Get All Access for $5/mo

ასე რომ, თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ წარუმატებლობა ნებისმიერი ლიდერის ცხოვრების ნაწილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

წარუმატებლობა ნებისმიერი ლიდერის ცხოვრების ნაწილია. საინტერესოა, რას აკეთებთ, როდესაც თქვენი კომპანიისთვის იღებთ გადაწყვეტილებას და ის არ ამართლებს? ქვემოთ ექვსი ანტრეპრენერი საუბრობს, თუ როგორ აღიარებენ ისინი საკუთარ შეცდომებს.

1. ნუ დამალავთ შეცდომებს.

"ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი გეტყვით, რომ ჩემგან ბევრჯერ სმენიათ შემდეგი სიტყვები: ყველაფერი გავაფუჭე. მე საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი ვარ და რა თქმა უნდა, არ ვცდილობ ჩემი შეცდომები ისე წარმოვადგინო, თითქოს ჩემი ბრალი არ იყო და სულ სხვა რამ გახლდათ წარუმატებლობის მიზეზი. ისე მოხდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენს საწყობში საბუთები გავაგზავნე და აღმოჩნდა, რომ რაღაც გამომრჩენია. ეს საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა, როდესაც დისტრიბუტორმა შეკვეთა აიღო. საკუთარი შეცდომა რომ არ მეღიარებინა, ჩემი გუნდის ნდობას საბოლოოდ დავკარგავდი".

- ლიუკ კრისტიანსონი, თანადამფუძნებელი, Marco Sweets & Spices

___________________

2. მოემზადეთ იმისთვის, რომ საკმაოდ მკაცრი შეფასებების მოსმენა მოგიწევთ.

"თუ რაღაც ისე არ წავა, როგორც დაგეგმეთ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაა. გარდა ამისა, ინფორმაციის მიწოდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მიღებული შედეგის ტალღისებრი ეფექტი საკუთარ თავზე იგრძნეს. შემდეგი ნაბიჯი კი, საკუთარი თავის მომზადებაა. საქმე ის არის, რომ ისინი აუცილებლად დაგეთანხმებიან იმაში, რომ თქვენ დაუშვით შეცდომა. თუ არ მოვემზადები და ჩემს თავს ხელში არ ავიყვან, შესაძლოა მთელ რიგ მოვლენებში ამოვყო თავი. მართალია, თავიდან შეიძლება ვაღიარო ჩემი შეცდომა, მაგრამ თანამშრომლების შეფასებების მოსმენის შემდეგ, ჩემი პოზიციები გავაძლიერო ან საერთოდ, თავდაცვაზეც კი გადავიდე".

- ალექს ივანჩუკი, თანადამფუძნებელი, Feals

_________________

3. უკან დაიხიეთ და მოუსმინეთ.

"აღიარეთ თქვენი შეცდომა, აუხსენით თანამშრომლებს, რა მოხდა და გამოასწორეთ იგი. ამის მაგალითი Humu-ში მუშაობის დაწყების პერიოდია, როდესაც მივხვდი, რომ საშუალო მოცულობის კომპანიებთან ურთიერთობის დამყარებაზე დროულად არ ვიზრუნე. ეს შეცდომა იყო, რომელიც იმის გამო დავუშვი, რომ უფრო მეტად მცირე ბიზნესებთან ვთანამშრომლობდი, რადგან დიდი მოთხოვნა იყო პროდუქტზე, რომელსაც მათთან ერთად ვქმნიდით. როდესაც ჩემს შეცდომას მივხვდი, ამის შესახებ მთელ კომპანიას ვუთხარი. გარდა ამისა, ისიც გავაცნობიერე, რომ უფრო მეტად უნდა მომესმინა ადამიანებისთვის და მეტი საშუალება მიმეცა მათთვის აზრის გამოსათქმელად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეგვექმნა ჩვენი პროდუქტი და კომპანია".

- ლასლო ბოკი, აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, Humu

_____________________

4. ადამიანებს მათი დამსახურების მიხედვით უნდა მიუზღათ.

"როდესაც ლიდერი ხართ და რაღაცის მიღწევას ცდილობთ, გზად აუცილებლად შეგხვდებათ წარუმატებლობები და საკუთარი შეცდომების გაანალიზებაა საუკეთესო რამ, რის გაკეთებაც შეგიძლიათ. ჩვენი საბჭოს ბოლო სხდომაზე, თანამშრომლის რჩევის წინააღმდეგ გამოვედი და ის გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც ჩემი აზრით "უსაფრთხო" იყო. მაგრამ საბოლოოდ, ჩემმა გადაწყვეტილებამ ის გამოიწვია, რომ საბჭოს მცდარი ინფორმაცია მივაწოდე. ამის გამო, მომდევნო კვირას, ჩვენს შიდა შეხვედრაზე საჯაროდ მოვიხადე ბოდიში და იმ თანამშრომელზეც გავამახვილე ყურადღება, რომელიც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო".

- კოლინ კატკლიფი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Pendulum Therapeutics

_____________________

5. აუხსენით თანამშრომლებს, რა ხდება.

"მე ბევრჯერ დამიდია სარისკო ფსონები და უნდა ვთქვა, რომ ისინი ზოგჯერ ამართლებს და ზოგჯერ − არა. მაგალითად, დიდი ინვესტიცია დავაბანდე მარკეტინგულ არხში, რომელმაც საბოლოოდ ხარჯები არ აანაზღაურა. შემდეგ, უმაღლესი რანგის პროფესიონალები დავიქირავე და ამ ნაბიჯმა საერთოდ არ გაამართლა ჩემი იმედი. ამის გამო, გუნდი შევკრიბე და ავუხსენი, თავიდან რატომ მიმაჩნდა, რომ ეს იდეები კარგი იყო და ახლა რატომ ვფიქრობ, რომ ვცდებოდი".

- მელანი ტრევისი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Andie

_____________________

6. დაუცველი უნდა გახდეთ.

"წლების წინ, აქტუალური თემების განხილვისას, როგორც წესი, იმაზე საუბარს ვარიდებდი თავს, რამაც არ გაამართლა და ამის ნაცვლად, მხოლოდ წარმატებულ ნაბიჯებზე ვამახვილებდი ყურადღებას. მაგრამ ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რასაც საერთოდ არ ველოდი. ვიღაცამ ერთი პატარა შეცდომა გაიხსენა და ამიტომ ჩვენ იგი ღიად განვიხილეთ. ამ საუბარმა სხვასაც უბიძგა, იმ სფეროზე ჩამოეგდო საუბარი, რომლის გაუმჯობესებაზე ზრუნვაც აუცილებელი იყო, და შემდეგ კიდევ სხვა სფეროზე. პირველად მეშინოდა, რომ ეს დისკუსიები გუნდს დაშლიდა, მაგრამ სინამდვილეში, პირიქით მოხდა. მას შემდეგ თავისუფლად განვიხილავთ ჩვენს წარუმატებელ ნაბიჯებს, და უფრო უსაფრთხოდაც ვგრძნობთ თავს ახალი საკითხების განხილვისას, რომლებმაც შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს კომპანიაზე".

- ედვარდ "ედი" კიმი, თანადამფუძნებელი და CTO, Gusto

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი