აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით სამართლის ტექნოლოგიების ინტერდისციპლინური ლაბორატორია LegalTech Lab შეიქმნა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იურიდიულ განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით, LegalTech პლატფორმა Document.ge-ს და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს (SabaUni) შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში Document.ge-ის ბაზაზე შეიქმნა კვლევითი და საგანმანათლებლო პლატფორმა Legaltech.edu.ge (LegalTech Lab). LegalTech Lab-ის მიზანია, სამართლის სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების სწავლება მხოლოდ თეორიულ დონეზე არ დარჩეს და მათ თანამედროვე იურიდიული პრაქტიკისთვის საჭირო ტექნოლოგიური კომპეტენციები განუვითარდეთ.
LegalTech Lab-ის შექმნა შესაძლებელი გახდა "უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის" (UCBP) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში და ახორციელებს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და აშშ-საქართველოს აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის LegalTech-ის, ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიებისა და სამართლებრივი კვლევის მიმართულებით.
2025 წელს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ვიცე-რექტორი დიმიტრი გეგენავა და LegalTech კურსის ხელმძღვანელი, პლატფორმა Document.ge-ის დამფუძნებელი შალვა ჯოხარიძე საქართველოს საჯარო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად აშშ-ში UCBP-ის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ. მათ აშშ-ის რვა უნივერსიტეტში გამართეს შეხვედრები და გაეცნენ სამართლისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციის საუკეთესო პრაქტიკას. ამავე პროგრამის ფარგლებში, 2026 წელს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ემორის უნივერსიტეტის პროფესორსა და ინტერდისციპლინური პროგრამა Ti:GER-ის დირექტორს, ნიკოლ მორისს (Nicole Morris). UCBP-ის ეს საპასუხო ვიზიტი ტექნოლოგიების სამართლებრივ განათლებაში ინტეგრირებისა და ინტერდისციპლინური პროგრამების განვითარების საკითხებს დაეთმო.
დღეს იურისტებს სულ უფრო ხშირად უწევთ ხელოვნურ ინტელექტთან, მონაცემებთან, ავტომატიზაციასა და სხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტთან მუშაობა. შესაბამისად, თანამედროვე იურიდიული განათლება სტუდენტს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ტექნოლოგიების სამართლებრივი რეგულირების ცოდნას, არამედ მათი მუშაობისა და პრაქტიკული გამოყენების საბაზისო გამოცდილებასაც.
"იურიდიული განათლება სწრაფად იცვლება და უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა, სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ კლასიკური სამართლებრივი ცოდნა, არამედ ის კომპეტენციებიც, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ გარემოში დასჭირდებათ. LegalTech Lab ჩვენთვის სწორედ განათლების, კვლევისა და ტექნოლოგიების დამაკავშირებელი სივრცეა, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რეალურ ინსტრუმენტებთან იმუშაონ, უკეთ გაიაზრონ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების გავლენა სამართალზე და თავადაც გახდნენ ამ ტრანსფორმაციის მონაწილეები"- აცხადებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი დიმიტრი გეგენავა.
LegalTech Lab უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, იურიდიულ განათლებაში სხვადასხვა პრაქტიკული ტექნოლოგიური ინსტრუმენტი გამოიყენოს. მათ შორისაა სმარტ-კონტრაქტების ბლოკჩეინ-სიმულატორი და Public/Private Key სიმულატორი. პლატფორმის მეშვეობით ასევე ხორციელდება LegalTech-ის, ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისა და მომიჯნავე სფეროების პრაქტიკული და აკადემიური სიახლეების მუდმივი ანალიზი და სტუდენტებისთვის ადაპტირებული ბიულეტენის (newsletter) გამოქვეყნება.
"ტექნოლოგია იურიდიული პროფესიისთვის უკვე ყოველდღიური სამუშაო გარემოს ნაწილია. LegalTech Lab-ის შექმნის მთავარი იდეაა, იურისტებმა ტექნოლოგიები არა მხოლოდ მომხმარებლის პოზიციიდან დაინახონ, არამედ გაიგონ, რა შესაძლებლობებს ქმნიან ისინი სამართლებრივი პროცესების გაუმჯობესებისთვის და როგორ შეიძლება მათი ეფექტურად გამოყენება. უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული გამოცდილება და აკადემიური ცოდნა ერთ სივრცეში გავაერთიანოთ" - აღნიშნავს Documents.ge-ის დამფუძნებელი შალვა ჯოხარიძე.
სამომავლოდ LegalTech Lab გეგმავს კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების გაფართოებას, სტუდენტების პრაქტიკულ და ექსპერიმენტულ პროექტებში ჩართვასა და ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების განვითარებას.
ლაბორატორია ასევე ღიაა სხვა უნივერსიტეტებთან, ფაკულტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან, იურიდიულ კლინიკებთან, კომპანიებთან, საჯარო ორგანიზაციებსა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. მისი მიზანია ჩამოყალიბდეს ინტერდისციპლინურ პლატფორმად, სადაც სამართლის, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ერთობლივად იმუშავებენ სამართლებრივი პროცესებისა და განათლების ციფრულ ტრანსფორმაციაზე.