Get All Access for $5/mo

"ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრი" არქიტექტორთა კავშირმა ხარისხის ნიშნით დააჯილდოვა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრი

"ბ-ნი ზაალ ხელაძე ქართულ არქიტექტურულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი ინიციატივის ავტორია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დაუჭიროთ მის ინიციატივებს." - დავით აბულაძე, არქიტექტორთა კავშირის ხელმძღვანელი

ცირკულარული ეკონომიკა მოითხოვს ინდუსტრიის რეორგანიზაციას შესაბამის ბიზნეს მოდელებად, რომლებიც აქამდე არსებულ ბიზნეს მოდელებზე ბევრად უფრო ეფექტური უნდა იყოს. ამ მიზნის მისაღწევად, დღესდღეობით, მწვანე (მდგრადი) არქიტექტურის და მისი მიდგომების განვითარება უმნიშვნელოვანესი საკითხია მსოფლიოს ქვეყნებისათვის და, ცხადია, საქართველო, ამ მხრივ, გამონაკლისი არაა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სფერო ქვეყანაში შედარებით ახალია და სწორი განვითარებისათვის მეტად პროფესიონალურ მიდგომას და ექსპერტების ჩართულობას საჭიროებს.

მდგრადი არქიტექტურა მიზნად ისახავს შენობების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას ენერგოეფექტურობით და მასალების, ენერგიის, სამშენებლო სივრცისა და, ზოგადად, ეკოსისტემის გონივრული გამოყენების გზით.

ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრი, ამ მხრივ, ერთ-ერთი პიონერია ადგილობრივ დონეზე, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს და მნიშვნელოვანი წვლილი შექვს მდგრადი არქიტექტურის პრინციპების დანერგვაში და, ამავდროულად, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებსაც მოუწოდებს, მიბაძონ მათ მაგალითს. მწვანე პრინციპების დანერგვა ყველა მიმართულებით ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ცენტრი საქართველოში ერთ – ერთია იმ ადგილებს შორის, სადაც დაინტერესებული ადამიანები, განსაკუთრებით პროფესიონალები არქიტექტურისა და ინჟინერიის დარგში, გაეცნობიან ამ სფეროში უახლეს მიდგომებსა და გადაწყვეტილებებს და პრაქტიკულად გამოიყენებენ ამ ცოდნას თავიანთი საქმიანობისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი და უფრო "მწვანე" მომავლისათვის.

ბაზალეთის ცენტრში ამ მიმართულებით არსებული ტექნოლოგიებია წარმოდგენილი, რათა საზოგადოებამ ეს ყველაფერი უკეთ გაიცნოს, დაინტერესებულებმა კი შედარებითი ანალიზი გააკეთონ და ნახონ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ.

ცენტრი თბილისიდან 60 კილომეტრში, ბაზალეთის ტბის პირას, 1200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და სხვადასხვა ფუნქციურ სივრცეს აერთიანებს. საოცრად მყუდრო და ლამაზ გარემოში მდებარე შენობა მთლიანად ეკოლოგიურია და იცავს მდგრადი არქიტექტურის პრინციპებს. ცენტრი აღჭურვილია მზის პანელებით და იყენებს მათი მუშაობის შედეგად გამომუშავებულ ენერგიას. უფრო მეტიც, აქ ყველა ტექნოლოგია მოწყობილია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი არქიტექტურის პრინციპების შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ იგი არ აზიანებს გარემოს და იცავს ბუნებრივ რესურსებს.

რაც მთავარია, თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ეწვიოს ცენტრს, იქირაოს სივრცე ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში კონფერენციების ან შეხვედრების ჩასატარებლად, გაიზიაროს ცენტრის მენეჯმენტის პრაქტიკული გამოცდილება მდგრადი არქიტექტურისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ა.შ.

სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის დამფუძნებელი ზაალ ხელაძეა. მისთვის ამ ყველაფრის შექმნის მთავარი მოტივაცია საქართველოში მწვანე ტექნოლოგიების აქტიურად განვითარება გახდა, რომელიც, თავის მხრივ, ცირკულარულ და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას დიდ მხარდაჭერას ჰპირდება.

აღსანიშნავია, რომ ზაალის მთელი ოჯახი, მეუღლისა და ვაჟის ჩათვლით, აქტიურად მონაწილეობდნენ ცენტრის საქმიანობაში მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთობლივად ზრუნავდნენ მწვანე ცხოვრების წესის განვითარებაზე და ხელს უწყობდნენ ქვეყანაში გარემოს დაცვას.

12 აპრილს ცენტრმა განსაკუთრებულ ღონისძიებას უმასპინძლა: "ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის" ძალისხმევა და მისი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის ეკოსისტემის დაცვაში სათანადოდ შეაფასა საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, მისი შენობისათვის ხარისხის ნიშნის მინიჭებით მდგრადი არქიტექტურის პრინციპების დაცვისა და შენარჩუნებისათვის, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასე აუცილებელია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები. დაჯილდოვების ცერემონიის დაწყებამდე, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინიციატივა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები უკეთესი შედეგების მისაღწევად, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სამომავლო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლების წახალისებას, დაამკვიდრონ მათ მათ საქმიანობაში მწვანე არქიტექტურის პრინციპები. კერძოდ, დაგეგმილია კონკურსი, სახელწოდებით "ღვინის მწვანე საწარმო 2021."

კონკურსი მიზნად ისახავს ღვინის "მწვანე" წარმოების განვითარებას და საქართველოში მწვანე, ეკოლოგიური ბიზნესის წარმოების შესაძლებლობების გამოვლენასა და გაძლიერებას, ითვალისწინებს ამ ინიციატივაში ადგილობრივი მეღვინეების ჩართვას, რადგან მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული დარგია საქართველოს ეკონომიკაში.

თანდათანობით, წლიდან წლამდე, კონკურსი გაფართოვდება და სულ უფრო მეტ სფეროს მოიცავს, კერძოდ, მეღვინეობის შემდეგ, ამ ინიციატივაში სამედიცინო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის სექტორის ჩართვაც იგეგმება, რადგან სამედიცინო დაწესებულებები ყველაზე დიდი რაოდენობით ენერგიას იყენებენ და აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და მწვანე არქიტექტურის პრინციპების დანერგვას.

კონკურსი მოიცავს სხვადასხვა ნომინაციას, მათ შორის: წლის "მწვანე" მარნის არქიტექტურული პროექტი, წლის საუკეთესო საინჟინრო გადაწყვეტილება ღვინის ინდუსტრიაში, წლის საუკეთესო "მწვანე" სისტემის დაყენება ქართულ ღვინის ინდუსტრიაში, წლის უნარჩენო მეღვინეობა, წლის საუკეთესო "მწვანე" სტარტაპი ღვინის ინდუსტრიაში, წლის საუკეთესო "მწვანე" მენეჯმენტი ღვინის ინდუსტრიაში, მეღვინეობის "მწვანე" ექსპლუატაცია და მოვლა, "მწვანე" ინოვაცია მეღვინეობაში და "მწვანე" მომწოდებლები და კონტრაქტორები.

კონკურსის დაწყებამდე მონაწილე კომპანიებისთვის მოეწყობა სემინარები მწვანე ტექნოლოგიებში. გარდა ამისა, ჟიურის წევრები პირადად ეწვევიან და გაეცნობიან მონაწილე საწარმოების მუშაობას.

კონკურსის წამახალისებელი პრიზები ასევე მოიცავს ღვინის ბიზნესის მწვანე სერტიფიცირებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მწვანე მიდგომებს ავლენენ ზემოთ დასახელებულ ნომინაციებში. სერთიფიცირება (მწვანე ბიზნესის რეგისტრაცია) განხორციელდება მწვანე ბიზნესის ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო მასალების საფუძველზე.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შევლენ მწვანე ბიზნესის სფეროში მომუშავე სპეციალისტები, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სპეციალისტები.

კონკურსის ჩატარება დაგეგმილია ყოველწლიურად.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შედგება ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის წევრებისგან, არქიტექტორთა კავშირისა და მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფი განიხილავს კონკურსთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებსა და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ქვეყნის უფრო ჯანსაღი და მწვანე მომავლისათვის.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. არქიტექტორთა კავშირის ხელმძღვანელმა, დავით აბულაძემ, ბაზალეთის ცენტრს გადასცა პრიზი, ხარისხის ნიშანი, რამდენადაც შენობა ეკოლოგიურად უსაფრთხო და ენერგოეფექტურია.

"ჩემთვის დღეს, ფაქტობრივად, ხელმეორედ დაბადების დღეა, რადგან აქ, ჩემს ცენტრში, გაჩნდა ახალი იდეა და ინიციატივა, რაც ძალიან საინტერესოა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით მწვანე ცხოვრების წესზე, მაგრამ დღეს უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მწვანე ინდუსტრიის მიმართულებით. ის ფაქტი, რომ მეღვინეობა საქართველოში უძველესი და წამყვანი დარგია და ამით ვიწყებთ, გასაკვირი არაა, ასეც უნდა ყოფილიყო. ვამაყობ, რომ დღეს ეს ცენტრი ხდება ამ ყველაფრის სათავე და ინიციატორი. ჩვენი ათწლიანი შრომა სათანადოდ დაფასდა და არქიტექტორთა კავშირმა ხარისხის ნიშანი, ძალიან მნიშვნელოვანი პრიზი გადმოგვცა. ესაა არქიტექტურული ხარისხის ნიშანი, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაძლევს. ღირსეულად, სიამაყით შევასრულებთ ყველა ვალდებულებას," აღნიშნა ცენტრის დამფუძნებელმა ზაალ ხელაძემ.

"ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობთ ბ-ნი ზაალის კომპანიასთან. იგი ქართულ არქიტექტურულ ინდუსტრიასთან დაკავშირებით მრავალი მნიშვნელოვანი ინიციატივის ავტორია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მის ინიციატივებს, რადგან კარგად ვიცით, რომ ისინი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზეა ორიენტირებული და მის ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყოველთვის სასარგებლო და გამოსადეგია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოვებას. დღეს განვიხილეთ საინტერესო კონკურსის იდეა საქართველოში ღვინის მწვანე წარმოების შესახებ, სადაც ასევე ვგეგმავთ ჩვენი ძალების გაერთიანებას. მსგავსი კონკურსები ასევე წაახალისებს სხვა დარგების წარმომადგენლებს, ჩაერთონ ინიციატივაში და დაიცვან მდგრადი არქიტექტურისა და მწვანე მეწარმეობის პრინციპები, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვა.

"თავად ცენტრის შენობა და აქ გამოყენებული ყველა ტექნოლოგია მდგრად არქიტექტურასთან სრულ შესაბამისობაშია, რის გამოც ჩვენ ვაფასებთ მათ შრომას და ვანიჭებთ ხარისხის ნიშანს "მდგრადი არქიტექტურის" ნომინაციაში. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ასეთ ჯილდოს," განაცხადა არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ.

მწვანე ინჟინერიის ცენტრს მრავალი საინტერესო გეგმა აქვს განსახორციელებელი და მოსალოდნელია, რომ მისი წვლილი საქართველოში მწვანე არქიტექტურის პრინციპების დამკვიდრებაში კიდევ უფრო გაიზრდება და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სულ უფრო მეტ სექტორს მოიცავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია