BTU-ში დაწყებული წარმატებული სტარტაპის ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იცით, უფროსი დაიკო ვინ არის? ეს არის ადამიანი, რომელიც შენს ნივთებს უნებართვოდ იღებს, მაგრამ პირველია, ვინც პრობლემების დროს გვერდით გიდგება და ზუსტად იმ რჩევას გაძლევს, რომელიც იმ მომენტში გჭირდება. სწორედ ეს ემოციური კავშირი და "უფროსი დაიკოს" ფენომენი გახდა საფუძველი პლატფორმისა, რომელმაც Gen Z თაობისთვის დამახასიათებელი გულწრფელობა, ციფრული მედია და ბიზნესის განვითარების სწორი სტრატეგია გააერთიანა.
სტარტაპის ისტორია 2025 წელს დაიწყო, როდესაც ოთხმა მეგობარმა, ანა კალანდაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო BTU-ს მიერ განხორციელებულ UNICEF-ის სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამა UPSHIFT-ში. BTU-ში გავლილი ინტენსიური სამთვიანი მენტორინგის შემდეგ, გუნდმა იდეა სრულფასოვან პროექტად აქცია, ფინალში 1,000-ლარიანი გრანტი მოიპოვა და "უფროს დაიკოს" პლატფორმა uprosidaiko.ge ოფიციალურად შეიქმნა.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ბიზნესმოდელი უფრო მრავალფეროვანი გახადა. ონლაინ პლატფორმას ფიზიკური შეხვედრებიც დაემატა. გუნდმა დაიწყო ფასიანი ვორქშოფების ორგანიზება, სადაც მოწვეული პროფესიონალები და სპიკერები იმ აქტუალურ თემებზე საუბრობენ, რაც "უფროსი დაიკოს" მთავარ ღირებულებას წარმოადგენს.
,,ჩვენი მისიაა უფროს დასთან ურთიერთობის სილამაზის, უნიკალურობის და სიყვარულის გაზიარება იმ ადამიანებთან, ვისაც ჰყავთ ან არ ჰყავთ და. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კავშირი მხოლოდ სისხლით არ განისაზღვრება – ის შეიძლება აღმოაჩინოთ მეგობრობაში ან სხვა ღრმა ურთიერთობაში, რომელიც ოჯახივით ძლიერია," - განმარტავენ დამფუძნებლები.
განვითარების ახალი ეტაპი კიდევ უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) რეგიონალურ საგრანტო პროგრამაში გამარჯვებამ გუნდს 25,000 ლარიანი გრანტი მოუტანა. ამ დაფინანსებას "უფროსი დაიკო" სტრატეგიული მიზნებისთვის იყენებს. გრანტის ნაწილი მოხმარდება პოდკასტის დაწყებას და თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობას - კამერებსა და მიკროფონებს, რათა გუნდმა აუდიტორიას მაღალი ხარისხის კონტენტი შესთავაზოს. დაფინანსება ასევე მოხმარდება საიტის მხარდაჭერას, მარკეტინგულ კამპანიებს, ვორქშოფების ორგანიზებასა და გუნდის წევრების შრომის ანაზღაურებას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაწყებული სტარტაპი მუდმივად ვითარდება და მალე ვებგვერდზე გამომწერის (Subscription) მოდელის ინტეგრირებაც იგეგმება. ეს კი ერთგულ მკითხველს ექსკლუზიურ რესურსებზე მისცემს წვდომას.
დღეს ეს პროექტი აღარ არის მხოლოდ ენთუზიაზმზე დაფუძნებული ბლოგი. ეს არის მზარდი მედიაპლატფორმა, რომელიც ზუსტად გრძნობს აუდიტორიის პულსს. ოთხი ახალგაზრდა გოგონას მიერ დაწყებული საქმე ნათელი მაგალითია იმისა, რომ როდესაც გულწრფელ იდეას BTU-ს მსგავსი სწორი პლატფორმა და მენტორობა ხვდება, შედეგი ყოველთვის მასშტაბურია.