Get All Access for $5/mo

''აწარმოე საქართველოში'' – ტყავის აქსესუარების ქართული კომპანია ''გეფერინის'' წარმატება ჩინეთის ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი მომხმარებლისათვის კარგად ნაცნობი ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "გეფერინი", სულ მალე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე დაიწყებს.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და მხარდაჭერით, კომპანიამ China International Import Expo-ს გამოფენაში მონაწილეობა ორჯერ − 2018 და 2019 წლებში მიიღო. სწორედ 2019 წელს გამართულ გამოფენაზე, კომპანია "გეფერინიმ" მოახერხა ჩინური მხარის დაინტერესება და ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმასთან საპარტნიორო ხელშეკრულებაც გააფორმა. 2020 წელს ქართული ტყავის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე რეალიზებისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა, რის გამო "გეფერინის" ნაწარმი გაყიდვაში პირველად 2022 წლის 15 ივლისს ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ მარკეტინგისა და საიმიჯო ვიდეორგოლების დასამზადებლად უკვე $60 000 არის დახარჯული. გარდა ამისა, გაფორმდა ხუთწლიანი ფრენჩაიზინგი ჩინურ პლატფორმასთან Tmall.com, რომელიც ბრენდის პოპულარიზაციას მთელი აზიის მასშტაბით შეუწყობს ხელს.

"გეფერინის" ჩინეთის ბაზარზე წარმატებულ გასვლასთან და CIIE-გამოფენასთან დაკავშირებით, Entrepreneur-ს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკა მამუკელაშვილი ესაუბრა.

"ჩინეთის რიგით მეორე საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო დიდი ბიზესდელეგაციით იყო წარმოდგენილი (33 კომპანია). ღონისძიების მასშტაბისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გამოფენას ასევე დაესწრო საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. საქართველოს პავილიონი ორ სხვადასხვა თემატურ ზონაში იყო განთავსებული − საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში 30 კომპანია, ხოლო საფეიქრო ინდუსტრიის ზონაში სამი ქართული საწარმო იყო წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის 2019 წლის გამოფენაზე საქართველოს სტენდი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამორჩეული იყო თავისი დიზაინით და შინაარსობრივი დატვირთვით, რასაც არაერთი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან. გამოფენაში მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა ქვეყანა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობა კოლოსალური იყო", − განაცხადა ნიკა მამუკელაშვილმა, − "გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია "გეფერინის" განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციაში სააგენტოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ჩვენ გვჯეროდა ბრენდის, მისი წარმატებისა და განვითარების. დროთა განმავლობაში "გეფერინიმ" არაერთ საერთაშორისო ბაზარზე განახორციელა საკუთარი პროდუქციის ექსპორტი და საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ფილიალი/მაღაზია გახსნა. შესაბამისად, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი იმდროინდელი გადაწყვეტილება კომპანიაში მსგავსი ინვესტიციის შესახებ, იყო გამართლებული და სწორი".

კომპანია "გეფერინი" 2014 წელს შეიქმნა. როგორც ბრენდის დამფუძნებელი, ილია გეფერიძე Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, მას ყოველთვის მოსწონდა ტყავთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოება და მუდამ უნდოდა ეცადა ბედი ამ სფეროში.

"ერთხელაც, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ შეგვექმნა "გეფერინი". შევქმენით ისეთი კონცეფცია, რომელიც თავიდანვე საინტერესო გახდა მომხმარებლებისთვის − განსხვავებული დიზაინი, ხელმისაწვდომი ფასი, ლიმიტირებული მოდელები და ხარისხის მაღალი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არ გვქონდა არანაირი გამოცდილება, მაინც გავრისკეთ და შევეჭიდეთ ამ ურთულეს საქმეს", − აცხადებს ილია, − "დღესდღეობით, ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან ქალბატონები (83%), 18-დან 45 წლამდე ასაკის. ჩვენი პროდუქცია იყიდება ოთხ მაღაზიაში საქართველოს მასშტაბით, აქედან სამი არის თბილისში, ხოლო ერთი − ბათუმში. რაც შეეხება ჩინეთის ბაზარზე გასვლას, ეს ამჟამად ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ჩვენი კომპანიისთვის. ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და ამა წლის მარტის თვეში დასრულდა. ჩინეთში ორჯერ მივიღეთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით. "გეფერინიმ" ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩინელ მომხმარებლებში. რომ არა პანდემიის პერიოდი, 2020 წელს დავიწყებდით გაყიდვებს. უშუალოდ ხელშეკრულება 5-წლიანი ექსკლუზივის უფლებით გაფორმდა, რომელიც მოიცავს ჩინეთის ტერიტორიაზე განვითარებას და ზრდას. დაგეგმილია მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობები და შესაბამისად გამოყოფილია ორივე მხარის მიერ ბიუჯეტი. "გეფერინის" პროდუქციის მიწოდება ჩინეთში, საზღვაო და სახმელეთო გზებით მოხდება".

როგორც ილია გეფერიძე გვიამბობს, "გეფერინის" მიმართ დაინტერესება პოტენციური პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი იყო. ჩინეთში ყოფნის პერიოდში, კომპანიამ ასამდე შეხვედრა გამართა B2B ფორმატში. "შეხვედრის დროს სხვა ბაიერები რიგში იდგნენ და გველოდებოდნენ. ამის ნახვა იყო უდიდესი სიამოვნება, როცა ხედავ ასეთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში რამხელა ინტერესი გამოიწვია შენმა ბრენდმა. ძირითადად, ყურადღება მიიქცია განსხვავებულმა ფორმებმა, ხარისხმა და კარგმა საბითუმო ფასმა. პოტენციურ შემსყიდველთა უმეტეს ნაწილს წარმოადგენდნენ ჩინელი "ბაიერები" და შესაბამისად, ინტერესიც უფრო მეტად ჩინური მხარისგან იყო", − აღნიშნავს ილია გეფერიძე.

"გეფერინის" დამფუძნებლის თქმით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" უკვე არაერთი წელია რაც ბრენდის პარტნიორად ჩამოყალიბდა. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის თანადაფინანსება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას იპოვოს პოტენციური შემსყიდველები და შეაფასოს საკუთარი თავი კონკურენტებთან მიმართებაში. "გეფერინიმ" სააგენტოს თანადაფინანსებით უკვე ხუთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ოთხში (ჩინეთი, სინგაპური, ქუვეითი, ჰონკონგი) მოახერხა საექსპორტო შეთანხმების გაფორმება. გარდა ამისა, ქართულმა კომპანიამ პოსტპანდემიურ პერიოდში სააგენტოს საკრედიტო საგარანტიო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რაც რთული პერიოდის შემდეგ ბიზნესის აღსადგენად იყო აუცილებელი.

"საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ჩამოვაყალიბეთ ბრენდის განვითარების სტრატეგია თითოეულ ქვეყანაში. ჩვენი ძირითადი მიზანია, ავითვისოთ და გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა თორმეტივე საექსპორტო ქვეყანაში. 2022 წლის ბოლომდე გვინდა გავაფართოოთ ჩვენი საწარმო და გავზარდოთ წარმოების ხაზი ფეხსაცმელებისა და ჩანთების მიმართულებით", − კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბო ილია გეფერიძემ.

რაც შეეხება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მუშაობაზე პოსტპანდემიურ რეალობაში, იგი ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად ქმედით და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. ამაზე მეტყველებს სააგენტოს მიერ დაფინანსებული ონლაინშოურუმები, სახელმწიფოს სესხის სუბსიდირების სახეცვლილი პროგრამები, საკრედიტო-საგარანტიო სქემა და ა.შ. ამასთან, პოსტპანდემიურ ვითარებაში, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და რომელიღაც ერთ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, სააგენტომ შეიმუშავა ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა, რაც კომპანიებს ეხმარება საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაში, პროდუქციის ბრენდინგში, შეფუთვაში და საერთაშორისო ქსელში შესვლაში. ქართული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო აგრძელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას. რაც შეეხება მიმდინარე სტატუსს, ყველა სტატისტიკური მონაცემი ცხადყოფს, რომ უმრავლეს შემთხვევაში სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე იზრდება ექსპორტი და ქვეყანა უფრო მრავალფეროვანი პროდუქციით უფრო მეტ ბაზარზეა წარმოდგენილი.

"საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი სოლიდურად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. ყველა ხელის შემშლელი ფაქტორის საპასუხოდ გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯები, რაც მაგალითად კომპანიებს ეხმარება საერთაშორისო სერტიფიკატების მოპოვებაში, პროდუქციის ბრენდინგსა და შეფუთვაში. ვფიქრობთ, მეწარმეებმა უფრო მეტი ინვესტიცია უნდა დააბანდონ საექსპორტო სტრატეგიის განვითარებასა და ბაზრების დივერსიფიკაციაში. ასევე, საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასა და გაციფრულებაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება და ინოვაციური კომპონენტების დანერგვა", − აცხადებს ნიკა მამუკელაშვილი, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი