Get All Access for $5/mo

ასე შეიქმნა მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკა Prince Matchabelli

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უბრალო ჰობიდან ათ წელიწადში შექმნილი მილიონიანი ბიზნესი და ნოვატორად ქცეული გიორგი მაჩაბელი − ეს ის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერია, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო, აშშ-ს საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა − რაც მზადდებოდა, ძირითადად ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ საპარფიუმერიო წარმოებაში.

და როგორ გაიარა თავად გიორგიმ ეს ძალიან რთული და დიდი გზა? "სუნამოების პრინცად" წოდებული გიორგი 1885 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, გიორგიმ თავისი შრომით მოიარა მსოფლიო და მრავალი სხვადასხვა პროფესიაც შეითავსა: იყო ხან მეზღვაური, ხან მძღოლი, ხან შიკრიკი და ა.შ. გიორგი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავი მებრძოლი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი ბელგიაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სადაც "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" დააარსა და კავშირი გააბა 1914 წელს შექმნილ ჟენევის "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან", რომლის ფილიალიც მან საქართველოში გახსნა. ის გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის შემოტანის ინიციატორი და შემსრულებელი იყო.

ერთმანეთთან საერთო თითქმის არაფერი აქვთ გიორგის პოლიტიკურ საქმიანობასა და პარფიუმერიას. 1922 წელს გიორგი ცოლთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. საკმაოდ ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, გიორგის მოუწია 1924 წელს ანტიკვარული მაღაზიის, სახელად "წითელი და შავი" გახსნა. ეს სახელი შეიქმნა სტენდალის რომანის მიხედვით. მაღაზიამ ძალიან მალე გაითქვა სახელი, თუმცა გიორგი არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას − სუნამოების შეზავებას და 1926 წელს დააარსა პარფიუმერული კომპანია Prince Matchabelli, რომელიც 1920-1930-იან წლებში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. ფირმის პირველი მუშები გიორგის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს იდეა მის მეუღლეს ეკუთვნოდა. პირველი სუნამო, რომელიც Prince Matchabelli-იმ გამოუშვა, იყო "საქართველოს დედოფალი", მას მოჰყვა "პრინცესა ნორინა", "დიუშეს ოფ იორკ", "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა.

ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა. შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით მზადდებოდა. სულ მალე, გიორგის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო. კომპანია ცნობილი გახდა მრავალფეროვანი ფერადი იარლიყებით, სამეფო გვირგვინის ფორმის ფლაკონებითა და სხვ.

წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმეებს. ის იყო პავლე კვარაცხელიასთან ერთად 1931 წელს შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. გიორგი დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მხოლოდ სათვისტომოს, არამედ ასევე ყველა შეჭირვებულ ქართველს.

1935 წლის ივნისში, მე-5 ავენიუზე გიორგის დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა, თუმცა ეს ვერ მოახერხა, რადგან მარტში ფილიალების გახსნის მიზნით, შანხაისა და კალიფორნიაში იმოგზაურა, გზაში გაცივდა და 1935 წლის 31 მარტს ნიუ იორკში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ნორინა ჯილიმ − გიორგის მსახიობმა მეუღლემ, რომელსაც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაშორდა, გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წელს კი ბრენდი Prince matchabelli სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიჰყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელითა და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები. დღესდღეობით, Prince Matchabelli მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად მიიჩნევა.

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"