Get All Access for $5/mo

Conscious Leader - ტრანსფორმაციული სემინარი ლიდერებისთვის ''ლეო ინსტიტუტისგან''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Gallup-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 165 000 კომპანიაში ჩატარდა, საქართველოში, ისევე, როგორც გლობალური მასშტაბით, კომპანიებში დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური, ხოლო ამ ნაწილის 1/3-ს უბრალოდ სძულს რასაც აკეთებს. Gallup-ის გარდა, Mckinsey-მაც გამოიკვლია მიზეზი იმისა, თუ რა უშლით ადამიანებს უყვარდეთ სამუშაო ადგილი და სრულად იყვნენ ჩართული იმაში, რასაც აკეთებენ. ორივე კვლევის მიხედვით, უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ურთიერთობა უშუალო უფროსთან. ამ კვლევებამდეც არსებობდა ცნობილი გამოთქმა: People leave their managers, not their companies.

მეორე მხრივ, კომპანიები, ამ დემოტივირებული თანამშრომლების სახით, ფარულ საგანძურს ფლობენ, რომლის მიგნება და სწორი მიმართულებით განკარგვა, ორგანიზაციის შეუქცევად ზრდასა და წარმატებას განაპირობებს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება 6-დღიანი ტრანსფორმაციული სემინარი Conscious Leader LEO ინსტიტუტისგან, რომელიც LEO-მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ეხმარება ლიდერებსა და გუნდებს არსებული მენტალური ჩარჩოებიდან გასვლაში და საკუთარი თავის, კომპანიის, პროდუქტის, მომხმარებლისა თუ მთლიანად ბაზრის ახლებურად, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე დანახვაში. მენეჯერობა არის პოზიცია და პასუხისმგებლობა, თუმცა ლიდერობა არის ზუსტად ის, რაც აკლიათ მენეჯერებს, რომ მათ თანამშრომლებს სამსახური შეაყვარონ.

ამ სემინარის მიზანია ლიდერს აღმოაჩენინოს, თუ რა ფორმით, როგორი ქვეცნობიერი მექანიზმებით ზღუდავს იგი ორგანიზაციის განვითარებას და დაანახოს მისი განვითარების შემდეგი ეტაპი. LEO ინსტიტუტის სემინარებზე, ლიდერები თავიანთ გუნდებთან ერთად მოდიან, რაც გაცილებით დიდ შედეგს იძლევა, ვინაიდან ტრანსფორმაციის პროცესის ერთად გავლა უფრო ეფექტიანად ისახება ინდივიდუალურ და ასევე ორგანიზაციის ზრდაზე.

Entrepreneur-ის მკითხველი უკვე იცნობს Leo-მეთოდოლოგიას და ინსტიტუტის ფორმირების ისტორიას, ამჯერად კი ვეცდებით მეტი გიამბოთ ტრანსფორმაციის პროცესის, ლიდერის როლისა და უშუალოდ სემინარის შესახებ, რისთვისაც Leo ინსტიტუტის თანადამფუძნებლებს − სამი კოენს და ანა კოენს, კომპანიის დირექტორს გიორგი ბურჭულაძეს და ქოუჩს − თინა კუხიანიძეს ვესაუბრეთ.

"რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ვორქშოპის დროს მივაგენით კონცეფციას, რომელიც ლიდერობის როლს მკვეთრად გამოხატავს. თუკი მატერიალურ სამყაროში მუშაობს Win-Lose-მიდგომა, ანუ რაიმე შეთანხმების ერთი მხარე იგებს, ხოლო მეორე აგებს, პირად ურთიერთობებში მსგავსი კონცეფცია უბრალოდ არ არსებობს. კომუნიკაციის დროს, როგორც ორგანიზაციაში, ისე პერსონალურ დონეზე, არსებობს მხოლოდ Win-Win და Lose-Lose შედეგი. შესაძლებელია თუ არა, რომ ცოლ-ქმარს შორის კამათი ვინმეს გამარჯვებით დასრულდეს? ცხადია, რომ არა.

ასევეა კომპანიის შიგნით, ლიდერსა და გუნდის წევრებს შორის ურთიერთობის დროს. კარგი ლიდერის როლიც სწორედ ამაში მდგომარეობს − იგი უნდა აძლევდეს გუნდს შესაძლებლობას და მიმართულებას. გუნდის წარმატება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ლიდერი იაზრებს, რომ გუნდის ინტერესები ემთხვევა მისას ან გუნდის თითოეული წევრის წარმატება მის წარმატებასაც ნიშნავს. ჩვენ ბევრ ქვეყანაში გვიმუშავია და ყველგან ანალოგიურ გამოწვევებს ვაწყდებით. გუნდური თამაში თანდაყოლილი უნარი არაა, ეს ისწავლება და ვითარდება, ხოლო ლიდერის როლი გუნდისთვის დამოუკიდებლად თამაშის შესაძლებლობების მიცემაა", − აცხადებს სამი კოენი, − "მახსოვს, ერთ-ერთ წარმატებულ ლიდერთან საუბრისას მან ახსენა, რომ ყველაზე რთულად შესასრულებელი ამოცანა მისთვის გახლდათ მისულიყო ოფისში და არ ეთქვა ადამიანებისთვის, თუ რა უნდა ეკეთებინათ. შესაბამისად, ლიდერის როლია დარწმუნდეს, სწორი მიმართულებით მიდის თუ არა ნავი ისე, რომ თვითონ არ იდგეს მის საჭესთან. საკმარისია ეს გააცნობიერო, რომ აღარასოდეს ეცდები პირველობისკენ სწრაფვას და გუნდს აცდი, თავად მიაღწიონ შედეგებს".

როგორც ანა კოენმა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნა, LEO-მეთოდოლოგიის უპირატესობა, კომპანიების საჭიროებებთან მისი ადაპტირების უნარია. ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სემინარმა საქართველოშიც მოითხოვა გარკვეული ცვლილებების შეტანა რიგი კულტურული თუ ისტორიული თავისებურებიდან გამომდინარე, თუმცა არის უნივერსალური გამოწვევები, რომლებიც მსოფლიოს ყველა წერტილში არსებულ კომპანიას ახასიათებს. სწორედ ეს მოქნილობა, რეალობისა და საერთო კონტექსტის გათვალისწინების შესაძლებლობა აქცევს Leo-მეთოდოლოგიას უნიკალურ შესაძლებლობას ორგანიზაციებისთვის, რათა კონკრეტულად მათ პრობლემებთან მორგებული, თუმცა სისტემური მიდგომით დაძლიონ ბარიერები და დაინახონ ზრდის სივრცე, როგორც ლიდერებმა, ისე გუნდის წევრებმა.

Leo ინსტიტუტის დირექტორ გიორგი ბურჭულაძის თქმით, ლიდერობა არის ადამიანის უნარი, შექმნას შესაძლებლობები სხვა ადამიანებისთვის, რათა ისინი გაიზარდონ, შეძლონ მეტი გააკეთონ საკუთარი თავისთვის და ორგანიზაციისთვის დასახული მიზნის მისაღწევად. ამისათვის კი, ლიდერი უნდა ფლობდეს ე.წ. ოთხ აუცილებელ უნარს (4 essential skills): მოსმენას, ემპათიას, უკუკავშირის გაცემა-მიღებას და დელეგირებას მხარდაჭერით.

"ეს ოთხი უნარი აუცილებელია ლიდერისათვის გუნდის წევრებთან ურთიერთობისთვის და საერთო ზრდის მისაღწევად. სემინარის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსმენისა და ემპათიის უნარის გაძლიერებას, რადგან მათ ყველაზე ხშირად უგულებელყოფენ, მაშინ, როცა სწორედ ეს უნარები განაპირობებს თანამშრომელთა ჩართულობის ხარისხს. Conscious Leader-ის ფარგლებში ჩვენ მონაწილეებს ვთავაზობთ უკუკავშირის მიცემისა და დელეგირების საფუძვლებს, ხოლო ამ უნარების განვითარება უკვე სპეციფიკური ვორკშოპის დროს ხდება", − აღნიშნავს გიორგი, − "როდესაც ბიზნესს ერთი ადამიანი იწყებს და თანამშრომელი აჰყავს, მას გარკვეულ პასუხისმგებლობებს უზიარებს, რითაც საკუთარი თავისთვის სივრცეს იტოვებს შემოქმედებითი საქმიანობის მიზნით და ზრდისთვის. რაც მეტი ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას გარკვეულ როლზე საერთო მიზნისკენ, მით უფრო ძლიერი ხდება ორგანიზაცია. თითოეული ინდივიდი რეალობას შეზღუდულად აღიქვამს, თუმცა ორი ადამიანი უკვე უფრო ფართო სურათს ხედავს. როდესაც ლიდერი დელეგირებას არ ახდენს და მხოლოდ "შემსრულებელ ხელებს" ქირაობს, იგი არ ამდიდრებს საკუთარ აღქმას რეალობისა და ზღუდავს მიზნისკენ მიმავალ სივრცეს. თუ ლიდერმა მოახერხა გახსნა და იმის დანახვა, რასაც სხვები ხედავენ, ხდება ემულაცია და ორგანიზაციის ზრდაც გარდაუვალია".

მოგეხსენებათ, ბაზარზე არსებული ლიდერობის პროგრამების უმეტესობა ემსახურება ლიდერებისათვის კონკრეტული უნარების განვითარებას და მოცემულ რეალობაში არსებული გამოწვევების გადალახვას. ის, რაც Leo-მეთოდოლოგიას განასხვავებს ყველა სხვა მიდგომისგან, არის სწორედ ტრანსფორმაცია, ახალი რეალობის დანახვა და არსებული მოცემულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, იმ რწმენებისა და წარმოდგენების დაძლევა, რაც გვზღუდავს და შესაძლებლობების აღმოჩენაში გვიშლის ხელს. გიორგის თქმით, ლიდერული ტრანსფორმაციის სემინარი, სწორედ შეზღუდვების მოხსნასა და სრულიად ახალი რეალობის აღქმაში ეხმარება როგორც ლიდერებს, ისე მათ გუნდებს, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით ცვლიან თავიანთ მომავალს.

და მაინც, რა განასხვავებს ტრანსფორმაციას და ცვლილებებს? საიდან იწყება ტრანსფორმაციის პროცესი? ეს ის ფუნდამენტური შეკითხვებია, რომლებიც LEO-მეთოდოლოგიას საფუძვლად უდევს და ათწლეულების განმავლობაში არაერთი კომპანიის წარმატებული ზრდის საწინდარი გამხდარა. Leo ინსტიტუტის ქოუჩის, თინა კუხიანიძის თქმით, თუკი ცვლილება თავისთავადი, ბუნებრივი პროცესია, რომელიც ჩვენი უშუალო ჩართულობისა და ძალისხმევის გარეშე ხდება, ტრანსფორმაცია თავად იმ ჩარჩოს, კალაპოტის მოშლას ან კორექტირებას ნიშნავს, რომელშიც ეს ცვლილებები მიმდინარეობს.

"ადამიანები ხშირად თავად ვუქმნით საკუთარ თავს ჩარჩოებს, რითაც განვსაზღვრავთ ჩვენს მსოფლმხედველობას, საკუთარი თავის აღქმას და ვაფასებთ იმ გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით. ტრანსფორმაცია კი ამ ჩარჩოს დანახვით და მისი გამოწვევით იწყება, ხოლო როდესაც მკვეთრად დაინახავ ამ ჩარჩოს ფარგლებს, გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. რა გვიშლის ხელს მათ დანახვაში? ყველაზე ხშირად, ჩვენი მენტალური ჩარჩოების აღმოჩენაში გვაბრკოლებს ის, რომ ჩვენ საკუთარ პიროვნულ იდენტობას ვაიგივებთ ამ საზღვრებთან და ხასიათის ნაწილად აღვიქვამთ მათ. ბავშვობიდან გვაჯერებდნენ, რომ ჩვენ ასეთები ვართ, ეს ჩვენი ხასიათია და ვერაფერს შეცვლი, მაშინ, როცა ჩარჩო უბრალოდ ჩვენი ჩვევების ნაკრებია და თავად ვსაზღვრავთ მის კონტურებს", − გვიამბობს თინა − "ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს შევუქმნათ ე.წ. უსაფრთხო სივრცე, რომელშიც თავს კარგად იგრძნობენ. ორგანიზაციის გუნდები ბევრნაირი ადამიანისგან შედგება და შეუძლებელია ყველასთვის იმის დაჯერება, რომ რაც აქამდე ჭეშმარიტება ეგონათ, სინამდვილეში მენტალური ჩარჩოა. მსგავსი დაძალებული ტრანსფორმაცია არაეფექტურია და სტრესის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ჩვენ გვჯერა, რომ უპირველეს ყოვლისა, ლიდერებმა უნდა დაინახონ კალაპოტი, რომლის შეცვლაც სურთ და შემდეგ გადასცენ ეს მუხტი დანარჩენ გუნდს. როგორც წესი, თუკი ტრანსფორმაციის პროცესი იწყება, მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი ხდება".

Leo ინსტიტუტის Conscious Leader-ის სემინარი უკვე არაერთმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაიარა და საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებსაც კი მიაღწიეს. გთავაზობთ გამოხმაურებებს Leo ინსტიტუტის მეთოდოლოგიისა და სემინარის ეფექტურობასთან დაკავშირებით:

"(Leo ინსტიტუტის) ლიდერშიპ-პროგრამამ კარდინალურად შეცვალა ჩემი და ჩემი გუნდის ურთიერთობა. ამ პროგრამაში მუშაობის შედეგად ვიღებ მეტად ღია და გულწრფელ უკუკავშირს, აქტიურ კოლაბორაციას და ვხედავ იმ გუნდის შედეგებს, რომელიც სრული პოტენციალით მუშაობს. როგორც მენეჯერს, ეს გამოცდილება მიბიძგებს ვიყო იმაზე გაცილებით უკეთესი მენტორი და ლიდერი, ვიდრე ამას დამოუკიდებლად შევძლებდი", − ალექს პისი, კომპანია Enpro-ს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი და ფინანსური დირექტორი.

"ამ პროგრამით საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ, შევძელი ჩემი 60-კაციანი დეპარტამენტის ტრანსფორმაცია ნეგატიური კონკურენციის მდგომარეობიდან კოლაბორაციულ პარტნიორობამდე. ჩვენმა პროდუქტიულობის ზრდამ 100%-ს გადააჭარბა, თანამშრომლები კი მზად იყვნენ დამატებითი ძალისხმევისთვის", − კარლო ქეინი, Visa International-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი.

"ყველაზე ეფექტიანი პროგრამაა, რასაც დავსწრებივარ Boeing-ში ჩემი 14-წლიანი კარიერის განმავლობაში", − ლინეტ მაკკინონი, The Boeing-ის ინტეგრირებული სერვისების დირექტორი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