Get All Access for $5/mo

"არდი" - ინსტიტუციური ტრანსფორმაციის გზა საერთაშორისო გამოცდილებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია − არდი, უკვე 12 წელია, რაც ერთგულად ემსახურება მომხმარებლებს, იშვიათი ემპათიითაა განწყობილი თითოეული დაზღვეულის მიმართ და ადგილობრივ ეკოსისტემაში სრულიად განსხვავებულ, ადამიანური ღირებულებებით გამყარებულ მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს. ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, არდი წლიდან წლამდე იზრდება, სულ უფრო მეტ "არდელს" აერთიანებს და ინსტიტუციურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისკენ მიისწრაფვის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში სადაზღვევო კომპანიამ "არდი" საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა საინვესტიციო ფონდთან Gazelle Finance, რის შედეგადაც ფონდი "არდის" სტრატეგიული აქციონერი გახდა. საინვესტიციო პაკეტის მოცულობამ 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კომპანიის განვითარებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას მოხმარდება, ხოლო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი, სადაზღვევო, საგადამზღვევო, ჯანდაცვისა და პორტფელის საინვესტიციო მართვის სფეროში 40-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი − ვოლფგანგ ვანდი შეემატა.

"არდის" მიმდინარე პროცესებზე, ბაზრის ტენდენციებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე, Entrepreneur "არდის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ჯაფარიძეს ესაუბრა.

უპირველეს ყოვლისა, შევაფასოთ 2022 წელი. როგორ გაიარა "არდიმ" პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისული პერიოდი, რა მთავარი გამოწვევები გადალახა კომპანიამ და როგორ შეძლო მათთან გამკლავება?
მიმდინარე წელს კომპანიამ მოახერხა კორპორაციული მმართველობის პოლიტიკის დანერგვა და გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინსტიტუციურობის კუთხით. აქციონერთა სტრუქტურაშიც იყო ცვლილებები. დამატებითი კაპიტალის ინვესტირება განახორციელა Gazelle Finance-მა, რომელიც ახლა უკვე კომპანიის მთავარი აქციონერი გახდა. ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს დაემატა რამდენიმე წევრი. ერთ-ერთი მათგანია უდიდესი საერთაშორისო გამოცდილების, ნამდვილი დასავლური ხედვებისა და ენერგიის მქონე პროფესიონალი − ვოლფგანგ ვანდი, რომელიც მაქსიმალურადაა ჩართული კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით, რაც გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი ხედვით, ფინანსური მოთამაშეები აუცილებლად უნდა იყვნენ ინსტიტუტები, რომლებიც თაობებს გაუძლებენ და ვცდილობთ სწორედ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ. კომპანიის განვითარების გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის გარდაქმნის პირველი მნიშვნელოვანი ფაზა უნდა დასრულდეს და ვიმედოვნებთ, "არდი" საბოლოოდ შედგება მყარ ინსტიტუციად.

რაც შეეხება პანდემიურ გამოწვევებს, "კოვიდის" დროს, ბევრი კომპანიისგან განსხვავებით, ჩვენ მაქსიმალურად გავაღეთ კარი საკუთარი მომხმარებლებისთვის. თითოეულ დაზღვეულ "არდელზე" იხარჯებოდა უდიდესი ძალისხმევა, რათა მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება არ შეფერხებულიყო ბინაზე თუ სტაციონარში. მაშინ, როდესაც ისედაც შეზღუდული რესურსების მართვა, როგორც წესი, სახელმწიფოს პრეროგატივაა, ჩვენ საკუთარი დაზღვეულების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. თუმცა, ამგვარი მიდგომა ფინანსური მოგება-ზარალის კუთხით მარტივი არ არის და ზოგჯერ დრამატული გავლენის მოხდენაც კი შეუძლია. პანდემიის დროს, როდესაც მაქსიმალურად ვეცადეთ არ მიგვეტოვებინა ჩვენი დაზღვეულები ჯერ კიდევ უცნობი ვირუსის წინაშე, თითქმის 1,5 მილიონი ლარის დაუგეგმავი ზარალი მივიღეთ. თუმცა ჩვენ გვჯეროდა ამ პოზიციის, რადგან ვფიქრობთ, რომ სადაზღვევო სფერო სწორედ რთულ დროს უნდა დაუდგეს მხარში იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ნდობა გამოუცხადეს.

ასევე, პანდემიის გამოძახილია ინფლაცია და ფასების ზრდა, რაც ნეგატიურად აისახა ავტოდაზღვევის კუთხით. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ძირითადად თანხების აკუმულირება დოლარში ხდება, ხოლო ლარის გამყარებამ გამოიწვია მოკრებილი პრემიების შემცირება ლარში. ამავდროულად, ფასები ავტონაწილებზე და მომსახურებაზე გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ზარალიც კომპანიისთვის. რთული იყო ვითარება საბანკო გარანტიების მხარესაც, ვინაიდან კომპანიები ფიზიკურად ვეღარ ახერხებდნენ შეესრულებინათ სამუშაოები ძველი კონტრაქტული ფასებით, ამიტომ საბანკო გარანტიების გამოთხოვა ხდებოდა. შესაბამისად, "არდიმ" 2022 წელს რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით სადაზღვევო ანაზღაურება გადაიხადა.

როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი გამოწვევის გადალახვა მოუწია კომპანიას, თუმცა საბოლოო ანგარიშით, ვფიქრობ, გავართვით თავი გამოწვევებს და ვაგრძელებთ ზრდას. 2022 შეგვიძლია შევაფასოთ, ერთდროულად როგორც გამოწვევების, ისე წარმატების წლადაც. წლის ბოლომდე "არდის" ზრდის მაჩვენებელი 20-22% იქნება, რაც საკმაოდ კარგი ნიშნულია.

როგორ ადაპტირდა "არდი" პანდემიის შემდგომ შეცვლილ რეალობასთან და როგორ შეიცვალა მიდგომა როგორც თანამშრომლების, ისე დაზღვეულთა მომსახურების მიმართ?
პანდემიამ გამოიწვია ის, რომ ყველა ბიზნესისთვის კიდევ უფრო დაჩქარდა ციფრულ სერვისებზე გადასვლის პროცესი. აღსანიშნავია, რომ სერვისების 50%-ზე მეტი ციფრულ სივრცეში გვქონდა გადატანილი პანდემიამდეც. პირველი სადაზღვევო კომპანია იყო "არდი", რომელმაც უარი თქვა პლასტიკური ბარათების გამოყენებაზე, 2016 წლიდან დავიწყეთ ელექტრონული ბარათებით მომსახურება და დღეს უკვე სერვისების უმრავლესობა უნიკალური SMS ან QR-კოდებით რეგულირდება. ხოლო ყველაზე მოთხოვნადი სადაზღვევო პროდუქტების გაპოლისიანება მთლიანად ციფრული პროცესია − შეთავაზებიდან ხელმოწერამდე, სადაზღვევო შემთხვევის მოხდენიდან მის დარეგულირებამდე.

ამჟამად ვმუშაობთ თანამედროვე ციფრული მატარებლების შეთავაზებაზე მომხმარებლისთვის და ზოგადად, კომპანიის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ უახლოეს მომავალში სადაზღვევო-ტექნოლოგიურ კომპანიად გარდავიქმნათ. "არდი" არც რომელიღაც ბანკის ნაწილია და არც რომელიღაც მსხვილი ბიზნესჯგუფის ერთეული. ჩვენ დამოუკიდებელი მოთამაშე ვართ ბაზარზე და უმნიშვნელოვანესია ჩვენსავე შეზღუდული რესურსით ღირებული კონკურენტული უპირატესობა შევქმნათ.

რაც შეეხება თანამშრომელ "არდელებს", პანდემიის განმავლობაში, მაქსიმალურად ვცდილობდით მათთვის აგვერიდებინა გამოწვევების სიმძიმე. უცნაურია, მაგრამ ონლაინსივრცეებში ინტერაქციით თანამშრომლებმა უფრო ახლოს გაიცნეს ერთმანეთი, თავად ნახეს, რომ შეუძლებლის კეთებაა შესაძლებელი ერთად და ჩვენ გვინდა თითოეულ "არდელს" დავუფასოთ მათი კონტრიბუცია ამ ერთიანობაში, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც კომპანიას აქვს.

როგორ შეაფასებდით ქართულ სადაზღვევო ბაზარს? რა ეტაპზეა ახლა სადაზღვევო ინდუსტრია, რის განვითარება მოხდა წელს და რა სჭირდება მას, როგორც უკეთესი ბიზნესგარემოს შესაქმნელად, ასევე დაზღვეულთათვის მომსახურების გასაუმჯობესებლად?
სადაზღვევო სფეროში 17 წელია რაც ვმუშაობ და ამ პერიოდის განმავლობაში ინდუსტრია საგრძნობლად გაიზარდა. სადაზღვევო ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა საქართველოში ამჟამად საბანკო ინდუსტრია გაცილებით განვითარებულია და დაახლოებით 20-25-ჯერ დიდია, ვიდრე დაზღვევა. როგორც წესი, განვითარებულ ბაზრებზე საბანკო და სადაზღვევო ინდუსტრია განვითარების თანაბარ დონეზეა, თუმცა ჩვენთან ასე არაა. მაგალითისთვის, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, ბანკებმა მხოლოდ მოგების გადასახადის სახით 250 მილიონი გადაიხადეს, ხოლო სადაზღვევო სფერომ − 2,8 მილიონი. სადაზღვევო კომპანიების ჯამური ბრუნვა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ბანკების წმინდა მოგება. თუმცა, რაც მეც და ჩემს კოლეგებსაც ამ სფეროში დარჩენისა და განვითარების მოტივაციას გვაძლევს, არის ის, რომ ზუსტად ვიცით სადაზღვევო ინდუსტრიის პერსპექტივა საქართველოში. მთლიანი შიდა პროდუქტისა და სადაზღვევო ინდუსტრიის ბრუნვის შეფარდება დასავლეთის ქვეყნებში, როგორც წესი, 5-12%-ის შუალედში მერყეობს, ხოლო ჩვენთან ანალოგიური მაჩვენებელი 0,9%-ია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რომ შევხედოთ, მათზე ხუთჯერ მცირე ზომის ბაზარი გვაქვს ჩვენი მასშტაბისთვისაც კი. აღნიშნულს იწვევს როგორც რესურსების სიმწირე, ისე ზოგადად, სადაზღვევო ინდუსტრიის როლის სისუსტე. აუცილებელია, სახელმწიფომ დაზღვევა ისეთივე კრიტიკულად მნიშვნელოვან ინდუსტრიად აღიქვას, როგორც ბანკები, ენერგეტიკა და ა.შ., რაც გაცილებით ააჩქარებდა სფეროს განვითარებას.

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელება, როგორც სადაზღვევო კომპანიების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითად, საქართველოში 1,4 მილიონი რეგისტრირებული ავტომობილიდან, მხოლოდ 100 000-ზე ცოტა მეტია დაზღვეული, რომლის დიდ ნაწილს სატენდერო ხელშეკრულებები შეადგენს. მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ავტომობილის დაზღვევა, ისევე, როგორც მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, თავიდან გვარიდებს დავებს და ავარიის შემთხვევაში ქმნის დოვლათს გარჩევების გარეშე. ისევე, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელზეც ჯამურად წელიწადში 200 მილიონს ვხარჯავთ, ხოლო 800 მილიონს − თამბაქოს ნაწარმზე, რაც თავისთავად ასიმეტრიაა.

მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ახალი თაობა უფრო მეტადაა გაცნობიერებული ბიუჯეტის დაგეგმვის ნაწილში და ამ მხრივ ცნობიერება გაცილებით მაღალია, რაც ახლო მომავალში დაზღვევის ბაზრის ზრდაზეც აისახება.

რეგიონსა და მსოფლიოში ცვალებადი ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბიზნესზე. უკრაინის ომმა ახალი ეკონომიკური არასტაბილურობა გამოიწვია. ეკონომიკას აქვს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, სახეზეა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ზრდა, რომლებმაც შესაძლოა ძლიერი გავლენა მოახდინოს დაზღვევის ბიზნესზე. ეკონომიკური პირობების ჭრილში, რა გავლენა მოახდინა ბოლო პერიოდმა თქვენს ბიზნესზე?
უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური კრიზისი ნეგატიურად აისახება ბაზრის ყველა მოთამაშეზე, თუმცა ომი, რომელიც უმძიმეს ადამიანურ ტრაგედიას წარმოადგენს, უბრალოდ წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში და მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში ამ საკითხს არ განვიხილავდი.

რაც შეეხება ქართულ ეკონომიკას, რაც უნდა ცუდად ჟღერდეს, სახეზე გვაქვს ზრდა, რომელიც გარკვეულწილად ერთჯერადი ეფექტია, გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. ამ შემთხვევაში, "არდი" არის ქვეყნის ეკოსისტემის ნაწილი, ქვეყანა − მსოფლიოსი, და როდესაც რაიმე ეკონომიკური რეცესია ხდება, ჩვენზეც მალევე აისახება და მცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. თუ რეცესია გლობალურ ხასიათს მიიღებს, გართულდება მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორის მოძიება.

რა თქმა უნდა, საუკეთესო დრო არაა, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას და ყოველ წელს კომპანია აჩვენებს სტაბილური ზრდის დინამიკას, ლოიალური მომხმარებლების მზარდ რიცხვს, რომლებიც ჩვენთან თუნდაც ერთხელ თანაკვეთით, გრძელვადიან "არდელებად" რჩებიან.

მწიფდება რამდენიმე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ცვლილება ქართულ ბაზარზე, მათ შორის, გადასვლა გადახდისუნარიანობის ალტერნატიულ რეჟიმზე ე.წ. IFRS. რამდენად არიან მზად "არდი" და ქართული სადაზღვევო ინდუსტრია მსგავსი ცვლილებებისთვის?
შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ამგვარი ცვლილებებისთვის არც "არდი" და არც ზოგადად, ინდუსტრია, ბოლომდე მზად არ ვართ. ამას სჭირდება როგორც დიდი ფინანსური რესურსი, ისე კომპეტენცია, შესაბამისი კადრები, მნიშვნელოვანი გარდაქმნები და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში, ინსტიტუციური განვითარება სწორედ ამას მოიაზრებს. გამჭვირვალეები ვართ ზედამხედველთან, რათა ბაზრის განვითარებისკენ სწორი ნაბიჯები იდგმებოდეს.

გადახდისუნარიანობის მარჟა სწორია, ეს ასეც უნდა იყოს და სადაზღვევო კომპანიები უფრო ხისტ რეჟიმში უნდა იყვნენ, ვინაიდან მათი როლი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და სოციალური ეფექტების მოხდენა შეუძლიათ. თუმცა, მეორე მხრივ, თუ იმაზე მეტი რეგულაცია იქნება და იმაზე სწრაფად, ვიდრე განხორციელებაა შესაძლებელი, უბრალოდ, მცირე კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ.

"არდი" საკმაოდ მსხვილი კომპანიაა, მაგრამ ამის მიუხედავად, არც ჩვენ გვაქვს რესურსი ყველა ცვლილება ერთდროულად განვახორციელოთ. ობიექტურობისათვის უნდა აღვნიშნო, რომ ამ ცვლილების გატარება აუცილებელია, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიები არ არიან უბრალოდ ბიზნესსუბიექტები და სპეკულაცია ამ ბაზარზე არ უნდა იყოს. ჩვენი კომპანიის მაგალითზეც გეტყვით: ჩვენც არაერთი შეცდომა გვაქვს დაშვებული, თუმცა ამ შეცდომებზე ვსწავლობთ და ვვითარდებით.

ამგვარი რეფორმების მიმართულებით კი ბალანსია დასაცავი. ერთი მხრივ, გადახდისუნარიანობის რეჟიმი ცალსახად შემოსაღებია, თუმცა მეორე მხრივ, ისე უნდა წარიმართოს, რომ ბაზარზე არ მოხდეს კომპანიების ზომაზე მეტი გამსხვილება პატარა კომპანიების ხარჯზე და კონკურენცია არ შესუსტდეს ოლიგოპოლიების მიღებით. ეს დილემა აქვს ბაზარსაც და ზედამხედველსაც. გამოსავალი ისევ სადღაც შუაშია.

როგორია მოლოდინი მომავალი წლისთვის? რა სახის ცვლილებები იქნება სადაზღვევო ბაზარზე და როგორია "არდის" ხედვა მათთან დაკავშირებით?
2023 წელს ჩვენ რამდენიმე ახალი, საინტერესო პროდუქტის შეთავაზებას ვგეგმავთ საკუთარი მომხმარებლისთვის. ერთ-ერთი მათგანი ძალიან ცნობილი გადამზღვევი კომპანიის მხარდაჭერით ხორციელდება და არცთუ ახალია ჩვენთვის, თუმცა ახლა ვაპირებთ მაქსიმალური მოტივაციით წინ წავწიოთ ეს პროდუქტი, რომელზეც დიდ იმედს ვამყარებთ და ვფიქრობთ, კარგ შედეგებზე გაგვიყვანს მომავალ წელს.

ასევე, ვაგრძელებთ ინსტიტუციურობისკენ სვლას, კიდევ უფრო გაძლიერებას, წარსული გამოცდილების გაანალიზებას და ვგეგმავთ ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს.

საბოლოო ანგარიშით, თუ შევძლებთ, რომ "არდი" საკმარისად ინოვაციური გახდეს ამ კონსერვატიულ ინდუსტრიაში, უდიდესი პოტენციალი გვექნება და 2025 წლისთვის ბაზარი დაახლოებით ორჯერ გაიზრდება დღევანდელ მასშტაბთან შედარებით, რასაც ცხადია, სწორი სახელმწიფო პოლიტიკა და დაზღვევის როლის გააზრება სჭირდება.

რაც შეეხება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ომი როდის დასრულდება არავინ იცის, თუმცა ნათელია, რომ სამყარო ამ ომის შემდეგ აუცილებლად შეიცვლება, ჩვენ კი სწორი ადგილი უნდა ვიპოვოთ შეცვლილ რეალობაში.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".