ASTORIOS Holding Inc. – ინჟინერია, შესრულება, ხარისხი, მიწოდება და პასუხისმგებლობა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია ASTORIOS Holding-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლელა კურტანიძემ ენერგეტიკის სამყაროში პირველი ნაბიჯი 21 წლის ასაკში გადადგა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტზე მშენებლობაზე მუშაობით. მისი თქმით, ეს იყო არა უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, არამედ ისტორიული მომენტი, რომელმაც საქართველო გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე რეალურად განათავსა. სწორედ იქ ისწავლა ის, რომ ენერგია არასდროს არის მხოლოდ ენერგია – ის არის ძალა, ეკონომიკა, პოლიტიკა და მომავალი ერთდროულად.
"შემდეგ იყო არაბეთის გაერთიანებული საემიროები – ქვეყანა, რომელიც არაფერს გპირდება და ყველაფერს მოითხოვს. საერთაშორისო კომპანიები, მეგაპროექტები, Burj Khalifa-სა და World Islands-ის ეკოსისტემა, სადაც შესაძლებლობა მომეცა კიდევ უფრო დაწვრილებით შემესწავლა, როგორ მუშაობს მსოფლიო დონის დისციპლინა და რატომ არ არსებობს წარმატება დეტალების გარეშე.
როდესაც 2017 წელს განახლებადი ენერგიის ინდუსტრიას შევუერთდი, უკვე მქონდა მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ერთი მკაფიო ხედვა: პროდუქტი თავისთავად პრობლემას არ აგვარებს. პრობლემას აგვარებს ინტეგრირებული მიდგომა: ინჟინერია, შესრულება, ხარისხი, მიწოდება და პასუხისმგებლობა", – ამბობს ლელა კურტანიძე.
სანამ საკუთარ კომპანიას დააფუძნებდა, ჩართული იყო გლობალურ ბაზარზე კლიენტების მოზიდვაში და მათ აქტიურ ბიზნესსაქმიანობაში ხელმძღვანელობდა, ამას მოჰყვა მზის პანელების ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა საქართველოში და ტიტული პირველი ქალი აღმასრულებელი დირექტორისა.
"მზის პანელების რეალიზაციასა და გამოყენებაში როგორც მცირე, ისე მსხვილ პარტნიორებთან მუშაობამ საერთაშორისო ბაზარზე, ასევე წარმოების უშუალო მმართველობაში ჩართულობამ დამანახა ინდუსტრიის კულისებს მიღმა დარჩენილი მხარეები: მყიდველის გამოწვევები და მოლოდინები მწარმოებელთან დამოკიდებულებაში, მწარმოებლის დამოკიდებულება ნედლეულის მომწოდებლებზე და სისტემური ხარვეზები, ბაზარზე სკეპტიციზმი და შესუსტებული ნდობა – ეს იყო ის რეალობა, რომელმაც არსებული მოდელების გადახედვის სურვილი გამიჩინა.
ასე დაიბადა ბრენდი ASTORIOS თანამოაზრეებთან ერთად, სადაც კიდევ უფრო მასშტაბურ პასუხისმგებლობას შევეჭიდე, გავხდი კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი (CEO), იმ დროისთვის პირველი ქალი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მზის პანელების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელის როლში, რომელიც ასევე მისი თანადამფუძნებელიცაა.
კომპანია დავაფუძნეთ აშშ-ში და, პრაქტიკულად, მაშინვე ვიცოდი, რომ ბრენდი საქართველოში უნდა შემოსულიყო. არა ემოციის გამო, არამედ სტრატეგიის გამო: რეგიონს სჭირდება საერთაშორისო სტანდარტი და არა ადგილობრივი იმიტაცია. ჩვენ ბაზარზე შემოვედით შედეგით, რუსთავის აზოტის ინდუსტრიული პროექტი (First Light მზის ელექტროსადგური) არის შეგნებული ნაბიჯი – ეს არის განაცხადი: ჩვენ აქ ვართ შედეგისთვის, არა ხმაურისთვის", – გვიყვება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
ლელა კურტანიძე აღნიშნავს, რომ არასდროს უფიქრია საკუთარ გადაწყვეტილებებზე, როგორც გმირობაზე. მისი თქმით, ბიზნესში გმირობა იშვიათად მუშაობს – მუშაობს გააზრება და გათვლა.
"ASTORIOS-ის შექმნა იყო ლოგიკური გაგრძელება იმ გზისა, რომელიც წლების განმავლობაში გავიარე. სიმამაცე რეალურად საჭირო გახდა მოგვიანებით – მაშინ, როდესაც 2023-2024 წლებში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა სეგმენტმა – მზის ენერგეტიკულმა ბაზარმა სისტემური შოკი განიცადა. წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც პროდუქციის ფასმა 50-60%-ანი კოლაფსი განიცადა და 24-26 ცენტიდან ისტორიულმა ნიშნულმა თითქმის თვითღირებულებამდე, ზოგ შემთხვევაში კი თვითღირებულებაზე დაბლაც დაიწია.
ამას დაემატა ჭარბი წარმოება, რთული გეოპოლიტიკური ბარიერები მიწოდების ჯაჭვში და საპროცენტო განაკვეთების ზრდა 3%-დან 7-8%-მდე, რამაც მსხვილი კაპიტალტევადი პროექტების მოგებიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ინვესტორებში პანიკა გამოიწვია. იმ პერიოდში ბევრი კომპანია გაქრა. ბევრი დანებდა. ჩვენ ავირჩიეთ დარჩენა – დისციპლინით, თავშეკავებითა და გრძელვადიანი ხედვით. შევძელით შეგვენარჩუნებინა სტანდარტი იქ, სადაც სხვებმა ხარისხის ხარჯზე დაზოგვა ამჯობინეს. ეს არ იყო ხმამაღალი გადაწყვეტილება. ეს იყო ჩუმი, რთული და სწორად გათვლილი სტრატეგია, რამაც საშუალება მოგვცა, ბაზრის ამ ტურბულენტურ ფაზაში პოზიციები კი არ დაგვეკარგა, არამედ განგვემტკიცებინა".
ლელა კურტანიძე ამბობს, რომ ყველაზე რთული გამოწვევები ყოველთვის უხმოა.
"როდესაც ბაზარი გთხოვს გაიაფებას, შენ კი ზუსტად იცი, რომ ხარისხის ფასად დათმობა ნიშნავს საკუთარი ბრენდის მომავალზე უარის თქმას, სწორედ იქ იწყება ნამდვილი გამოცდა. 2023–2024 წლების კრიზისის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სტანდარტის შენარჩუნება მაშინ, როდესაც ბაზარი მხოლოდ "იაფს" ითხოვდა და ხარისხი არავის აინტერესებდა. რთულია, უარი თქვა მოკლევადიან გაყიდვებზე გრძელვადიანი რეპუტაციის სასარგებლოდ, მაშინ, როცა ბაზარზე ფართოდ გავრცელებულია აგრესიული ფასების სტრატეგიები ხარისხისა და გამჭვირვალობის ხარჯზე. არ მჯერა სწრაფი გამარჯვებების. მჯერა გამძლეობის".
მისი თქმით, იყო პერიოდები, როდესაც სტაბილურობის შენარჩუნება რთული იყო, თუმცა დანებებას არასდროს განიხილავდა, როგორც შესაძლებლობას.
"პასუხისმგებლობა, რომელსაც საკუთარ თავზე, გუნდსა და კლიენტზე იღებ, არ ქრება მაშინ, როცა გარემო რთულდება. პირიქით, სწორედ მაშინ იძენს ის რეალურ მნიშვნელობას".
გენდერულ სტერეოტიპებზე საუბრისას ლელა კურტანიძე ამბობს, რომ ენერგეტიკა ტექნიკური და მკაცრი სფეროა, სადაც სტერეოტიპები არსებობს, ხოლო ამას უარყოფა არ სჭირდება. თუმცა, მისი თქმით, მათზე ყურადღების გამახვილება მხოლოდ დროსა და ენერგიას გაკარგვინებს.
"არასდროს წარმიდგენია საკუთარი თავი როგორც ქალი ლიდერი. ჩემთვის ტიტული ტექნიკური ფორმალობაა და არა რეპუტაციის საზომი. უპირატესობას პროფესიონალიზმს ვანიჭებ, მას სქესი არ გააჩნია, ხოლო ჩემი ფუნდამენტი ტექნიკური განათლება, საერთაშორისო ბაზარზე და ინდუსტრიულ სფეროში მიღებული გამოცდილებაა. ეს გზა ერთ მთავარ რამეს გასწავლის: თუ ზუსტად იცი, სად დგახარ და რატომ ხარ იქ, ზედმეტი ახსნა საჭირო აღარ ხდება. ფაქტი, რომ მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის ქალი ხელმძღვანელი აღმოვჩნდი, ჩემთვის არა გენდერული გამარჯვება, არამედ ჩემი კვალიფიკაციის ლოგიკური დასტური იყო. სტერეოტიპების საუკეთესო პასუხი ყოველთვის შედეგია – ციფრები, შესრულებული მეგაპროექტები და გამართული სისტემები. შედეგი ყოველთვის უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე ნებისმიერი წინასწარი განწყობა. ვფიქრობ, პროფესიონალიზმი არ გამორიცხავს ადამიანურობას – პირიქით, სწორედ ის აძლევს მას სიღრმეს".
კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის თქმით, ბიზნესმა ასწავლა, რომ სრულყოფილი მომენტი არ არსებობს – თუ დაველოდებით დროს, როცა ყველაფერი იდეალურადაა, შესაძლებლობა აუცილებლად გამოგვეპარება.
"ჩემი მთავარი რჩევაა: ნუ მისცემთ იდეას დაძველების უფლებას. მოჭარბებული ენერგია, ცნობისმოყვარეობა და იდეისადმი რწმენა – ეს ის კინეტიკური რესურსია, რომელიც ყველაზე სწრაფად იკარგება, თუ არ აამოქმედებთ. დანარჩენი: ცოდნა, პროცესი და სტრუქტურა სისტემურად, გზად წამოგეწევათ.
მეორე და უმთავრესი: ააშენეთ გუნდი და არა იერარქია. ლიდერობა არ არის კონტროლი; ლიდერობა არის გარემოს შექმნა, სადაც სხვებიც ძლიერები ხდებიან. ნუ ეძებთ მხოლოდ "თანამშრომლებს", ეძებეთ ადამიანები, რომლებიც პროცესის თანაავტორები გახდებიან. ამაში დახარჯული დრო ყველაზე მაღალმოგებიანი ინვესტიციაა. დაბოლოს: იყავით მკაცრი საკუთარ თავთან, სამართლიანი სხვებთან და უკომპრომისო სტანდარტებთან. ბიზნესში მხოლოდ ის შენდება, რაც მყარ პრინციპებზე დგას", – გვირჩევს ლელა კურტანიძე.
იგი ანტრეპრენერს მიიჩნევს იმ ადამიანად, ვინც ხედვას აძლევს ფორმას.
"იდეები ბევრს აქვს, თუმცა ანტრეპრენერი ის არის, ვინც ამ ხედვას სისტემად, პროცესად და რეალობად აქცევს. ეს არის უნარი, აიღო ქაოსი და მისგან შექმნა მოგებიანი სტრუქტურა. ჩემთვის ანტრეპრენერობა არ არის მხოლოდ ფინანსური სარგებელი. მოგება მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ღირებულება იზრდება მაშინ, როდესაც ის მოდის რადიკალური პასუხისმგებლობით ადამიანების, გარემოსა და იმ მომავლის წინაშე, რომელსაც ჩვენი ტექნოლოგიებით ვაშენებთ".
ლელას თქმით, მას შთააგონებს პროცესი, ოღონდ არა როგორც აბსტრაქტული სიტყვა, არამედ როგორც ხელშესახები ფაქტი: შესრულებული რთული პროექტი, გაძლიერებული გუნდი და კლიენტის მხრიდან განმეორებითი ნდობა.
"ჩემთვის შთაგონება პასუხისმგებლობის პირდაპირპროპორციულია – იმ განცდის, რომ შენი გადაწყვეტილებები რეალურად ცვლის გარემოს. ეს პასუხისმგებლობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას; ის მუდმივად გაბრუნებს მოქმედების ორბიტაზე", – აღნიშნავს კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.
ლელა კურტანიძე ამბობს, რომ დღეს ენერგეტიკული ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა, ასეთ პერიოდებში კომპანიები ან ქრებიან, ან პოზიციებს იმყარებენ, მესამე გზა კი არ არსებობს.
"ჩემი ხედვა მარტივია ფორმით და რთული შინაარსით: ASTORIOS უნდა იყოს კომპანია, რომელსაც ენდობიან მაშინ, როდესაც ფსონი მაღალია", – აცხადებს რესპოდენტი.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, უახლოესი წლების განმავლობაში სტრატეგიული ფოკუსია:
- გლობალური მასშტაბი: საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება მზის პანელების რეალიზაციისთვის და მსხვილი ინდუსტრიული EPC პროექტების პორტფელის გაზრდა;
- აგრესიული ზრდა რეგიონში: საქართველო და კავკასია ინდუსტრიული პროექტების ახალ ფაზაში შედის; ჩვენი მიზანია ამ შესაძლებლობის მაქსიმალური ათვისება და ლიდერობის მოპოვება;
- ბრენდის პოზიციონირება: ASTORIOS-ის გაძლიერება გლობალურ მოთამაშედ, სადაც ტექნოლოგიური უპირატესობა და საინჟინრო პასუხისმგებლობა ერთიანი სისტემის ნაწილია.
"ხშირად მეკითხებიან, როგორია იყო ქალი ამ მასშტაბის ინდუსტრიაში. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია: მზის პანელისთვის, ფიზიკის კანონებისა და გლობალური ბაზრისთვის სულერთია, ვინ დგას სათავეში – გადამწყვეტია მხოლოდ შედეგის ეფექტიანობა.
ჩემი მიზანია დავამკვიდრო სტანდარტი, სადაც პროფესიონალიზმი ყველანაირ სტერეოტიპზე მაღლა დგას. მე არ ვაშენებ ბიზნესს მხოლოდ დღევანდელი წარმატებისთვის, მე ვაშენებ მემკვიდრეობას, რომელიც გაუძლებს დროს, ცვლილებებსა და ბაზრის წნეხს. თუ ერთ დღეს იტყვიან, რომ ASTORIOS არის კომპანია, რომელსაც ენდობიან ყველაზე რთულ, კრიტიკულ გადაწყვეტილებებში, ეს იქნება ჩემი, როგორც ანტრეპრენერის, ყველაზე ღირსეული შეფასება – დანარჩენი დეტალებია.
რეპუტაცია ჩემთვის არის სტრატეგია და არა მარკეტინგი", – ამბობს ASTORIOS Holding-ის თანადამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ლელა კურტანიძე.