Bliss - მოდის ენთუზიასტი მეგობრების მიერ შექმნილი ტანსაცმლის ახალი ბრენდი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტანსაცმლის შეფასებისას ორი ძირითადი კრიტერიუმი განიხილება - ვიზუალი და ხარისხი. ორიგინალური დიზაინი, მაღალი ხარისხის მასალები და დახვეწილი სილუეტები სწორედ ის დეტალებია, რომლებიც ბრენდს გამორჩეულ ხიბლს ანიჭებს. ამ დეტალების სინთეზი ქმნის სამოსს, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, არამედ პრაქტიკულობითაც გამოირჩევა.
სტატიაში გაგაცნობთ ქართული ტანსაცმლის ახალ ბრენდს – Bliss-ს, რომელიც 2024 წელს ორმა მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა, დიკო აივაზაშვილმა და ნატა ტერეხოვამ დააფუძნა. Bliss-ი მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ტრენდულ ტანისამოსს, რომელიც ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა.
ნატა ტერეხოვა:
"ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი და ტენდენციური ტანისამოსის შეძენა რთულია. გვინდოდა, ეს სიცარიელე შეგვევსო და შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებდა უცხოეთიდან გამოწერის პრაქტიკას".
Bliss-ის მთავარი მისიაა, ქართველ ქალებს შესთავაზოს პრემიუმ ხარისხის სამოსი, რომელიც მოდის თანამედროვე ტენდენციებს შეესაბამება და, ამავდროულად, ხელმისაწვდომია. ადგილობრივ ბაზარზე ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც საერთაშორისო მწარმოებლებს კონკურენციას გაუწევს, დიდი გამოწვევაა, მაგრამ Bliss-ის დამფუძნებლები ამ გამოწვევას დიდი ენთუზიაზმითა და მიზანდასახულობით მიუდგნენ.
ნატა ტერეხოვა:
"ბოლო პერიოდში უცხოური პლატფორმებიდან გამოწერა საკმაოდ ხელმისაწვდომი და გამარტივებულია, რაც საერთაშორისო ბრენდებთან კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს. ამას დამატებული, ლოკალურ ბაზარზე უკვე კარგად დამკვიდრებულ კომპანიებთან კონკურენციის გაწევაც არ არის მარტივი. მიუხედავად ამისა, მტკიცედ გვჯეროდა ჩვენი იდეის და ხედვის. სწორედ ამ რწმენით დავიწყეთ Bliss-ის შექმნა, რომელიც უკვე 6 თვისაა".
დიკო აივაზაშვილი:
"Bliss-ი სტარტაპია და ჩვენთვის ეს პირველი გამოცდილებაა მოდის ბიზნესში. ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა აღმოჩნდა კვალიფიციური გუნდის შეკვრა, რომელიც ჩვენს ღირებულებებს გაიზიარებდა. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, ძიება არ შეგვიწყვეტია და საბოლოოდ შევძელით ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომლის შრომის შედეგიც Bliss-ის დღევანდელი წარმატებაა".
შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბება. ასეთ დროს ინსპირაციის წყარო ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. როგორც დიკო აივაზაშვილი აღნიშნავს, Bliss-ის მთავარი შთაგონების წყარო მომხმარებელია - ქართველი ქალები, რომლებსაც უყვართ გემოვნებიანად ჩაცმა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს იზიარებენ.
დიკო აივაზაშვილი:
"გვინდა, რომ ქართველ ქალებს ჰქონდეთ ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის და გემოვნებიანი ტანსაცმლის შეძენის შესაძლებლობა. განსაკუთრებული სიამაყე გვაპყრობს, როდესაც Bliss-ის სამოსში გამოწყობილ ქალებს თბილისის ქუჩებში ან თუნდაც მის ფარგლებს გარეთ ვხედავთ".
ბრენდის მიზანი Bliss-ის ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ ბრენდად ქცევაა. ამავდროულად, იგეგმება მისი საერთაშორისო ბაზარზე გატანაც. Bliss-ის დამფუძნებლებს სურთ, მათი პროდუქტი უფრო მასშტაბურ აუდიტორიას წარუდგინონ.
"როდესაც ქართველ მომხმარებელს დასჭირდება ხარისხიანი, თანამედროვე ყოველდღიური სამოსის შეძენა, გვინდა, რომ პირველი სწორედ Bliss-ი გაახსენდეს", – ამბობს დიკო აივაზაშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში.