მათი კარიერული წინსვლის გარდა, ქვეყნის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

Entrepreneur წარმოგიდგენთ არჩილ მამფორიას, რომელიც ესტონეთში, ევროპის წამყვანი "ნეობანკის" Monese-ის საბანკო ოპერაციების ტექნოლოგიების ხელმძღვანელი გახდა. არჩილის განმარტებით, ამ გზაზე საკმაოდ გრძელი სააპლიკაციო პროცესი გაიარა, რომელიც რამდენიმე გასაუბრებისა და ტესტირებისგან შედგებოდა. ახალგაზრდა ინოვატორის კარიერა კლიენტთა მომსახურების დეპარტამენტიდან დაიწყო, სადაც საბანკო პროდუქტების შესწავლასთან ერთად, ცდილობდა, შეეძინა ახალი უნარ-ჩვევები და პრაქტიკაში გადაეტანა ახალი, ინოვაციური ცოდნა. მას შემდეგ რამდენიმე პოზიცია შეიცვალა და ამჟამად, არჩილის, როგორც საბანკო ოპერაციების ტექნოლოგიების ხელმძღვანელის, მისია გახლავთ ოპერაციული ხარჯების შემცირება და საბანკო ოპერაციების ეფექტურობის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. როგორია სამუშაო სპეციფიკა საერთაშორისო კომპანიაში, რა პროცესების გამარტივებას ცდილობს ტექნოლოგიების გამოყენებით და როგორია არჩილის სამომავლო გეგმები გლობალურ ასპარეზზე? − ამ შეკითხვებთან დაკავშირებით, Entrepreneur არჩილ მამფორიას ესაუბრა.

არჩილ, რატომ გადაწყვიტეთ ესტონეთში განათლების მიღება და კონკრეტულად რომელ მიმართულებაზე სწავლობდით?

სანამ გაგიმხელთ ჩემი არჩევანის ძირითად მიზეზებს, უპირველესად, მინდა გესაუბროთ, როგორ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე.

ისევე, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლების უმრავლესობამ, დავიწყე თუ არა უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში, მალევე მივხვდი, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი მაღალკონკურენტულ გარემოში წარმატების მისაღწევად. შესაბამისად, დავიწყე ფიქრი, თუ რა იქნებოდა შემდეგი ეტაპი ჩემი განათლების გზაზე.

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უპირველეს ყოვლისა, მეპოვა სფერო, რომლისთვისაც მზად ვიქნებოდი მიმეძღვნა დაუღალავი შრომა, ასევე, ეს უნდა ყოფილიყო საქმე, რომელიც ნამდვილად მაინტერესებდა, რათა ენთუზიაზმი, რომელიც ადამიანს საქმის დაწყებისას აქვს, დიდხანს გამყოლოდა.

სფერო, რომელმაც დამაინტერესა, იყო და არის ტექნოლოგიები. დავიწყე უნივერსიტეტებისა და შესაბამისი ფაკულტეტების ძიება. ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მივაგენი ძალიან საინტერესო სამაგისტრო ფაკულტეტს, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, ინოვაციური პოლიტიკისა და საჯარო მართვის ერთობლიობას და ეწოდება "ტექნოლოგიების მართვა". როდესაც სილაბუსს გავეცანი, გავიგე, რომ მსოფლიოში თავის დარგში წამყვანი მოწვეული პროფესორები ასწავლიდნენ საგნების უმეტესობას. ასევე, ბევრი მსმენოდა ესტონეთის შესახებ, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანსა საჯარო სექტორში ტექნოლოგიების დანერგვის დარგში. აგრეთვე იმის შესახებ, რომ ესტონეთში ძალიან ბევრი საერთაშორისო სტარტაპი და კომპანიაა, რაც რეალური კარიერული წინსვლის საშუალებას მომცემდა.

ფაკულტეტზე მისაღებ პროცესს რაც შეეხება, გავიარე ტესტირება და გასაუბრება, რის შედეგადაც ესტონური თანადაფინანსებით მოვხვდი 2015-2016 სასწავლო წლის 15-კაციან ჯგუფში. ასევე, დამენიშნა ყოველთვიური სტიპენდია 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულმა პირობებმა ხელმისაწვდომი გახადა ამ ნაბიჯის გადადგმა.

როგორ ფიქრობთ, რაში დაგეხმარათ საერთაშორისო განათლების მიღება?

საზღვარგარეთ განათლების მიღებამ ბევრი მიმართულებით განმავითარა. ჩემი აზრით, სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრება და დიდ გამოწვევებთან შეჭიდება ადამიანში ავლენს ყველა ფარულ შესაძლებლობას, რაც აუცილებელია კონკურენტუნარიან გარემოში "გადარჩენისა" და განვითარებისათვის. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი და ესტონეთში ჩამოსვლისთანავე მომიწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა. რამდენიმე მაგალითს გეტყვით:

  • ინგლისურად სწავლამ და კომუნიკაციამ სულ სხვა დონეზე აიყვანა ჩემი ენობრივი შესაძლებლობები.
  • ძალიან გამიძლიერა მიღებული ცოდნის ხარისხი. ასევე, მასწავლა სტრესულ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
  • საერთაშორისო კონტაქტების გაჩენამ და მულტიკულტურულ გარემოში ყოფნამ, სულ სხვა პრიზმიდან დამანახა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები.
  • გამიფართოვა თვალსაწიერი. მომცა შედარების საშუალება და დამიმსხვრია ძალიან ბევრი სტერეოტიპი.
  • გარდა განათლებისა, ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც მივიღე, რამაც, მიმაჩნია, რომ საგრძნობლად გააძლიერა ჩემი ინდივიდუალიზმი.

ზოგადად კი ვიტყოდი, რომ მიმაჩვია, ვიგრძნო თავი კომფორტულად არაკომფორტულ გარემოში. ვფიქრობ, წარმატების გზაზე არ არსებობს ცნება "კომფორტის ზონა".

ომელ კრიტერიუმებს მიაქციეს ყურადღება, როდესაც ესტონეთში გამოცდებს აბარებდით? რა უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც საერთაშორისო განათლების მიღება სურთ?

ჩემი დაკვირვებით, ყურადღება დიდწილად დაეთმო კრიტიკულ აზროვნებასა და ზოგად უნარებს, კომუნიკაციას, ხედვებს და მისწრაფებებს. მაგრამ რადგანაც ყველა უნივერსიტეტს განსხვავებული მოთხოვნები აქვს, შევეცდები განვაზოგადო და ყველას ვურჩიო: ადრევე დაიწყეთ მზადება მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად, რადგან საკუთარ თავსა და ინტერესებში გარკვევა ყველაზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შეეცადეთ, არ მოექცეთ ტრენდების ზეგავლენის ქვეშ და იპოვოთ ის, რაც ნამდვილად გაინტერესებთ.

როდესაც იპოვით სასურველ სფეროს, დაიწყეთ მიზნისკენ სვლა, შესაბამისი ცოდნისა და უნარების შევსება. ასევე გააანალიზეთ, სად შეგაქვთ აპლიკაცია, როგორ ეწყობით მოთხოვნებსა და შემოთავაზებულ გარემოს. თუ მიგაჩნიათ, რომ გაქვთ პირდაპირი თანხვედრა, არ გაგიჭირდებათ საკუთარი მოტივაციის დასაბუთება.

ასევე, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია სადმე გამოცდების ჩაბარება არ გახდეს თქვენი თვითმიზანი. დღეს აღარ არის აუცილებელი საუნივერსიტეტო დიპლომი და სერტიფიკატები, რათა დაასაბუთოთ თქვენი კომპეტენცია. ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში დამოუკიდებლად ყველაფრის სწავლა არის შესაძლებელი. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ორი რამ − მოტივაცია და შრომა.

როგორ მოხვდით "ნეობანკში"? რამდენად რთული გზა იყო?

ფინანსური ტექნოლოგიები ჩემი სამაგისტრო კვლევის მთავარი თემა გახლდათ. როდესაც სწავლა დავამთავრე, უკვე საკმაოდ კარგად მესმოდა ამ სექტორის ასავალ-დასავალი და სამომავლო ტრენდები. ესტონეთში ამ დროს უკვე იყო რამდენიმე სწრაფად მზარდი ფინტეკ-კომპანია მრავალი შესაძლებლობით.

ჩემს შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან რთული გზის გავლა მომიწია, რადგან ადრევე დავიწყე ამ სექტორისკენ სწრაფვა და სამზადისი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ გრძელი სააპლიკაციო პროცესი გავიარე, რომელიც რამდენიმე გასაუბრებისა და ტესტირებისგან შედგებოდა.

ვფიქრობ, არ გამჭირვებია საკუთარი მოტივაციის დასაბუთება. ამ დროს უკვე ზურგს მიმაგრებდა სამუშაო გამოცდილება, რომელიც მივიღე ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინოვაციებისა და ბიზნესცენტრში Mektory, სადაც სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე ვმუშაობდი, ასევე, მჭიდრო კავშირი მქონდა დამწყებ სტარტაპერებთან.

გულახდილად გეტყვით, რომ ამ დროს რამდენიმე ტექკომპანიაში გავიარე სააპლიკაციო პროცესი და როდესაც გადაწყვეტილების დრო დადგა, სამი სხვადასხვა კომპანიისგან მქონდა შემოთავაზება. ავირჩიე "ნეობანკი", სახელად Monese, რომელიც ოპერირებს ევროპის ყველა ქვეყანაში და ბრიტანეთში, რადგან ეს იყო სფერო, სადაც დავინახე საკუთარი თავი ყველაზე მკაფიოდ.

რომ შევაჯამოთ, თუკი შეძლებთ გამოიმუშაოთ უნარი, წინასწარ განჭვრიტოთ, რა სახის შესაძლებლობები დაგჭირდებათ უახლოეს მომავალში და მათ შეიძენთ წინასწარ, ეს ნამდვილად გაგიადვილებთ ნებისმიერ სირთულეს.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, ვიდრე "ნეობანკში" მოხვდებოდით?

ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ იყო მარცხისადმი დამოკიდებულების გადაფასება. ისევე, როგორც ადამიანთა უმეტესობა, არც მე აღვიქვამ მარცხს პოზიტიურ მოვლენად. თუმცა, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მიმეღწია მდგომარეობისათვის, რომელშიც მარცხი დიდ გავლენას არ მოახდენდა ჩემს შემდგომ ნაბიჯებზე და არ შემიზღუდავდა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

შესაძლოა ითქვას, რომ ამჟამად მარცხს აღვიქვამ, როგორც "ცუდ მეგობარს", რომლისგანაც მაინც შეიძლება რაღაც ისწავლო.

მინდა აღვნიშნო, რომ ესტონური სტარტაპ-ეკოსისტემა ძალიან დამეხმარა მარცხისადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებაში. ჩემი აზრით, აქაური მიდგომა, რომ მარცხი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და არ არის სირცხვილი, სწორედ ჯანსაღი კულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება.

ამჟამად, კონკრეტულად რას საქმიანობთ და რას მოიცავს თქვენი სამუშაო? სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდით, თუ თავიდანვე კონკრეტული მიმართულებით დასაქმდით?

ჩემი მოგზაურობა Monese-ში დაიწყო კლიენტების მომსახურების დეპარტამენტიდან, სადაც დეტალურად შევისწავლე ჩვენი პროდუქტი. ასევე, ვცდილობდი სამსახურის მოთხოვნების გარდა, შემეძინა ახალი უნარები და ცოდნა, რომლის გამოყენებასაც სწრაფად შევძლებდი პრაქტიკაში.

რამდენიმე პოზიციის შეცვლის შემდეგ, ვმუშაობ საბანკო ოპერაციების ტექნოლოგიების ხელმძღვანელად. ჩემი ძირითადი მისია გახლავთ ოპერაციული ხარჯების შემცირება და საბანკო ოპერაციების ეფექტურობის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რასაც ვახორციელებ კომპლექსური პრობლემების მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვით, პროცესების ავტომატიზაციით და კომპანიაში არსებული ტექნოლოგიების საბანკო ოპერაციებში ნულოვანი ან მინიმალური დამატებითი ფინანსური დანახარჯების გამოყენებით.

ჩემ მიერ დანერგილი გადაწყვეტილებების ძირითადი მომხმარებლები ჩვენი კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტი და მსხვილი კლიენტები არიან.

მოგიყვანთ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს:

  • საბანკო ანგარიშების ბალანსის მართვა
  • პლასტიკური და ვირტუალური ბარათები
  • საგადასახადო სისტემები (core banking)
  • ინციდენტების მართვა (ტექნოლოგიური და ინფორმაციული)
  • კლიენტების მომსახურების სატელეფონო ინტერაქტიული სერვისი
  • ცვლილებების მართვა, რაშიც ვგულისხმობ საბანკო აპლიკაციის ახალი პროდუქტების შექმნის მეთოდებს, თუ რომელ ეტაპებს გადის იდეა ფუნქციონალამდე.

ჩემი ახლანდელი პოზიცია მრავალფუნქციურია, თუმცა, მე ძირითადად ვფოკუსირდები ტექნოლოგიების კუთხით.

როგორია სამუშაო სპეციფიკა ზოგადად ესტონურ ფირმებში და ასევე, კონკრეტულად თქვენს "ნეობანკში"? პირობითად, გაქვთ თუ არა წახალისების მექანიზმები, როგორია სამუშაო გრაფიკი და ა.შ.

სტარტაპ-ეკოსისტემა ძალიან კარგად არის განვითარებული ესტონეთში, რამაც, ჩემი აზრით, საგრძნობლად განავითარა ორგანიზაციული კულტურა − იქნება ეს მაღალტექნოლოგიური თუ სტანდარტული კომპანიები.

ორგანიზაციები მომართულნი არიან ტალანტის პოვნასა და შენარჩუნებაზე, ცდილობენ, ყოველმხრივ კომფორტული სამუშაო გარემო შექმნან, რათა მიმზიდველი გახადონ იქ მუშაობა. ასევე, დამსაქმებლების რაოდენობისა და ხარისხის გათვალისწინებით, ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი კონკურენციაა, რაც თავისთავად სამუშაო გარემოს ხარისხსაც აუმჯობესებს.

რა გაძლევთ ინსპირაციასა და ენერგიას საქმიანობის განსახორციელებად? რა გეხმარებათ განტვირთვაში?

ვიტყოდი, რომ თითოეული მცირე წარმატება, კომპლექსური პრობლემის გადაჭრა, მიჩენს სურვილს, უფრო რთულ გამოწვევას შევეჭიდო. ასევე, ჩემს ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ტექნოლოგიების არასტანდარტულად გამოყენება და ჩემი რეალობისთვის მორგება. სწორედ ასე დაიწყო ჩემი და ტექნოლოგიების მეგობრობაც.

საკმაოდ აზარტული და კონკურენტული ხასიათი მაქვს, ყოველთვის ვისწრაფვი, საუკეთესო ვიყო იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ. შესაბამისად, მოტივაციის "საწვავის" ნაკლებობას არასდროს განვიცდი, მუდამ ვცდილობ დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ მეტი შემიძლია.

განტვირთვაში მეხმარება მუსიკა. რამდენიმე წელია ვაგროვებ ვინილის ფირფიტების კოლექციას. ძალიან მიტაცებს ელექტრონული მუსიკა, რომელსაც ვუთმობ ჩემი თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს. ორი წელია ვარ ერთ-ერთი წამყვანი ესტონური კლუბის რეზიდენტი დიჯეი და ხშირად მიწევს დიდი აუდიტორიების წინაშე მუსიკის დაკვრა − როგორც ესტონეთში, ასევე მის მეზობელ ქვეყნებში.

ისევე, როგორც ტექნოლოგიები, მუსიკაც ამოუწურავი სფეროა და ყოველდღე ვაწყდები რაიმე ახალს, რაც ხდება ჩემი ინსპირაციისა და მოტივაციის წყარო.

რა ხარისხითაა განვითარებული ესტონეთი ციფრული ტექნოლოგიების კუთხით პირობითად, საბანკო სექტორში რამდენად არის დანერგილი ციფრული სერვისები და მომხმარებლებიც რაოდენ მარტივად ეგუებიან ინოვაციურ ცვლილებებს?

ესტონეთი მიიჩნევა ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, სადაც საჯარო სექტორი ყველაზე განვითარებულია ტექნოლოგიების კუთხით. ყველა საჯარო სერვისის მიღება შესაძლებელია ინტერნეტით. ესტონეთში ასევე არის ცნება e-residensy, რომელიც გულისხმობს, გახდე ესტონეთის ინტერნეტრეზიდენტი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, რაც საშუალებას გაძლევს, დისტანციურად გახსნა კომპანია ესტონეთში და აწარმოო ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა. ასევე, საშუალებას იძლევა, გქონდეს წვდომა ყველა საჯარო სერვისზე. ესტონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ინტერნეტარჩევნები დანერგა. როგორც ყველა სხვა ელექტრონული სერვისის შემთხვევაში, არჩევნებშიც შესაძლებელია შინიდან გაუსვლელად მიიღო მონაწილეობა.

ფაქტებით რომ ვისაუბროთ, აქ არის მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე სტარტაპების და მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ტექნოლოგიებთან ადაპტაციას რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით, საჯარო სექტორის ასეთმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ძალიან აამაღლა ტექნოლოგიებისადმი ადაპტაციის ზოგადი დონე, რამაც იმავდროულად გაუმარტივა კერძო სექტორს ინოვაციების დანერგვა.

ვიტყოდი, რომ ტრადიციულ საბანკო სექტორშიც კი სამომხმარებლო გამოცდილება საკმაოდ დახვეწილია ინოვაციური ტექნოლოგიების ხარჯზე. ამასთან, ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Monese, Wise და ა.შ. ძალიან დიდი რევოლუცია მოახდინეს საბანკო სფეროს განვითარებაზე.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? სად ხედავთ საკუთარ თავს?

ამჟამად არ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს. კონცენტრირებული ვარ ჩემს ახალ პოზიციაზე. ახლა ვცდილობ გავიღრმაო ცოდნა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და რობოტული პროცესების ავტომატიზაციის კუთხით (robotic process automation). მომდევნო ეტაპზე ძალიან მაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი და მექანიკური სწავლების ე.წ. machine learning-მოდელები.

მიუხედავად სხვადასხვა შემოთავაზებისა, უახლოეს მომავალში არ ვაპირებ ჩემი კომპანიის დატოვებას, რადგან მიმაჩნია, რომ ოპერირების ახალ ეტაპზე გადავდივართ, სადაც ბევრის სწავლას შევძლებ. ასევე, ვფიქრობ, ჩემს გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია. მჯერა, რომ მალე ჩვენი კომპანიის აქციები საჯარო ბაზრებზე გაიყიდება.

რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში, არ ვცდილობ ზედმეტად წინსწრებით დავგეგმო ჩემი კარიერის შემდეგი ეტაპი. ასევე ვაცნობიერებ, რომ კარიერულ ზრდასთან ერთად, ინტერესებიც შეიძლება შემეცვალოს. ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ვკონცენტრირდები ზემოაღნიშნული სფეროების სიღრმისეულ შესწავლაზე და ვფიქრობ, მსგავსი უნივერსალური ტექნოლოგიების გამოყენებას მრავალი მიზნისთვის შევძლებ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი