Cyber Week Sale! 50% Off All Access

Balenciaga-ს სკანდალურ სარეკლამო კამპანიაზე, კომპანიის ფოტოგრაფი ალაპარაკდა

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სარეკლამო რგოლის გამო, რომელშიც ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას, კომპანია Balenciaga ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პროპაგანდაში დაადანაშაულეს.

საუბარია ბრენდის ახალი კოლექციის წარმდგენ ვიდეო-რგოლზე - "გაზაფხული 23", სადაც აღბეჭდილია ორი გოგონა, რომელთაც სადო-მაზოხისტურ სტილში გამოწყობილი სათამაშო "დათუნიები" უჭირავთ. Balenciaga-მ სასწრაფოდ წაშალა ეს სარეკლამო რგოლი ყველა პლატფორმიდან, თუმცა კამპანიის მიმართ ნეგატიური გამოხმაურებები არ წყდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს დეტალური გარჩევისას, სოციალურ ქსელთა მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ერთ-ერთ კადრში Balenciaga-ს ჩანთის სიახლოვეს ჩანს დოკუმენტი სასამართლო საქმიდან - "ეშკროფტი, სიტყვის თავისუფლების კოალიციის წინააღმდეგ", რომელის ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის გავრცელების გამამართლებელი განაჩენით დასრულდა.

მესამე კადრში კი ნათლად ჩანს წითური ქალი ნიუ იორკის ხედის ფონზე, მაიკლ ბურმანის წიგნით ხელში, რომელშიც ბავშვთა შიშველი სხეულებია გამოსახული.

აღშფოთებული მომხმარებლები რამდენიმე დღის განმავლობაში ცხარედ აკრიტიკებდნენ ბრენდს მსგავსი მიუღებელი შინაარსის მქონე ვიდეო-კონტენტის გამო, რის შემდეგაც, Balenciaga-მ სოციალურ ქსელებში საჯარო ბოდიში მოიხადა.

"ბოდიშს ვიხდით ჩვენი კომპანიის სახელით გავრცელებული აღმაშფოთებელი ვიდეო-მასალი გამო. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს და ვაპირებთ სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი კონტრაქტორზე, რომელმაც ჩვენი მხრიდან დასტურის გარეშე შეიტანა ასეთი ფორმის კონტენტი ჩვენს კამპანიაში. ვგმობთ ბავშვთა მიმართ სასტიკ მოპყრობას ნებისმიერი ფორმით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Balenciaga-ს განცხადებიდან მალევე ვრცელი მიმართვა გაავრცელა კომპანიის ფოტოგრაფმაც, გაბიელე გალიმბერტიმ, რომელმაც სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა აღნიშნულ მასალაზე და აღნიშნა, რომ მას ევალებოდა გადასაღები მოედნის განათება, ხოლო კომერციული გადაღებისას კამპანიის მიმართულება, ისევე როგორც აღსაბეჭდი ობიექტების შერჩევა, ფოტოგრაფის კომპეტენციას სცდება.

ცნობისათვის, ეს მიმდინარე წელს Balenciaga-სთვის პირველი სკანდალი არ გახლავთ.

ანტისემიტური განწყობებისა და სიძულვილის ენის პროპაგანდის გამო, კომპანიამ ცოტა ხნის წინ გააუქმა კონტრაქტი ცნობილ არტისტთან, ქანიე უესტთან და განაცხადა, რომ კომპანია წყვეტს ყველანაირ ერთობლივ პროექტსა, თუ საქმიან ურთიერთობას რეპერთან.