BTU-ს სტუდენტური სტარტაპი ''ნეო აკადემია'' ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლაში დაეხმარება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ თქვენ ან თქვენმა მოზარდმა შვილმა ჯერ კიდევ არ იცით, რა არის ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ბლოკჩეინი და კვანტური კომპიუტერი ან მათ შესახებ ზედაპირული ცოდნა გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში შეიძლება გამოწვევებს ვეღარ გაუმკლავდეთ და ცხოვრების თანამედროვე სტილთან ადაპტაცია გაგიჭირდეთ.
21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ირგვლივ ყველაფერი შეცვალა, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ციფრულ უნარებსა და ცოდნაზე. ამ პროცესში კი აუცილებლად უნდა ჩაერთონ ბავშვები და მოზარდებიც. დღეს საჭიროა ახალგაზრდას ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობასა და საფრთხეზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს: ხელოვნურ ინტელექტთან, კვანტურ კომპიუტერთან, ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობასთან, ბლოკჩეინთან, ინფორმაციის გადაცემის თანამედროვე და პერსპექტიულ მეთოდებთან.
მოზარდების თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების საკითხი ძალიან აქტუალურია განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში კი ეს მიმართულება ახლა ვითარდება. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ბაზარზე გამოჩნდა "ნეო აკადემია", რომელიც სტუდენტების დაარსებული სტარტაპია და მოზარდების განათლების ამაღლების საკითხზე მუშაობს. ციფრული აკადემია 12 წლიდან მოზარდებისთვისაა განკუთვნილი და მისი მიზანი ბავშვებში იმ ტექნოლოგიებზე ცნობიერების ამაღლებაა, რომლებიც მომავლის პერსპექტივაში საქმიანობის უამრავ სფეროში ადამიანის ჩართულობის ტრადიციულ ფორმას ჩაანაცვლებს.
აკადემიის კურსი 12-16 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. კურსის გავლა კი ნებისმიერ მსურველს საბაზისო ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გარეშე შეუძლია. როგორც "ნეო აკადემიის" დამფუძნებელი და BTU-ს სტუდენტი ნია სიბაშვილი აღნიშნავს, ლექციები გემიფიკაციის ელემენტებით და აქტიური დისკუსიებითაა დატვირთული:
"ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიღებასთან ერთად, მოზარდებს ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნება, პიროვნებისთვის აუცილებელი თვისებები და ისწავლიან თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას. ეს კი თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი მიზანი მოზარდებისათვის ცოდნის გაზიარება და მათი მომავლისთვის მომზადებაა. ვთვლით, რომ მოზარდისთვის ადრეულ ასაკში მიღებული ცოდნა მთავარი ღირებულებაა და გვინდა ეს ღირებულება მარტივად, ხარისხიანად და ინტერაქციულად უზრუნველვყოთ," - განმარტავს ნია სიბაშვილი.
სტარტაპის შემქმნელები თავადაც სტუდენტები არიან. ისინი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლობენ და უნივერსიტეტსა თუ მის გარეთ მიღებულ ცოდნას უკვე სხვებს უზიარებენ.
"როდესაც მე და მარიამ ლაცაბიძე მომავლის ტექნოლოგიების გაცნობით დავინტერესდით, აღმოვაჩინეთ, რომ არ არსებობდა ერთი საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიაზე საინტერესო ინფორმაცია იქნებოდა თავმოყრილი. სულ განსხვავებული გზებით გვიწევდა ინფორმაციის მიღება და მივხვდით, რომ ეს დიდი პრობლემა იყო. სწორედ ამიტომ შევქმენით სტარტაპი, რომლის საშუალებითაც მრავალფეროვანი ინფორმაცია შევკარით და ერთ პლატფორმაზე მოვაქციეთ. მარიამი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლობს, მე - ფინანსებზე. მუშაობის პროცესში შემოგვიერთდა BTU-ს კიდევ ერთ სტუდენტი გიორგი სულაბერიძე, რომელიც დღეს სტარტაპის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს. სასწავლო მასალებიც თავად ვთარგმნეთ, სასწავლო სილაბუსები და პროგრამები შევადგინეთ. 7 თებერვალს უკვე ახალი ჯგუფი დაიწყებს სწავლას, რაც ძალიან გვახარებს. გვინდა ყველას კარგად დავანახოთ ის პერსპექტივები, რომლებიც ტექნოლოგიებს გააჩნია. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა როგორც ჩვენთვის, ისე კურსის მონაწილეებისთვის. როცა რაღაც გაინტერესებს, რთული არაფერია. პროცესით ჩვენც დიდ სიამოვნებას ვიღებთ და განსაკუთრებით სასიამოვნოა ის მომენტი, როდესაც ხედავ, როგორ შეიცვალა მოზარდი პირველ და ბოლო ლექციას შორის. მზად ვართ გამოწვევებისა და სიახლეებისთვის, გვამოძრავებს თანამედროვეობა და ინოვაციურობა," - აღნიშნავს ნია.
ახალგაზრდა სტარტაპერები აღნიშნულზე გაჩერებას არ აპირებენ და უახლოეს მომავალში "ნეო აკადემიაში" სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი არაერთი კურსის დამატებას გეგმავენ. მოზარდებსა და ახალგაზრდებს კი ურჩევენ, რომ დრო არასაჭირო რაღაცების შესწავლაში არ დაკარგონ. დღეს მთავარი ტექნოლოგიებია და მომავლის გამოწვევებს რომ გავუმკლავდეთ, საჭიროა ტექნოლოგიები მაქსიმალურად კარგად შევისწავლოთ.