Get All Access for $5/mo

Coinbase შეცდომას არ აღიარებს - როგორ ემუქრება ის ქართველ მომხმარებლებს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

30 აგვისტოს, Coinbase პლატფორმაზე გამოწვეულმა ტექნიკურმა ხარვეზმა ასობით ქართველი კრიპტო მოვაჭრე გაამდიდრა. ხარვეზის გადაჭრა საათების მანძილზე ვერ მოხდა, რის გამოც ბევრმა მომხმარებელმა შეძლო 100-ჯერ გაზრდილი თანხების მარტივად განაღდება.

აღნიშნული ფაქტიდან თითქმის ორი თვე გავიდა, თუმცა Coinbase შეცდომას ისევ არ აღიარებს. პირიქით, კომპანია ცალსახად იმუქრება, რომ აღნიშნულზე სასამართლოში საქმეს აღძრავს და თითოეულ მომხმარებელზე სარჩელს შეიტანს. მათი თქმით, ეს იქნება ერთადერთი და სამართლიანი გზა თანხის დასაბრუნებლად.

რა მოხდა სინამდვილეში - როგორ გამდიდრნენ ქართველი მომხმარებლები?

Coinbase ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მსხვილი კრიპტო ბირჟაა, რომელიც ათი ათასობით მომხმარებელს აერთიანებს. საქართველოში კრიპტო ვალუტით ვაჭრობა საკმაოდ პოპულარულია, რამაც თავისთავად განაპირობა Coinbase-ის აქტიური მოხმარება.

30 აგვისტოს, დილით, პლატფორმაზე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რომელიც კომპანიამ საკმაოდ გვიან შეამჩინა. კონკრეტულად, ლარის ფასი დოლართან მიმართებით ასჯერ მაღალი კოეფიციენტით გამოჩნდა. მიმდინარე პერიოდისთვის ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.88 ლარი იყო. ხარვეზის ფონზე, კი ფასი 288 ლარით შეიცვალა. შესაბამისად, მომხმარებლებს რომლებიც ციფრული ვალუტით ქართული ლარის ექვივალენტში ვაჭრობდნენ, შესაძლებლობა მიეცათ, ასჯერ მაღალი ფასით გაეყიდათ არსებული აქტივები. შედეგად მომხმარებლებმა რომლებსაც რამდენიმე ასეული დოლარის აქტივი გააჩნდათ პლატფორმაზე, საკმაოდ მაღალი, სწრაფი შემოსავალი მიიღეს.

ექსპერტები უცნაურად აღიქვამენ Coinbase-ის მიერ ხარვეზის დროულად ვერ გამოსწორებას. ედუარდ კენდი, ერთ-ერთია მათ შორის. ის ექსპერტია ფორექს სექტორში და წარმოადგენს BestOnlineForexBroker.com-ის დამფუძნებელს. შესაბამისად შეხება აქვს უცხოური ვალუტის საფასო ბაზართან. მისი თქმით, მსგავსი ხარვეზის გამოსწორებას ფორექსის ბაზარზე რამდენიმე წუთი სჭირდება. შესაბამისად, საინტერესოა რატომ ვერ მოახერხა ეს Coinbase-მა და რატომ დასჭირდათ მათ ამისთვის 7 საათი. მსგავს მოსაზრებას იზიარებენ სხვა ექსპერტებიც.

აღნიშნული ცვლილება ასობით მოვაჭრემ შეამჩნია. მათ მასიურად დაიწყეს არსებული კრიპტოვალუტების გაყიდვა, მიღებული თანხის ანგარიშებზე გადატანა და განაღდება. სწორედ მასიური თანხის გატანის ფონზე შეამჩნია კომპანიამ არსებული ტექნიკური ხარვეზი, თუმცა ვერ შეძლო მისი დროულად გამოსწორება. ერთადერთი, რაც Coinbase-მა მოახერხა ბანკებთან თხოვნით მიმართვა იყო. შედეგად საქართველოს ბანკის მომხმარებლებს, რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ, შეეზღუდათ ანგარიშებზე წვდომა. დაიბლოკა მათი ანგარიშებიც, ვისაც Coinbase-დან ჯერ თანხა არ ჰქონდა განაღდებული.

გამომდინარე იქიდან, რომ ფორექს მარკეტის მომგებიანობა ეფუძნება ათობით სხვადასხვა ვალუტის ფასის ცვლილებას, მსგავსი ტექნიკური ხარვეზები საკმაოდ ხშირია. ედვარდ კენდის განცხადებით, მიუხედავად ხარვეზების სიხშირისა, მარკეტი მსგავს პრობლემებს რამდენიმე წუთში აგვარებს, რათა ადამიანებმა გაზრდილი, არარეალური ფასით ბოროტად არ ისარგებლონ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტიდან დიდი პერიოდია გასული, ჯერ კიდევ უცნობია საერთო განაღდებული თანხის ოდენობა. გავრცელებული ვარაუდით, საერთო დანაკარგი 100 მილიონ ლარს აღემატება. რაც შეეხება იმ მომხმარებლების რაოდენობას, რომლებმაც ხარვეზის ფონზე მაღალი შემოსავალი მიიღეს, საკმაოდ მცირეა. კონკრეტულად Coinbase-ს 130 მილიონ ადამიანზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. მხოლოდ 0.001%-მა ისარგებლა ამ ტექნიკური ხარვეზით, რაც დაახლოებით 1 030 ადამიანს შეადგენს.

Coinbase-ის მუქარა - რა არის შესაძელო შედეგები?

როგორც აღინიშნა, Coinbase-ის ტექნიკური ხარვეზიდან დაახლოებით ორი თვე გავიდა, თუმცა კომპანიის მხრიდან, ოფიციალური კომენტარი და ქმედება ჯერ არ დაფიქსირებულა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომპანია ოფიციალურად ორჯერ დაეკონტაქტა იმ მომხმარებლებს, რომლებმაც თანხები გაანაღდეს. პირველი კომუნიკაცია ხარვეზიდან მალევე მოხდა, სადაც კომპანიამ კრიპტო მოვაჭრეებს გატანილი თანხის უკან დაბრუნება, ოფიციალური წერილის მეშვეობით მოთხოვა. საბოლოო ვადა კი მომხმარებლებს სექტემბრამდე ჰქონდათ. ჯერჯერობით უცნობია დააბრუნა, თუ არა რომელიმე მომხმარებელმა პლატფორმაზე თანხა.

მეორე ოფიციალური კომუნიკაცია კი არა Coinbase-სგან არამედ, ქართული იურიდიული კომპანიის "ღვინაძე და პარტნიორების" მხრიდან მოხდა. მათი განცხადებით, ისინი საქართველოში Coinbase-ის ინტერესებს იცავენ. წერილში ყურადღება იყო გამახვილებული, იმაზე, რომ მომხმარებლებმა კომპანიის თხოვნა სათანადოდ არ ჩათვალეს და მითვისებული თანხები არ დააბრუნეს.

იურიდიულმა კომპანიამ მოვაჭრეები გააფრთხილა, რომ Coinbase სასამართლოში ოფიციალური საქმის დაწყებას აპირებს, რაც ყველა მომხმარებელს უმძიმებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კომპანია მოითხოვს, რომ მოვაჭრეებმა არაკეთილსინდისიერი ქცევა გამოასწორონ და უსამართლოდ მიღებული თანხა, დროულად დააბრუნონ პლატფორმაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია ყველა ადამიანს სამართლებრივი დავის ფარგლებში დააკისრებს დანაშაულზე პასუხისმგებლობას. თუ თანხების დაბრუნება დროულად მოხდება, სამართლებრივი დავა თავიდან იქნება აცილებული.

ვინ იცავს ქართველი მომხმარებლების ინტერესებს?

რაც შეეხება ქართველი მოვაჭრეების ინტერესების დაცვას, მას იურისტი ავთანდილ კუჭავა იცავს, რომელიც კრიპტო ბაზრის ერთ-ერთი დამფუძნებელია. აღსანიშნავია, რომ კუჭავა მხოლოდ მომხმარებელთა ნაწილის ინეტერესებს დაიცავს, რაც დაახლოებით 300 მოვაჭრეს მოიცავს. ეს არის რაოდენობა, რომელთანაც მოლაპარაკება შედგა, აცხადებს იურისტი. მათ ოფიციალურად მიმართეს Coinbase-ს და მოლაპარეკებების დაწყება შესთვაზეს, თუმცა ოფიციალური პასუხი კომპანიისგან ჯერ კიდევ არ მიუღიათ. Coinbase-ს პასუხი 10 ოქტომბრამდე უნდა წარედგინა, თუმცა მათი მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

პასუხის ვადასთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ისინი ბევრად კეთილსინდისიერად მოიქცნენ. Coinbase-ის იურიდიულმა წარმომადგენელმა საქართველოში, მომხმარებლებს რეაგირება იმდღესვე დააკისრა, როდესაც კუჭავამ მათ ვადა 10 ოქტომბრამდე მისცა. მისი თქმით, კომპანია რომელიც მყისიერ რეაგირებას ითხოვს თავისივე დაშვებულ შეცდომაზე, უნდა დროულად პასუხობდეს მეორე მხარის მოთხოვნას.

ვინ არის დამნაშავე? - Coinbase თუ ქართველი მოვაჭრეები

ავთანდილ კუჭავა აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი Coinbase-ის ბრალეულობაა, თუმცა კომპანია ამას შეცდომას არ უწოდებს. შესაბამისად, აღიარების გარეშე, მომხმარებლებთან მუქარანარევი წერილების გაგზავნა მიუღებელი და არაკეთილსინდისიერია. კუჭავა მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ გაცხადებული შეუსაბამოდ მიღებული თანხები არაადეკვატური ტერმინია, რადგან ეს არის უბრალოდ კომპანიის შეცდომით და მისი ვერ გამოსწორებით მიღებული შედეგი.

მონაწილეობა ორივე მხრისაგან ფიქსირდება, მაგრამ მხოლოდ ერთ მხარეზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორი და არასამართლიანია. ამიტომ იურისტი თვლის, რომ მოლაპარაკებების დაწყება ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება, რადგან ფაქტში Coinbase არ არის სრულიად უდანაშაულო.

გამომდინარე იქიდან, რომ Coinbase-ს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია და არც ავთანდილ კუჭავასთან მოლაპარაკებები დაუწყია, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. საზოგადოებისა და ექსპერტების ვარაუდით, საბოლოოდ საქმე სამართლებრივი დავის საგანი გახდება. ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა და რომელი მხარის ქმედება შეფასდება არაკეთილსინდისიერად, უცნობია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია