Armmo – სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ტექნოლოგია, რომელიც რეაბილიტაციას ცვლის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ალტე უნივერსიტეტში" გამართულ სტარტაპ მარათონზე ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი Armmo აღმოჩნდა – ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც რეაბილიტაციის პროცესს უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტურს ხდის. პროექტზე მუშაობდა სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი: ანა ბარაშვილი (Project Manager & UI/UX Designer), თეკლა თუთბერიძე (Business Development Manager), საბა ჯობავა (Hardware Engineer) და დუდა კვინიკაძე (Software Engineer).

გუნდის წევრები სხვადასხვა მიმართულებას წარმოადგენენ, თუმცა მათ საერთო მიზანი აერთიანებთ – შექმნან ტექნოლოგია, რომელიც რეალურ გავლენას მოახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. სწორედ ამ ხედვით შეიქმნა Armmo – ზედა კიდურის ტარებადი ეგზოსკელეტი, რომელიც ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და ტრავმული დაზიანებების აღდგენას ამარტივებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თერაპია კლინიკის ფარგლებს გარეთაც განახორციელოს.

იდეა და გუნდი

გუნდის წევრი, ანა ბარაშვილი აღნიშნავს, რომ მათ გუნდს თავიდანვე ჰქონდა ამბიცია, ემუშავათ ისეთ მასშტაბურ პრობლემაზე, რომლის გადაჭრაც რეალურ გავლენას მოახდენდა ადამიანების ცხოვრებაზე. გუნდმა კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ სამედიცინო რეაბილიტაციის სფერო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა – ტექნოლოგიები აქ ხშირად ძალიან ძვირია და არ არის ხელმისაწვდომი.

"სწორედ ამან მოგვცა მოტივაცია, შეგვექმნა ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც რეაბილიტაციას უფრო ეფექტურს, ხელმისაწვდომს და ადამიანზე მორგებულს გახდიდა", – ამბობს ანა ბარაშვილი.

გუნდის ისტორია ტექნოლოგიურ ბანაკში დაიწყო, სადაც პირველივე დღეებიდან მკვეთრად გამოიკვეთა წევრების საერთო ინტერესები. გუნდის შექმნისას მთავარი მიზანი იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების გაერთიანება სრულიად განსხვავებული გამოცდილებითა და ცოდნით.

"მულტიდისციპლინურმა მიდგომამ მუშაობის პროცესი ბევრად პროდუქტიული და მარტივი გახადა. მე პროექტის მენეჯერი და UI/UX დიზაინერი ვარ, ხოლო ჩემი პასუხისმგებლობა გუნდის სრული კოორდინაცია და მართვაა. პარალელურად, ვზრუნავ პროექტის ციფრულ ნაწილზე – ვქმნი აპლიკაციისა და ვებგვერდის დიზაინს. საბა Hardware-ზეა პასუხისმგებელი, ის აწყობს ეგზოსკელეტის ფიზიკურ მოდელს. დუდა Software-ზე მუშაობს – მისი პრიორიტეტი პროგრამული მხარე, ეგზოსკელეტისთვის თამაშების შექმნა და მონაცემების დამუშავებაა. თეკლა Business Development-ისა და მარკეტინგის მიმართულებას კურირებს – ის ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე და განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ბაზარზე მომავალში", – ამბობს ის.

ანა ბარაშვილი აღნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეების მსგავს Deep-Tech პროექტზე მუშაობა საკმაოდ რთულია, რადგან იგი მოითხოვდა არა მხოლოდ კოდის წერას, არამედ ღრმა საინჟინრო ცოდნასა და ფიზიკურ რესურსებს. მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ მოდელში გადატანა და იმ ბალანსის პოვნა იყო, სადაც რთული მექანიზმი მომხმარებლისთვის კომფორტული და უსაფრთხო გახდებოდა.

"ხშირად გვიწევდა კვირების განმავლობაში ნაწილების ძიება, გამოწერა და ლოდინი. იყო მომენტები, როდესაც აწყობის პროცესში ნაწილები აგვიფეთქდა კიდეც – ეს ნიშნავდა, რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება გვიწევდა. გარდა ტექნიკური მხარისა, ჩვენი ყველაზე დიდი დაბრკოლება გეოგრაფიული დისტანცია აღმოჩნდა, რადგან Hardware ინჟინერი, საბა, საერთოდ, ფოთში ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია კოორდინაცია, როცა პროექტის ფიზიკური ნაწილი სხვა ქალაქშია, გუნდის დანარჩენი წევრები კი - სხვაგან", – ამბობს ანა.

ტექნოლოგია და ინოვაცია

Armmo – ზედა კიდურის ტარებადი ეგზოსკელეტი, აპლიკაცია და ეკოსისტემაა, რომელიც ზედა კიდურის მოტორული უნარების მარტივად აღდგენას უწყობს ხელს ნებისმიერი ადგილიდან. Armmo-ს მუშაობა უზრუნველყოფილია რამდენიმე ჭკვიანი სენსორით, მიკროკონტროლერითა და ძრავით. სენსორები აფიქსირებენ და აგროვებენ პაციენტის სხეულიდან ისეთ ბიოლოგიურ მონაცემებს, როგორიცაა პულსი, ელექტროკუნთოვანი აქტივობა, ჟანგბადის რაოდენობა და სხვა. ამის შემდგომ ეს ინფორმაცია გადაეცემა Armmo-ს მიკროკონტროლერს, ე.წ. ტვინს, რომელიც ამუშავებს მას და გარდაქმნის ძრავის მოძრაობად, ხოლო ამ ეტაპების ერთობლიობა ქმნის ეგზოსკელეტის აქტიურ რეჟიმს, ანუ პაციენტის ნებაზე დაფუძნებულ მოძრაობას.

გარდა ამისა, Armmo-ს გააჩნია პასიური რეჟიმიც, ანუ წინასწარ გაწერილი ვარჯიშების ერთობლიობა. მისი მუშაობა უზრუნველყოფილია მასში ჩაშენებული პროგრამული ნაწილით, რომელიც შექმნილია სამედიცინო და სარეაბილიტაციო პერსონალთან კონსულტაციით.

გუნდის წევრის, საბა ჯობავას თქმით, ეგზოსკელეტს, არსებული საერთაშორისო ანალოგებისაგან განსხვავებით, გააჩნია გარკვეული უპირატესობები.

"თუ კონკურენტების მიერ შემუშავებული გადაჭრის გზები არის მეტად ხელმიუწვდომელი, არაკომფორტული და არაპორტატიული, Armmo-ს ხედვა არის მეტად ოპტიმიზებული. ჩვენ შევძელით და რეაბილიტაცია გადავიტანეთ პაციენტისთვის სასურველ ადგილას. Armmo-ს მსგავსი ფუნქციონალის მქონე სარეაბილიტაციო მოწყობილობები კი ძალზე ხელმიუწვდომელია მათი იშვიათობიდან გამომდინარე. Armmo-ს ასევე გამოარჩევს მისი ზომები, ის გაცილებით მცირე ზომისა და მასისაა, რაც მის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის. ასევე გვერდს ვერ ავუვლით ფასს. კონკურენტების მოწყობილობების ღირებულება რამდენიმე ათას დოლარს აჭარბებს, Armmo-ს დაახლოებითი ფასი კი საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე დაბალია სარეაბილიტაციო სფეროში.

ჩვენს მოწყობილობას აქვს მუშაობის ხუთი განსხვავებული რეჟიმი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რეაბილიტაციის პროცესი საკუთარ პროგრესს მოარგოს. აღსანიშნავია, რომ ამ რეჟიმებიდან ერთ-ერთი გეიმიფიკაციის რეჟიმია. მაშინ, როცა სხვა ანალოგები მხოლოდ მშრალ ფიზიკურ ვარჯიშზეა ორიენტირებული, ჩვენ რეაბილიტაციას თამაშად ვაქცევთ", – აღნიშნავს ის.

საბა ჯობავა ამბობს, რომ Armmo-ს შემდგომ განვითარებასა და საბოლოოდ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს AI კომპონენტი, რომელიც ამ ეტაპზე ვითარდება. მისი მიზანია, რომ Armmo გახდეს პაციენტზე მეტად მორგებული, ეფექტური და უსაფრთხო – ის აგროვებს გარე, ბენეფიციარის მონაცემებს, რომელზედაც დაკვირვებით ხდება რეაბილიტაციისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯების შემუშავება და გადადგმა.

ის ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს AI კომპონენტი პროდუქტის უსაფრთხოდ მუშაობაში – იგი მაქსიმალურად გამორიცხავს ნებისმიერ შესაძლო, მცირეოდენ შეცდომასაც კი. საბოლოო ჯამში კი სწორედ AI-ის საშუალებით იქმნება ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ეგზოსკელეტის Hardware-ის, Software-ისა და პაციენტის სისტემას.

"Armmo წარმოადგენს პაციენტის გზას გამოჯანმრთელებისკენ, რაც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილია პროდუქტის Hardware და Software ნაწილების სინერგიით. Hardware-ს აკისრია ის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს ეგზოსკელეტის შესაბამის მოძრაობებსა და მონაცემების სწორ და ეფექტურ დაფიქსირებას. თავის მხრივ კი Software ნაწილი წარმოადგენს და უზრუნველყოფს ამ ყველაფრის ერთმანეთთან კავშირსა და უსაფრთხოებას. ასევე მას აკისრია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა, მაგალითად, პაციენტის მონაცემების ცვლა პირად ექიმთან და პაციენტის ოჯახის წევრებთან.

უშუალოდ ამ ორი ნაწილის ურთიერთქმედება კარგად ჩანს Armmo-ს გეიმიფიკაციის ნაწილში, რომელიც, ერთი მხრივ, დამოკიდებულია პაციენტის მოძრაობებზე და ბიოლოგიურ მონაცემებზე, რაც Hardware-ის ნაწილია, და მეორე მხრივ, ამ მონაცემების გაგზავნაზე აპლიკაციაში და შემდგომ მათი უშუალო სინქრონიზაცია უკვე ვირტუალურ ნაწილთან, რაც Software-ის პასუხისმგებლობის ნაწილია", – ამბობს საბა ჯობავა.

მომხმარებელი და გამოცდილება

გუნდის წევრის, დუდა კვინიკაძის განმარტებით, მათი ბიზნესმოდელი მოიცავს როგორც B2B, ისე B2C მიმართულებებს. შესაბამისად, მათი სამიზნე აუდიტორია თანაბრად არის როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე ინდივიდუალური პაციენტები.

"კლინიკებისთვის Armmo არის რეაბილიტაციის ეფექტურობის გაზრდისა და პროცესების ავტომატიზაციის მძლავრი საშუალება, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, უფრო ზუსტი და მონაცემებზე დაფუძნებული მკურნალობა შესთავაზონ პაციენტებს. ხოლო უშუალოდ პაციენტებისთვის, ეს არის შანსი, მიიღონ მაღალტექნოლოგიური დახმარება კლინიკებს გარეთ", – აღნიშნავს ის.

მისი თქმით, პაციენტის პერსპექტივიდან Armmo რეაბილიტაციის პროცესს სრულად ცვლის მკურნალობა კლინიკიდან სახლში გადმოდის. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით კი პროცესი ბევრად ხელმისაწვდომი, დაბალფასიანი, მარტივი და სწრაფი ხდება.

"ტრადიციული რეაბილიტაცია ხშირად დიდ ხარჯებსა და ფიზიკურ გადაადგილებასთანაა დაკავშირებული. Armmo-ს საშუალებით კი მათ ეძლევათ შანსი, მიიღონ მაღალტექნოლოგიური დახმარება საკუთარ გარემოში. გარდა ამისა, პროცესს რადიკალურად ცვლის გეიმიფიკაციის რეჟიმი – რეაბილიტაცია აღარ აღიქმება, როგორც მძიმე და მოსაწყენი ვალდებულება. ის ხდება სახალისო, ინტერაქტიული პროცესი, სადაც პაციენტი თამაშით აუმჯობესებს თავის ფიზიკურ მდგომარეობას. ეს ფაქტორი გადამწყვეტია, რადგან როცა პროცესი სასიამოვნოა, გამოჯანმრთელების დინამიკაც ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტურია.

დისტანციური მონიტორინგის სისტემა საშუალებას აძლევს ექიმებს, თვალი ადევნონ და უშუალოდ აკონტროლონ რეაბილიტაციის პროცესი, მათი და პაციენტების ზედმეტი დროისა და რესურსების დახარჯვის გარეშე. ტრადიციული მიდგომით, ექიმი პაციენტს მხოლოდ ვიზიტის დროს ხედავს. Armmo-ს სისტემა კი აგროვებს მონაცემებს, რაც საშუალებას იძლევა, მკურნალობის გეგმა შეიცვალოს რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ვიზიტებს შორის პერიოდშიც", – ამბობს დუდა კვინიკაძე.

ანა ბარაშვილი ხაზს უსვამს, რომ Armmo- ნიშა არ არის მხოლოდ EMS, ეს არის ტექნოლოგიის დემოკრატიზაციის ვალდებულება. სწორედ ამიტომ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგია ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ნებისმიერ ადგილას და არამხოლოდ კლინიკებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში.

"Armmo ხსნის ახალ შესაძლებლობებს იმ რეგიონებში, სადაც სარეაბილიტაციო სერვისებზე წვდომა შეზღუდულია. მისი საშუალებით რეაბილიტაციას ეხსნება საზღვრები და ყველგან ხდება ხელმისაწვდომი.

ჩვენი აზრით, დღესდღეობით მოტორული უნარის აღდგენა ძნელი, ძვირი და დამღლელი პროცესია, რაც მას ბევრისთვის მიუღწეველ ფუფუნებად წარმოაჩენს. Armmo-ს მთავარი მიზანიც ამ სტერეოტიპის დამსხვრევაა", – აღნიშნავს გუნდის წევრი, თეკლა თუთბერიძე.

განვითარება და გეგმები

თეკლა თუთბერიძე აღნიშნავს, რომ გუნდს ამჟამად Armmo-ს პირველადი სახის პროტოტიპი აქვს, მუშაობენ მის განვითარებასა და დახვეწაზე. მისი თქმით, ყველაზე დიდი სირთულე პირველი მოდელის აწყობა და მისი ტესტირება იყო.

"ჩვენი გუნდი ხედავს Armmo-ს პოტენციალს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე, სწორედ ამიტომ გვაქვს ამ პრობლემის საერთაშორისო მასშტაბზე მოგვარების ამბიცია", – ამბობს ის.

"მომავალში ვაპირებთ Armmo-ს ეგზოსკელეტის სრულფასოვანი პროტოტიპისა და აპლიკაციის შექმნას და, რაღა თქმა უნდა, კლინიკური კვლევების გაგრძელებას. ამის პარალელურად, დიზაინის დივერსიფიკაციას, მათ შორის DIY KIT-ს შექმნას, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ტექნოლოგია გავუზიაროთ სხვებს – მინიმალური რესურსებით, ძალიან შორს და მოწყვეტილ ადგილებში. ჩვენი საბოლოო მიზანია, Armmo იქცეს სარეაბილიტაციო ინდუსტრიის ლიდერად და დაეხმაროს ათასობით ადამიანს, გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი", – ამბობს ანა ბარაშვილი.

სტარტაპ მარათონი

"ALTE Start-up მარათონი იყო უდიდესი გამოცდილება, სადაც ჩვენი იდეა პროფესიონალების წინაშე წარვადგინეთ. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალგაზრდა გუნდებისთვის, რადგან სწორედ აქ ხდება იდეის ვალიდაცია და ნაბიჯის გადადგმა "იდეიდან ბიზნესისკენ", – აღნიშნავს თეკლა თუთბერიძე.

მისი თქმით, გუნდმა გაიაზრა, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი ტექნოლოგია – საჭიროა სწორი ბიზნესმოდელი და მომხმარებლის საჭიროებების კიდევ უფრო ღრმად შესწავლა.

"ნუ დაელოდებით სრულყოფილ ცოდნას ან იდეალურ რესურსებს. ყველაფერი პრაქტიკული ექსპერიმენტებით ისწავლება და გამოცდილებაც აქედან მოდის. გირჩევთ, იპოვოთ თქვენი გუნდი, რომელიც ნამდვილად "თქვენი" იქნება, სადაც წევრებს განსხვავებული კომპეტენციები ექნებათ და გამოიყენეთ უკლებლივ ყველა შესაძლებლობა. მთავარია პროცესის დაწყება, რადგან სწორედ მუშაობისას იკვეთება რეალური გადაჭრის გზები", – ამბობს Armmo-ს გუნდის წევრი, ანა ბარაშვილი.