Get All Access for $5/mo

"ჩიტი თავისუფალია" - ილონ მასკისა და Twitter-ის 7-თვიანი საგის დასასრული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ილონ მასკისა და Twitter-ის გახმაურებული ამბავი დასასრულს მიუახლოვდა. საქმიანი საზოგადოება შვიდი თვის განმავლობაში ადევნებდა თვალს პლანეტის უმდიდრესი ადამიანისა და სოციალური ქსელის ურთიერთობას, რომელიც მასკის მიერ მისი შეძენის ინიციატივით დაიწყო და შემდგომ სასამართლო დავაში გადაიზარდა. თუმცა, სულ ახლახან, 27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, Twitter $44 მილიარდად შეიძინა და "ჩიტი" საბოლოოდ "გაათავისუფლა".

სოციალური ქსელის მფლობელობას მასკი საკმაოდ აგრესიულად შეუდგა და ამბის ოფიციალური დადასტურების შემდეგ, მალევე, თანამდებობებიდან დაითხოვა ტოპ-მენეჯერები, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

"ჩიტი თავისუფალია", − განაცხადა მან საკუთარ ტვიტში მასკმა, რითაც აშკარად მიუთითა საზოგადოებას საკუთარი მიზნებისაკენ, მოხსნას Twitter-ს შეზღუდვების დიდი ნაწილი და სოციალური ქსელების თავისუფლების ახალი სტანდარტი დააწესოს ბაზარზე. თუმცა სიტყვის თავისუფლებისათვის მებრძოლი მასკი აქვე აცხადებს, რომ მაქსიმალურად ეცდება პლატფორმა სიძულვილისა და განხეთქილების ალაგად ქცევისაგან დაიცვას.

გარდა ამისა, ილონ მასკის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია სპამ-ბოტების აღმოფხვრა Twitter-იდან და მომხმარებელთათვის კონტენტის მიწოდების განმსაზღვრელი ალგორითმების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მასკის მიზნებსა და ხედვებს საზღვარი არ აქვს, რაშიც მის მიერ აქამდე განხორციელებული წარმატებული პროექტებიც ცხადყოფენ, თუმცა ამ ეტაპზე, იგი არ ასახელებს ადამიანთა ვინაობას, რომლებიც Twitter-ის მართვის სადავეებს ჩაიბარებენ. როგორც მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, სამუშაო ადგილების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს, რითაც კომპანიის 7500 თანამშრომლის ვნებათა ღელვაც გამოიწვია. 27 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში მასკმა აღნიშნა, რომ Twitter-ს იგი ფულის შოვნის წყაროდ არ აღიქვამს, არამედ ისახავს სრულიად ალტრუისტულ მიზანს − "დაეხმაროს კაცობრიობას, რომელიც მას ძლიერ უყვარს".

ცნობისთვის, მასკმა თანამდებობიდან გაათავისუფლა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, ფინანსური დირექტორი ნედ სიგალი და იურიდიულ საქმეთა ხელმძღვანელი − ვიჯაი გადე. Twitter-ის ახალი მფლობელი მათ ბრალს სდებს მისი და ინვესტორების განზრახ შეცდომაში შეყვანაში, პლატფორმაზე ყალბი ანგარიშების რაოდენობის დამალვის გამო. ზოგიერთი წყაროს თანახმად, აგრავალი და სიგალი შეთანხმების დახურვის მომენტში Twitter-ის სან ფრანცისკოს ოფისში იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი იძულებით გამოუშვეს.

მასკი, რომელიც ამჟამად SpaceX-ის მმართველობაში აქტიურადაა ჩართული, Twitter-ის გენერალურ დირექტორობასაც გეგმავს, რაც მის უშუალო ჩართულობას პლატფორმის ოპერირებაში კიდევ უფრო გაზრდის.

შეთანხმების საბოლოო დახურვამდე ერთი დღის ადრე, 26 ოქტომბერს მასკმა კერამიკული ნიჟარით ხელში ამაყად შეაბიჯა Twitter-ის სათავო ოფისში და მალევე, სოციალური ქსელის საკუთარ ანგარიშზე პროფილის აღწერაც შეცვალა, წარწერით − Chief Twit. ამავდროულად, ერთ-ერთი პირველი, რაც მასკმა კომპანიის მფლობელობის დადასტურების შემდეგ გააკეთა, სარეკლამო კომპანიებთან შეხვედრა იყო, სადაც მან დაამშვიდა ისინი და დაარწმუნა, რომ Twitter-ში დაგეგმილი საკადრო თუ კომპანიის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილება გავლენას არ იქონიებს პლატფორმის კომერციულ მიმზიდველობაზე.

აღსანიშნავია, რომ მასკი აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიშის აღდგენასაც დაჰპირდა საზოგადოებას, რომელიც დაბლოკილი იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, თუმცა ტრამპმა თავად განაცხადა უარი პლატფორმაზე დაბრუნების თაობაზე და საკუთარი სოციალური ქსელი − Truth Social აამოქმედა.

რა ელის Twitter-ს მომავალში? მასკი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ პლატფორმას ერთგვარი "სუპერ-აპის" შექმნის პლაცდარმად განიხილავს, სადაც ადამიანები შეძლებენ როგორც ფულადი გზავნილების განხორციელებას, ისე ტაქსის გამოძახებას და მრავალი სხვა მომსახურების მიღებას. თუმცა, ამჟამად, Twitter არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია და ყველაფერს აკეთებს აქტიური მომხმარებლების მოსაზიდად პლატფორმაზე. სტატისტიკის თანახმად, "აქტიური ტვიტერები" მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 10%-ს შეადგენენ, რომლებიც "ტვიტების" 90%-ს წერენ თვის განმავლობაში და პლატფორმის შემოსავლის ნახევარს აგენერირებენ.

ილონ მასკი VS Twitter

გარიგების განხორციელებისა და საბოლოო შეთანხმებისკენ მიმავალმა "ეკლიანმა" გზამ სათუო გახადა, შეიძენდა თუ არა მასკი Twitter-ს რეალურად. ყველაფერი 4 აპრილს დაიწყო, როდესაც ილონ მასკმა სოციალური ქსელის აქციების 9,2%-ის შეძენის თაობაზე განაცხადა და კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა.

ამის შემდეგ, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი დათანხმდა Twitter-ის დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებას, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და კომპანიის შეძენის შესახებ საკუთარი ინიციატივა წამოჭრა. მის მიერ დასახელებული ფასი გახლდათ $54,2 − ერთი აქციის სანაცვლოდ, რაც Twitter-ის მესვეურებმა, მასკის მორიგ ხუმრობად აღიქვეს.

მასკის შეთავაზება რეალური იყო და აპრილის ბოლოს, ერთ-ერთ შაბათ-კვირას, ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი მასკის მიერ კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის ყოველგვარი შემოწმების გარეშე წარიმართა, რაც მომდევნო კვირებში ანტრეპრენერის მიერ შეთანხმების გაუქმების საბაბადაც იქცა. მასკმა საჯაროდ დაადანაშაულა Twitter სპამ-ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამალვაში და 8 ივნისს მან Twitter-ზევე განაცხადა მხარეებს შორის შეთანხმების ანულირებაზე.

ზუსტად ოთხ დღეში ამ ამბიდან, Twitter-მა მასკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, გარიგების სამართლებრივი გზით დახურვისათვის. ამ დროისთვის, შესაძლო რეცესიის შიშის გამო, საფონდო ბირჟებზე დაღმასვლა დაიწყო და კომპანიის ფასიც საგრძნობლად დაეცა, რაც Twitter-ის აზრით კიდევ ერთი საბაბი იყო მასკისთვის შეთანხმების გასაუქმებლად, ვინაიდან ხელშეკრულება აქციების ძველი ღირებულების თანახმად იყო დადებული.

იურისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ Twitter საკმაოდ წონად არგუმენტებს ფლობდა და დიდი ალბათობით, სწორედ კომპანიის სასარგებლოდ გადაიხრებოდა "თემიდას სასწორი".

4 ოქტომბერს სწორედ იმ მომენტში, როდესაც Twitter-ის ადვოკატები მასკის თანამდებობიდან ჩამოგდებას აპირებდნენ, მან კვლავ "შემოაბრუნა ფირფიტა" და კომპანიას გარიგების შესრულება შესთავაზა, მანამდე შეთანხმებული ფასით. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი შეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ საბოლოო ვადამდე ზუსტად ერთი დღით ადრე შედგა.

Twitter-ის აქციებით ვაჭრობა ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს შეწყდა და 0,3%-იანი ზრდით, აქციის ფასმა $53,86-ის ნიშნულს მიაღწია. ნიუ იორკის საფონდო ბირჟიდან კომპანიის აქციებს 28 ოქტომბრიდან ამოიღებენ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?