"ჩვენ არ ვიმეორებთ არსებულ ფორმულებს – ვქმნით ახალს, განსხვავებულს და ხმამაღალს!" – გაიცანით კრეატიული სააგენტო PUZZLERS
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს, როცა კომპანიები სულ უფრო კონკურენტულ გარემოში ცდილობენ მომხმარებლის ყურადღების მიქცევას, კრეატიული სააგენტოები იქცნენ ბიზნესის პარტნიორებად, რომლებიც ერთიანი სტრატეგიით ქმნიან ბრენდების იდენტობას, რაც მათ მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარებაში ეხმარება.
ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთ იდეებს, რომლებსაც ხმაურის გამოწვევა შეუძლია – რეალური, შესამჩნევი და ბრენდისთვის მისაღები ხმაურის, რომელიც საბოლოოდ ბიზნესის ზრდაში ითარგმნება.
სწორედ ამ ხედვას იზიარებს PUZZLERS AGENCY, რომელიც შექმნილია ერთი მთავარი მიზნისთვის – "Built To Make Noise!"
Entrepreneur-ს სააგენტოს დამფუძნებლები, ალექსანდრე მენაბდე, მარიამ სიხარულიძე და ირინა მახარობლიშვილი PUZZLERS-ის კონცეფციაზე, სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ:
"როდესაც გაქვს უამრავი იდეა და ზუსტად იცი, რომ ისინი კრეატიულ ინდუსტრიაში თავის სათქმელს იტყვის, რჩება ერთი გზა: შექმნა სააგენტო. ასე გაჩნდა PUZZLERS, რომელიც მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებთან ერთნაირი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით თანამშრომლობს. ჩვენ არ ვიმეორებთ არსებულ ფორმულებს – ვქმნით ახალს, განსხვავებულს და ხმამაღალს!" – გვიყვება მარიამ სიხარულიძე.
PUZZLERS-ის გუნდის მიზანი მკაფიოა: თითოეული ბრენდი ან კომპანია მათთან ერთად გამორჩეული უნდა იყოს. ძლიერი ვიზუალური იდენტობის შექმნა, მკაფიო კომუნიკაცია და ერთიანი სტრატეგიული ხაზი სააგენტოს უპირველესი პრიორიტეტებია. ეს პროცესი მთლიანად გააზრებულია, რათა ყოველი ნაბიჯი საბოლოო მიზნისკენ იყოს მიმართული.
ბიზნესის დაწყება ყოველთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ასე იყო PUZZLERS-ის შემთხვევაშიც. თუმცა გუნდის წევრებს საკუთარი ხედვისა და ერთმანეთის შესაძლებლობების სჯეროდათ. დღეს ისინი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო.
"ამ გადაწყვეტილებამ მოგვცა შესაძლებლობა, გვემუშავა კომპანიებთან, რომლებიც გვენდობიან, ჩვენი ხედვის სჯერათ და ამ ნდობით კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ," – ამბობს ალექსანდრე მენაბდე.
PUZZLERS-ის განვითარებაში დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიების ნდობა. საწყის ეტაპზე, საკუთარი პორტფოლიოს არქონის პირობებში, ამ ნდობის მოპოვება დიდი გამოწვევა იყო:
"PUZZLERS-ს, როგორც ახალ სააგენტოს, ჯერ არ ჰქონდა საკუთარი პორტფოლიო და კომპანიებთან ერთად შექმნილი ნამუშევრები, რომლებსაც ახალ დამკვეთებს გავუზიარებდით. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს დიდი პროფესიული გამოცდილება და ბევრი წარმატებული პროექტი ჰქონდა, დამოუკიდებელი სააგენტოს პირობებში ეს გზა თავიდან უნდა გაგვევლო. სწორედ ამ ეტაპზე არის ყველაზე რთული ადამიანების ნდობის მოპოვება – რთულია გენდონ, როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ," – ამბობს ირინა მახარობლიშვილი.
როგორც PUZZLERS-ის დამფუძნებლები ამბობენ, შთაგონებაც და მოტივაციაც სწორედ ის პროცესია, როცა იდეა რეალურ ფორმას იღებს და ეტაპობრივად ბრენდად ყალიბდება. მუშაობისას მათთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება, რომელიც იდეებს საშუალებას აძლევს სრულად, კრეატიულად გამოვლინდნენ. სწორედ ასე დგება შედეგი, რომელიც თვალსაჩინოა.
გუნდის მიზანი მარტივი და ამავე დროს ამბიციურია – PUZZLERS გაიზარდოს, როგორც ძლიერი კრეატიული სააგენტო, რომელიც ბრენდებს დაეხმარება რეალური შედეგის მიღწევაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.