ბრიტანულ-ქართული აკადემია განვითარების ახალ ეტაპზე: ინოვაციური ხედვები, გლობალური წარმატება და განათლების სტრატეგიული ტრანსფორმაცია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბრიტანულ-ქართული აკადემია, რომლის მენეჯმენტში ცოტა ხნის წინ დირექტორი შეიცვალა, შემართებით აგრძელებს სასწავლო პროცესს და არაერთ სიახლეს გეგმავს სკოლის სამომავლო განვითარების მიმართულებით. Entrepreneur აკადემიურ პერსონალს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ესაუბრა.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის აკადემიური დირექტორი, სალომე დანელია ბოლო 10 წელია განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს მენეჯერულ პოზიციებზე. ის აკადემიის პოტენციალსა და მიზნებზე გვესაუბრა:
"ჩემთვის, ძალიან ნათლად ჩანს ბრიტანულ-ქართული აკადემიის სამომავლო განვითარების უდიდესი პოტენციალი. მოუთმენლად ველი იმ შრომის შედეგს, რომელსაც ერთობლივად, როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული გუნდი, ვდებთ სკოლის და სასკოლო საზოგადოების განვითარებისთვის. ცხადია, ვაცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი როლი სკოლის უწყვეტი წარმატების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ გვყავს მასწავლებელთა ძალიან ძლიერი გუნდი, რომელთა მიზანი მოსწავლეთა კეთილდღეობა, მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, მათ საჭიროებებზე ზრუნვა და მათი პოტენციალის გამოვლენაში მაქსიმალური ხელშეწყობაა. ჩემთვის ასევე უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება და ძალიან ვაფასებ იმ მხარდაჭერას და ჯანსაღ უკუკავშირს, რომელსაც მათგან ყოველდღიურად ვიღებ. ღრმად მწამს, რომ ორგანიზაცია, რომელშიც თითოეულ რგოლს საკუთარი როლი და მნიშვნელობა სრულყოფილად გააზრებული აქვს, შესწევს ძალა სკოლა კიდევ უფრო წარმატებული და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გახადოს.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიზანია, მოსწავლეებისთვის საუკეთესო სასწავლო გარემო შექმნას, სადაც ბავშვები თავიანთი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებას შეძლებენ. ყოველწლიურად, აკადემიის კურსდამთავრებულები ხვდებიან მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში. მაგალითად, 2024 წელს, არაერთმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა და მოიპოვა სრული სწავლის დაფინანსება ევროპისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში როგორიც არის: Brown, Boston University, Drexel, Lafayette College და Dickinson College-ი, ასევე დიდი ბრიტანეთის Russell Group-ის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა Bath და Queen Mary, ასევე King's College London, Warwick, Oxford Brookes, Edinburgh და Manchester University. ყველა ეს კონკრეტული შედეგი ხაზს უსვამს BGA-ში განათლების ხარისხს.
"როგორ ვაღწევთ ამას? პირველ რიგში იმით, რომ ჩვენ თითოეულ მოსწავლეზე ვართ ორიენტირებული და ვცდილობთ, მივცეთ მას ის ცოდნა, განვავითაროთ მასში ის უნარები, რომლითაც ბავშვები საკუთარი პოტენციალის გამოვლენას შეძლებენ. ამიტომ ჩვენს სასწავლო გეგმაში IB (საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა) მიდგომები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ვუვითარებთ უნარებს და ვაძლევთ შესაძლებლობას, დასვან კითხვები, იფიქრონ კრიტიკულად და შემოქმედებითად, იყვნენ აქტიურები, ემპათიურები, მზად იყვნენ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რათა ჩამოყალიბდნენ ძლიერ, დამოუკიდებელ, ემპათიურ და აქტიურ გლობალურ მოქალაქეებად" - ამბობს ბრიტანულ-ქართული აკადემიის აკადემიური დირექტორი, სალომე დანელია.
იმაზე, თუ როგორია ბრიტანულ-ქართული აკადემიის ხედვა მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის პროცესზე, საგანმანათლებლო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, მაკა ბარამიძე გვესაუბრა.
"ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ კურიკულუმი შეესაბამებოდეს ჩვენი საზოგადოების მისწრაფებებს — ერთის მხრივ, მოსწავლეებში სწავლის პროცესისა და საგნების მიმართ სიყვარულის ჩანერგვით და მეორეს მხრივ, მათთვის ტრანსფორმაციული გამოცდილების შეთავაზებით, რაშიც სასწავლო პროგრამა გვეხმარება. ეს გამოცდილება მოსწავლეებს მეტ თავდაჯერებას სძენს, რაც მათ უადვილებს სწავლას, კრიტიკულად, შემოქმედებითად აზროვნებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა BGA-ის დატოვების შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძონ გზა და მომავალშიც კონკურენტუნარიანები იყვნენ. ჩვენ მოსწავლეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, აღმოაჩინონ ნამდვილი ინტერესები, რომლებიც სცდება საკლასო გარემოს და გამოხატონ საკუთარი თავი სამყაროს ფართო ხედვის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სხვებთან გულითადი დამოკიდებულების წახალისებით. ჩვენი მიზანია, რომ BGA-ს მოსწავლეებმა გააცნობიერონ თავიანთი ადგილი საზოგადოებაში – როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად – და მუდმივად ეცადონ დადებითი გავლენის მოხდენას."
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულების წარმატებას ხელს უწყობს, აკადემიაში არსებული საუნივერსიტეტო მრჩეველის პროგრამაა. მე-9 კლასიდან, თითოეულ მოსწავლესთან მუშაობას იწყებს პროფესიონალი მრჩეველი, რომელიც ეხმარება მათ საუნივერსიტეტო გზის დაგეგმვაში, საკუთარი მიზნების განსაზღვრაში, საერთაშორისო უნივერსიტეტების შერჩევაში, აპლიკაციის გაგზავნის პროცესში, სამოტივაციო წერილების მომზადებაში, უნივერსიტეტებთან კომუნიკაციაში, გრანტების მიღებაში და სხვა. დღეისათვის ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სამი საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამა (ბაღიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით), IB ანუ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა და ქართული პროგრამა (დამამთავრებელი კლასებისთვის).
სოფო ჟღენტი აკადემიური დირექტორის მოადგილეა, რომელიც სკოლის აკადემიურ პროცესს და საშუალო სკოლას ხელმძღვანელობს, ამბობს: "სამივე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ინტერდისციპლინარული და პროექტული სწავლება. სხვა სკოლებისგან ბრიტანულ-ქართული აკადემია იმითაც გამოირჩევა, რომ გვაქვს მრავალფეროვანი საგნების არჩევანი. მაგალითად მეცხრე-მეათე კლასებში მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ისეთი საგნები როგორიცაა, ბიზნესი და ეკონომიკა, გლობალური პერსპექტივები, სოციოლოგია და სხვა. სადიპლომო პროგრამაზე კი მოსწავლეებს ვთავაზობთ, ისეთ საგნებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მათ კარიერულ მიზნებთან - მაგალითად, გლობალური პოლიტიკა, ბიზნესი და ეკონომიკა, ფსიქოლოგია და სხვა. მოსწავლეები ყოველწლიურად მიემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, რათა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებში. სკოლაში ყოველ წელს იგეგმება და ტარდება სხვადასხვა კონფერენციები, ტარდება ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები".
ბრიტანულ-ქართული აკადემია ბავშვებს ბაღის ასაკიდან იღებს - აკადემიის სკოლამდელი განათლების ცენტრი და შემდეგ უკვე დაწყებითი საფეხური ერთ სივრცეში თანაარსებობს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის ჰარმონიული ტრანზიციის პროცესს. ბაღის ასაკობრივი კატეგორიიდან მე-5 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა აკადემიურ და პიროვნული განვითარებას თემურ ვაშაკიძე ხელმძღვანელობს.
"ბრიტანულ-ქართული აკადემია ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და საუკეთესო გარემოა. სკოლამდელი განათლების ცენტრშიც და დაწყებით საფეხურზეც მოქმედებს მოსწავლეთა ქცევის წახალისების სისტემა, რაც შესაძლებლობას აძლევს ადრეულ ასაკში, ბავშვებმა საკუთარი შრომისა და მონდომების ხარჯზე წვლილი შეიტანონ კლასის წარმატებაში, გამოიმუშაონ ურთიერთთანამშროლობის, პატივისცემისა და ემპათიის უნარები. პერიოდულად ტარდება ასამბლეები სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას და ცოდნას. მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა მოსწავლეების სასწავლო პროცესში, მასწავლებლებთან ეფექტურად თანამშრომლობის მიზნით. დამატებით, ჩვენ ვზრუნავთ მშობლების ინფორმირებაზე მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ქცევის მართვა, აკადემიურ პროცესში მხარდაჭერა, კიბერუსაფრთხოება, ჯანსაღი კვება და სხვა. ხშირად ამ ინფორმაციას სპეციალურად მოწვეული სპეციალისტები უზიარებენ მშობლებს" - ამბობს ის ჩვენთან ინტერვიუში.
მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ აკადემიაში მიღების ეტაპზეც მთავარ პრინციპს წარმოადგენს. თითოეულ დაინტერესებულ პირს უკავშირდება სკოლის წარმომადგენელი და უგეგმავს ინდივიდუალურ შეხვედრას მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტთან.
"მოსწავლეთა მიღების პროცესის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გვესმოდეს თითოეული მოსწავლის საჭიროებები და კონტექსტი. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ მისაღები ტესტების შედეგებს – თითოეულ დაინტერესებულ კანდიდატთან იგეგმება ინდივიდუალური გასაუბრება, რათა უკეთ გავიცნოთ ისინი, შევაფასოთ მათი ინტერესები,განვსაზღვროთ მათი პოტენციალი და სწორად დავგეგმოთ შესაბამისი ინტერვენცია. "ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს ქართულ კონტექსტზე მორგებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამავე დროს შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა.", - ამბობს მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დადუნა დოლიძე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მარტში აკადემიის 70%-იანი წილის მფლობელმა - "საქართველოს განათლების ჯგუფმა" სკოლის დირექტორი შეცვალა. ინვესტორი კომპანია განვითარების ამბიციურ გეგმებზე საუბრობს და ამბობენ, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემია არაერთ სიახლეს შესთავაზებს არსებულ და ახალ მოსწავლეებს. ამ მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სკოლის მმართველობით სტრუქტურაში - ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო მრჩეველთა საბჭო.
საბჭოს მიზანია, აკადემიურ დირექტორთან ერთად, შეიმუშავოს და დანერგოს გრძელვადიანი აკადემიური სტრატეგია, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლების საერთაშორისო სტანდარტები. მართოს აკადემიური პერსონალის შეფასებისა და განვითარების პროცესი, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესება მშობლებისა და მოსწავლეთა უკუკავშირის საფუძველზე.
საგანმანათლებლო მრჩეველთა საბჭოში წარმოდგენილია:
- მაკა ბარამიძე (საბჭოს ხელმძღვანელი), რომელსაც განათლების სფეროში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ლონდონის და დუბაის წამყვან საერთაშორისო სკოლებში;
- ელი ტობინი (OBE - დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი) - 30 წელზე მეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო და საკონსულტაციო გამოცდილებით დიდ ბრიტანეთში, ტოკიოში და სხვა ქვეყნებში;
- ენდი ჰომდენი - ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო სკოლებში მმართველ პოზიციებზე.
გარდა ამისა, ბრიტანულ-ქართული აკადემია აქტიურად მუშაობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, მათ შორის Oxford, Cambridge, Columbia Universities და სხვა. მოლაპარაკებების მიზანია, ხელი შევუწყოთ სკოლის მმართველი გუნდის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით.
Entrepreneur ასევე დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა სკოლის ყოფილ დირექტორთან, ნათია ჯანაშიასთან და მის მეუღლესთან, დავით ცეცხლაძესთან დავა.
"სამწუხაროდ, ჯანაშია და ცეცხლაძე დღემდე მოქმედებენ სკოლის ინტერესების წინააღმდეგ და სხვადასხვა ტიპის ცილისმწამებლურ ქმედებებს ჩადიან. თუმცა, უშედეგოდ. სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. - ამბობენ "საქართველოს განათლების ჯგუფის" წარმომადგენლები.
ამასთან, ინვესტორი კომპანია ბევრი პოზიტიური ცვლილებების შესახებ საუბრობს: "რაც შეეხება აკადემიურ მიმართულებას იგეგმება არსებული გუნდის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ცვლილება შეეხო მხოლოდ დირექტორის პოზიციას, მმართველი გუნდის დანარჩენი წევრები აგრძელებენ მუშაობას. აღსანიშნავია, ამ წლის მოსწაველთა სტიპენდიების (scholarships) პროგრამა, რომელიც დაიწყო და უკვე ფინალურ ეტაპზეა. ასევე საინტერესო სიახლე იქნება მოსწავლეების, მშობლების და პერსონალის უკუკავშირის სისტემის შემოღება, მათთან ღია კომუნიკაციისა და მათ კმაყოფილებაზე მეტი ფოკუსის გაკეთების მიზნით. მუშაობა მიმდინარეობს ბიუროკრატიის შემცირებაზე რათა მეტი მოქნილობა და დამოუკიდებლობა ქონდეთ მასწავლებლებს და კიდევ უფრო ფართო ფუნქციები მიენიჭოს სკოლის აკადემიურ გუნდს, ეს საშუალებას მისცემს მათ მეტად იყვნენ ფოკუსირებული მოსწავლეთა განვითარებასა და მშობლებთან ურთიერთობაზე" აღნიშნავენ "საქართველოს განათლების ჯგუფში".
დამატებითი ინვესტიციების შესახებ კი "საქართველოს განათლების ჯგუფში" ამბობენ, რომ პირველ ეტაპზევე, ინვესტირება განხორციელდება 2 მიმართულებით - საუკეთესო მასწავლებლების შესანარჩუნებლად და მოსაზიდად, ასევე ზოგადი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი გეგმავენ ბევრ ისეთ ცვლილებას, რომელიც მოსწავლეების და პედაგოგების ყოველდღიურობას მეტად კომფორტულს გახდის.