Cyber Week Sale! 50% Off All Access

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ლიბერთი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური სტრატეგიული პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი ახორციელებს, ეროვნული სამეცნიერო კონკურსია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი, რომელიც წელს მერვედ ჩატარდება, პარტნიორებთან ერთად, აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას.

კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

"ათასწლეულის ინოვაციის კონკურსმა, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩავუყარეთ, უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. ყოველ წელს იზრდება კონკურსის მიმართ როგორც ახალგაზრდების, ასევე ახალი პარტნიორების დაინტერესება. კონკურსი ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი (STEM დარგები) ახალგაზრდების დაინტერესებას, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას. კონკურსის მონაწილეთა უმეტესობა სწორედ STEM დისციპლინებში აგრძელებს განათლებას, რაც ვთვლით რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დარგებშია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მოთხოვნა. წელს, კონკურსს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ლიბერთი ბანკი შემოუერთდა. დარწმუნებული ვართ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კონკურსის კიდევ უფრო განვითარებას და ჩვენი ახალგაზრდების ხელშეწყობას", - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

"ლიბერთისთვის დიდი პატივია იყოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორი. ჩვენი თანამშრომლობა პირველ რიგში ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად - შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღვივებაში. ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა და ვფიქრობთ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო გაძლიერდება ნიჭიერი, ახლის მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა.

გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ, საინტერესო ადამიანს გავიცნობთ და დავუმეგობრდებით. ლიბერთის გუნდი მზადაა თავისი ყველა რესურსით ჩაებას მომავალი თაობის განათლების უმნიშვნელოვანეს საქმეში." - ვასილ ხოდელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2005 წლის 2 აპრილიდან - 2009 წლის 1 აპრილის პერიოდში და წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.

კონკურსის ტრადიციული პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და საქპატენტი. კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 25 მარტი. კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.millennium.org.ge. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ.: (0) 32 2281 185.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი