BTU-ს AI ჰაკათონის მონაწილეებისთვის MIT მასტერკლასს გამართავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის უახლესი თემების გარშემო, კონკურსები, ჩემპიონატები და ღონისძიებები - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქვეყნის ყველაზე მასშტაბური მაღალტექნოლოგიური - AI MARATHON, გაიმართება, რომელში მონაწილეობასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერი აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ადამიანი მიიღებს.
მარათონის ფარგლებში, AI ჰაკათონი, "ხელოვნური ინტელექტი და განათლება" გაიმართება. ჰაკათონის ფარგლებში, საპრიზო ფონდი 20,000 ლარია, რომელიც 3 გამარჯვებულზე გადანაწილდება. გამარჯვებული გუნდები მოზიდულ ინვესტიციას საკუთარი იდეის პროტოტიპის განვითარებისთვის გამოიყენებენ.
გარდა ამისა, BTU-ს მხარდაჭერით, გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, 2024 წლის მაისში, საბოლოო პროდუქტი გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგინონ და პირადად შეხვდნენ ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან, ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან. AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანია - Lineate Georgia. გარდა ამისა, ჰაკათონის პარტნიორები არიან: გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori, საერთაშორისო კომპანია Devexperts, MIT - Martin Trust Center, და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).
სპეციალურად ჰაკათონის მონაწილეთათვის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სპიკერი, ჯორჯ უაიტფილდი, ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation. მასტერკლასის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ უახლესი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული სპიკერისგან და გაიგონ, როგორ შეუძლიათ უპასუხონ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს AI-სა და საკუთარი სტარტაპების გამოყენებით?
QS World University Rankings-ის მიხედვით, ზედიზედ მე-12 წელია, რაც MIT მსოფლიოს უნივერსიტეტეტების სიაში პირველ ადგილს იკავებს და ღირსეულად ინარჩუნებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის სტატუსს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რეგიონში პირველი უნივერსიტეტია, ვინც MIT - Martin Trust Center-ის წევრი გახდა. ამ მასშტაბის საერთაშორისო ქსელის წევრობა და მასტერკლასები, რომელიც სპეციალურად BTU-ს ბენეფიციარებისთვის ხორციელდება, საქართველოს სამეწარმეო და ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს აჩენს.
მსოფლიოს უმაღლეს ლიგაში მყოფი ინსტიტუტის, MIT-ის, სპიკერი, ჯორჯ უაიტფილდი, ჰაკათონის მონაწილეებისთვის მასტერკლასს 2024 წლის ინავრის ბოლოს, ონლაინ ფორმატში გამართავს. შეხვედრის დროს, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, პირადად გაეცნონ მოწვეულ სპიკერს და მიიღონ უახლესი ინფორმაცია თანამედროვე ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ MIT-ის გუნდის წევრისგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ MIT - Martin Trust Center ის ინსტიტუცია, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებისა და მოთხოვნების შესაბამის ცოდნა და გამოცდილებას ქმნის. აღნიშნული ცენტრის წევრებს 30,000-ზე მეტი კომპანია აქვთ დაარსებული და მათი შემოსავალი 2 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტს აღწევს.
ჯორჯ უაიტფილდი MIT-ის სამი აკადემიური ხარისხის მქონე, სერიული ანტრეპრენერია, რომელიც ფოკუსირებულია ელექტრონულ კომერციაზე, ფინანსურ ტექნოლოგიებზე, რობოტიკაზე, განახლებად ენერგიასა და ნანოტექნოლოგიებზე. MIT-ის სპიკერი გახლავთ კომპანია FindOurView-is დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. FindOurView აანალიზებს მომხმარებელთა შეფასებებსა და უკუკავშირს, რის შედეგადაც, კომპანიებს საკუთარი პროდუქტის კვლევაში ეხმარება. განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, მას მიღებული აქვს ჯონ ვულფის სახელობის ჯილდო. როგორც MIT Martin Trust Center-ის გუნდის წევრი, ჯორჯ უაიტფილდი აქტიურად მუშაობს მომავალ თაობებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვისა და ინოვაციებზე ორიენტირებული მეწარმეობის, ინჟინერიისა და სტუდენტური ცხოვრების განვითარებისთვის.
"მოგეხსენებათ, BTU-ს მიზანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების თანაკვეთის გაძლიერებაა. ამასთან, უნივერსიტეტს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად აქვს დასახული ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, ჩვენი ყველა აქტივობა/პროექტი, პირდაპირ თუ ირიბად, ამ მიზანს ემსახურება. AI მასტერკლასის თემაც სწორედ ასე შეირჩა - ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ჰაკათონის მონაწილეებისთვის, მოისმინოს სფეროს ექსპერტისგან, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს Generative AI-ს ბიზნესზე და რა შესაძლებლობებს შექმნის ის ინოვაციური სტარტაპებისთვის.
მასტერკლასი აუმაღლებს ცოდნას მონაწილეებს თემის გარშემო, ამასთან, მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ აშშ-ის ტენდენციებს, შეადარონ ის ქართულ რეალობას და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ MIT-ს სპიკერი, მიიღონ მისგან კითხვებზე პასუხები და სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდნენ მასთან სხვადასვა პროფესიული სოციალური ქსელის საშუალებით", - Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ კობიაშვილი.
2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი MIT-ს Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრია. Martin Trust Center-ის აფილირებული ექსპერტები კი, პერიოდულად BTU-ში გამართავენ ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს თანამედროვე ინდუსტრიულ ტრენდებს გააცნობენ.