Get All Access for $5/mo

"ჩაიმანიას" 14 წელი - ინტერვიუ ეკა ვერულაშვილთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჩაიმანია ჩაის, ყავის, ტკბილეულისა და ჩაის აქსესუარების ბუტიკურ ქსელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2006 წლიდანაა წარმოდგენილი. ის მსოფლიოში ცნობილი ბრენდის - Desthlefen & Balk (since 1836)-ის ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში. თავად D & B კი 1836 წლიდან უმაღლესი ხარისხის ჩაის და მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს და მსოფლიო ბაზარზე დიდი ნდობით გამოირჩევა.

"ჩაიმანიას" ქსელში 100-ზე მეტი სახეობის ჩაის შეხვდებით, რომლის არჩევაც მომხმარებელს საკუთარი გემოვნების მიხედვით შეუძლია. ჩაის გარდა, "ჩაიმანიას" დახლებზე უმაღლესი ხარისხის სამხრეთ ამერიკული და აფრიკული ყავის ნაირსახეობასაც ნახავთ, რომელიც აქვე შემოთავაზებულ ტკბილეულსა და დეკორატიულ, დახვეწილ ჭურჭელთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების მიზნით, "ჩაიმანია" უკვე წლებია ქართულ ბაზარზე მყარად აგრძელებს განვითარებას. 2019 წელს იგი საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალის პორტფელური კომპანია გახდა.

როგორ დაიწყო და განვითარდა, რა გამოწვევებს უმკლავდება და როგორ აგრძელებს წინსვლას ეპიდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ამის შესახებ Entrepreneur-ს მისი დამფუძნებელი, ეკა ვერულაშვილი, ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით განვლილ 14 წელს - რა იყო "ჩაიმანიას" სასტარტ წერტილი და სად არის კომპანია ახლა?

"ჩაიმანიას საწყისი წერტილი იყო 1 მაღაზია და მხოლოდ იმპორტული ჩაის ასორტიმენტი. ახლა კი, უკვე გვაქვს 8 მაღაზია და, ასევე, ონლაინმაღაზია; ჩაის ასორტიმენტს შევმატეთ ყავა, ჭურჭელი და ქართული პროდუქცია. ასე რომ, ვფიქრობ, ნორმალურად გავიარეთ ეს წლები მიუხედავად ბევრი სირთულისა.

კომპანიის განვითარების გარდამტეხი ეტაპი იყო 2008 წელს, როდესაც დავიწყეთ მიმოწერა გერმანულ კომპანიასთან. ჩვენდა გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ Dethlefsen & Balk მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩაისა და ყავის დისტრიბუტორია, შევძელით მათი დაინტერესება. თავად კომპანიის დირექტორი ჩამოვიდა საქართველოში, რომ ენახა ჩვენი ქვეყანა და პირადად შეგვხვედროდა. დღეს Dethlefsen & Balk "ჩაიმანიას" ექსკლუზიური მომწოდებელია ამიერკავკასიაში.

შარშან ექსპორტზე გავიტანეთ ქართული ჩაის 4 სახეობა გერმანიაში და წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს. მთავარი მაინც ის არის, რომ გვინდა, ჩაი გახდეს ძალიან პოპულარული სასმელი და გაასწროს ყავის გაყიდვებს. ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ ჩაის პოპულარიზციაზე. ასევე, გვინდა გავზარდოთ ქართული ჩაის ექსპორტის მოცულობა და ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას რეგიონებშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ სურსათის კატეგორიას მივეკუთვნებით, კარანტინის პერიოდში ფილიალების მუშაობა არ შეგვიჩერებია, თუმცა სასტუმრო-სარესტორნო ქსელისა და ოფისების დახურვის გამო აღნიშნული სეგმენტიდან გაყიდვები საგრძნობლად შეგვიმცირდა. შესაბამისად, ეს კრიზისი ჩვენც არანაკლებ შეგვეხო.

მოგვიწია სტრუქტურულად გადაგვეწყო გარკვეული საოპერაციო საკითხები, რათა შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები.

ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ განვლილი 14 წლის მანძილზე შევიძინეთ ერთგული მომხმარებლები (როგორც ფიზიკური პირები, ასევე კომპანიები), რომლებიც გულწრფელად აღნიშნავენ, რომ გარდა პროდუქციისა, ჩვენთან დახვეწილი მომსახურების გამოც მოდიან. ზოგიერთ ჩვენს ფილიალში ჩვენი კონსულტანტები 10 წელზე მეტია მუშაობენ და მათ თავიანთი ლოიალური მომხმარებლები ჰყავთ.

გყავდეს გუნდი, რომელიც კომპანიის ერთგულია - ამის მიღწევა ადვილი არ არის და მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით.

რა გამოარჩევს "ჩაიმანიას" ასორტიმენტს?

ჩვენი ჩაის კოლექცია მოიცავს დაახლოებით 80-100 სახეობის ჩაის. პროდუქციის განახლება ხდება 2-3 თვეში ერთხელ. ამ დროს ვამატებთ მინიმუმ 6-8 სახეობის ახალ ჩაის. ვტესტავთ, თუ როგორ მოეწონება ჩვენს გამოცდილ კონსულტანტებს და მომხმარებლებს. თუ დადებითი უკუკავშირი მივიღეთ, ამის შემდეგ ვამატებთ ძირითად კოლექციაში.

გვაქვს 20-მდე სახეობის ჩაი, რომელიც 14 წელია ჩვენს კოლექციაშია და დღემდე ყველაზე გაყიდვადია. ასევე, გვაქვს რამდენიმე ძალიან სპეციფიკური და იშვიათი სახეობები (ყვითელი ჩაი ან შებოლილი ჩაი "ლაპსანგ სუშონგი"), რომლებიც გათვლილია ძალიან ვიწრო სეგმენტზე.

გარდა ჩაისა, გვაქვს 25 სახეობის ყავა, როგორც სუფთა, ასევე, არომატიზირებული. ყავა ბევრად უფრო პოპულარულია საქართველოში ვიდრე ჩაი. ჩვენი საერთო გაყიდვების ნახევარზე მეტი ყავაზე მოდის. ამ საკითხშიც საკმაოდ განსხვავებულები ვართ ბაზარზე, რადგან მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ არომატებს როგორიცაა: ჩილი შოკოლადით, შოკოლადი ფორთოხლით ან ალუბლით, ირლანდიური ნაღები, ტყის თხილი და კაპუჩინო.

მინდა, გამოვყო ქართული პროდუქცია, რომელიც ჩვენს მაღაზიებშია წარმოდგენილი. უმეტესწილად ვცდილობთ, მცირე მეწარმეებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შედიან დიდ სავაჭრო ქსელებში, მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი პროდუქცია ჩვენთან განათავსონ. ასეთი უკვე 10-მდე კომპანია გვყავს, ვისთანაც ვთანამშრომლობთ. ამასობაში, მათაც დახვეწეს პროდუქტი და შეფუთვა. ზოგმა უკვე თავისი სტენდიც კი გახსნა. სტარტაპების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს იგივეა, როცა თანამშრომლის სამსახურში აყვანა გამოცდილების გარეშე არავის უნდა და პირველი ხელშეწყობა ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორ გადაწყვეთ ონლაინ კომერციაზე და რამდენად აქტიური ამ მხრივ მომხმარებელი?

ძალიან გაგვიმართლა, რომ ონლაინმაღაზიაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2019 წელს დავიწყეთ და წლის ბოლოს უკვე გავუშვით ეს პროდუქტი. მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ არ იყო ეს საკითხი ასე აქტუალური მაშინ. ისე მოხდა, რომ პირველი "ლოქდაუნის" დროს, ჩვენი მაღაზიების ძირითადი ნაწილი მუშაობდა. დაიკეტა მხოლოდ 2 ფილიალი სავაჭრო ცენტრებში და ონლაინმაღაზიაც ამოძრავდა.

ქართველი მომხმარებლისთვის ონლაინშოპინგი მაინც სიახლეა და პოპულარიზაციას დრო დასჭირდება. 2021 წლისთვის სინერჯისთან ერთად ვგეგმავთ არაერთ აქტივობას, რომელიც სწორედ ონლაინმაღაზიის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული.

მიუხედავად ბევრი სირთულისა, დავრწმუნდით, რომ გვყავს მრავალი ერთგული მომხმარებელი, ვისთვისაც ჩვენი პროდუქცია შეუცვლელია, ამიტომ არ ვაპირებთ გაჩერებას და მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი