Corset – პანდემიის დროს დაწყებული ბიზნესი, რომელიც ქალებს თავდაჯერებულობისა და თვითგამოხატვისკენ უბიძგებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პანდემიის დროს, როდესაც ბიზნესსექტორი გამოწვევების წინაშე დადგა და გაურკვევლობა ყოველდღიურობად იქცა, მარიამ ტაბატაძემ გაჩერების ნაცვლად მოქმედება აირჩია. 2021 წელს მან შექმნა Corset, რომელიც ქართულ ბაზარზე მხოლოდ სიახლე არ იყო – ის გახდა ბრენდი, რომელიც ქალებისთვის თავდაჯერებულობისა და თვითგამოხატვის საშუალებად იქცა.
Corset-ის კონცეფცია თავიდანვე გასცდა მხოლოდ ტანსაცმლის ფუნქციას. მარიამ ტაბატაძის ხედვით, "კორსეტი" უნდა ქცეულიყო სიმბოლოდ, რომელიც ხაზს უსვამს ქალის ძალას, ინდივიდუალობასა და დამოუკიდებელ ხასიათს. ხუთი წლის შემდეგ Corset უკვე ჩამოყალიბებული ბრენდია, რომელიც არა მხოლოდ პროდუქციას ქმნის, არამედ წარმატებით განსაზღვრავს საკუთარ ნიშას ქართულ ბაზარზე.
"კორსეტზე მუშაობა დავიწყეთ 2021 წელს, პანდემიის პერიოდში, ყველასათვის განსაკუთრებულად რთულ დროს. მაშინ, როცა ბევრი ადამიანი შიშსა და გაურკვევლობაში იმყოფებოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ქალების შინაგან სიძლიერე და თვითრწმენის გაძლიერება გახდა. სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე, შემექმნა ბრენდი ისეთი პროდუქტით, რომლითაც ქალებს შევახსენებდი, რომ სილამაზე, ძალა და თავდაჯერებულობა რთულ პერიოდშიც არ ქრება".
Corset-ის ბიზნესიდეაც სწორედ ამას ემსახურება – თანამედროვე ქალებისთვის თვითგამოხატვის, თავდაჯერებულობისა და ინდივიდუალობის გაძლიერებას.
Corset-ის კოლექციები კლასიკური, ვინტაჟური და თანამედროვე სტილის სინთეზს ქმნის. მარიამ ტაბატაძე Entrepreneur-თან საუბრისას ამბობს, რომ თითოეულ პროდუქტზე განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით მუშაობენ, თითოეული კორსეტის ნიმუშის შექმნას საშუალოდ 2-3 თვე სჭირდება, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და უნიკალურ დიზაინს. ბრენდი მარიამისთვის ქალებისადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა, რასაც უკვე ხუთი წელია აგრძელებს. Corset ქმნის სამოსს, რომელიც ქალებს უბიძგებს ირწმუნონ საკუთარი ძალის, დარჩნენ თავდაჯერებულები ნებისმიერ სიტუაციაში და წარმოაჩინონ შესაძლებლობები და დამოუკიდებელი ხასიათი.
ბიზნესის დაწყება ყოველთვის დაკავშირებულია რისკთან, თუმცა პანდემიის პერიოდში ახალი ბრენდის შექმნა განსაკუთრებულ გამბედაობას მოითხოვდა.
"როცა თითქმის ყველაფერი გაჩერდა, მე გადავწყვიტე დამეწყო ბიზნესი, რაც გარკვეულწილად რისკი იყო. თუმცა ამ სირთულემ პირიქით, გამაძლიერა, რადგან მჯეროდა იდეის, მიზნისა და იმ ღირებულების, რომელსაც Corset ქალებისთვის ქმნიდა. Corset-ის შექმნის გზაზე უამრავი სირთულე შემხვდა, თუმცა თითოეული მომხმარებლის უკუკავშირი ძალას მაძლევდა, რომ ბრენდზე მუშაობა გამეგრძელებინა".
ერთ-ერთი განსაკუთრებული გამოწვევა ნდობის დამსახურება იყო, რაც ნებისმიერი ბრენდის განვითარების ფუნდამენტია. პანდემიის პერიოდში, როდესაც ონლაინბაზარზე ახალი ონლაინმაღაზიები სწრაფად იხსნებოდა და მათი დიდი ნაწილი მომხმარებელს ატყუებდა, ნდობის მოპოვება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.
"ასეთ პირობებში რთული იყო მომხმარებლის დარწმუნება ბრენდის სანდოობაში, მითუმეტეს, რომ არ მქონდა დიდი ფინანსური რესურსი მარკეტინგული აქტივობებისთვის. თუმცა შევძელი სირთულის დაძლევა – როგორც კი შესაძლებელი გახდა, პროდუქცია შოურუმებში განვათავსე, რამაც ნდობის პრობლემაც მოაგვარა".
დამოუკიდებელი ბიზნესის გამოცდილებამ მარიამ ტაბატაძეს აჩვენა, რომ წარმატების საფუძველი იდეისა და ღირებულებების ერთგულებაში, მოთმინებასა და უწყვეტ განვითარებაშია. მისი თქმით, ბიზნესი არასდროს ვითარდება პროგნოზირებადი გზით – პროცესს თან სდევს შეცდომები, შიში და გაურკვევლობა, მაგრამ სწორედ ეს ეტაპებია გადამწყვეტი როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდისთვის.
"ვისწავლე, რომ სირთულეები არ უნდა იქცეს გაჩერების მიზეზად – პირიქით, ისინი განვითარების შესაძლებლობას ქმნიან. დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, დამწყებ ანტრეპრენერებსა და მენეჯერებს ვურჩევდი, არ შეუშინდნენ პასუხისმგებლობას, ისწავლონ გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე რთულ ვითარებაშიც, მუდმივად მოუსმინონ როგორც საკუთარ მომხმარებელს, ისე გუნდის წევრებს და დარჩნენ იმ ღირებულებების ერთგული, რითაც საქმიანობა დაიწყეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ხედვა და ადამიანური ურთიერთობების დაფასება.
ქალებსა და გოგონებს კი, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობენ, მაგრამ შიშის ან სხვა დაბრკოლების გამო ნაბიჯის გადადგმას აყოვნებენ, ვეტყოდი, არ დაელოდონ "იდეალურ დროს". თავდაჯერებულობა ხშირად მოქმედების პროცესში იბადება. შიშსაც იგრძნობთ, თუმცა მნიშვნელოვანია საკუთარი ძალის რწმენა და პირველი ნაბიჯის გადადგმა. ასევე, უნდა გააცნობიეროთ, რომ ოცნების ასახდენად დიდი კაპიტალი სავალდებულო არ არის – საქმის მცირე ინვესტიციით დაწყებაც შესაძლებელია, როგორც ეს მე გავაკეთე ხუთი წლის წინ".
მარიამისთვის ანტრეპრენერი სწორედ ის ადამიანია, რომელიც არ ელოდება "იდეალურ მომენტს", ხედავს პრობლემას, გრძნობს პასუხისმგებლობას და მოქმედებს. მისი თქმით, ანტრეპრენერობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნესის შექმნით – ეს პასუხისმგებლობაა იდეაზე, ადამიანებსა და ღირებულებებზე.
მომსახურებისა და პროდუქტების შექმნის პროცესში მარიამ ტაბატაძის მთავარი ინსპირაციის წყარო ქალებია. ყოველდღიური ურთიერთობები, მათი ისტორიები, სურვილები და მოლოდინები Corset-ის დამფუძნებელს საშუალებას აძლევს, შექმნას პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად დახვეწილია, არამედ ქალებს თავდაჯერებულობას, სილამაზესა და შინაგან ძალას აგრძნობინებს.
რაც შეეხება Corset-ის განვითარების გეგმებს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მარიამ ტაბატაძე გეგმავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ახალი დიზაინებისა და კოლექციების დამატებას, ფილიალის გახსნას და ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე ეტაპობრივად გატანას.