Awork-მა და ტესტირების საერთაშორისო კომპანია GenofIT-მა თანამშრომლობა დაიწყეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება დამკვიდრებული პრაქტიკა და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი პროცესია. ის უზრუნველყოფს სისტემის სრულყოფას, უსაფრთხოებას და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზებას. სწორედ ამ მიზნით, დასაქმების პირველმა ქართულმა აპლიკაცია Awork-მა ტესტირების საერთაშორისო კომპანია GenofIT-თან თანამშრომლობა დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, Awork-ის ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტს – Awork Flow-ს (აპლიკანტების სამართავ სისტემას), სრულად GenofIT-ი ტესტავს.

Awork-ს ციფრული პროდუქტების ქართველი მომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ – ეს არის დასაქმების ინოვაციური პლატფორმა, სადაც სამსახურის მაძიებელს შეუძლია შეადგინოს CV, ასევე გაფილტროს ვაკანსიები ადგილმდებარეობის, საჭირო გამოცდილებისა და შესაბამისი ინდუსტრიის მიხედვით. ამასთან ერთად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, აპლიკაციიდან გაუსვლელად, მარტივად გაგზავნოს განაცხადი სასურველ პოზიციაზე. მეორე მხრივ კი Awork-ი დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, დანერგონ აპლიკანტების სამართავი სისტემა – Awork Flow და სრულად გააციფრულონ შერჩევის პროცესი.

რაც შეეხება GenofIT-ს, შეერთებულ შტატებში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების კომპანია კვირაში 7 დღე, 24-საათიან რეჟიმში აწვდის ტესტირების სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს, რომ პლატფორმები მომხმარებლებისთვის იყოს საიმედო, სრულყოფილი და მან ბაზრის ყველა კონკურენტული კრიტერიუმი დააკმაყოფილოს. Awork-თან თანამშრომლობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – რომ პლატფორმა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო სწრაფი, გამართული და დახვეწილ ციფრულ გარემოდ იქცეს. უფრო კონკრეტულად, GenofIT-ის გუნდი იკვლევს სისტემის სტაბილურობას, ფუნქციურობასა და გამოყენებადობას, რაც Awork-ის გუნდს პრობლემების დროულად იდენტიფიცირებასა და ეფექტურად აღმოფხვრაში ეხმარება.

ამ პარტნიორობის შესახებ Entrepreneur-ი პლატფორმა Awork-ის წარმომადგენლებს – გიორგი რაზმაძეს, გიორგი მუმლაძეს და GenofIT-ის დამფუძნებელ თამარ პაიჭაძეს ესაუბრა.

თამარ პაიჭაძე:

"GenofIT-ისა და Awork-ის თანამშრომლობის იდეა წარმოიშვა ჩვენი საერთო ხედვიდან – ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის საფუძველი ხარისხიანი პროგრამული პროდუქტია. საბოლოო შეთანხმებამდე მისასვლელად ეტაპობრივად შევისწავლეთ Awork-ის საჭიროებები, განვიხილეთ არსებული გამოწვევები და ერთობლივად შევიმუშავეთ ტესტირების სტრატეგია. GenofIT-ი უზრუნველყოფს Awork-ის აპლიკანტების სამართავი სისტემის – Awork Flow-ს სრულყოფილ ტესტირებას, ხოლო Awork-ი მიღებული მონაცემების საფუძველზე ახდენს მის ოპტიმიზაციას".

გიორგი რაზმაძე:

"ამ პარტნიორობის ჭრილში Awork Flow-ს ტესტირებას სრულად GenofIT-ის გუნდი წარმართავს და პროფესიონალები ყოველდღიურად ტესტავენ იმ მოდულებს, რომლებსაც ყოველთვიურად ათობით ბიზნესი და ათიათასობით სამუშაოს მაძიებელი იყენებს. პარტნიორობის დადებითი შედეგი უპირველესად Awork-ის მომხმარებლებზე აისახება, რადგან მათ კიდევ უფრო გამართულ, დახვეწილ და მარტივ პლატფორმას ვთავაზობთ".

Awork-ისა და GenofIT-ის პარტნიორობა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება: საწყისი შეფასება – პლატფორმის ანალიზი და ტესტირების საჭიროებების განსაზღვრა; ტესტირების სტრატეგიის შემუშავება – დეტალური სატესტო გეგმის შექმნა, ტესტირების პროცესის ორგანიზება; ტესტირება და რეკომენდაციები – პლატფორმის მუშაობის შეფასება, ხარვეზების იდენტიფიცირება; ოპტიმიზაციის რეკომენდაციები და მუდმივი გაუმჯობესება – განახლებების მონიტორინგი, ახალი ფუნქციების ტესტირება და მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინება.

მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად სარგებლიანია. Awork-ისთვის პოზიტიური შედეგები მეტად სტაბილურ და ოპტიმიზებულ პლატფორმას გულისხმობს. როგორც გიორგი რაზმაძე აღნიშნავს, რეგულარული ტესტირება Awork-ის გუნდს აძლევს საშუალებას, რომ განახლებები შეუფერხებლად დაინერგოს, მომხმარებლებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სერვისი და გაიზარდოს მათი ნდობა. შედეგად Awork-ი უფრო კონკურენტუნარიანი და საიმედო პლატფორმა ხდება.

"რაც შეეხება დადებით შედეგს GenofIT-ისთვის, ეს თანამშრომლობა შესაძლებლობაა, კომპანიამ გააუმჯობესოს ტესტირების პროცესები რეალური გამოწვევების პირობებში. Awork-ის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაძლევს გამოცდილებას, რომელიც გვეხმარება ინოვაციური მიდგომების განვითარებაში და ახალ, კიდევ უფრო

მასშტაბურ პროექტებზე ეფექტიანად მუშაობაში", - ამბობს თამარ პაიჭაძე.

როგორც გიორგი რაზმაძე და თამარ პაიჭაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში განმარტავენ, ტექნოლოგიურ პროდუქტში ტესტირება არ არის დამატებითი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება კომპანიამ გამოტოვოს. ეს არის სისტემის უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტია, რაც ყველა მომხმარებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ტესტირების წარმატებულ შედეგს შეუძლია ტექნოლოგიური კომპანიის ის გამოწვევები გადაჭრას, რაც განვითარებისა და წარმატების გზაზე ბარიერს ქმნის.

Awork-ი უკვე მესამე წელია, რაც ოპერირებს და დღეს რეგიონში ტექნოლოგიურად ყველაზე დიდი დასაქმების ციფრული ეკოსისტემაა. როგორც გიორგი რაზმაძე აღნიშნავს, 2024 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რათა ბიზნესებისთვის აპლიკანტების შერჩევის პროცესი გაეუმჯობესებინა, ხოლო სამუშაოს მაძიებლებისთვის სასურველი სამსახურის პოვნა გაემარტივებინა.

გიორგი მუმლაძე:

"დღესდღეობით Awork-ის პლატფორმა უკვე ოთხი ინდივიდუალური პროდუქტისგან შედგება, რომელსაც ყოველდღიურად 10 000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი და ასეულობით ბიზნესი იყენებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ განსაკუთრებული გამოცდილება და მუდმივად უზრუნველვყოფდეთ სერვისით. ჩვენი გუნდი ყოველდღე აქტიურად მუშაობს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და ფუნქციონალების შემუშავებაში, ხოლო კვირაში ერთხელ ფუნქციონალი ე.წ. განახლებებს გადის. სწორედ ეს ნაწილი იყო Awork-ისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა, რადგან სტარტაპში არ გვყავდა ცალკე გუნდი, რომელიც დეტალურად დატესტავდა ახალ ფუნქციონალებს, სანამ ისინი მომხმარებლისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი. GenofIT-ის ჩართულობით და პროდუქტის განუწყვეტელი ტესტირებით, ჩვენს მომხმარებლამდე პროდუქტის განახლება უფრო მალე მიდის და ამასთან ერთად, ბევრად უფრო მაღალი ხარისხით. მიგვაჩნია, რომ მაღალი კონკურენციის პირობებში ეს საკმაოდ დიდ უპირატესობას ანიჭებს Awork-ს და ზრდის ჩვენი პროდუქტისადმი ინტერესს. აუცილებლად უნდა გამოვყო GenofIT-ის შესანიშნავი გუნდი, რომელთან ერთადაც მუშაობა საკმაოდ კომფორტულია. ორივე მხარე ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და მუშაობის კულტურას, რამაც ხელი შეუწყო ადაპტირებას და ერთობლივი მუშაობის მაღალ ხარისხს".

ტესტირების პროცესი რომ სრულყოფილი იქნება, ამის გარანტი GenofIT-ის რეპუტაცია, მუშაობის სტანდარტი და მისი პროფესიონალი გუნდია.

GenofIT-ი საქართველოში ყველაზე დიდი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების კომპანიაა, რომელიც სრულიად ფარავს ტესტირების ყველა ტიპს.

თამარ პაიჭაძე:

"ყოველთვის გვჯეროდა, რომ რაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მას მეტი ყურადღება და განვითარება სჭირდება. სხვადასხვა ციფრული პლატფორმის გამოყენებისას არაერთხელ შეგვხვედრია გაურკვეველი დიზაინი, უსაფრთხოების ხარვეზები და სხვა პრობლემები, რაც ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, უსიამოვნო გამოცდილებას ქმნიდა. ხშირად გვიფიქრია: რა იქნებოდა, თუ ამ ყველაფერს მეტი ყურადღება დაეთმობოდა? რამდენად მარტივი, კომფორტული და უსაფრთხო გახდებოდა ამ პროდუქტების გამოყენება? ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს, შექმნან უფრო უსაფრთხო და ფუნქციონალური პროგრამული პროდუქტები. ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, საქმიანობის ყველა ეტაპზე მომხმარებლის კომფორტი და მათი მონაცემების დაცვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება".

Awork-ის სრულმასშტაბიანი ტესტირება შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ფუნქციონალური ტესტირება – მოწმდება, რამდენად სწორად და ეფექტიანად მუშაობს პლატფორმის ყველა ფუნქცია; UI/UX ტესტირება – GenofIT-ის გუნდი აანალიზებს ინტერფეისის სიმარტივეს, ნავიგაციას და საჭიროების შემთხვევაში კომპანიას სთავაზობს UX-ის გაუმჯობესებას; სისტემური ტესტირება – მოწმდება კომპონენტების სინქრონიზაცია, სტაბილურობა და მუშაობის სისწრაფე; მომხმარებლის გამოცდილების ტესტირება – ფასდება, როგორ ინტერაქციაში არიან მომხმარებლები პლატფორმასთან და დგინდება UX-ის გაუმჯობესების საჭიროება.

როგორც თამარ პაიჭაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, Awork-თან თანამშრომლობის ყველაზე საინტერესო ასპექტი HR პლატფორმის მუდმივი ოპტიმიზაციაა, რაც კომპანიებს სამუშაო პროცესების ეფექტიანად მართვაში ეხმარება.

"განსაკუთრებულად გვაინტერესებს, თუ როგორ ვითარდება Awork-ის პლატფორმა და როგორ ერგება სხვადასხვა ორგანიზაციის საჭიროებებს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ჩავერთოთ პროდუქტის გაუმჯობესების პროცესში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Awork-ის ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ თანამშრომლობას. მათი გუნდი მუდმივად ავითარებს და აუმჯობესებს პროდუქტს, რაც გვაძლევს საშუალებას, ვიმუშაოთ არა მხოლოდ ხარვეზების დაფიქსირებაზე, არამედ პლატფორმის ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებაზე", – ამბობს თამარ პაიჭაძე.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენად უნიკალურ იდეასა და დახვეწილ დიზაინზეც არ უნდა იყოს დაფუძნებული, ინოვაციურ პლატფორმას მომხმარებელი ვერ ეყოლება, თუ გამართულად არ ფუნქციონირებს. მომხმარებლები ელიან, რომ პროგრამული პროდუქტი იყოს მარტივი, სწრაფი და საიმედო – თუ ეს მოლოდინი არ გამართლდა, ისინი სხვა ალტერნატივას მოძებნიან. ამ გამოწვევის დასაძლევად ტექნოლოგიური პროდუქტის ტესტირება გადამწყვეტ როლს თამაშობს და სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია GenofIT-ისა და Awork-ის თანამშრომლობა.

Business News

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი

ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით შექმნილი მრავალფუნქციური თაუერის კონცეფცია ცნობილია