"ბექას სკოლის" წარმატების ფორმულა და ინგლისური ენის სწავლების უნიკალური მეთოდები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო ბიზნესპროექტი 2016 წელს 2 მასწავლებლით დაიწყო − ინგლისური ენის სასწავლო დაწესებულება "ბექას სკოლას" ახლა 40-მდე თანამშრომელი ჰყავს, 20-ზე მეტ ინგლისურენოვან პედაგოგს აერთიანებს და, როგორც გვეუბნებიან, ეს მხოლოდ დასაწყისია.
"ბექას სკოლის" უკან ბექა ბერიკაშვილი და ნატალი ქენქაძე დგანან. სწორედ მათ ეკუთვნით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სკოლის დაარსების იდეა და შემდგომ განხორციელებაც, რის შედეგადაც 10 000-ზე მეტი კურსდამთავრებული და 50-მდე კომპანია ჰყავთ, რომლებიც თანამშრომლებში ენის ცოდნის გაუმჯობესებას სწორედ "ბექას სკოლას" ანდობენ.
ინგლისური ენა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია ენებს შორის. გამონაკლისი არც საქართველოა. "ბექას სკოლაში" ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ენის ცოდნა დადებითად აისახება ადამიანების ცხოვრების მრავალ ასპექტზე, ხდის მათ უფრო კონკურენტულებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე და აძლევს მრავალნაირ შანსს, განვითარდნენ.
"მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება ინგლისურ ენასთან − ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საკომუნიკაციო ენა, ეს არის დასავლური ხარისხიანი განათლების მიღების, დემოკრატიული ფასეულობების გაზიარების და განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების საშუალება, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", − ამბობენ თანადამფუძნებლები, ბექა და ნატალი.
როგორც ნატალი იხსენებს, ამ ყველაფრის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი იყო. მისი თქმით, განურჩევლად იმისა, რა გამოცდილება და ცოდნა გაქვს ბიზნესის წარმოებაში, ახალი კომპანია ყოველთვის თავისებურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
"ამ გზაზე იმდენ გაუთვალისწინებელ გამოწვევას აწყდები, რომ ხშირად დგება კითხვის ნიშნები, თუ რამდენად ღირს ამ ყველაფრის გაგრძელება", − იხსენებს ის.
დიდ ენერგიას ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე საქმის კეთება მოითხოვს და ნატალის თქმით, გადატვირთულ გრაფიკს "გადაწვამდეც" მიუყვანია. თუმცა, გარკვეული ხნით პაუზის შემდეგ, განახლებული მოტივაციით კვლავ დაუბრუნდა საქმეს. როგორც თავად ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვან დროს − პანდემიის დასაწყისში.
ისევე, როგორც ყველასთვის, პანდემია "ბექას სკოლისთვისაც" განსაკუთრებულად რთული პერიოდი იყო − ერთი მხრივ, მენეჯერული თვალსაზრისით, როცა მრავალი სახის გადაწყვეტილება ფორსმაჟორში იყო მისაღები, ხოლო მეორე მხრივ სასწავლო პროცესში, როცა აქამდე არარსებული პრაქტიკა სწრაფად უნდა დანერგილიყო და მისულიყო მოსწავლეებამდე. ბექა ბერიკაშვილი იხსენებს, რომ მასწავლებლებთან ერთად ბევრ სხვადასხვა მეთოდზე მუშაობდნენ, მრავალფეროვანი აქტივობებიც ჰქონდათ. ზოგმა გაამართლა, ზოგი ისტორიის ნაწილად იქცა.
მსგავს მომენტებში "ბექას სკოლის" დამფუძნებლებსა და თანამშრომლებს მოტივაციასა და ძალას გუნდი სძენს. როგორც ნატალი Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, კოლეგებს შორის განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა დადებითად იმაზეც აისახება, თუ როგორ უმკლავდება კომპანია სირთულეებს.
"ვფიქრობ, ძალას ყოველთვის სწორედ გუნდის წინაშე პასუხისმგებლობა და ისევ ერთმანეთი გვაძლევდა. ჩვენს კომპანიაში, გარდა კოლეგებისა, ერთმანეთის უახლოესი მეგობრებიც ვართ, რაც ყოველ ჯერზე გვაძლიერებს და ერთად მუშაობის მოტივაციას გვაძლევს", − ამბობს ნატალი.
სწორედ ამიტომ, დამფუძნებლები ამბობენ, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესია. გარდა პროფესიული უნარ-ჩვევებისა, სხვა მრავალი კრიტერიუმიც დიდ როლს თამაშობს.
"ვფიქრობ, კარგი გუნდის გარეშე ხარისხიანი პროდუქტის შექმნა შეუძლებელია... ძალიან გვეამაყება თითოეული მათგანი, და შემიძლია ვთქვა, საკმაოდ შეკრული და მხიარული გუნდი ვართ, ინდივიდუალურები, თუმცა საერთო ფასეულობების გარშემო გაერთიანებულნი. გვაქვს კომფორტული სამუშაო გარემო, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია თანამშრომლების კარგად ყოფნაზე და ჰორიზონტალური მენეჯმენტის სტრუქტურა, სადაც ყველას აზრი ფასეულია", − ამბობს ბექა.
მეთოდოლოგია, როგორც ამბობენ, მაქსიმალურად ითვალისწინებს ქართულად მოსაუბრის გრამატიკულ თუ ფონეტიკურ თავისებურებებს, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უკეთ აუღონ ალღო უცხო ენას და არა მხოლოდ დაიმახსოვრონ, არამედ გაითავისონ კიდეც ენის სპეციფიკა. ხოლო უცხოელ მასწავლებლებთან კურსების გავლა აჩქარებს და აუმჯობესებს სალაპარაკო უნარებს, ეხმარება მოსწავლეებს გარკვეული კომპლექსების დაძლევაში და, საბოლოოდ, ენის მაღალ დონეზე შესწავლას განაპირობებს.
"ბექას სკოლაში" სწავლების პროცესი მრავალი რამითაა გამორჩეული − უპირველეს ყოვლისა, როგორც თანადამფუძნებელი ბექა ბერიკაშვილი გვიყვება, გარემოთი. აქ სწავლა არ ასოცირდება სტრესთან და ტრადიციულ აკადემიურ პროცესებთან, რაც მოსწავლეებში შეიძლება სტრესს იწვევდეს.
"ვცდილობთ ჩვენი მეგობრული მიდგომით შევაყვაროთ მათ სწავლა. სწორედ ამიტომ ვახვედრებთ მყუდრო, კომფორტულ და ფერად გარემოს".
ერთ-ერთი უნიკალური სერვისი, რასაც "ბექას სკოლა" მომხმარებელს სთავაზობს, კორპორაციული პაკეტია. ეს გულისხმობს მომსახურებას, რომელსაც კომპანია თანამშრომლების ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებისთვის იღებს. "ბექას სკოლა" 50-მდე კომპანიას უწევს თუ უწევდა მსგავს სერვისს. მათ შორის არიან: Mcdonald's, "საქართველოს ბანკი", რადიო "თავისუფლება", UNDP, Procredit Bank, Adjarabet, CAT, Caparol, Prodware, Diplomat Georgia, Kärcher და სხვა.
სწავლების მეთოდი, ნატალის თქმით, უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტიან შედეგს. ის, ასევე, ამბობს, რომ პროცესი სრულად ადაპტირებულია მოსწავლეებზე და დამკვეთ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, მათი პრეფერენციების მიხედვით აირჩიონ გაკვეთილების ადგილმდებარეობა, ხანგრძლივობა, პერიოდულობა და სურვილის შემთხვევაში, კურსებისა და სასწავლო მატერიალების ადაპტაცია მათ საჭიროებებზე.
"ყოველი თვის ბოლოს ორგანიზაციას ეგზავნება ინდივიდუალური რეპორტი თითოეულ თანამშრომელზე. ასე მათი ინგლისურის პროგრესის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას. ღია ვართ ნებისმიერი ტიპის ცვლილებისთვის სასწავლო პროცესში, თანამშრომელთა სურვილის და საჭიროების გათვალისწინებით. ჩვენთვის, ისევე, როგორც დამკვეთისთვის, მთავარია შედეგი და მოსწავლეთა კმაყოფილება. ეს ჯანსაღი, გამჭვირვალე და ორმხრივი პროცესია", − აცხადებს ნატალი ინტერვიუში.
"ბექას სკოლაში" ინგლისური ენით დაინტერესებულებს დახვდებათ როგორც ენის სიღრმისეულად შესასწავლი კურსები, ისე სასაუბრო ნაწილზე ფოკუსირებული ექსპრეს-კურსები, როგორც ზოგად, ისე ბიზნესთემატიკაზე. მოსწავლე კი შეუძლია გახდეს ყველას, 11 წელს ზემოთ.
გარდა ფასიანი კურსებისა, "ბექას სკოლა" დაინტერესებულ პირებს უფასო რესურსებსაც სთავაზობს: "ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვმასპინძლობთ ინგლისური ენის სხვადასხვა კლუბს, გვაქვს სტიპენდიის პროგრამა, უფასო ვიდეოგაკვეთილები და ლექციები".
Entrepreneur-თან ინტერვიუში ნატალი ამბობს, რომ ინგლისური ენა აქტუალურობას არათუ კარგავს, არამედ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ხდება. გარდა იმისა, რომ ამ ენის ცოდნა ადამიანებს უკეთეს განათლებასა და კარიერულ პერსპექტივებზე აძლევს წვდომას, აფართოებს თვალთახედვის ჰორიზონტს და საერთაშორისო კავშირებსაც.
"ამასთან, ის ტექნოლოგიის, მეცნიერებისა და გართობის ძირითადი ენაცაა. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ინგლისურის ცოდნა კიდევ უფრო აუცილებელი გახდება ყველასთვის. სანამ ინგლისურის ცოდნის მაღალ დონეს აკადემიური განათლება (სკოლა, უნივერსიტეტი) ვერ უზრუნველყოფს საქართველოში, ენის კურსებზე მოთხოვნა მაღალია", − გვეუბნება ნატალი.
"ბექას სკოლა" მრავალფეროვან და საინტერესო სიახლეებს გვპირდება. ორ სიახლეს ისინი უკვე გვიზიარებენ: ცოტა ხნის წინ დაიწყეს ზოგადი ინგლისური კურსი მოზარდებისთვის და ამჟამად ამ მიმართულების განვითარებაზე არიან ფოკუსირებულნი. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ინგლისური ენის გრამატიკის შესახებ წიგნის გამოცემასაც გეგმავენ − მასზე გუნდი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ინგლისური ენით დაინტერესებულებს კი სთავაზობენ, Facebook-ის, Instagram-ის და Tik-Tok-ის გვერდებზე ადევნონ თვალი სკოლის აქტივობებს, სადაც სიახლეებსა და საგანმანათლებლო საკითხებზე აქვეყნებენ მასალას.