Get All Access for $5/mo

''აწარმოე საქართველოში'' - საქართველო, როგორც ბიზნესპროცესების აუთსორსინგის ლიდერი რეგიონში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BPO, ანუ ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, თანამედროვე კორპორაციულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პერსპექტიული მიმართულებაა, რაც მსხვილ ბიზნესოპერატორებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი პროცესების ნაწილი საზღვარგარეთაც გაიტანონ, ისარგებლონ სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო უპირატესობებით, კვალიფიციური სამუშაო ძალით და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით. ამ კუთხით, საქართველო გლობალურ სარბიელზე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანა ხდება, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში გაზრდილი IT და საერთო სერვისების მიმწოდებელი კომპანიების მომართვიანობა, ასევე მათი წარმომადგენლობების დაფუძნება ადგილობრივ ბაზარზე.

უკვე წლებია, რაც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხრიდან ბიზნესპროცესების აუთსორსინგს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დაახლოებით ექვსი წლის წინ საქართველოში დაფუძნდა გლობალური კომპანია Majorel, რომელიც ქართველი სამუშაო ძალის დახმარებით, სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს მსოფლიო მასშტაბით არსებულ მომხმარებლებს. გასულ წელს კი, სააგენტოს უშუალო ჩართულობით საქართველოში ოპერირება გლობალურ ბაზარზე ტოპ-5-ში შემავალმა კომპანია Concentrix-მა დაიწყო, რომელიც სწრაფ გაფართოებას და სულ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ისახავს მიზნად.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მუშაობაზე, ბიზნესპროცესების აუთსორსინგის კუთხით, Entrepreneur სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, თორნიკე ზირაქიშვილს ესაუბრა.

"საქართველოს გლობალური ბიზნესპროცესების აუთსორსინგის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა გეოგრაფიული მდებარეობაა. ჩვენ GMT+4 სასაათო სარტყელში ვართ, რაც ნიშნავს, რომ კომპანიები ახლოს იქნებიან თავიანთ ძირითად საოპერაციო ბაზრებთან და მოემსახურებიან მომხმარებლებს, როგორც ევროპის, ისე აზიის ტერიტორიაზე. მეორე ფაქტორი, რაც ჩვენს უპირატესობას განაპირობებს, უცხო ენების ცოდნაა. ამ სფეროში მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულებმა კარგად იცოდნენ სხვადასხვა ენა, საქართველოში კი სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი ფლობს ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს და სხვა ევროპულ ენებს. მესამე კრიტიკული ფაქტორი, რაც ყველა ინვესტორისათვის საყურადღებოა, საოპერაციო ხარჯების სიმცირე გახლავთ. საქართველოში საკმაოდ დაბალია როგორც საგადასახადო ტვირთი, ასევე კომუნალური ხარჯები და ა.შ. რაც ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის ბიზნესპროცესების აუთსორსინგისთვის", − აცხადებს თორნიკე ზირაქიშვილი.

ცხადია, კონკურენტული უპირატესობების გარდა, ამ სექტორში გამოწვევებიც არსებობს, მაგალითად, მნიშვნელოვანი კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა. BPO-სექტორი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სფეროა, რომელშიც დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა კადრებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, დამატებით მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალის პოვნა უფრო რთულიც ხდება. მაგალითისთვის, Majorel-მა, რომელიც ექვსი წლის წინ შემოვიდა ქართულ ბაზარზე, 200-300 თანამშრომლით დაიწყო ოპერირება და დღეს მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 3000-ს აღემატება. კარგი ტენდენცია ის არის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იგებს − BPO მაღალანაზღაურებადი სფეროა და წყვეტს ამ მიმართულებით მუშაობას.

