ავთენტურობა მთავარი ღირებულებაა - ეკუნა ხაჯაველიძე გემოების, ესთეტიკისა და პერფექციონიზმის შესახებ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საჯარო სამსახურის ერთფეროვან კაბინეტებში გატარებული დღეების შემდეგ, ეკუნა ხაჯაველიძემ იგრძნო, რომ მისი ცხოვრება გარდამტეხ ცვლილებას ითხოვდა. უსაფრთხო, მაგრამ მონოტონური ყოველდღიურობიდან გამოსვლა და ყველაფრის ნულიდან დაწყება მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თავში არაერთმა იდეამ გაიელვა, თუმცა საკუთარი თვალით დანახული სამყაროს კადრებში მოქცევამ და ციფრული კონტენტის შექმნამ ყველაფერი გადაწონა.
დღეს ეკუნას ვიდეოები გასტრონომიულ სივრცეებში მოგზაურობაა, სადაც თითოეულ დეტალს თავისი ადგილი აქვს. მისთვის მთავარი მხოლოდ კერძის შეფასება არ არის – ეს არის კონკრეტულ გარემოში მიღებული შთაბეჭდილების, ესთეტიკისა და იმ ცოცხალი ემოციის დაჭერა, რაც მაყურებელს ეკრანის მიღმაც იმავე იმპულსს გადასცემს. ამ პროცესში ვიზუალურ მხარესა და ინფორმაციულობასთან ერთად, უმთავრეს პრინციპად ობიექტურობა რჩება.
"ჩემი კონტენტი არაერთ ღირებულებაზე დგას, რომელთაგან ესთეტიკას, ხარისხსა და ავთენტიკურობას გამოვყოფდი. არასოდეს ვაკეთებ კომპრომისს ობიექტურობაზე და დიდ ყურადღებას ვაქცევ ვიზუალურ მხარეს, რომ ჩემი კონტენტი ინფორმაციული ნარატივის ტარების გარდა, ესთეტიკურ სიამოვნებასაც ანიჭებდეს მაყურებელს".
ეკრანზე გამოჩენილი სიმსუბუქისა და დახვეწილი კადრების მიღმა სინამდვილეში საკმაოდ შრომატევადი პროცესი იმალება. ეკუნას ხასიათის განუყოფელი ნაწილი პედანტობა და პერფექციონიზმია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული დეტალი, განათებიდან დაიწყებული და კადრის კომპოზიციით დამთავრებული, იდეალურთან ახლოს უნდა იყოს, თუკი სრულყოფილი არა. საკუთარ თავსა და თამასასთან ეს მუდმივი ჭიდილი პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მისი ნაბიჯები ჯერ კიდევ ახალია, ეკუნას გარშემო უკვე ჩამოყალიბდა აუდიტორია, რომელსაც სიახლეების აღმოჩენა უყვარს და ავტორთან გემოვნება აერთიანებს. ციფრულ სამყაროში, სადაც ხშირად სტატისტიკას ენიჭება უპირატესობა, ეკუნასთვის მთავარი საზომი არა მექანიკური ნახვები, არამედ ის ცოცხალი უკუკავშირია, რომელსაც ყოველდღიურად გამომწერებისგან იღებს.
"სრულმასშტაბიან, 2-წლიან ანალიზს 2028 წლისთვის გადავდებ, რადგან ჩემი შემოქმედებითი გზა სულ ორი თვის წინ დაიწყო. ამ მცირე პერიოდის დაკვირვებით კი ზრდა საკმაოდ დინამიკურია. ყველაზე ღირებული ციფრების მექანიკური ზრდა კი არა, ის ყოველდღიური უკუკავშირია, რაც ადასტურებს, რომ ჩემს ხედვას სწორი ადრესატი პოულობს".
როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ, გადაღლილობაც შემოქმედებით მოტივაციად გარდაიქმნება. დანებებაზე ფიქრი ეკუნას "კალენდარში არ აქვს ჩანიშნული, რადგან ყოველი ახალი იდეა და გადაღებული კადრი ახალ ენერგიას აძლევს. ამასთან, საქმის მასშტაბიდან გამომდინარე, პროცესი მარტო ავტორის მხრებზე არ გადადის – ეკუნა პასუხისმგებელია იდეაზე, ესთეტიკაზე, ლოკაციების შერჩევასა და საბოლოო ვერდიქტზე, ხოლო ტექნიკურ მხარეს კადრს მიღმა მყოფი გუნდი უზრუნველყოფს.
სამომავლო გეგმები სოციალური ქსელების ჩარჩოებს სცდება. ამჟამად აქტიურ ფაზაშია პირადი ვებგვერდის შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, გასტრონომიული ლოკაციების ერთგვარი გზამკვლევი გახდება, ხოლო, მეორე მხრივ, – პრაქტიკულ პლატფორმად იქცევა მაყურებლისთვის, ვისაც ეკუნას სტილი, სამოსი თუ თავის მოვლის საშუალებები აინტერესებს.
"აქტიურ ფაზაშია ჩემი პირადი ვებგვერდის შექმნის პროცესი, რომელიც, ერთი მხრივ ,იქნება გასტრონომიული ლოკაციების გზამკვლევი (Guide Book), ხოლო, მეორე მხრივ, პლატფორმა, სადაც განთავსდება თითოეული ეპიზოდიდან ჩემი Outfit-ების, აქსესუარებისა და Makeup/Skincare პროდუქტების ჩამონათვალი, თანდართული პირდაპირი ბმულებით".
Full-time კრეატორობა დღეს ბევრი შემოქმედი ადამიანისთვის მიმზიდველ კარიერულ გზად იქცა, თუმცა, ამ სფეროში ფინანსურ წარმატებას თავისი საზღაური აქვს. ცვალებადი ალგორითმები, შემოსავლის არასტაბილურობა, ემოციური გადაწვა და რეპუტაციის შელახვის მუდმივი საფრთხე იმ რისკების არასრული ჩამონათვალია, რაც ამ საქმიანობას თან ახლავს. ეკუნასთვის ფინანსური მოგება ერთადერთი ორიენტირი არასოდეს ყოფილა – მისი ბრენდის მთავარი აქტივი მაყურებლის ნდობაა.
სწორედ ამიტომ იგი უარს ამბობს იმ შემოთავაზებებზე, რომლებიც მის შინაგან სტანდარტებსა და ღირებულებებს არ ემთხვევა. ეკუნას კონტენტში ვერ შეხვდებით რესტორნების კლასიკურ, დაფინანსებულ სარეკლამო ინტეგრაციებს. მაშინაც კი, როდესაც მას კონკრეტულ სივრცეში კერძების დასაგემოვნებლად ეპატიჟებიან, იგი არ ერიდება გულწრფელ შენიშვნებს, რადგან სჯერა, რომ ჯანსაღი და კონსტრუქციული კრიტიკა ბიზნესის განვითარების ერთადერთი სწორი გზაა.

"Full Time კრეატორს აქვს პოტენციალი, იყოს ფინანსურად ძალიან წარმატებული, თუმცა არსებული რისკები ამ პროცესს კომპლექსურად ართულებს. თანამშრომლობისთვის ბრენდის შერჩევისას ჩემი მთავარი კრიტერიუმი ღირებულებების თანხვედრაა. კლასიკური კომერციული პროექტები ჩემი კონტენტის ფორმატში არცერთ რესტორანთან არ მაქვს. როდესაც კერძების დასაგემოვნებლად თავად მიწვევენ, შენიშვნებს მაინც გულწრფელად ვაჟღერებ, რადგან ჯანსაღი კრიტიკა მათაც ეხმარება განვითარებაში".
ადგილობრივ რეალობაზე დაკვირვებისას ეკუნა რამდენიმე მტკივნეულ პრობლემას გამოყოფს, რომელთაგან უპირველესი ხარისხის არასტაბილურობა და ობიექტური კრიტიკის მიმღებლობის დეფიციტია. ხშირად ის, რაც დღეს უმაღლეს დონეზეა შესრულებული, ხვალ შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს, ბრენდებს კი კონსტრუქციული უკუკავშირის მოსმენის ნაცვლად, მხოლოდ იდეალურად შეფუთული ქება-დიდების მოსმენა სურთ.
ასეთი მიდგომა მაყურებლისთვის კონტენტს ერთფეროვანსა და უინტერესოს ხდის. ეკუნას მიზანი სწორედ ამ დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა და ბაზარზე ახალი თამაშის წესების შემოტანაა, სადაც ავთენტიკურობა და ჯანსაღი კრიტიკა არა კონფლიქტის, არამედ განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება.
"სამწუხაროდ, ბრენდებს ხშირად უჭირთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიღება და მხოლოდ იდეალურად შეფუთული ქება-დიდება სურთ. ჩემი მიზანი ამ მიდგომის ძირფესვიანად შეცვლა თუ არა, პროცესის დაძვრაა – ახალი და ბევრად საინტერესო სტანდარტის დამკვიდრებისკენ, სადაც ავთენტიკურობა და ობიექტური კრიტიკა ბაზრის განვითარების მთავარი ძრავა გახდება".
ქართული ციფრული ინდუსტრია დღეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. პირდაპირი, ზედაპირული სარეკლამო განთავსებების ეპოქა წარსულს ჩაჰბარდა, ხოლო აუდიტორია სულ უფრო მეტად ითხოვს შინაარსობრივ სიღრმესა და ნიშურ ცოდნას. მომავალი იმ კრეატორებს ეკუთვნით, რომლებიც საკუთარ სფეროში პროფესიონალიზმს აჩვენებენ და საკუთარი ობიექტური პოზიციის დაფიქსირებას არ შეუშინდებიან.
ეკუნას გრძელვადიანი ხედვა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით არ შემოიფარგლება და მისი მიზანი ქართული გასტრონომიული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, გლობალურ აუდიტორიასთან დამაკავშირებელ ხიდად ქცევაა. თუმცა, ამ გზაზე ნაბიჯების თანმიმდევრულობა გადამწყვეტია: ჯერ მყარი ადგილობრივი ფუნდამენტის შექმნა, ხოლო შემდეგ გლობალურ მასშტაბებზე გასვლა.
"ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ფოკუსი ადგილობრივ აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირის დამყარებაა. როდესაც ეს ფუნდამენტი გამყარდება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა სწორედ ის ლოგიკური ნაბიჯი იქნება, რაც ამ პროექტს სულ სხვა მასშტაბზე გადაიყვანს".
ციფრულ სამყაროში აუდიტორიის გემოვნება საგრძნობლად შეიცვალა. "გაპრიალებული", უსიცოცხლო კადრები და არაფრისმთქმელი, ეპითეტებით გაჯერებული შეფასებები წარსულს ჩაჰბარდა. დღეს მაყურებელი ზედაპირულ ქებას აღარ სჯერდება – მას სურს გაიგოს არა მხოლოდ "როგორია" ესა თუ ის ადგილი, არამედ "რატომ" იმსახურებს ის ყურადღებას. გრძელი და არადინამიკური ვლოგების ადგილი რიტმულმა, მოკლე ვიდეოებმა და რეალურმა ხმებმა (ASMR) დაიკავა.
ამასთანავე, ტრენდების ბრმად გამეორების პრაქტიკა უკვე აღარ მუშაობს. ეკუნას სჯერა, რომ თითქმის ყველა თემა თუ ფორმატი უკვე არსებობს და "ახალი ველოსიპედის გამოგონება" შეუძლებელია, თუმცა, წარმატების მთავარი საიდუმლო სწორედ იმ ინდივიდუალურ შტრიხებში, განსხვავებულ ხედვასა და პირად ხელწერაშია, რაც ავტორს ათასობით სხვა კრეატორისგან გამოარჩევს.
"ნაცვლად "როგორისა", უფრო საინტერესოა "რატომ", ამიტომ ზედაპირულ შეფასებაზე მეტად, კონკრეტული, არგუმენტირებული ანალიზი ფასობს. მთავარი კი მაინც ინდივიდუალიზმია. ერთსა და იმავე სფეროშიც კი, მთავარი საიდუმლო სწორედ ის ინდივიდუალური შტრიხები და პირადი ხელწერაა, რაც შენს კონტენტს სხვებისგან განასხვავებს და ეს უნიკალურობა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აუდიტორიამ სწორედ შენ დაგიმახსოვროს".
სოციალურ ქსელებში წარმატების გაზომვისას ეკუნასთვის რამდენიმე მილიონ ნახვაზე ბევრად უფრო ღირებული რეალური ჩართულობაა. მისი მთავარი ინდიკატორი ვიდეოების შენახვების (Save) რაოდენობაა – ეს პირდაპირი დასტურია იმისა, რომ კონტენტმა მაყურებელს პრაქტიკული სარგებელი მოუტანა და მას ამ ინფორმაციასთან მოგვიანებით დაბრუნება სურს. ანალიტიკა ავტორისთვის არა უბრალოდ ციფრები, არამედ სამომავლო სტრატეგიის მთავარი კომპასია.
რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI ინსტრუმენტებს, ეკუნა მათ კადრის კომპოზიციისა და ვიზუალური ესთეტიკის დასახვეწად აქტიურად იყენებს. თუმცა, მისი ღრმა რწმენით, ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ლამაზ ფასადს ქმნის, ხოლო შინაარსი, სული და რეალური ემოცია მაინც ადამიანურ შემოქმედებითობასა და ავთენტიკურობას მოაქვს.
"AI შესანიშნავი ინსტრუმენტია კადრის კომპოზიციის, იდეებისა თუ ვიზუალური ესთეტიკის დასახვეწად. თუმცა, ის ვერასდროს ჩაანაცვლებს რეალურ ემოციას. ხელოვნური ინტელექტი ლამაზ ფორმას ქმნის, ხოლო შინაარსი და სული ადამიანურ შემოქმედებითობას მოაქვს. საბოლოო ჯამში, AI არა კრეატორის შემცვლელი, არამედ მისი უახლოესი პარტნიორია".
საკუთარი რამდენიმეთვიანი შემოქმედებითი გზისა და ცხოვრებისეული გამოცდილების შეჯამებისას ეკუნა დამწყებ კრეატორებს ურჩევს, პირველ რიგში, საკუთარ თავში ის სფერო აღმოაჩინონ, რაც მართლა უყვართ. მთავარი ნაბიჯი მარცხის შიშის დაძლევა და მოქმედების დაწყებაა, რადგან იდეალური დრო და მომენტი ბუნებაში არ არსებობს, გამოცდილება კი მხოლოდ პროცესში მოდის.
წარმატების კიდევ ერთი აუცილებელი პირობა თანმიმდევრულობა და დისციპლინაა. ამასთან, ავტორს გააზრებული აქვს ციფრული სამყაროს ჩრდილოვანი მხარეც: ნეგატივი და კრიტიკა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ხშირად აწყდებიან. მისი მთავარი გზავნილია, რომ ავტორებმა ეს ნეგატივი საკუთარ თავზე არ მიიღონ და მუდამ შეინარჩუნონ საკუთარი ავთენტიკურობა.
"საკუთარ თავში აღმოაჩინეთ ის, რაც გიყვართ და კარგად გამოგდით. დაამარცხეთ "ჩაფლავების" შიში (ხომ ხედავთ, თავად სიტყვა "ჩაფლავებაც" რა ფენომენალურად ჟღერს?!). უბრალოდ, გადადგით პირველი ნაბიჯი – იდეალური დრო და მომენტი არ არსებობს, ხოლო გამოცდილება პროცესში მოვა. იყავით თანმიმდევრულები – დისციპლინა ცხოვრების ყველა ასპექტში მოგიტანთ წარმატებას. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი სტილისა და ავთენტიკურობის ჩვენების – ეს არის ის, რაც მაყურებელთან მჭიდროდ დაგაკავშირებთ. იყავით მზად იმისთვის, რომ ადამიანები ზურგით ნაზიდ სიძულვილს ხანდახან (სიმძიმის გამო) თქვენც გაგინაწილებენ. სულ გახსოვდეთ, რომ ეს მათია, თქვენი არა"