Get All Access for $5/mo

"ბიზნეს სელებრითი" ახალი თოქშოუ რადიო NRJ-ზე უსმინეთ 104.7-ზე!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

რადიო NRJ FM 104.7 მსმენელს ახალ, საინტერესო და ენერგიულ გადაცემას კვირის სამუშაო დღეებში, 13:00 საათზე სთავაზობს და პირდაპირ ეთერს საავტორო გადაცემებისთვის საკუთარ სფეროში 5 წარმატებულ ადამიანს უთმობს, რომლებიც ამჯერად რადიოწამყვანის ამპლუას ირგებენ და კომპეტენტურ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან გამოცდილების ფართო აუდიტორიისთვის გასაზიარებლად რადიოს სტუდიაში მასპინძლობენ. Entrepreneur გადაცემის წამყვანებს − თამუნა თანდაშვილს, კახა მაღრაძეს, მაია ბიჭიკაშვილს, მაიკო წერეთელსა და ლალი გუშიკაშვილს გაგაცნობთ, რომლებიც ყოველ სამუშაო დღეს, 13:00 საათზე რადიომსმენელებს თემატურ და საინტერესო დისკუსიაზე ეპატიჟებიან.

"გადავწყვიტეთ, პირდაპირი ეთერი თავის სფეროში წარმატებულ და საინტერესო ხუთ ადამიანს დავუთმოთ, მივცეთ მათ საშუალება გახდნენ რადიოწამყვანები, უმასპინძლონ ბიზნესისა და შოუბიზნესის სფეროდან სტუმრებს, წარმატებულ, პოპულარულ ადამიანებს და მათთან ერთად ყოველდღე იმ აქტუალურ, მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრონ, რომელსაც რადიო NRJ-ის მსმენელისთვის საინტერესო ჭრილში წარმოაჩენენ. გვისმინეთ FM 104.7-სა და www.nrj.ge-ზე, ასევე გვიყურეთ რადიო "ენერჯის" FB-გვერდზე და გაატარეთ დრო 13:00-დან 14:00-მდე ენერგიულად! როგორც პროდიუსერმა, მინდა დიდი რეიტინგი ვუსურვო ჩვენს ახალ შოუს, ხოლო როგორც წამყვანმა, წარმატება ჩემს "კოლეგებს" − რადიო "ენერჯის" ახალ წამყვანებს", − ამბობს გვანცა კილასონია, რადიო NRJ-ის პროდიუსერი და დილის ეთერის წამყვანი.

თუ როგორ გრძნობენ გადაცემის წამყვანები თავს ახალ ამპლუაში, როგორ უმკლავდებიან ახალ გამოწვევას და რას ჰპირდებიან მსმენელს, ამის შესახებ ისინი Entrepreneur-ს უყვებიან:

თამუნა თანდაშვილი:

"ჩემთვის ძალიან საინტერესოა საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობა. რადიო NRJ თავისი კონცეფციითა და მასშტაბებით განსხვავებული საერთაშორისო რადიობრენდია, რომელიც დიდ მასებს ელაპარაკება, უსმენს და ხმას აწვდის. ჩემთვის მას-ბრენდები განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. როცა ასეთი ბრენდის ნაწილი ხარ, გლობალურ მაჯისცემაზე გიდევს ხელი. ავიატორების მამოძრავებელიც ეს გლობალური წვდომაა. უამრავი ქვეყანა, განსხვავებული კულტურის ხალხები, საინტერესო მიგნებები − ის მოგზაურობაა, რომელიც მე პროფესიად ავირჩიე, რადიო "ენერჯი" კი ამ მხრივ ჩემი პროფესიული ინტერესების ახალი მიგნებაა.

როგორც აღვნიშნე, ჩემი ბოლო ინტერესი მას-ბიზნესებია. შესაბამისად, ყოველ ორშაბათს, NRJ-ის ეთერში "ბიზნეს სელებრითის" საუბრები სწორედ ამ თემას დაეთმობა. მე გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან მას-ბიზნესებს ან თავად არიან მას-ბიზნესის ნაწილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, უნიკალური ბრენდები და პროდუქტები, რომელსაც გლობალური დაფარვის ძალა აქვს.

ამ გადაცემით, ჩვენი − განსხვავებული წამყვანების საერთო მიზანი, შემეცნებითი-საქმიანი ფორმატის შექმნაა, რაც ძალიან სახალისო ხერხია მსმენელთან კომუნიკაციისთვის. ჩვენი რადიოპერსონაჟების შექმნა, აზარტი, კონკურენცია, გუნდის წევრების გულშემატკივრობა − ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო გარემოა ჩემთვის. იმედია, მსმენელიც იგრძნობს ამ მუხტს, თითო ეთერიდან კი ერთი მათთვის აქტუალური იდეის დაჭერაც უკვე მიზნის მიღწევად მიმაჩნია.

დღეს ადამიანები ბევრს საუბრობენ. ყველას დაუოკებელი სურვილი აქვს საუბრის, იდეების გაზიარების, ემოციების გაცვლის. რადიოეთერში კონცენტრირება სიტყვაზე, აზრზე, მოსაზრებასა და მოწოდების ფორმაზეა გამახვილებული. ამიტომ კონტენტი და შინაარსი მუდმივ მუშაობას საჭიროებს. მე პირადად ვემზადები ეთერისთვის, მიხარია ორშაბათის მოსვლა, ვინაიდან ყურში ჩამესმის: შეიკარით უსაფრთხოების ღვედები − ეთერშია ავიაკომუნიკატორი თამუნა თანდაშვილი. ბავშვურად მიხარია ამ სიტყვების მოსმენა".

უსმინეთ თამუნა თანდაშვილს რადიო NRJ FM 104.7-ზე ყოველ ორშაბათს, 13:00 საათიდან.

კახა მაღრაძე:

"ჯერ დაკვირვების ეტაპზე ვარ. მსმენელსაც და მაყურებელსაც უნდა დავუგდო ყური და მათი აზრებიც მოვისმინო. ჯერჯერობით რაც ჩანს, ისაა, რომ აუდიტორიას აქტუალური და პრობლემატური საკითხები აინტერესებს და ჩვენს სფეროში ასეთებს რა დალევს?! შევეცდები, ჩემი გადაცემა უფრო ინტერაქტიული იყოს და უშუალოდ მსვლელობისას ჩავრთო აუდიტორია ჩვენს განხილვაში. ახლა ბევრი კონკრეტული იდეა მიტრიალებს თავში, მაგრამ ჯერ მაინც მჭირდება დაკვირვება და ფიქრი ამ საკითხზე. ერთი, რაც ვიცი დანამდვილებით, ისაა, რომ სტუმრად ყოველთვის საინტერესო და ღირებულის მომცემი ხალხი მეყოლება.

ჩემი აზრით, ისეთი ფორმატის გადაცემა, როგორიცაა "ბიზნეს სელებრითი" ყოველთვის უხდება საინფორმაციო სივრცეს, რადგან აქ გამოცდილი ხალხი განიხილავს იმ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, რომელიც განსხვავებულ ჯგუფებს და აუდიტორიას აინტერესებს. განიხილავს შედარებით თავისუფალ და ლაღ გარემოში, რაც თავად რადიოს სტილს უხდება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, "ბიზნეს სელებრითი" თავის ადგილს ქართულ მედიასივრცეში წარმატებით დაიმკვიდრებს".

უსმინეთ კახა მაღრაძეს რადიო NRJ FM 104.7-ზე ყოველ სამშაბათს, 13:00 საათიდან.

მაია ბიჭიკაშვილი:

"ჩემი თავი რადიოს წამყვანად ალბათ როგორც ბევრ ახალგაზრდას, თინეიჯერობისას წარმომედგინა ხოლმე. წამყვანობას ყოველთვის cool-პროფესიად მივიჩნევდი, თუმცა რეალობაში ჩემი კარიერა სულ სხვა მიმართულებით განვითარდა და ბევრი სხვა პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილებაც დამიგროვდა. ჩემი აზრით, არასდროს არ არის გვიან და ახლა, როცა ეს შანსი მომეცა, რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი. მეტიც − ვფიქრობ, ახალი ეტაპის დასაწყისია ჩემს ცხოვრებაში. შეკითხვების დასმა ისედაც მიყვარს ეთერს მიღმა, მომწონს საინტერესო ადამიანებთან საუბარი, მათი მოსმენა. შეიძლება ითქვას, ამით ვსაზრდოობ, ჩემი ენერგია და ახალი იდეები სწორედ მრავალ თემაზე ღიად საუბრისას იბადება. რადიოში ამ თვალსაზრისით სამოთხეში მოვხვდი. ყველაზე მეტად მიხარია, რომ მომეცა საშუალება მოვიწვიო და ვესაუბრო ნიჭიერ და საინტერესო ადამიანებს, დავსვა შეკითხვები, რომელიც მეც ხშირად მაფიქრებს და მუდმივ ძიებაში მამყოფებს. როცა რადიო თოქშოუ მიგყავს, ამავდროულად საკუთარ თავსაც გამოხატავ, იზრდები. პროექტი, რომელიც ყოველ ოთხშაბათს რადიო "ენერჯიზე" მიმყავს, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ეხება ხელოვნებას, ხელოვნების ბიზნესს და ბიზნესის ხელოვნებას. ჩემი ამოცანაა ერთსაათიანი თოქშოუ საინტერესო სტუმართან ისე წავიყვანო, რომ მსმენელი ბოლომდე დარჩეს ჩვენთან და ისიამოვნოს, გაერთოს, გაიგოს რაიმე ახალი. მინდა, ჩემს სტუმრებთან და ჩემთან გატარებული ერთი საათი მსმენელს დაამახსოვრდეს და შესაძლოა ახალი იდეაც გაუჩინოს, დააფიქროს, ცნობისმოყვარეობა გაუღვივოს.

უშუალოდ გადაცემა "ბიზნეს სელებრითი", სახელიდან გამომდინარე, წარმატებული ადამიანების წარმოჩენას ისახავს მიზნად. ჩემი აზრით, რადიო "ენერჯის" მენეჯმენტის ძალიან დროული გადაწყვეტილებაა სწორედ საქმიანი ადამიანების წინა პლანზე წამოწევა, მათი გამოცდილების გაზიარება და საზოგადოებისთვის წარდგენა. ვარსკვლავი შესაძლოა არა მარტო სცენაზე მყოფ ადამიანს ეწოდოს, არამედ სცენის მიღმა იმ ხალხს, რომლებიც წარმართავენ საქმიან ურთიერთობებს, არიან იდეების გენერატორები, ამ იდეების განმახორციელებლები და ამ პროცესში ქმნიან დოვლათს. ასეთ ადამიანებზეა რეალურად დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გარემო. ჩემი აზრით, "ბიზნეს სელებრითი" ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და პირდაპირ თუ ირიბად, ბევრი საინტერესო ინიციატივის შთაგონების წყაროდ იქცევა. როგორც გალერეის მფლობელს და ხელოვნების სფეროსთან ბიზნესის მხრიდან დაკავშირებულ ადამიანს, ჩემთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ამ სფეროში უფრო მეტი საქმიანი საუბრები ახალ შესაძლებლობებზე და საქართველოში სახელოვნებო სექტორის უფრო მეტად აქტუალიზაციაზე, კრეატიული დარგის მნიშვნელობაზე ეკონომიკის განვითარებისთვის და საამაყო სახელოვნებო გარემოს შექმნის წინაპირობებსა და პერსპექტივებზე. კულტურულად ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ და ამ სიმდიდრის მონეტიზაციისთვის შესაბამისი ნაბიჯებია გადასადგმელი. სწორედ ამაზე მინდა ვისაუბრო ჩემს სტუმრებთან − გავიცნოთ, წარმოვაჩინოთ და მოვუსმინოთ შემოქმედებითი სამყაროს ბევრ პროგრესულად მოაზროვნე, განათლებულ და ნიჭიერ ადამიანს".

უსმინეთ მაია ბიჭიკაშვილს რადიო NRJ FM 104.7-ზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან.

მაიკო წერეთელი:

"გაზაფხულზე, ჩაკეტილობის დროს, ხშირად მქონდა ინტერნეტლაივები ჩემთვის საინტერესო ხალხთან. OK!-ის ფეისბუქით გადიოდა და საკმაოდ პოპულარული იყო, ბევრი მაყურებელი ჰყავდა. ამიტომ, სრულიად ახალი არ არის ჩემთვის ასეთი ფორმატი. გადაცემის მიზანია, საზოგადოებას გავაცნო ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან რაიმე საინტერესოსა და ღირებულს, ახალსა და ინოვაციურს. თუ როგორია ადამიანური ფაქტორი და ადამიანური ურთიერთობები ბიზნესში, სად გადის ზღვარი ტექნოლოგიებსა და ადამიანის გონებრივ თუ შემოქმედებით შესაძლებლობებს შორის?.. ამ და არა მარტო ამ საკითხებზე, ჩემს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ რადიო "ენერჯის" ახალ შოუში "ბიზნეს სელებრითი" − ყოველ ხუთშაბათს, 13:00-დან 14:00 საათამდე.

ყველა დამეთანხმება, რომ ინფორმაციის გასავრცელებლად ერთი უნივერსალური არხი არ არსებობს. მხოლოდ მათი ერთობლიობით შეიძლება მესიჯის მომხმარებლამდე მიტანა. აქამდე მხოლოდ ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში მქონდა ბერკეტები, ახლა კი რადიოეთერიც დამემატა. სხვათა შორის, ჩემდა გასაკვირად, რადიოს ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს. ეს გამოხმაურებებით იოლად იზომება. ვეცდები, ყოველთვის აქტუალურ თემებზე ვისაუბრო და თუ ერთით მეტ ადამიანს მაინც დავაფიქრებ მნიშვნელოვან საკითხებზე, მაშინ მიზანიც მიღწეული იქნება".

უსმინეთ მაიკო წერეთელს რადიო NRJ FM 104.7-ზე ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან.

ლალი გუშიკაშვილი:

"ბიზნეს სელებრითი" მართლაც განსხვავებული და ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოვიდა და გულწრფელად მადლიერი ვარ ჩემი მსმენელების მხარდაჭერისა და დადებითი გამოხმაურებებისთვის. სწორედ ეს ემოციაა უპირველესი მოტივაცია ყოველი შემდეგი პარასკევისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ვაკეთოთ დიდი და პატარა კარგი საქმეები, გავუნაწილოთ გამოცდილება და ემოციები სხვა ადამიანებს. მთავარია, არ დაგვეზაროს და ამ მიზნისთვის სულ პატარა ნაბიჯის გადადგმას თუ შევძლებთ, ეს უკვე შესანიშნავი იქნება. ყოველ პარასკევს, სრულიად გულწრფელ გარემოში ჩემს მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ბიზნეს-სელებრითებს, რომლებიც გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და დიდი შრომის შედეგებს საზოგადოებას, ისაუბრებენ ყველაფერზე, რამაც ისინი დღემდე მოიყვანა. მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან შეკითხვები და მიიღონ რჩევები. გვექნება ინტერაქტიული რადიოეთერი, ცოცხალი და საინტერესო, მხოლოდ პოზიტივით, რადგან დღეს ეს ყველას მაქსიმალურად გვჭირდება. ჩემი სტუმრები იქნებიან არა მხოლოდ ცნობადი და წარმატებული ადამიანები, არამედ ისინი, ვისაც მაღალი მორალური ღირებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ.

ვფიქრობ, ადამიანი ყოველთვის უნდა პროგრესირებდეს, ვითარდებოდეს და ცდილობდეს, განავითაროს სხვა ყველაფერი თავის ირგვლივ. ჩემი გადაცემის მიზანიც სწორედ ესაა, რომ მსმენელებს მივცე შესაძლებლობა, უკეთ გაიცნონ ის წარმატებული ადამიანები, რომლებმაც შრომის, ნიჭიერებისა და მცდელობების ფასად მიაღწიეს წარმატებებს. მაქვს სურვილი, ჩემი გადაცემის ფარგლებში შევძლო სწორი ღირებულებებისა და ჯანსაღი მოტივაციის მიწოდება აუდიტორიისთვის. ყველაზე მცირე, რაც შემიძლია ჩემი გადაცემით გავაკეთო, ეს გულწრფელი, ცოცხალი და დადებითი ერთი საათია".

უსმინეთ ლალი გუშიკაშვილს რადიო NRJ FM 104.7-ზე ყოველ პარასკევს, 13:00 საათიდან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

''ტენეს'' 2021 წლის შეჯამება და ახალი წლის გეგმები

ალექსანდრე ლილუაშვილი - "ტენეს" დამფუძნებელი