Get All Access for $5/mo

"ჩვენ პოზიტიური ცვლილებები მოგვაქვს" - SOCAR Georgia "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ ქართულ გამოცემაში შევა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SOCAR Georgia Petroleum-ის წარმატებული ბიზნესმოდელი მარკეტინგის ქართულენოვან სახელმძღვანელოში იქნება განხილული. Kotler Impact-ის, AWE Consulting-ისა და "ლურჯი ოკეანის" ერთობლივ პროექტ-სახელმძღვანელოში "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები", ერთ-ერთი შესასწავლი ქეისი სწორედ "სოკარის" გამოცდილება იქნება.

SOCAR Georgia Petroleum საერთაშორისო ნავთობგიგანტის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ძირითადი სამუშაო მიმართულებაც ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაციაა, აგრეთვე ბუნებრივი აირის იმპორტი, მიწოდება და განაწილება სოციალური და კომერციული მომხმარებლებისთვის საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, კომპანია ჩართულია მრავალ სოციალურ თუ საქველმოქმედო კამპანიაში, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში კულტურისა თუ სპორტის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას.

Kotler Impact თანამედროვე მარკეტინგის ფუძემდებლისა და "დარგის მამად" წოდებული ფილიპ კოტლერის ნამუშევარია. ის სტაბილური გლობალური გარემოსა და ეკონომიკური განვითარებისკენ განათლებით, ტრენინგებითა და ჰოლისტური მიდგომებით მიისწრაფვის.

Kotler Impact-თან ერთად ქართულენოვანი სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობას AWE Consulting და "ლურჯი ოკეანეც" იღებენ. პროექტის მიზანია წარმატებული ქართული ბიზნესმოდელების ქეისების სახით განხილვა, მათ მაგალითზე მიდგომების, მიგნებებისა და წარმატებისაკენ გადადგმული ნაბიჯების შესწავლა. ეს მარკეტინგით დაინტერესებული საქართველოში მცხოვრები პირებისათვის უნიკალური და პირველი შესაძლებლობაა, მსგავსი კუთხით გაეცნონ ქართულ ბიზნესს.

პროექტი საერთაშორისო მასშტაბით ხორციელდება და მსგავსი წიგნები უკვე გამოიცა იტალიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში, ხოლო წლის ბოლომდე ეს რიცხვი ათამდე გაიზრდება, მათ შორის, აშშ-სა და გერმანიაშიც. "ლურჯი ოკეანის" წარმომადგენელმა თამთა ჯაფარაშვილმა Entrepreneur-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პროექტში მონაწილეობას იღებენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა Danone, Oracle, Lamborghini, Google, Porsche, Heineken, Ferrari, Accenture და ა.შ.

პროექტისა და მასში "სოკარის" მონაწილეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისათვის კომპანიის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელს, თორნიკე ვასაძეს ვესაუბრეთ:

როგორ მოხვდა "სოკარი" პროექტში? რა არის თქვენი წარმატების ფორმულა, რამაც, თქვენი აზრით, ყურადღება მიიქცია?
უპირველესად, ძალიან გვიხარია, რომ გვაქვს პატივი ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი. რაც შეეხება "სოკარს", მისი წარმატების ფორმულა რამდენიმე მთავარ ღირებულებაზე დგას − ეს არის გულწრფელობა, მდგრადობა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მუდმივი ყურადღება. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ქმედებები იყოს აქტუალური და გრძელვადიანი დადებითი შედეგების მომტანი საზოგადოებისთვის.

ჩვენი აზრით, პროექტის ავტორების ყურადღება სწორედ იმან მიიქცია, რომ "სოკარი" პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციაა, რომელსაც ხელშესახები და პოზიტიური ცვლილებები მოაქვს ინდუსტრიისთვისა და გარემოსთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ − "სოკარი" საზოგადოების აქტიური წევრი უნდა იყოს და მოხარული ვართ, რომ ამას წარმატებით ვახერხებთ.

რა მნიშვნელობა აქვს პროექტში მონაწილეობას თქვენთვის?
პროექტმა საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა ის ფასეულობები, რომლებისაც გვჯერა და რომლის დაცვისთვის ბევრს ვშრომობთ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შესაძლებლობა, შთაგვეგონებინა სტუდენტები. გვინდოდა მაგალითი გვეჩვენებინა მათთვის, რომ ტრადიციულად "არამწვანე" ინდუსტრიების შემთხვევაშიც, საზოგადოებისთვის სასიკეთო ქმედებების განხორციელება შესაძლებელია.

როგორ იმოქმედებს ეს თქვენს სამომავლო გეგმებზე?
ვფიქრობთ, კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩავრთავთ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილს ჩვენს სტრატეგიაში. გავაფართოებთ ჩვენს CSR (Corporate Social Responsibility − კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა) ინიციატივებს და მიმართულებებს, და მუდმივად გავაუმჯობესებთ ჩვენს პოზიტიურ ზეგავლენას. ბრენდის ტრანსფორმაცია არის უწყვეტი პროცესი და ეს პროექტი დაგვეხმარება უფრო მდგრადი კურსი ავიღოთ უკეთესი მომავლისთვის.

როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი მოაქვს ამ პროექტს როგორც მონაწილე, ისე სხვა ადგილობრივი კომპანიებისთვის?
მონაწილე ადგილობრივი კომპანიებისთვის ეს პროექტი რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი: იგი უზრუნველყოფს წვდომას განსაკუთრებულ აუდიტორიასთან − დარგის მიმდინარე და მომავალ პროფესიონალებთან. ყველა ჩართული ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის გასახარია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და მიღების შესაძლებლობა ასეთ დონეზე.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე ბიზნესებთან თანამშრომლობის პოტენციალი იარსებებს. ეს და მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს უფრო მეტ ინოვაციას, რაც საბოლოოდ უკეთეს პროდუქტებად, სერვისებად და საზოგადოებად გარდაიქმნება.

არამონაწილე კომპანიებისთვის ეს იქნება დამატებითი წყარო იმისათვის, რათა უფრო მეტი შეიტყონ ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებზე და დაინახონ რეალური შედეგები. ისინი მიიღებენ ცოდნას ცვალებად ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და სამომხმარებლო ღირებულებების განვითარებაზე.

მადლობელი ვართ ამ შესაძლებლობისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ მრავალი ასეთი მნიშვნელოვანი, საერთაშორისო დონის პროექტი განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.