Get All Access for $5/mo

BOG UPDATE - სიახლეები საქართველოს ბანკისგან, რომლებიც მომხმარებელს ახალ გამოცდილებას შესთავაზებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკის მიერ სულ ახლახან ჩატარებულ ღონისძიება - BOG UPDATE-ზე, ბანკმა საზოგადოებას არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილება, სიახლეები და სამომავლო გეგმები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ახალი გამოცდილების შესაქმნელად, გამორჩეულად ინოვაციურ პროდუქტებს და სერვისებს ქმნის, რომლებიც ბაზარზე ახალ ტენდენციებს ამკვიდრებენ. Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ ღონისძიებაზე წარმოდგენილი სიახლეები და ცალკეულ პროექტებზე მომუშავე სპეციალისტებისგან მეტი დეტალი შევიტყოთ.

"სუპერ აპი"

საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან კობახიძის თქმით, მობილბანკის განვითარების მომავალი, მისი "სუპერ აპად" გარდაქმნაა, რომელიც თავის თავში გააერთიანებს მომხმარებლის ყოველდღიურობისათვის განუყოფელ უამრავ საბანკო და არასაბანკო სერვისს. ინვესტიციები, მესამე პირის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, შეთავაზებები - ეს იმ არასაბანკო სერვისების ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს ბანკის მომხმარებელი მობილბანკში უკვე აქტიურად იყენებს.

ღონისძიებაზე მობილბანკისათვის ისეთი ფუნქციონალის დამატება დაანონსდა, როგორებიცაა: კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, სამოგზაურო თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა, გადახდის ახალი მეთოდი, მობილური კომერცია QR-ის გამოყენებით, ყოველდღიური სიახლეები "სთორების" სახით, სხვა ბანკის ანგარიშების მართვა ერთი სივრციდან, Marketplace-ი, ავტო და სამოგზაურო დაზღვევა.

"ბანკის მიზანია, მობილბანკის საშუალებით, მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მრავალფეროვანი საჭიროებები; მისცეს მათ შესაძლებლობა, ცენტრალიზებულად, ერთი აპლიკაციიდან მიიღონ წვდომა ისეთ საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც მათი ყოველდღიურობის ნაწილია", - აცხადებს ლევან კობახიძე.

გადახდების მართვის ახალი პლატფორმა

როგორც ღონისძიებაზე დაანონსდა, საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის გადახდების მართვის ახალ პლატფორმას ქმნის, რომელიც სრულად ციფრულია, ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდების სერვისებს და ბიზნესს აძლევს გადახდების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას.

გადახდების მართვის პლატფორმის ერთიანი სივრცე, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას მართოს, მოითხოვოს და გააანალიზოს მისი ბიზნესისთვის აუცილებელი გადახდის მეთოდები.

პლატფორმის დახმარებით, ბიზნესისთვის შესაძლებელი ხდება:

  • განაცხადის ონლაინ შევსება და მომენტალური რეგისტრაცია გადახდების მიმღებად
  • გადახდის მეთოდების მინიმალურ დროში ინტეგრირება
  • საოპერაციო საქმიანობის ეფექტური მართვა
  • ნავაჭრი თანხის სწრაფი ჩარიცხვა
  • გადახდების შედეგების ანალიტიკა

"აღნიშნული ციფრული და ფიზიკური გადახდის ინსტრუმენტები ბიზნესს საჭიროებისამებრ შეეძლება მოითხოვოს ან გააუქმოს; აქედანვე შეძლებთ გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვას, მაგალითად - გადახდის გაუქმებას და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას. საჭიროების შემთხვევაში, ამ სივრცეში დარეგისტრირდებით, გახდებით გადახდების მიმღები და მომენტალურად დაიწყებთ სასურველი მეთოდით სარგებლობას", - აცხადებს ბაია ჭალელიშვილი, საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, - "გადახდების სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადავიაზრეთ როგორ შეგვეწყო ხელი ბიზნესებისთვის მარტივად და შინიდან გაუსვლელად, ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე ჰქონოდათ შესაძლებლობა მოეთხოვათ ჩვენი ყველა გადახდის მეთოდი".

სწორედ ამიტომ, ბანკმა შექმნა გადახდების მართვის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს მისცემს საშუალებას სპეციალური "დეშბორდიდან":

  • გაიარონ ინდეტიფიკაცია
  • დარეგისტრირდნენ გადახდების მიმღებებად
  • შეუკვეთონ გადახდის ერთი ან რამდენიმე მეთოდი
  • აკონტროლონ გადახდები ონლაინ რეჟიმში
  • მოიწვიონ და დაამატონ დამხმარე მომხმარებლები

რა სახის სარგებელს მიიღებს ბიზნესი: დაზოგილი დრო (ფილიალებში სიარულის ნაცვლად ონლაინ დაიწყებენ გადახდების მიღებას), მოქნილობა (ქოლ ცენტრში დარეკვის სანაცვლოდ, "დეშბორდის" გამოყენებით შეასრულებენ ოპერაციებს, რომელიც დროში იწელებოდა და საჭიროებდა სხვადასხვა რგოლების ჩართულობას), კომფორტი (თავიანთ გადახდებს, უკვე ონლაინ მიადევნებენ თვალს). გარდა ამისა, გადახდების მართვის პლატფორმის გამოყენებით შესაძლებელი იქნება, როგორც გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა, ასევე ინდუსტრიის ანალიზის ჩატარება, პლატფორმაში ჩაშენებული ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით.

Bank of Georgia Ads Manager

ბიზნეს მომხმარებელს, საქართველოს ბანკი ახალ პლატფორმას - Bank of Georgia Ads manager-ს სთავაზობს, რომლის საშუალებითაც, ბიზნესს გაუჩნდება შესაძლებლობა შექმნას სპეციალური შეთავაზებები საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის და გამოაჩინოს ეს შეთავაზებები საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში, მობილბანკში, ინტერნეტბანკსა და offers.bog.ge-ზე.

აღნიშნულ პლატფორმაზე შეთავაზებების შექმნა, ბიზნესს სრულიად დამოუკიდებლად შეეძლება. თავდაპირველად, ბიზნესი განსაზღვრავს შეთავაზების მიზანს, შემდეგ სამიზნე აუდიტორიას, შეთავაზებების დეტალებს და ბოლოს, საქართველოს ბანკის მომხმარებელს საკუთარ შეთავაზებას ციფრულ არხებში გამოუჩენს. რაც მთავარია, ეს პროცედურა ბიზნესს მომხმარებლის ანალიტიკაზე დაყრდნობით შეუძლია შეასრულოს. გარდა ამისა, მობილბანკის შეთავაზებების მოდულის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ბიზნესის არასაბანკო (lifestyle) შეთავაზებები ერთ სივრცეში იხილოს.

"Bank of Georgia Ads Manager-ის დახმარებით, შეთავაზებების გვერდზე შესულ ადამიანს, უკვე ხვდება პერსონალიზებული "ოფერები", რომლებიც ზუსტად პასუხობენ მის საჭიროებებს. მეორე მხრივ, ბიზნესის კუთხით, ეს ბიზნესებს აძლევს საშუალებას შექმნან ბევრად ეფექტური შეთავაზებები, გააცნონ მომხმარებელს ახალი პროდუქტი, გააკეთონ სხვადასხვა ფასდაკლების აქციები და ა.შ. იგი განსაკუთრებით რელევანტური ხდება მას მერე, რაც პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სოციალურ მედია პლატფორმებსა და e-commerce საიტებზე იზღუდება დეტალური თარგეთირების საშუალება", - ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

შეთავაზებების მართვის პლატფორმა, შექმნილია როგორც ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესებისთვის.

მობილბანკში, ინტერნეტბანკში, ან www.offers.bog.ge-ზე შესული მომხმარებელი ერთ სივრცეში, ორგანიზებულად გაეცნობა მის ინტერესებზე მორგებულ შემოთავაზებებს და არ მოუწევს სხვადასხვა არხებში მოძებნა. ეს ახალი პროდუქტი, იქნება კამპანიების მართვის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც კომპანია შეძლებს თარგეთირებულ აუდიტორიაზე გაუშვას ბანკის სხვადასხვა არხში რელევანტური შეთავაზებები ლოკაციის, ასაკის, ინტერესების, ქცევის და სქესის მიხედვით.

რაც შეეხება პლატფორმის სარგებელს ბიზნესებისათვის, ისინი შეძლებენ გაყიდვების გაზრდას, აამაღლებენ მომხმარებლების ლოიალურობას და ეცოდინებათ ვინ არიან მათი მომხმარებლები და როგორი პირობები შესთავაზონ. Bank of Georgia Ads Manager-ის მუშაობის პრინციპი, ბიზნესებისათვის უკვე კარგად ნაცნობი FB Ads Manager-სა და Google Ads Manager-ის მსგავსია და როგორც ამ მიმართულებით გეგმავენ კომპანიები თავიანთ ტარგეტირებულ კამპანიებს, საქართველოს ბანკის მომხმარებელთათვისაც ანალოგიური მეთოდით შეძლებენ შეთავაზებების შექმნას.

Api.bog.ge

ვინაიდან, ყველა ონლაინ-მაღაზია ცდილობს, რაც შეიძლება მარტივი გზა შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქტის ონლაინ შეძენისათვის, საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა ბიზნესისათვის საჭირო სერვისები ერთ სივრცეში გააერთიანოს და შექმნა ვებ-გვერდი - Api.bog.ge.

Api.bog.ge აერთიანებს სხვადასხვა API სერვისს.ს. მათი დახმარებით, ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ მომხმარებელს შესთავაზონ რაც შეიძლება მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები, მართონ გაყიდვები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდეს უსაფრთხოდ და დაცულად.

"გადახდის მეთოდები, რომლის ინტეგრირებასაც ბიზნესი საკუთარ ციფრულ არხში, api.bog.ge-ს დახმარებით შეძლებს, არის: ბარათით გადახდა, ინტერნეტბანკით, PLUS და MR ქულებით, Apple Pay, ონლაინ განვადებით ყიდვა. ყველა ამ გადახდის მეთოდის დამატება api.bog.ge-დან, ერთი ინტეგრაციით არის შესაძლებელი. ამ მიმართულებით, ბანკი აგრძელებს მუშაობას, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცეს ბიზნესს", - გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსი.

"ნაწილ-ნაწილ"

Buy now, pay later ტიპის, ინოვაციური პროდუქტი - "ნაწილ-ნაწილ" გახლავთ გადახდის ახალი მეთოდი, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად და მოქნილად შეიძინოს მეტი ნივთი, რადგან ის შეძლებს მის მიერ შერჩეული ნივთ(ებ)ის საფასურის გაყოფას და ნაწილ-ნაწილ გადახდას რამდენიმე თვის განმავლობაში, თანაც ყოველგვარი პროცენტის და საკომისიოს გარეშე.

გადახდის ეს ინოვაციური მოდელი, ბანკმა სწორედ BOG UDPATE-ს ღონისძიებაზე დააანონსა. როგორც საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერი, თამარ ბეღელური აცხადებს, "ნაწილ-ნაწილ" გაძლევს შესაძლებლობას, შეარჩიო სასურველი ნივთ(ებ)ი, იყიდო დღეს და დაიწყო გადახდა მომდევნო თვიდან, თანაც ნაწილ-ნაწილ. ეს არის სრულიად ციფრული პროცესი, რომლის ინტეგრაციაც მარტივია ბიზნესებისთვის და შედეგად მათი საქმიანობის განვითარებას უწყობს ხელს.

გადახდის აღნიშნული მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ციფრულ არხებში, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში, QR- ის სკანირების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ "ნაწილ-ნაწილ" მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დაბალი ღირებულების პროდუქტიც (45 ლარიდან) ნაწილ-ნაწილ შეიძინოს.

ახალი აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის

საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა მისთვის მნიშვნელოვანი სეგმენტისთვის, ყველაზე ციფრული თაობისთვის, ახალი, ციფრული პროდუქტი შეექმნა და სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი აპლიკაცია დააანონსა.

როგორც ბანკში აცხადებენ, საქართველოს სკოლების მოსწავლეები, ახალ სასწავლო წელს, სპეციალურად მათთვის შექმნილი ახალი აპლიკაციის შეხვდებიან, რომელიც მოსწავლეებს ბევრ შესაძლებლობას მისცემს.

აღნიშნული აპლიკაცია მორგებული იქნება მოზარდების ცხოვრებისეულ ინტერესებსა და სურვილებზე. ეს იქნება მარტივი, სახალისო აპლიკაცია დატვირთული მცირე ფინანსური ელემენტებით. აპლიკაცია გააერთიანებს შემდეგ ინტერესებს: გართობა, გემიფიკაცია, სოციალიზაცია, განათლება (მათ შორის ფინანსური).

"აპლიკაცია საწყის ეტაპზე მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, მართონ საკუთარი ჯიბის ფული, შეივსონ ბალანსი, გააკეთონ გადარიცხვები, ისარგებლონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო შეთავაზებებით. მომდევნო ეტაპზე კი, მოსწავლეები შეძლებენ დაისახონ მიზანი და ისწავლონ დაგროვება, ისწავლონ თავიანთი ფულის მართვა, მიიღონ დავალებები და წახალისებები", - გვიამბობს ნინო ხორგუანი, საქართველოს ბანკის საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორი, - "მოზარდები აპლიკაციის იდეის გაჩენიდან ჩართულები იყვნენ პროცესში. მთავარი კითხვა იყო, როგორი აპლიკაცია უნდოდათ ბავშვებს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული იყოს აპლიკაცია, მოზარდები ჩართულები იქნებიან როგორც აპლიკაციის ტესტირების, ისე ფუნქციების დამატების ყველა მომდევნო ეტაპზე".

ბიზნეს ინტერნეტბანკი

მოგეხსენებათ, საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ჭრილში უამრავ ახალ ციფრულ შესაძლებლობას ქმნის. საქართველოს ბანკში, ბიზნესისთვის შესაძლებელია ანგარიშის ონლაინ, შინიდან გაუსვლელად გახსნა, ციფრული ბიზნესბარათით და API სერვისებით სარგებლობა, რომელიც ბიზნესს ინტერნეტბანკში შესვლის გარეშე, ამა თუ იმ პლატფორმიდან საბანკო ოპერაციების შესრულებას სთავაზობს, იქნება ეს გადარიცხვები, ამონაწერის შემოწმება და ა.შ.

როგორც ბანკში აცხადებენ, ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი მუდმივად ვითარდება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით. სულ მალე კი, მომხმარებლისთვის ბიზნეს სესხის ონლაინ აღებაც შესაძლებელი იქნება.

დიზაინ სისტემა

საქართველოს ბანკის დიზაინ სისტემა მომხმარებლისთვის ერთიან, ინტუიტიურ გამოცდილებას ქმნის, ყველა არხში. ბანკისთვის ეს ახალ პროდუქტებზე მუშაობისა და მოქნილობას ცვლილებების შეტანის ტემპს აჩქარებს, რაც თანამედროვე რეალობაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. დიზაინ სისტემის გამოყენებით, კიდევ უფრო მარტივი ხდება იმ ციფრული პროდუქტების შექმნა, რომლებიც მუდმივად ვითარდება, იზრდება, იხვეწება და რაც ყველაზე მნიშნელოვანია - არასოდეს არ ჩერდება.

როგორც საქართველოს ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახურის უფროსი, დათა ლაპიაშვილი განმარტავს, საქართველოს ბანკის დიზაინ სისტემა, არის წინასწარ გამზადებული ვიზუალური ელემენტების პლატფორმა და წესების სახელმძღვანელო, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნას ამარტივებს. დიზაინ სისტემის დახმარებით, კიდევ უფრო მარტივი ხდება სუფთა, სიმეტრიული და თანმიმდევრული დიზაინის და ციფრული პროდუქტების შექმნა.

"დიზაინ სისტემა სრულიად ციფრულია, თუმცა მას ადამიანები ქმნიან. საქართველოს ბანკის გუნდი მუდმივად იკვლევს, აკვირდება ერთი შეხედვით მცირე და უმნიშვნელო დეტალებს, რის შედეგადაც იქმნება ერთგვარი UI/UX "ბიბლიოთეკა" რომლის თითოეული დიზაინის ელემენტის გამოყენებაც მარტივია და რომლის გამოყენებითაც იქმნება ბანკის ციფრული პროდუქტები ნებისმიერ არხში (ვებ-გვერდი, აპლიკაცია, ფეი აპარატი, ბანკომატი და ა.შ)", - აღნიშნავს ანა სარალიძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

ქართული მეტყველების ტექნოლოგიები

მეტყველების ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ, რომლის მიზანია გაიგოს და დაამუშავოს ადამიანის მიერ წარმოთქმული ფრაზები და ბრძანებები. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია: Amazon Alexa, Apple Siri, Google Assistant და მსგავსი დამხმარე ინსტრუმენტები.

"ხმოვანი ასისტენტების ათვისება იზრდება ბოლო წლების განმავლობაში და ეს ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება ახალგაზრდა მომხმარებლებში. ამ საინტერესო ეპოქაში, ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და ვსაუბრობთ ენაზე, რომელსაც აქვს უნიკალური დამწერლობა. თუმცა, ქართულად მოსაუბრე მსოფლიოში მხოლოდ 4 მილიონი ადამიანია და ციფრული ტექსტების რაოდენობა ბევრად უფრო შეზღუდულია ვიდრე პოპულარული ენების შემთხვევაში. ამიტომ ტექნოლოგიური გიგანტებისთვის არ არის მიმზიდველი ქართული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარება. თუმცა ტექნოლოგიების გარეშე ენა ციფრულ სამყაროში არათუ ვერ განვითარდება, არამედ ვერც გადარჩება", - აცხადებს ნიკოლოზ მამისაშვილი, საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა მიზნად დაისახა განავითაროს ქართული მეტყველების ტექნოლოგიები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს, პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნას.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia