Get All Access for $5/mo

Cardeal-ის გზა საქართველოდან სან ფრანცისკომდე 500 Georgia - უსაზღვრო შესაძლებლობები საქართველოდან "სილიკონ ველიმდე"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზურაბ ბაკურიძე

მიმდინარე წლის აგვისტო ქართული ბიზნესსაზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი სტარტაპერთათვის, უპრეცედენტო მოვლენით აღინიშნა. ოთხ ქართულ სტარტაპს "სილიკონ ველიზე" სტუმრობის, მსოფლიოს გამორჩეულ ინვესტორებთან თავიანთი ბიზნესის წარდგენისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა, რაც სულ რამდენიმე წლის წინაც კი, წარმოუდგენელი იყო.

ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და გავლენიანი ინვესტორებისათვის ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გახსნის მიზნით, 2020 წლის თებერვალში, "საქართველოს ბანკის ჯგუფს", საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 500 Global-ს შორის (რომელიც აქამდე 500 Startups-ის სახელით იყო ცნობილი), სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიზანი კი, მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორის 500 Georgia-ს სახელით შემოყვანა იყო.

500 Global ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც 2010 წელს ტექნოლოგიური სტარტაპების მსოფლიო ცენტრ "სილიკონ ველიში" შეიქმნა. მისი მისიაა ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენა, წარმატებული ბიზნესის ფორმირებაში დახმარება, გლობალური ეკოსისტემის განვითარება და ა.შ. თავისი არსებობის განმავლობაში 500 Global-მა უკვე მოახერხა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, სანდო და მოთხოვნად აქსელერატორად პოზიციონირება. დღესდღეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და გახდეს მსოფლიოს გამორჩეული აქსელერაციის პროგრამის ნაწილი, ხოლო "საქართველოს ბანკისა" და GITA-ს ძალისხმევით, ამის შანსი უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც ექნებათ.

500 Global-ის მნიშვნელობაზე, მისი საქართველოში შემოყვანის პროცესსა და მიმდინარე წლის აგვისტოში ოთხი ქართული სტარტაპის "სილიკონ ველიზე" ყოფნის შესახებ, Entrepreneur "საქართველოს ბანკის ჯგუფის" ინოვაციების ხელმძღვანელს, ბატონ ანდრო რატიანს გაესაუბრა.

"კერძო სექტორის ჩართულობით, რომელსაც "საქართველოს ბანკის ჯგუფი" წარმოადგენს, მსგავსი გლობალური პროექტის განსახორციელებლად დამატებით მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. ამით ქართულ სტარტაპებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, 6 თვის განმავლობაში ემუშავათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან, განევითარებინათ საკუთარი საქმიანობა და საბოლოო ჯამში − ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა", − აცხადებს ანდრო რატიანი, − "500 Global-ი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორია, მსგავსი კლასის აქსელერატორები კი მხოლოდ მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნებით ინტერესდებიან. 500 Global-ის მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო ქვეყნის სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართ. 500 Global-ი ბიზნესიდეის საწყის ეტაპზე მხარდამჭერი აქსელერატორია − იდეებით უფრო მეტად ინტერესდება. შესაბამისად, 500 Georgia-ს მენტორების მთავარი მიზანი, სწორედ განვითარების საწყის ეტაპზე არსებული ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებაში, და მათთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვაში მხარდაჭერის გაწევა იყო".

ამ სამმხრივი პარტნიორობის წყალობით, საქართველო მსოფლიო ინოვაციების რუკაზე უკვე მოინიშნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სტარტაპ და ბიზნესგარემოსათვის. როგორც ანდრო რატიანი აღნიშნავს, 500 Georgia რეგიონული მასშტაბის მოვლენაა. მსგავსი მსხვილი მოთამაშის ქართულ ბაზარზე შემოსვლამ სტარტაპებს მისცა შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად, დაეხვეწათ საკუთარი იდეები, დაემყარებინათ კონტაქტი სფეროში მოწინავე ინვესტორებთან და მოეხდინათ სტარტაპების მასშტაბირება. პროექტის ოთხმა გამარჯვებულმა კი დამატებით ინტენსიური აქსელერაციის პროგრამა "სილიკონ ველიზე", სან ფრანცისკოში გაიარა, რის შემდეგაც ისინი საკუთარი იდეების წარსადგენად, 50-ზე მეტ მსხვილ ინვესტორს შეხვდნენ.

"საქართველოს ბანკი" მონაწილე სტარტაპებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ედგა მხარში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა მათი წარმატების გაზიარება და დიდი პატივია მსგავსი მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. აღნიშნული სტარტაპების წარმატებაზე ციფრები მეტყველებს − კომპანიების მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამმა 17 მილიონი ლარი შეადგინა და შექმნა 400-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთან, პროგრამის დასაწყისში, მონაწილე 30 კომპანიის საერთო ღირებულება 35 მლნ დოლარს შეადგენდა, პროექტის დასასრულს კი ეს რიცხვი 70 მლნ დოლარს აღემატება. კომპანიებისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია, ახალი, უფრო მასშტაბური საქმიანობის მიმართულებით. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის კი, მნიშვნელოვანი წარმატებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი", − გვიამბობს ანდრო რატიანი.

რთული წარმოსადგენია, რომელიღაც სტარტაპერი არ ოცნებობდეს "სილიკონ ველიზე" სტუმრობასა და უმსხვილეს ინვესტორებთან შეხვედრაზე. 500 Georgia-ს გამარჯვებული ანტრეპრენერებისათვის ეს ვიზიტი შეუზღუდავი შესაძლებლობების ფანჯარა აღმოჩნდა, სადაც ისინი თავიანთ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენდნენ ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა.

როგორც "საქართველოს ბანკის ჯგუფის" ინოვაციების ხელმძღვანელი აღნიშნავს, 500 Global-ში მონაწილეობამ ადგილობრივ სტარტაპებს მისცა რეალური შესაძლებლობა, რამდენიმე თვეში ისეთ ადგილას აღმოჩენილიყვნენ, როგორიცაა "სილიკონ ველი". სან ფრანცისკოში ინტენსიური აქსელერაციის 2-კვირიანი პროცესი მოიცავდა შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან, ტრენინგებს და ვორქშოპებს "სილიკონ ველის" წამყვანი კომპანიების წარმომადგენლების ჩართულობით. შესაბამისად, სტარტაპებმა "სილიკონ ველიზე" დააგროვეს შეუდარებელი გამოცდილება, რაც საბოლოო ჯამში, მათ კიდევ უფრო ინოვაციური მიდგომებით, გლობალურ ბაზრებზე გასვლაში და წარმატების მოპოვებაში დაეხმარება.

"500 Georgia და მისი მონაწილე სტარტაპები არიან დასტური იმისა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ მცდელობას არ დააკლებ, ყველაფერი აუცილებლად გამოვა", − ანდრო რატიანი.

ახლა კი, გვსურს უფრო ახლოდან გაგაცნოთ 500 Global-ის გამარჯვებული ერთ-ერთი ქართული სტარტაპი - Cardeal.

Cardeal არის ავტოაუქციონერების სავაჭრო პლატფორმა, სადაც მომხმარებელს სთავაზობენ ფართო არჩევანს 500 000-ზე მეტი ავტომობილის სახით, მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლისგან. ინვენტარის სიდიდის კუთხით, რეგიონულ დონეზე იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოპლატფორმაა.

"ჩვენ, დღესდღეობით, ვპოზიციონირებთ, როგორც ღია პლატფორმა, სადაც საერთაშორისო მასშტაბით ავტომობილების დიდი არჩევანის გარდა, საიტზე ინტეგრირებულია თანმხლები სერვისები, როგორებიცაა ტრანსპორტირება, დაფინანსება/ლიზინგი, ავტომობილის ადგილზე ინსპექტირება/შემოწმება და ა.შ. ეს სერვისები წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვახერხეთ დანაწევრებული, ფრაგმენტული ბაზრის ერთ პლატფორმაზე კონსოლიდაცია და ამ პროცესების გამტარსა და გარანტს წარმოვადგენთ", − აცხადებს Cardeal-ის დამფუძნებელი, ზურაბ ბაკურიძე.

Cardeal-ის დამფუძნებელი გვიყვება, რომ სტარტაპზე საუბრისას, ყოველთვის ორ პერიოდს გამოყოფენ: 500 Global-მდე და 500 Global-ის შემდეგ. მისი აზრით, ამ აქსელერატორმა პლატფორმის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. "500 Global-მდე, წელიწადი ვიყავით ბაზარზე, თუმცა ჩვენი პროდუქტი ძალიან შორს იყო ე.წ. Product market fit-ისგან, რაც ცხადია, გაყიდვებსა და ზრდაზე ნეგატიურად ისახებოდა. როდესაც შევიტყვეთ 500 Global-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ, იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მასში მონაწილეობა და წარმატების მიღწევა გახდა", − გვიამბობს ზურაბ ბაკურიძე.

როგორც ზურაბი აღნიშნავს, 500 Global-ის ბეჯით და სტატუსით, მათ უმნიშვნელოვანესი ვალიდაციის ეტაპი გაიარეს − როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებთან და პარტნიორებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ქართული სტარტაპები მსოფლიოში განთქმულ დასავლელ ინვესტორთა რადარებზე გამოჩნდნენ და ამ ფაქტს ციფრებიც ადასტურებს. 500 Global-ის გამოჩენიდან დღემდე, სტარტაპერებმა ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტის მოზიდვა მოახერხეს, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია საქართველოსთვის, რამდენიმე სტარტაპის გამოკლებით.

"რასაკვირველია, ყველას გვესმის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. "სილიკონ ველიზე" ვიზიტის ბოლო ფაზაში, Demo Day-ს შემდეგ, ჩვენი სტარტაპის მიერ მოზიდულმა თანხამ 1,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სრულად მოხმარდება შიდა მასშტაბირების გეგმას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ბოლო 6 თვეა გავედით მოგებაზე და ვართ ქეშ-პოზიტიურები, თუმცა მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ინვესტიციების მოზიდვის აქტიურ ფაზაში, "სილიკონ ველიზე" ყოფნით მნიშვნელოვანი საფუძველი შევქმენით და ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით. ჩვენი სურვილია, შემდეგ რაუნდზე ინვესტორთა სიას "სილიკონ ველის" წარმომადგენლებიც შეემატონ", − ზურაბ ბაკურიძე.

Cardeal-ში აცხადებენ, რომ რეგიონული ბაზარი მასშტაბირების დიდ პერსპექტივას იძლევა და ჯამში 2 მილიარდი დოლარის ავტომობილების ინდუსტრიას ქმნის, ხოლო მათი მიზანია, რეგიონულ დონეზე Cardeal ავტომობილების მიმართულებით წამყვანი ციფრული პლატფორმა გახდეს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

სიახლეები

Archi to Build a Five-Star Hotel at Lake Sioni

This prestigious project is a collaboration with Le Meridien, an international hotel brand under the Marriott International group