#აწარმოეუკრაინისთვის - სოლიდარობის ფართომასშტაბიანი კამპანია სააგენტოსგან ''აწარმოე საქართველოში''
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე, საქართველო ერთ-ერთი იყო იმ უამრავ ქვეყანას შორის, რომელმაც უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა დაიწყო.
უკრაინელთა სოლიდარობის მხარდასაჭერად სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიანი კამპანია − #აწარმოეუკრაინისთვის წამოიწყო.
ინიციატივას მალევე გამოეხმაურნენ როგორც "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი, ასევე სხვა ქართული კომპანიები, რომელთა ერთიანობითა და ძალისხმევით ამ დრომდე 100 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები შეგროვდა და პირველი ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა.
გამოცხადების დღიდან, კამპანიას უკვე 50-ზე მეტი ქართული ორგანიზაცია შეუერთდა და ჰუმანიტარულ აქტივობაში მონაწილეობის მსურველი კომპანიების რიცხვი დღითი დღე იზრდება.
კამპანიის #აწარმოეუკრაინისთვის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორს, მიხეილ ხიდურელს ესაუბრა. მისი თქმით, ქართველი ხალხისა და კერძო სექტორის ჩართულობა აღნიშნულ ინიციატივაში სამაგალითო აღმოჩნდა. კამპანიის დაწყების მომენტიდან, პირველივე საღამოს სააგენტოს პორტალზე კერძო სექტორის მხრიდან ოცამდე აპლიკაცია შევიდა.
"მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხეთ აგვეწყო მარტივი პროცესი. შევქმენით სპეციალური ფორმები და მათ დავურთეთ პროდუქტების სია, რომელთა საჭიროება ყველაზე მეტად იყო უკრაინაში იმ მომენტისათვის და ეს ჩამონათვალი პერმანენტულად ახლდება. აპლიკაციის მიღების შემდეგ, ჩვენი სააგენტოს წარმომადგენელი უკავშირდებოდა კომპანიებს და აწვდიდა ინსტრუქციებს, თუ რა სახის უნდა ყოფილიყო პროდუქცია და სად უნდა მოეტანათ. აღსანიშნავია ჩვენი და "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლობა, რომელმაც სრულად უზრუნველყო ლოგისტიკური ნაწილი და შეიძლება ითქვას, რომ საერთო კამპანია შედგა. საქართველოდან გაგზავნილ ტვირთს უკრაინული ფოსტა დახვდა და ამ კუთხითაც ლოგისტიკა უმაღლეს დონეზე იყო აწყობილი. მინდა განსაკუთრებულად გამოვყო კერძო სექტორის აქტიურობა ამ კამპანიის მსვლელობაში. საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან მოდიოდა სიგნალები კერძო სექტორიდან უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით, ხოლო სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ამ პროცესს სათავეში ჩაუდგა და ორგანიზება გაუწია", − აცხადებს მიხეილ ხიდურელი.
როგორც სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული სპეციალური სამუშაო ჯგუფისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობით უკრაინის საელჩოსთან, შესაძლებელი გახდა ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა, რათა ტვირთის ტრანსპორტირება არ შეფერხებულიყო.
"ჩვენ, როგორც მეწარმეობის სააგენტომ, საჭიროდ მივიჩნიეთ, ქართული საზოგადოების თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ კონკრეტული ქმედებებით გამოგვეხატა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ "აწარმოე საქართველოში" ქოლგის ქვეშ უამრავი ბენეფიციარია გაერთიანებული და ხელშესახები დახმარება, გარდა მორალური მხარდაჭერისა, ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება", − განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, − "ცხადია, ნებისმიერი კონფლიქტი და ჰუმანიტარული კრიზისი ახლოს მიგვაქვს გულთან და ყოველთვის მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ადამიანებს, თუმცა უკრაინა ჩვენთვის განსაკუთრებული ქვეყანაა. ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკვე ორჯერ გაიგზავნა და კიდევ გაიგზავნება, არის ზუსტად უკრაინელების საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია: მედიკამენტები, ბავშვთა კვება, ჰიგიენა, არამალფუჭებადი საკვები, და ეს ერთგვარი მესიჯია, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ყველაფერი ჩვენი და უკრაინის სასიკეთოდ დასრულდება. რეალურად, ეს ყველაფერი იმ კომპანიების დამსახურებაა, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ ამ კამპანიაში და ჩვენი მოძმე ერის დახმარების საქმეში თავიანთი წვლილი შეეტანათ".
კამპანია #აწარმოეუკრაინისთვის პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ჰუმანიტარული ტვირთის მოგროვება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
Entrepreneur დაინტერესდა, რამდენად მძიმე დარტყმა აღმოჩნდა მიმდინარე კონფლიქტი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" უკრაინულ ბაზარზე მომუშავე ბენეფიციართათვის და რა სახის გავლენას მოახდენს ომი ექსპორტსა და იმპორტზე საქართველოში, რაზეც მიხეილ ხიდურელი გვპასუხობს:
"მოგეხსენებათ, მიმდინარე მოვლენებმა ზეგავლენა იქონია ლოგისტიკურ და ბიზნესკავშირებზე ქვეყნებს შორის − როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კუთხით, თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინა საინტერესო მიმართულებად რჩება ქართველი მეწარმეებისათვის და ბევრი ჩვენი ბენეფიციარი ორიენტირებულია მომავალში ამ ბაზრის უკეთ ათვისებაზე. მეორე არანაკლებ საყურადღებო და მნიშვნელოვან საკითხად რჩება ექსპორტის კუთხით მეტი დივერსიფიცირება, რომელიც როგორც მთავრობის, ასევე სააგენტოს პრიორიტეტია უკვე მრავალი წლის განმავლობაში. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" აქვს კონკრეტული პროგრამები, სადაც გათვალისწინებულია ექსპორტის დივერსიფიკაციის მექანიზმები, მათ შორის, ახალი კომპონენტის ფარგლებში მოვახდენთ ბაზრებზე შესვლის ღირებულების თანადაფინანსებას. გარდა ამისა, ჩვენ ქართველ მეწარმეებს ვეხმარებით დანერგონ ევროკავშირის ბაზრისათვის მისაღები სტანდარტი და თითოეული ჩვენი ნაბიჯი სრულად ორიენტირებულია მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიმართულებით".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კამპანია #აწარმოეუკრაინისთვის უკვე გაწეული აქტივობით არ შემოიფარგლება და საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის მხარდასაჭერად, საჭიროების შემთხვევაში, მომავალშიც გაიგზავნება.