Get All Access for $5/mo

ბეზოსი გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატური ცვლილების კონფერენციაზე კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა Amazon-ის დამფუძნებელი და სხვა VIP-სტუმრები, კონფერენციას 400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავით ესტუმრნენ, რაც გარემოს დამცველთა მხრიდან ცხარე კრიტიკის საგანი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

enrepreneur.ge

მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენცია იმართება, რომელიც მსოფლიო ლიდერებსა და სხვადასხვა მსხვილი კომპანიის მაღალი რგოლის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ღონისძიების დაწყების მეორე დღესვე, გარემოს დამცველთა მხრიდან უკმაყოფილებისა და კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა კონფერენციაში მონაწილეთა და განსაკუთრებით Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის მისამართით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სამიტი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების შემუშავებას და მთავრობებსა და ბიზნესებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას ემსახურება, კერძო თვითმფრინავებით ეკოლოგიისათვის ამხელა ზიანის მიყენება, ბევრისთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელი გახდა.

კონფერენციის ფარგლებში, გლაზგოში თავს მოიყრის 400-მდე VIP-სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და 1000-ზე მეტი საზოგადო მოღვაწე ამა თუ იმ სფეროდან.

Sunday Mail-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, ინდოეთის, ისრაელისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, კლიმატური კრიზისის სიმპოზიუმს, აგრეთვე პირადი თვითმფრინავებით ესტუმრნენ. ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, შოტლანდიიდან ლონდონში დაბრუნებას ასევე პირადი საჰაერო ტრანსპორტით გეგმავს, თუმცა როგორც მისი ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, ეს თვითმფრინავი ეკოლოგიურად სუფთა საწვავს მოიხმარს და აბსოლუტურად უვნებელია გარემოსათვის.რაც შეეხება Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, იგი ღონისძიებას საკუთარი კერძო თვითმფრინავით − Gulfstream-ით ეწვია, რომლის ღირებულება 65 მილიონ დოლარს აღემატება. ბეზოსი ყოველთვის გამოირჩეოდა ეკოლოგიური საკითხების მიმართ ემოციური და შთამაგონებელი საჯარო გამოსვლებით, რაც კრიტიკოსებს მისი ქმედებებიდან გამომდინარე, სიცრუედ და მლიქვნელობად მიაჩნიათ.

საინტერესოა, რომ სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) მონაცემებით, ატმოსფეროს ნახშირბადით დაბინძურების მთლიანი მოცულობის 2%, სწორედ კომერციული ავიაციის მიერაა გამოწვეული, რაც 2050 წლისთვის, შესაძლოა სამჯერ გაიზარდოს. ორგანიზაციის თქმით, 2021 წლის მაისის მდგომარეობით, თითო მგზავრზე გადაანგარიშებით, კერძო თვითმფრინავები 5-14-ჯერ უფრო აბინძურებენ გარემოს, ვიდრე კომერციული ფრენები და დაახლოებით 50-ჯერ მეტ მავნე ნივთიერებებს გამოყოფენ, ვიდრე სარკინიგზო ტრანსპორტი.