Avocadro: ქართული AI სტარტაპი, რომელიც ჯანსაღი კვების სისტემას თავიდან ქმნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია Avocadro ერთ კონკრეტულ პრობლემას აგვარებს – ჯანსაღი კვება ხშირად რთულია არა იმიტომ, რომ ადამიანებს მოტივაცია ან ნებისყოფა აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ ის ყოველდღიურ, დამღლელ რუტინად იქცევა.

ბევრისთვის ეს სცენარი ნაცნობია: ყველაფერი ორშაბათს იწყება, თუმცა რამდენიმე დღეში იწყება კალორიების დათვლა, პროდუქტების შერჩევა, კერძების დაგეგმვა და ბიუჯეტზე მორგება. საბოლოოდ კი ადამიანების დიდი ნაწილი მიზანს არა სურვილის ნაკლებობის, არამედ ამ პროცესის სირთულის გამო თმობს.

კომპანიის დამფუძნებლის, ნიკოლოზ ჩოლობარგიას თქმით, საქართველოში ამ გამოწვევას კიდევ ერთი პრობლემა ემატება – კვების აპლიკაციების უმრავლესობა უცხოურ მონაცემთა ბაზებზეა დაფუძნებული, სადაც ქართული კერძები ან საერთოდ არ გვხვდება, ან არაზუსტ მონაცემებს შეიცავს. გარდა ამისა, ისინი მხოლოდ იმას გთავაზობენ, რა უნდა მიირთვათ, თუმცა არ გეუბნებიან, სად შეიძინოთ საჭირო პროდუქტები.

"სწორედ ამ ნაპრალში, გეგმასა და თეფშს შორის, ნებდება უმეტესობა. Avocadro ამ ჯაჭვს მთლიანად აქრობს. ხელოვნური ინტელექტი ითვლის, რეალურად რა გჭირდებათ დღის განმავლობაში და აგებს მას რეალური საკვებისგან, რომელიც თბილისში, თქვენ ირგვლივაა. ზოგჯერ ეს ის კერძია, რომელსაც ერთი თითის დაჭერით იძახებთ მიტანის სერვისების მეშვეობით. ზოგჯერ კი მარტივი რეცეპტია, რომელსაც თავად ამზადებთ ახლომახლო ნაყიდი ინგრედიენტებით. ნებისმიერ შემთხვევაში, დაგეგმვა, მოძიება და კალკულაცია უკვე შესრულებულია, აღრიცხვა კი ავტომატურად ხდება", – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

იდეა მისივე გამოცდილებიდან გაჩნდა – წლების განმავლობაში ვარჯიშობდა და აკონტროლებდა კვებას – ამ პრობლემის წინაშე ყოველდღიურად იდგა. მაკროებს ხელით ითვლიდა, ადგენდა გეგმას და შემდეგ აღმოაჩენდა ხოლმე, რომ თბილისში ამ გეგმის შესრულება მეორე სამსახურის ტოლფასი იყო.

"რაღაც ეტაპზე ნათელი გახდა, რომ პრობლემა ბოლომდე ჩემს დისციპლინაში არ იყო – უბრალოდ, არ არსებობდა ინსტრუმენტი, რომელიც ამ საქმეს გამიმარტივებდა. მაგრამ მსგავსი იდეა რჩება იდეად, სანამ ვინმე რეალურად არ შექმნის მას. ჩემმა თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა, მათე ბერიშვილმა, მთლიანი ტექნიკური პროდუქტი ააწყო. Avocadro იმიტომ არსებობს, რომ ის მზად იყო შეგვექმნა პროდუქტი მანამ, სანამ რაიმე მტკიცებულება იარსებებდა, რომ ეს გაამართლებდა.

რაც ბაზარზე მინდოდა შემომეტანა, ეს იყო ცვლილება: ჯანსაღი კვების გადაქცევა ინფორმაციული საკითხიდან ქმედების საკითხად. სხვა აპლიკაციები რჩევებს გაძლევენ. ჩვენ დამღლელ ნაწილს ვითავსებთ, მომხმარებელს კი მხოლოდ ოთხი ნაბიჯი რჩება: დაწკაპუნება, გამოძახება, კვება და მიზნის მიღწევა", – ამბობს ნიკოლოზ ჩოლობარგია.

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტის შექმნა, როგორც წესი, ირაციონალურ არჩევანად ითვლება: ბაზარი პატარაა და ტალანტების უმრავლესობა სერვისებსა და აუთსორსინგში მიდის, სადაც შემოსავალი დღესვე პროგნოზირებადი და ხილულია. მისი თქმით, სამომხმარებლო პროდუქტი ქართული ბაზრისთვის, ქართულ ენაზე, რომელიც ნულიდან არის აწყობილი, ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელზეც, როგორც წესი, ადამიანების პასუხია: "აზრი არ აქვს".

"მაგრამ გულწრფელი მინდა ვიყო: ეს არ ყოფილა დრამატული ნახტომი და არც მარტოს გამიკეთებია. სამსახურიდან არ წამოვსულვარ – Avocadro-ს საღამოობით და შაბათ-კვირას ვქმნიდი, სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად. მათეც იმავე ფსონს ჩამოვიდა და მთელი პროდუქტი ააწყო მანამ, სანამ გაჩნდებოდა დაფინანსება, შემოსავალი ან რაიმე გარე სიგნალი იმისა, რომ ამის გაკეთება ღირდა.

ვფიქრობ, ნამდვილი გამბედაობა სწორედ აქ არის – არა ერთ დიდ გადაწყვეტილებაში, არამედ ამ მოსაწყენ ნაწილში. ორი ადამიანი Avocadro-ს შესაქმნელად დაღლილი ბრუნდება, თვიდან თვემდე, როცა ჯერ არავის სჯერა, რომ ეს გაამართლებს".

ნიკოლოზი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერს შეუძლის კვების გეგმის შედგენა, რომელიც ქაღალდზე იდეალურად ჯამდება. სირთულე ისაა, შეიქმნას ისეთი გეგმა, სადაც თითოეული ელემენტი რეალურია – ის, რისი გამოძახებაც მომდევნო ოც წუთშია შესაძლებელი, ან რისი მომზადებაც ამაღამ შეიძლება ახლომახლო ნაპოვნი პროდუქტებით, რომელიც ამავდროულად თანხვედრაში მოდის კალორიებთან, მაკროებსა და ბიუჯეტთან ერთდროულად.

"დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილად ჩანდა, რომ ერთდროულად დასაკმაყოფილებლად ამ კომპონენტების რაოდენობა ზედმეტად დიდი იყო. ეს მათეს გადასაჭრელი პრობლემა იყო და მან ის გადაჭრა.

მეორე ნახევარი უფრო ნელი და საუბრისთვის გაცილებით ნაკლებად საინტერესო იყო. ინფორმაცია, რომელიც ლოკალური საკვების შესახებ გვჭირდებოდა, უმეტესად არცერთ გამოსაყენებელ ფორმატში არ არსებობდა, ამიტომ ჩვენი ხელით, ფრთხილად, თითო-თითოდ მოგვიწია მისმა შეგროვებამ. არანაირი მოკლე გზა არ არსებობდა. ამან იმაზე ბევრად მეტი დრო წაიღო, ვიდრე ვვარაუდობდი, და იყო კვირები, როცა ჩვენი პროგრესის ყველაზე გულწრფელი შეჯამება იყო: "კიდევ ცოტა კერძი დავამატეთ".

მისი თქმით, გადაუჭრელად ეს ყველაფერი იმიტომ ეჩვენებოდათ, რომ ამ ორიდან ვერცერთი ნაწილის გამოტოვება ვერ მოხერხდებოდა.

"კარგი ძრავა, რომელიც ცუდ ინფორმაციაზე მუშაობს, უბრალოდ, თავდაჯერებულ აბსურდს გაძლევს. კარგი ინფორმაცია ძრავის გარეშე კი მხოლოდ ცხრილია.

ამჟამად "ავოკადროს" ბაზაში 800-ზე მეტი კერძია 14-ზე მეტი თბილისში მდებარე რესტორნიდან და ეს ბაზა ყოველდღიურად იზრდება".

