Get All Access for $5/mo

Bubbler - სამი ქართველი ანტრეპრენერის ''ამერიკული ოცნება'', ანუ ახალი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის ერთმანეთის გასაცნობად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bubbler-ის დამფუძნებლები, ლუკა ხათრიძე, ნიკა სირაძე და დაჩი ტაბატაძე

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში ჩაბარება სტუდენტებისათვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლასთან და ძირეულ ცვლილებებთან ასოცირდება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია აშშ-ის მსგავს დიდ ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდებს ხშირად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მშობლიური ქალაქიდან შორს გადაბარგება უწევთ. ამის შედეგად, ახალბედა სტუდენტები უცხო გარემოში ხვდებიან, რაც მათ სოციალურ წრეს მნიშვნელოვნად ავიწროებს.

სწორედ ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით, სამმა ქართველმა ანტრეპრენერმა პლატფორმა Bubbler-ის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ლოკაციის მიხედვით და პერსონალური აქტივობების გაზიარების ხარჯზე, ამერიკული კოლეჯების სტუდენტებს ახალი მეგობრების აღმოჩენაში და მათთან დაკავშირებაში დაეხმარება.

ამ პრობლემის აქტუალობას ადასტურებს კვლევითი ორგანიზაცია Cigna-ს მიერ აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვა, რომლის მიხედვით, სტუდენტურ ასაკში მყოფი ახალგაზრდების 66%-ზე მეტს, ახალ გარემოსთან ადაპტირებისა და სოციალიზაციის პრობლემები ექმნებათ.

როგორც Bubbler-ში აცხადებენ, ამ გამოწვევაზე ფიქრისას, მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად ჰობი ან სხვა სახის პერსონალური აქტივობები აერთიანებთ. როდესაც თუნდაც უცხო ადამიანებთან ერთად, რაიმე საინტერესოთი ხარ დაკავებული და ერთმანეთს დადებით ემოციებს უზიარებთ, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება გაცილებით მარტივად და ძალდაუტანებლად ხდება.

გვსურს გაგაცნოთ პლატფორმა Bubbler-ის დამფუძნებლები − ლუკა ხათრიძე, ნიკა სირაძე და დაჩი ტაბატაძე, რომლებიც ამ ეტაპზე თავიანთ სტარტაპს აშშ-ში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცდიან.

ლუკა ხათრიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტია, რომელსაც სოციალურ ქსელებში მუშაობის 2-წლიანი, ხოლო პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით 3-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იგი პროექტების მენეჯერად პირველ ქართულ სოციალურ ქსელ Feedc-ში მუშაობდა, რომლის ღირებულებამ მისი მუშაობის პერიოდში 15 მილიონ დოლარს, ხოლო ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 600 000 მომხმარებელს მიაღწია.

ნიკა სირაძე სერტიფიცირებული JavaScript-დეველოპერია, ვებდეველოპმენტის კუთხით მუშაობის 3-წლიანი, ხოლო სოციალურ ქსელებში ოპერირების 2-წლიანი გამოცდილებით. ამჟამად იგი საერთაშორისო კომპანია Cyber Secure Central-ში ვებდეველოპერის პოზიციაზე მუშაობს. ნიკა სულ რაღაც 16 წლისაა, თუმცა ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ Bubbler-ის ბეტა-ვერსია, რომელიც ასობით არიზონელ სტუდენტს აერთიანებს, მან სრულიად მარტომ შექმნა.

რაც შეეხება დაჩი ტაბატაძეს, მას არაერთ საერთაშორისო პროექტში მუშაობისა და მონაწილეობის გამოცდილება აქვს, ხოლო ამ ეტაპზე, წამყვან ამერიკულ მიკროსაფინანსო კომპანია Arizona Microcredit Initiative-ში, ბიზნესის ანალიტიკოსის პოზიციაზე სტაჟირებას გადის. ამავდროულად, დაჩი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლობს, რამაც დამფუძნებლებს Bubbler-ის მოსინჯვა სწორედ ამ უნივერსიტეტში გადააწყვეტინა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Bubbler-ის სამიზნე აუდიტორიას ამ ეტაპზე ამერიკის კოლეჯის სტუდენტები წარმოადგენენ. MVP-ის შექმნის ეტაპამდე, Bubbler-ის გუნდმა, სარწმუნო მონაცემების მისაღებად, აქტიურად გამოჰკითხა სხვადასხვა ამერიკული კოლეჯის 50 სტუდენტი და ამ კვლევების თანახმად:

  1. გამოკითხულთა 70% აღნიშნავს, რომ სტუდენტურ ცხოვრებაში ჩაბმის შემდეგ, მათი სოციალური წრე გაიზარდა, თუმცა რიგი ფაქტორების გამო, მათ არ ეძლევათ კურსელებთან ახლო, მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა.
  2. ამ სტუდენტთა ნაწილს არასოდეს დაუგეგმავს კურსელებთან ერთად რაიმე სახის თავშესაქცევი აქტივობა.
  3. ნაწილი კი, საკუთარი ინტერესის სფეროს მიხედვით ახალი ადამიანების გასაცნობად, Dating პლატფორმა Tinder-ს იყენებს. ხოლო თუ თავად Tinder-ის კონცეფციას გავითვალისწინებთ, მსგავსი მცდელობები უმეტესად წარუმატებლად სრულდება.

მოპოვებული მონაცემების გათვალისწინებით, Bubbler-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. უპირველეს ყოვლისა, მათ დაიმეგობრეს ირიბი კონკურენტები საუნივერსიტეტო კლუბების სახით, რომლებთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ისინი სულ მალე პლატფორმაზე ინტეგრაციას მოახერხებენ.

გარდა ამისა, ამჟამად უკვე ფუნქციონირებს პლატფორმის Beta-ვერსია, რომლის მთავარ მიზანს ძირითადი ფუნქციონალის ტესტირება და მომხმარებლის ქცევის შესწავლა წარმოადგენს. Bubble-ის დახმარებით, სხვადასხვა ინტერესის მქონე სტუდენტებმა, კერძოდ კი სკეიტბორდინგისა და ლაშქრობის მოყვარულმა ახალგაზრდებმა, უკვე გაიცნეს ერთმანეთი და საერთო აქტივობებიც კი დაგეგმეს. პლატფორმის მუშაობის პრინციპი მეტად გასაგები რომ იყოს, ვეცადოთ მარტივად ავხსნათ, თუ როგორ პოულობენ ადამიანები ერთმანეთს. როდესაც მომხმარებელი საკუთარ აქტივობას აზიარებს, ამას მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ხედავენ. ამავდროულად, ამ აქტივობას აქვს Ask to join ღილაკი, რომლის საშუალებით ავტორთან მოთხოვნის გაგზავნაა შესაძლებელი. თუკი ამ უკანასკნელს ჩვენი პროფილი მოეწონა და დაგვიდასტურა, ვვარდებით აქტივობის ე.წ. ჩათში, ე.წ. Bubble-ში, და დგება კონტაქტი.

როგორც პლატფორმის თანადამფუძნებელი ლუკა ხათრიძე განმარტავს: "ეს (Bubble) არის ჩათის სივრცე, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია მხოლოდ ერთმანეთის "ბაბლებში" მოხვედრის შემთხვევაში შეუძლიათ". მისივე თქმით, Bubbler-ის გუნდი სხვადასხვა ივენთისა და შეხვედრის ორგანიზებითაა დაკავებული, სადაც ადამიანებს ინტერესების შესაბამისად ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ. "აღნიშნულ შეხვედრებზე მყოფ ადამიანებს ვესაუბრებით ჩვენს პლატფორმასა და სამომავლო გეგმებზე. სურვილი შემთხვევაში, ვაწევრიანებთ ჩვენი გუნდის მხარდამჭერებში და გადავცემთ ბრენდირებულ მაისურებს, ასევე, სხვა სამახსოვრო საჩუქრებს", − აცხადებს თანადამფუძნებელი დაჩი ტაბატაძე.

Bubbler ამ დროისთვის ე.წ. Pre seed-ეტაპზეა და სტარტაპი საკუთარ თავს სრულად დამოუკიდებლად აფინანსებს. იმისათვის, რომ პლატფორმა თვითკმარი ყოფილიყო, დამფუძნებლებს პარალელურად მეორე კომპანიის − Bubbler Tech Studio-ს შექმნა მოუწიათ, რომელიც აშშ-ში მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ვებსაიტებსა და აპლიკაციებს ქმნის.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ როგორ ხედავენ თავად დამფუძნებლები მსგავსი ტიპის პლატფორმის განვითარებას და რა იქნება მათი სამომავლო ნაბიჯები, რაზეც ლუკა ხათრიძე გვპასუხობს:

"საერთო ინტერესის გარშემო ახალი ადამიანების აღმოჩენა კარგად ჟღერს, თუმცა ადამიანებს ამის საჭიროება ყოველდღიურად არ უჩნდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ იგივე მომხმარებლის პლატფორმაზე დარჩენისთვის შესაბამისი პირობები შექმნას. ვაყალიბებთ სისტემას, რომლის მიხედვით Bubbler-ები (ასე ვუწოდებთ მომხმარებელს) პლატფორმაზე საკუთარ პერსონალურ აქტივობებს უახლოეს მომავალში ახლო სამეგობრო წრისთვის გააზიარებენ. ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს უკანასკნელი, რაც შეიძლება მეტად დახვეწილი და მარტივი იყოს Gen Z თაობისთვის".

რაც შეეხება Bubbler-ის უახლოეს გეგმებს, ამ დროისათვის ისინი Pre Seed Stage ინვესტიციის მოზიდვის აქტიურ ფაზაში იმყოფებიან. გუნდის წევრები სისტემატურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, როგორც ადგილობრივ, ისე ამერიკელ ინვესტორებთან. სულ ახლახან, სტარტაპმა ამერიკულ აქსელერაციის პროგრამა Venture Deviles-ში გადასვლა მოახერხა, სადაც დამფუძნებლები რამდენიმეთვიან აქტიურ მენტორშიპს გაივლიან. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა Funding შესაძლებლობებსა და ინვესტორებთან შეხვედრების სერიებსაც. თუკი ამ ინვესტიციის მოძიება წარმატებით განხორციელდება, სტარტაპი უკვე ე.წ. "ალფა" ეტაპზე გადავა და დაიწყებს მარკეტინგულ აქტივობებს, რაც მიმართული იქნება არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (სადაც 100 000-მდე სტუდენტი სწავლობს) და ზოგადად, არიზონას შტატის სამომხმარებლო რესურსის სრულად მობილიზებისა და ათვისებისკენ. სამომავლოდ, Bubbler აშშ-ის სხვა შტატების დაფარვასაც გეგმავს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"