Join our Waitlist for Expert Advice!

ბურგუნდიული ტერუარი ბურგუნდიელები ალკოჰოლის, გასტრონომიისა და ხმამაღალი ლაპარაკის მოყვარული ხალხია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბურგუნდია − საუკეთესო შესაძლებლობაა, გაიგო, რა საიდუმლოება იმალება ტერუარის ("ტერუარი"− ფრანგული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს კონკრეტული ადგილის მცენარეულ, კლიმატურ, ნიადაგურ, ისტორიულ ან ტრადიციულ მახასიათებლებს) უკან. პირველივე წამიდან საგრძნობია გარემოს განსაკუთრებულობა და რაღაცნაირად, შენც მიჰყვები ამ პროცესს, რომელმაც შესაძლოა ბურგუნდიის ფერდობებზე აგაგდოს, თავი გაგრძნობინოს ანტიკური დროისა და ამავე დროს, შუასაუკუნეების ბინადრად, შემდეგ მჩატედ დაგაბრუნოს თანამედროვე დროის ყოველდღიურობაში და გათქმევინოს: "ვაა, რა მრავალფეროვანია". მარტივად ხდები ბურგუნდიის ნაწილი და აცნობიერებ, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე, დედამიწას, ღმერთს, თუ უბრალოდ, რომელიღაც ზებუნებრივ ძალებს ნამდვილად სურდათ, ადამიანს ვაზი გაეშენებინა, მსოფლიოში საუკეთესო ღვინო ეწარმოებინა და ესუნთქა ღრმად!

მილიონობით (100-200) წლის წინ, ბურგუნდიის დღევანდელ ტერიტორიაზე დაიწყო ნიადაგების განვითარება. დროთა განმავლობაში ეს მხარე დაფარული იყო ოკეანით, რა დროსაც წყლის სხვადასხვა ბინადარნი, ხმელეთის ცხოველები და მცენარეები ღრმად დაილექნენ ფსკერზე და წარმოქმნეს გეოლოგიური ზონები, რომლებიც შედგებიან განსხვავებული დანალექი ქანებისგან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ალპების მთათა სისტემამ დაიწყო მოძრაობა და ზრდა, შედეგად კი, დიდი გამყინვარების დასრულებისთანავე მივიღეთ კირქვა, თიხნარი, ქვიშიან, ზოგ ადგილებში კი რკინით მდიდარი ნიადაგები. ხშირად ვხვდებით გაქვავებულ ნიჟარებს, რომლებიც განმაცვიფრებელ შთაბეჭდილებას ახდენენ და მისტიკურ შეგრძნებებს აღვიძებენ. ვენახები აღმოსავლეთ ფერდობებზეა გაშენებული. ვენახი დილის გამამხნევებელ და შუადღის მცხუნვარე მზის აბაზანებს იღებს, მიწის ფართობები ტყითა და ფერდობებითაა გარშემორტყმული, წყლის ადეკვატური დრენაჟი დადებით გავლენას ახდენს მცენარის სწორ ზრდა-ფორმირებაზე. ადგილობრივები საკუთარ, მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილ და ტრადიციული ღვინის ტექნოლოგიურ პროცესებს იყენებენ. ყველა ჩამოთვლილი ელემენტის ერთობლიობა ქმნის ბურგუნდიულ გასაოცარ ტერუარს.

ბურგუნდიელები ალკოჰოლის, გასტრონომიისა და ხმამაღალი ლაპარაკის მოყვარული ხალხია, მაგრამ ამასთან ერთად, მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში მოსწონთ ცხოვრება. ისინი, ბორდოელებისგან განსხვავებით, მეტად მეგობრულები, უშუალონი და ხალისიანები არიან. აქ რამდენიმე თვის განმავლობაში გავჩერდები და შევეცდები უკეთ შევისწავლო ადგილობრივი გარემო, კლიმატი, ნიადაგი, ღვინო, გასტრონომია, ტრადიციები და ხალხი. ამაში დამეხმარება კანადელი, მაგრამ ფესვებით ფრანგი მეღვინე პასკალ მარჩანდი და ღვინის სახლი "მარჩანდ-თოუსი", რომელიც კანადურ-ფრანგული ბიზნესგაერთიანებაა. პასკალმა ბურგუნდიაში 1982 წელს, 21 წლის ასაკში იმოგზაურა. იფიქრა, რომ მისი პოეტური მუზისთვის საფრანგეთი საუკეთესო ადგილი იქნებოდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ღვინო ძალიან აინტერესებდა. შემდეგ დიჟონის უნივერსიტეტში ღვინის შემსწავლელი კურსები გაიარა. რამდენიმე წელიწადში პოეტი იქცა ბურგუნდიელ ნიჭიერ-პერსპექტიულ მეღვინედ, რომლის თვისებებზე მთელმა რეგიონმა დაიწყო საუბარი. მოკლედ, მან თავი დაიმკვიდრა და გარკვეული დროის შემდეგ, 2006 წელს უკვე გამოცდილმა, თავისი ნეგოციანტური კარიერა (ბიზნესმოდელი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ღვინის სფეროში, სათავეს იღებს საფრანგეთიდან და პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით; ნეგოციანტი არის ადამიანი, რომელიც დაკავებულია ვაჭრობით. მან შეიძლება შეიძინოს ყურძენი, მაჭარი ან ღვინო, მათ მისცეს საბოლოო პროდუქტის სახე და გადაყიდოს) შექმნა. თითქოს მარტივად დავასრულე ეს გრძელი, მაგრამ მოკლე ისტორია. მარტივი არ არის, ბურგუნდიაში ღვინო ან ყურძენი შეიძინო − ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს. მაგალითად, უმაღლესი ხარისხის ვენახი შესაძლოა არ იყიდებოდეს ან შეუფასებელიც იყოს, ან კასრი ღვინის ფასი 50 000 ევროს უდრიდეს. შესაბამისად, აქაურ ღვინოს იშვიათად თუ წააწყდებით დაბალ ფასად და ისიც არა მგონია, კარგი ხარისხის იყოს. ისევე, როგორც ყველგან, აქაც აყენებენ ცუდ ღვინოს და ეს მხოლოდ ქართველების სენი არ არის. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ჩვენ − ქართველებს ისეთი განსაკუთრებული ძალიან ცუდი თვისება არ გვაქვს, რომელიც სხვა ერებს არ ახასიათებთ, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ყველაფრის მიწერა ქართველობაზე. გადმოვუხვიოთ ისევ. ვიდრე პასკალი კანადურ ინვესტიციას მოიზიდავდა, მისი წარმოების ასი პროცენტი დამოკიდებული იყო შეძენილ ყურძენსა თუ ღვინოზე, მაგრამ ახლა პასკალის საკუთრებაში რვა ჰექტარია. იგი ისეთი ვენახების მესაკუთრეა, რომელიც შესაძლოა სულ ათასი კვადრატული მეტრი იყოს და იქ გაშენებული ვაზისგან მხოლოდ ერთი-ორი კასრი ღვინის დაყენება იყოს შესაძლებელი.

ისევე, როგორც მთლიანად საფრანგეთი, ბურგუნდიაც ტურისტებითაა დატვირთული, მაგრამ ღვინის სახლები ნაკლებად ფიქრობენ ამ სფეროს განვითარებაზე, მარკეტინგთანაც დიდად ვერ მეგობრობენ. აცნობიერებენ, თუ როგორ ვითარდებიან ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა ქვეყნები და გრძნობენ კონკურენციის წნევას. ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ყველაფერს, უკლებლივ ყველა ღვინის ბოთლს გაყიდიან, ამიტომაც თავს ზედმეტად აღარ იწუხებენ. ბურგუნდიაში ძალიან გახშირდა ვენახისთვის სახიფათო კლიმატური პირობები: სეტყვა, გვალვა და ყინვა, რაც ხშირად ანადგურებს მოსავლის დიდ ნაწილს. მაგალითად, წელს ყინვამ ნაყოფის 60-70% გაანადგურა. ეს უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ხედავ ვაზს მტევნის გარეშე ან განუვითარებელ, სუსტ მცენარეს. ჩემი აზრით, ბურგუნდიელები ნელ-ნელა ცდილობენ ფეხი აუწყონ თანამედროვე მარკეტინგულ და ტურისტულ ტენდენციებს, მეც ამიტომ ვარ აქ და შევეცდები პასკალთან ერთად განვავითარო კომპანიის ტურისტული და მარკეტინგული სამოქმედო სტრატეგია. დამეთანხმებით, რომ არ არის მარტივი 60 სხვადასხვა დასახელების ღვინო მიაწოდო მომხმარებელს ისე, რომ არ დააბნიო. "მარჩანდ-თოვსი" (Marchand-Tawse) აწარმოებს ამდენივე განსხვავებულ ღვინოს. ამის ორგანიზება და რეალიზება ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ პასკალი ას სამოცი ათას (160 000) ბოთლ ღვინოს ყიდის ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში: კანადა, აშშ, იაპონია, ჩინეთი, ბელგია, საფრანგეთი... აქედან ყველაზე მაღალფასიანი ღვინის სარეალიზაციო ღირებულება შეადგენს 300 ევროს (3-4 კასრი), ხოლო ყველაზე დაბალფასიანის − 15 ევროს.

პასკალ, რა არის თქვენი ღვინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა შეინარჩუნოთ ხარისხი?
კარგი ვენახი, კარგი ყურძენი, ცოცხალი ნიადაგი, ბიომრავალფეროვნება, ვენახისა და წარმოების სწორი მენეჯმენტი, ღვინის უსაფრთხო ფერმენტაცია, რეალიზაცია კიდევ ბევრი სხვადასხვა დეტალი.

როგორ ყიდით ღვინოს? რას ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების გასაღები?
WOM (Word of Mouth) მარკეტინგი, ანუ სიტყვიერად გადმოცემული და შემდეგ რჩევებით გავრცელებული ისტორია/ინფორმაცია პროდუქტზე, რომელიც ყველაზე მეტად ამახსოვრდება მომხმარებელს და ყველაზე მეტად ენდობა მას!

რას აკეთებთ მაშინ, როდესაც არ აკეთებთ ღვინოს?
ვმოგზაურობ და ვცდილობ გავსინჯო სხვისი ღვინო, გავეცნო კულინარიას, კულტურასა და პოეზიას. რა თქმა უნდა, დავგეგმო ვიზიტი საქართველოში!

რა არის აუცილებელი მიზნის მისაღწევად?
შრომა სწორად და ეფექტურად.

პასკალ, შეგიძლიათ ჰექტარი ვენახის დაახლოებითი ფასები გვითხრათ?
ბურგუნდია ძვირი რეგიონია და თუ ყურძნისა და ვენახის ფასებზე ვისაუბრებთ, მაშინ ჰექტარი ყველაზე დაბალი (Bourgogne) კლასიფიკაციის მიწის ფართობის ფასი იქნება € 30.000 - € 50,000, ყველაზე მაღალი ხარისხის (Grand Cru) კი € 3.6 – € 6.3 მილიონი. შესაბამისად, შუა ხაზის, ანუ ვილიჟ და პრემიერ კრუ კლასიფიკაციის ვენახების ფასები განსხვავებულია და ამ ორს შორის მერყეობს. ყველაზე ძვირად, ჰექტარი ვენახი, 2017 წელს €30 მილიონად გაიყიდა.

ბურგუნდია ღვინის თაყვანისმცემელთათვის აუცილებლად მოსანახულებელი რეგიონია, მისი გამაოგნებელი, არომატული და ჰაეროვანი ღვინის სახეობები კი დღესვე დასაგემოვნებელი. ვენახისა და სოფლის მიხვეულ-მოხვეული გზები მარტივად დასაძლევია ველოსპორტის მოყვარულთათვის. ყველი, ღვინო, პურ-ფუნთუშეული, ბიფ-ბურგუნიონი და სხვა ცნობილი გასტრონომიული მარგალიტები გურმანებს აუცილებლად დააფიქრებს კულინარიის მრავალფეროვნებაზე.

რევაზ ცეცხლაძე

ენოლოგი, ღვინის მცოდნე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ბაკალავრი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის "ვინტური" სტუდენტი (ბორდოს, პორტოსა და ტარაგონას უნივერსიტეტები) - ღვინოს ვხედავ, როგორც მტკიცე ჯაჭვს და ვცდილობ დეტალურად შევისწავლო მასთან დაკავშირებული, თითოეული რგოლის მნიშვნელობა. 

ღვინოს აღვიქვავ, როგორც ხელოვნებას

ჰობი: ფოტოგრაფია, ვიზუალური ხელოვნება, კულინარია, მოგზაურობა. 

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ

ინსპირაცია

10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