ნიკოლოზ ჩოლობარგია აღნიშნავს, რომ ინსპირაციის წყარო რეალური ადამიანები არიან – ამ მომენტისთვის კომპანიას არაფერი დაუხარჯავს რეკლამაში და ათობით ადამიანი მაინც ორგანულად ჩაეწერა მომლოდინეთა სიაში.

"ეს მათთვის არავის უთხოვია. ყოველ ჯერზე ეს ერთსა და იმავეს მეუბნება: პრობლემა მასშტაბურია და მხოლოდ მე არ მაწუხებს. მეორე ინსპირაციის წყარო თავად იდეაა – რომ სტაბილურობა არ უნდა მოითხოვდეს გმირობას. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩუმად იქცა პრივილეგიასთან მიახლოებულ რამედ: მას ის ადამიანები ახერხებენ, ვისაც აქვთ დრო, ცოდნა და ფული. მჯერა, რომ ეს სისტემის მარცხია და არა ადამიანების. შექმენი სწორი სისტემა და დისციპლინა აღარ იქნება დეფიციტური რესურსი – ის, უბრალოდ, მოცემულობად იქცევა.

სწორედ ამიტომ ჰქვია პროდუქტს Avocadro: სახელი აერთიანებს ავოკადოსა და ავოგადროს მუდმივას, რომელიც უხილავ მოლეკულებს ისეთ გრამებად აქცევს, რომელთა გაზომვაც რეალურად შეგიძლიათ. სწორედ ეს იდეა დგას სახელწოდების მიღმაც: ჩვენ უხილავ ნუტრიციას (კვებით ღირებულებას) ისეთ კერძად ვაქცევთ, რომლის მირთმევაც რეალურად შეგიძლიათ. ხოლო სიტყვა "მუდმივა" ჩვენი დაპირებაა: ვაკეთოთ ერთი და იგივე თქვენთვის, სლოგანიც ამ იდეის ირგვლივ არის შექმნილი: "შენი მუდმივა ჯანსაღი ცხოვრებისთვის".

Avocadro-ს მომდევნო თორმეტი თვე სამ ეტაპად არის დაყოფილი:

  1. დახურული ბეტა-ვერსია, შემდეგ კი საჯარო გაშვება თბილისში. AI ძრავა მზად არის, ამჟამად კი მიმდინარეობს მისი დახურული ტესტირება და ბეტა-მომხმარებლებიც უკვე შერჩეულები არიან;
  2. იმის გაფართოება, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ერთი დღე – მეტი რესტორანი, მეტი რეცეპტი, მეტი ისეთი რამ, რისი ყიდვაც მარტივად არის შესაძლებელი, რომ მერე მომხმარებელმა თავად მოამზადოს.
  3. პროდუქტის გაღრმავება სავარჯიშო კომპონენტით, რათა კვება და ფიზიკური დატვირთვა ერთ სისტემაში მოექცეს და მომხმარებელმა მთელი თავისი პროგრესი ერთ სივრცეში დაინახოს.

ამის პარალელურად კი კიდევ ერთ მიზანს გუნდის გაზრდა წარმოადგენს: ორმა ადამიანმა Avocadro სამუშაო პროდუქტად აქცია, ხოლო მის რეალურ მომხმარებელთა ბაზამდე მიტანას მეტი სჭირდება.

"უფრო ფართო მიზანი ისაა, რომ Avocadro არ დარჩეს მხოლოდ ქართულ ბაზარზე მორგებულ პროდუქტად. ეს მოდელი ნებისმიერ უცხოურ ქალაქზე ვრცელდება. საქართველო ჩვენი პირველი ბაზარია და არა ბოლო. ასევე, ერთ წელიწადში მინდა Avocadro იყოს ის პლატფორმა, რომელსაც საქართველოში ადამიანები ავტომატურად ხსნიან იმ წამსვე, როგორც კი ჯანსაღად კვების დაწყებას გადაწყვეტენ", – ამბობს Avocadro-ს დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩოლობარგია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი