Cyber Week Sale! 50% Off All Access

ჩემი სოფელი: ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თუ მაღალმთიანი აჭარის მონახულებას გადაწყვეტთ, პირველ დანიშნულების ადგილად აუცილებლად ქედის მუნიციპალიტეტი უნდა აირჩიოთ. გარდა არაჩვეულებრივი ბუნებისა და მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურული ძეგლებისა, აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად, აქტიურ რეჟიმში მოღვაწეობენ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მშრომელი ადგილობრივების შექმნილი რესურსების წყალობით კი ქედა მრავალი წელია არამხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ უცხოელ ვიზიტორებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს.

ქედის მუნიციპალიტეტის ბუნება მოსახლეობას საშუალებას აძლევს გამოიყენოს არსებული რესურსები – მრავალ საქმიანობასთან ერთად, აქ მოჰყავთ განსაკუთრებული ჯიშის ყურძენი, ასევე მისდევენ მეფუტკრეობას. ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტ "ქედა ლიდერის" ხელშეწყობით, ადამიანები ახერხებენ პროექტებში მონაწილეობის მიღებას და მცირე ბიზნესის საჭიროებებით უზრუნველყოფას. მათ რიგებს სულ ცოტა ხნის წინ ლამზირა ხინიკაძეც შეემატა.

როგორც "ქედა ლიდერის" წარმომადგენელი გიორგი აბულაძე ამბობს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (LAG) სამოქალაქო, კერძო და საჯარო სამსახურის მოხელეები ერთი მიზნით ერთიანდებიან: "შემუშავებული გვაქვს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა, გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებებით. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ აქტივობას წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ვახორციელებთ, თუმცა დოკუმენტის ცოცხალი ბუნებიდან გამომდინარე, არსებული გამოწვევების შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მასში ცვლილებები შევიტანოთ. ქედის LAG-ი ახდენს არსებული პროექტების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრასა და დამტკიცებული პროექტების მონიტორინგს".

სწორედ LAG-ის მიერ დაფინანსდა ლამზირას პროექტიც. იგი სოფელ ვაიოდანაა, სადაც ოჯახთან ერთად მრავალი წელია მეფუტკრეობას მისდევს. როგორც მისი მეუღლე, რობერტ მახაჭაძე გვეუბნება, ეს საქმიანობა მრავალი ათეული წელია ოჯახის განუყოფელი ნაწილია, თუმცა განსხვავებით წინაპრების მიერ გამოყენებული მეთოდებისა, ახლა ისინი თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახერხებენ ბიზნესის ეფექტურ მართვას.

ამ ეტაპზე ოჯახი ფლობს 70-მდე ოჯახ ფუტკარს, აწარმოებს წაბლის, აკაციის, მინდვრისა და ყვავილის თაფლს და თაფლისგან და ფიჭისგან არაყს. წლევანდელი მოსავალი უკვე აიღეს – 1 ტონა წაბლის თაფლი, რომლის რეალიზებას საქართველოს მასშტაბით მოახდენენ.

"პანდემიის პირობებში სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ჩვენი თაფლის საზღვარგარეთ გატანა, თუმცა პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით თაფლის სხვადასხვა ზომის ქილებში განთავსება და ეტიკეტირება, რაც დაგვეხმარა მომხმარებლამდე ინფორმაციის მარტივად მიწოდებასა და ნდობის გაზრდაში. ვფიქრობთ, ეს დიდი პლუსი იქნება სამომავლოდ თაფლის საზღვარგარეთ გატანისას" – ამბობს ლამზირა.

სახარბიელო ადგილმდებარეობის გამო, ოჯახს მაისსა და აპრილში ფუტკარი მიჰყავს ისეთ სოფლებში, სადაც ციტრუსია, შედეგად კი იღებენ არაჩვეულებრივი არომატის ციტრუსის თაფლს, ასევე ამზადებენ არაყს, პროპოლისს და სანთელს.

რამდენიმე ხნის წინ, როცა ტურისტთა ნაკადმა იმატა, ოჯახი მივიდა იდეამდე, რომ პროდუქტის დამზადების პროცესი გამჭირვალე გამხდარიყო, ამისთვის კი სჭირდებოდათ კეთილმოწყობილი სივრცე. ლამზირამ გადაწყვიტა ჩართულიყო "ქედა ლიდერის" პროექტში, რომლის შედეგადაც გარდა ზემოთხსენებული სარგებლისა, ოჯახს საშუალება მიეცა საკუთარი ფიქრები რეალობად ექცია. ახლა, თუ სოფელ ვაიოს ესტუმრებით, გზის პირას აუცილებლად შეამჩნევთ სკების მახლობლად აშენებულ ხის ზღაპრულ ქოხს, შესვლისთანავე კი თავბრუს დაგახვევთ თაფლისა და ფიჭის სურნელება, ყველაფერ ამას კი ბონუსად ემატება შესაძლებლობა, თავად ჩაერთოთ თაფლის დამზადების პროცესში და თეორიულად თუ პრაქტიკულად გაიაროთ ყველა ნაბიჯი, რომელსაც მეფუტკრე საბოლოო შედეგის მიღებამდე გადის.

"სასიამოვნოა უყურო ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მეფუტკრეობით. აქ მოდიან არამხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივი დამსვენებლები. ყიდულობენ ან აგემოვნებენ თაფლს, არაყს, მონაწილეობენ ფიჭის ამოღებისა და თაფლის დაწურვის პროცესში. იღებენ ვიდეოებსა და ფოტოებს და ათავსებენ სოციალურ ქსელებში, შედეგად კი ჩვენი პატარა თაფლის სახლის შესახებ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს, რაც ჩვენს ბიზნეს აძლიერებს და ჩვენთვისაც სასიხარულოა" – ამბობს რობერტი.

გიორგი აბულაძის თქმით, არსებული პროექტი რამდენიმე კუთხითაა საინტერესო, პირველი ის, რომ ვაიოში ძირითადად მარნები და საოჯახო სასტუმროებია, თაფლის სახლის იდეა კი სოფელში ადამიანთა მრავალფეროვან საქმიანობას უწყობს ხელს, ასევე ლამზირა მაგალითი გახდა ადგილობრივი ქალბატონებისთვის – "მიგვაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტით გაიზრდება ქალბატონი ლამზირა ხინიკაძის შემოსავლები და ასევე შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილი, ასევე ეს პროექტი ერთგვარად იქნება ხელშემწყობი ქალის როლის გაზრდაში. ჩვენი, როგორც LAG-ის მისიაც ესაა, მუნიციპალიტეტში მოვახდინოთ მოსახლეობის მოტივირება, რათა საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტად გამოიყენოს არსებული რესურსი და დარწმუნდეს, რომ ქედას აქვს დიდი პოტენციალი, მთავარია მონდომება" – ამბობს გიორგი აბულაძე.

უყურეთ ისტორიას აქ:

***

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული, ესენია: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია. საერთო ჯამში, დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ბევრად მეტია ვიდრე კონკრეტული ციფრები – ისინი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხედვას, ენერგიას და ჩანაფიქრებს უყრიან თავს და საზოგადოებას სოფლის განვითარების საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებენ.

მიიღეთ დამატებითი ფაქტები და მონაცემები

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ კამპანიის გვერდი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

AltiHut - ინოვაცია 3000 მეტრზე

როცა გაქვს დიდი იდეები, ხარ მოქნილი და ბევრს მუშაობ, ნებისმიერ სიმაღლეზე ახვალ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში