Astrobrain – საგანმანათლებლო და გასართობი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ალტე უნივერსიტეტის" კიდევ ერთი ყოველწლიური მარათონი წარმატებით დასრულდა. ეს უნივერსიტეტის რიგით მესამე სასკოლო პროექტია. "START-UP მარათონის" ფინალურ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი იდეები წარმოადგინეს.
"START-UP მარათონი" მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საქართველოში მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარებას ხელს უწყობს და ახალგაზრდებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება, რაც სამომავლოდ, ქვეყნის სამეწარმეო განვითარებას განაპირობებს.
გუნდები თავიანთ პროექტებზე მენტორებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტის ერთ-ერთი მედიამხარდამჭერი Entrepreneur Georgia გახლდათ, რომელმაც რჩეულები გამოავლინა. Astrobrain-ი, კასპის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი, სწორედ ამ რჩეულებს შორის მოხვდა.
"მე და თენგო დიდი ხანია ტექნოლოგიებითა და კოსმოსით ვართ გატაცებული. წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით იდეებზე, რომლებმაც უკვე არაერთი კონკურსი მოიგო. "ალტეს" სტარტაპ მარათონის შესახებ პირველად ჩვენი სკოლის დახმარებით გავიგეთ, თუმცა სოციალურ ქსელში გამოჩენილმა პოსტმა მოტივაცია კიდევ უფრო აგვიმაღლა.
ჩვენი გუნდისთვის მსგავსი გამოწვევა ახალი შესაძლებლობაა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია სხვებს ის გავუზიაროთ, რაც გვიყვარს და გვაბედნიერებს, მეცნიერება, ტექნოლოგია, ინოვაციები", - დავით ჯაჭვაძე.
დავით ჯაჭვაძე და თენგო კიტრიაშვილი არა მხოლოდ თანაკლასელები და მეგობრები, არამედ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტში მუდმივი თანაგუნდელებიც არიან.
დავითი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა მათთვის არა უბრალოდ კონკურსი, არამედ შესაძლებლობა იყო, ცოდნა რეალურ იდეად ექციათ და იმ გარემოში აღმოჩენილიყვნენ, სადაც მომავლის პრობლემებსა და გამოწვევებს წყვეტენ.
"Astrobrain-ი არის საგანმანათლებლო აპლიკაცია, რომელიც თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას აერთიანებს. განათლებისა და ცოდნის მიღება წიგნის კითხვითა და გამოცდილებით ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა პრაქტიკული უნარების განვითარებაც, რისი საშუალებაც სკოლაში ხშირად არ გვეძლევა".
მულტიფუნქციურ აპლიკაციაში დაგხვდებათ მრავალი სახის ინფორმაცია კოსმოსზე და ეგზოპლანეტებზე. ქვიზები, სადაც ცოდნას შეამოწმებთ. თამაში, რომლის თავსატეხების ამოხსნაშიც აპლიკაციის დახმარებით ნასწავლი საკითხები დაგეხმარებათ.
თამაშის დასასრულს მოსწავლეს არა მხოლოდ ახალი და საინტერესო ინფორმაცია ექნება, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც გუნდურად მუშაობის, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და გამოწვევებთან გამკლავების შესახებ.
აპლიკაცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
საინფორმაციო ბაზა - მოსწავლეს შეუძლია კოსმოსის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. მასალა წარმოდგენილია ინტერაქტიული ფორმატით, მათ შორის 3D ვიზუალიზაციებით, რაც მარტივად აღქმაში გვეხმარება.
ქვიზები და გამოწვევები - მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ცოდნა სხვადასხვა სირთულის დავალებაში გამოსცადოს, რაც როგორც თეორიულ კითხვებს, ასევე პრაქტიკულ ამოცანებს მოიცავს.
მთავარი კომპონენტია VR/3D story თამაში - სადაც მოთამაშე მთავარი კოსმოსური მოგზაური ხდება და სხვადასხვა ეგზოპლანეტას სტუმრობს. მოგზაურობისას მომხმარებელი მრავალ გამოწვევას აწყდება, კოსმოსური ხომალდის აწყობიდან დაწყებული, უცხო პლანეტებზე მცენარეების მოყვანით დამთავრებული.
ამ გამოწვევების გადასალახად საჭიროა თეორიული ნაწილიდან მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება, რაც აძლიერებს სასწავლო პროცესს.
"მუშაობა ეტაპობრივად დავიწყეთ: ჯერ იდეის დახვეწა, შემდეგ პროტოტიპის შექმნა და საბოლოოდ, პრეზენტაციის მომზადება. მენტორთა დახმარებით რჩევებს მუდმივად ვიღებდით და პროექტს ეტაპობრივად ვაუმჯობესებდით.
პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიუხედავად გამოწვევებისა, დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდით - გვჯეროდა, რომ ჩვენი იდეა ღირებული იყო.
პროექტის თემა ინოვაციური საგანმანათლებლო VR თამაში იყო, რომელიც კოსმოსურ კვლევებსა და გადარჩენის სიუჟეტზეა აგებული. იდეა მაშინ გაგვიჩნდა, როცა დავფიქრდით, რამდენად რთულია მოსწავლეებისთვის მშრალი მეცნიერული მასალის აღქმა. გვინდოდა სწავლა უფრო სახალისო და მარტივი გაგვეხადა, თამაში კი იდეალური საშუალებაა ამისთვის - მასში ასტრონომიას, ფიზიკას, ბიოლოგიას ქიმიას და სხვა საინტერესო თემებს ვაერთიანებთ".
როგორც დავითი ამბობს, აპლიკაცია 2025 წლის ზაფხულის ბოლოდან ყველა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.
"პირველ რიგში, ჩვენი პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები უკეთ გაიგონ და შეიყვარონ. ნაცვლად თეორიული ცოდნის დაზეპირებისა, ბავშვები თავიანთ ცოდნას პრაქტიკულად გამოცდიან.
ასევე, აპლიკაცია მათ ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განავითარებაში დაეხმარება, როგორიცაა პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობა, რაც მოსწავლეებს არამხოლოდ სკოლაში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაეხმარებათ.
Astrobrain-ი ახალგაზრდებში კოსმოსისა და მეცნიერების მიმართ ინტერესს გააღვივებს, ეს კი მათი პროფესიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს შეიძლება მოუნდეს, რომ ინოვატორი ან მეცნიერი გახდეს, რაც ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში დიდ როლს შეასრულებს", - თენგო კიტრიაშვილი.
როგორც თენგო გვიყვება, სტარტაპ მარათონში მონაწილეობით დიდი გამოცდილება შეიძინეს. ამიტომ სხვა მოსწავლეებსაც ურჩევს, რომ არაფერს შეუშინდნენ და აუცილებლად სცადონ.
"ნუ შეგაშინებთ ის, რომ რაღაც არ იცით ან ვიღაცამ თქვენზე მეტი იცის - ეს ბუნებრივია. ჩვენი პირველი პროექტიც მარცხით დამთავრდა, მაგრამ უფრო მოტივირებულებმა გავაგრძელეთ და ამის შემდეგ ბევრი პროექტიც მოვიგეთ.
აქვე დავამატებ, რომ მთავარი გამარჯვება არ არის. მარათონის მთავარი ღირებულება თქვენი იდეის განვითარება, ახალი უნარების შეძენა და საინტერესო ადამიანებთან დაკავშირებაა.
მარათონში მონაწილეობისას ისწავლით პრობლემების გადაჭრას რეალურ დროში, გუნდურ მუშაობასა და იდეების ეფექტურად წარდგენას. ახალ კონტაქტებს დაამყარებთ და პროფესიონალების რჩევებს მიიღებთ", - თენგო კიტრიაშვილი.