როგორც თორნიკე ზირაქიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს ბიზნესპროცესების აუთსორსინგით დაინტერესებულ გლობალურ კომპანიებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით 100-200 ათას ადამიანს ასაქმებენ. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ერთ-ერთ მსხვილ ევროპულ კომპანიასთან, რომელიც ოპტიმისტური პროგნოზებით, საქართველოში ოპერირებას უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიწყებს. კომპანიის გეგმების მიხედვით საუბარია ჯამში 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებაზე. გარდა ამისა, სააგენტო პარალელურად მუშაობს პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიებთანაც, რომელთაგან ზოგიერთმა უკვე მიიღო ქვეყანაში შემოსვლის გადაწყვეტილება და დაიწყო კიდეც ქართულ ბაზარზე IT-ტალანტების დაქირავება.

"სააგენტო მუდმივად ცდილობს მსგავსი კომპანიების მოძიებას და პირდაპირ ინტერაქციას მათთან, რათა საქართველო საუკეთესო კუთხით შევთავაზოთ ჩვენს მომავალ პარტნიორებს. ვმართავთ მათთან შეხვედრებს B2B-ფორმატში, სისტემატურად ვაახლებთ ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ასამაღლებლად, ვმუშაობთ გავლენიან პირებთან, ე.წ. აზრის ლიდერებთან, რათა მათ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენზე და შემდეგ თავად გაავრცელონ ეს ცნობები BPO-ს მიმართულებით დაინტერესებულ წრეებში. უკვე გვქონდა გასული წლების განმავლობაში ბევრი შემთხვევა, როცა ტოპ-ექსპერტებმა საქართველოს შესახებ დაწერეს სტატიები, რაც ჩვენი ბაზრის რეპუტაციასა და სანდოობას ამაღლებს გლობალური მასშტაბით. გარდა ამისა, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ველოდებით ე.წ. ლოკაციების სკაუტებს − ადამიანებს, რომლებიც არჩევენ მიმზიდველ ადგილმდებარეობებს ბიზნესის კეთებისთვის და მსოფლიოს წამყვან კომპანიებს რჩევებს აძლევენ. აღსანიშნავია, რომ ამ სექტორით დაინტერესებას პანდემიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და საქართველომ სწორად დაიკავა თავისი ნიშა შესაძლებლობების ქვეყნად პოზიციონირების თვალსაზრისით", − გვიზიარებს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე.

BPO-სექტორის მეტად პოპულარიზაციისა და ბიზნესსერვისების აუთსორსინგის სფეროში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, 23-25 მაისს სააგენტოს ინვესტიციების დეპარტამენტი ქ. ლისაბონში დაგეგმილ ღონისძიებას Shared Services & Outsourcing Week Europe (SSOW) დაესწრო. SSOW საერთო სერვისების (shared services) და ბიზნესპროცესების აუთსორსინგის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება გახლავთ, რომელსაც უცხოური კომპანიების 400-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

და მაინც, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ბიზნესპროცესების აუთსორსინგის განვითარებას და როგორ წაახალისებს ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას? როგორც თორნიკე განმარტავს, უპირველეს ყოვლისა, BPO მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ნიშნავს. თუკი ამ სფეროში დასაქმებულთა ხელფასებს გადავხედავთ, საწყისი ანაზღაურება 2-3 ჯერ აღემატება საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასებს. "მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ BPO ინტელექტუალური სერვისის მიწოდებაა. ბიზნესპროცესების აუთსორსინგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ქოლ-ცენტრებით ან ტექსტური ცენტრებით, აქ საუბარია არქიტექტურაზე, ფინანსებზე, IT-ზე და ნებისმიერ სხვა დარგზე, რომელსაც სხვადასხვა გლობალური კომპანია აუთსორსზე გაიტანს. ეს სწორ წარმოდგენას აყალიბებს ქვეყნის შესახებ. მაღალი დონის სერვისის მიწოდება წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში ყველაზე დიდი შემოსავლის წყაროა. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში საქმდებიან და რიგ შემთხვევაში ეს მათთვის საწყისი პოზიციებია, შესაძლებლობა ეძლევათ სწრაფად განვითარდნენ კორპორაციულ იერარქიაში და დასაქმდნენ როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში", − გვიამბობს თორნიკე ზირაქიშვილი.