Get All Access for $5/mo

აშშ-ში 4 მილიონამდე ადამიანმა სამუშაო ადგილი დატოვა ანუ როგორ დააფიქრა პანდემიამ საზოგადოება ეგზისტენციალურ საკითხებზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მიმდინარე წლის აგვისტოში, 4,3 მილიონმა ამერიკელმა დატოვა საკუთარი სამუშაო ადგილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია აშშ-ის ისტორიაში. ბოლო კვლევების თანახმად, სამსახურიდან წამოსვლის მსურველთა ნაკადი არ წყდება. ეს ფაქტი განსაკუთრებით შეეხო საცალო ვაჭრობის, კვებისა და მასპინძლობის სფეროებს.

12 ოქტომბერს, აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ეს რიცხვი ქვეყნის სამუშაო ძალის 3%-ა და რეკორდული მონაცემია ამ ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში, რომელიც 2001 წლიდან ატარებს კვლევებს.

დამსაქმებლები ახალი თანამშრომლების მოძიებას ცდილობენ და სამუშაო ძალის ნაკლებობას უჩივიან, რაც აშშ-სთვის პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ტენდენციის, თანამშრომელთა მასობრივი გადინების გამოძახილია.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში აგვისტოს განმავლობაში 366 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა, ხოლო სექტემბერში ამ რიცხვს კიდევ 194 000 დაემატა, დასაქმებულ თანამშრომელთა გადინება არ წყდება, რასაც ექსპერტთა ნაწილი კორონავირუსის ახალ შტამს, "დელტა" ვარიანტს უკავშირებს.

რასაკვირველია, ძირითადად დაბალანაზღაურებად, კომპანიების დაბალი რგოლის თანამშრომლებზეა საუბარი. მაგალითად, კვების ინდუსტრიაში გათავისუფლებულ თანამშრომელთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 6,8% შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება ყველა სფეროს საშუალო მონაცემს.

ასევე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საცალო ვაჭრობაშიც, სადაც სამსახურის დატოვების მსურველთა რაოდენობამ 4,7% შეადგინა. ორივე სფეროში მომუშავე ბიზნესები, ძირითადად თვითმომსახურების პრინციპის იმედად რჩებიან, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის დროს. ეკონომისტების თქმით, დასაქმებულთა უდიდესი ნაწილის მთავარი მოთხოვნები დამსაქმებლისგან ხელფასის მომატება, შეღავათები და შრომის უკეთესი პირობები იყო, ვინაიდან ყოველდღიურად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის სანაცვლოდ უწევდათ მუშაობა.

Joblist-ის მიერ გამოკითხული 2099 ადამიანიდან, დაახლოებით ¾-მა განაცხადა, რომ სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობენ. ეს რიცხვი განსაკუთრებით დიდი იყო მასპინძლობის სფეროში, სადაც სამუშაო ადგილის მიტოვებას 77% ფიქრობს.

პერსონალის ნაკლებობა და სამუშაო ძალის არყოფნა, დარჩენილ თანამშრომლებშიც უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან მათ გაცილებით მეტი საქმის კეთება უწევთ. Bank Of America-ს სექტემბრის ანგარიშში წერია, რომ დამსაქმებელთა დიდი ნაწილი, თანამშრომელთა წასვლის პრობლემას, დარჩენილ კადრზე მეტი საქმის გადაბარებით წყვეტს, თუმცა როგორც ავტორები წერენ: "ეს არარაციონალურია, ვინაიდან სარბენ ბილიკს, მხოლოდ განსაზღვრული დროით ააჩქარებ".

რა იწვევს ასეთ მასშტაბურ გადინებას? - ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ შეკითხვაზე არ არსებობს. 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემები, არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი სფეროდან მეორეში გადადიან, ან უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციაზე ინიშნებიან.

კოვიდის გამო ან დაავადებული ახლობლის მოვლის მიზნით სამსახურიდან წამოსული ადამიანების რაოდენობა ზაფხულის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. მეტიც, ბავშვთა მოსავლელი ცენტრები კვლავ იკეტება ვირუსის გავრცელების მზარდი შემთხვევების გამო.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ პანდემიამ, სიკვდილთან და ავადმყოფობასთან პირისპირ დარჩენამ, ადამიანებში ეგზისტენციალური შეკითხვები გააჩინა. საზოგადოება მუშაობისა და არსებობის მნიშვნელობაზე დააფიქრა და დღის წესრიგში, რიგი საკითხების გადაფასების აუცილებლობა დააყენა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შრომის ბაზარი პანდემიის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვან რეფორმაციას განიცდის და რადიკალურად შეიცვლება. ადამიანებს უბრალოდ აღარ ენდომებათ მუშაობა ისეთ პირობებში, სადაც მათ ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე არ იზრუნებენ, ხოლო დამსაქმებლები თავიანთ მომხმარებლურ დამოკიდებულებას არ გადახედავენ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია