Get All Access for $5/mo

''Crosty-ს კრიტიკა იმის გამო, რომ კომპანია საკუთარ სასაქონლო ნიშანს იცავს, შინაარსს მოკლებულია'' - ზურა გირჩი ჯაფარიძე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია Crosty-ის მიერ სიტყვა "თავისუფლების" სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციისა და ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. ნაწილი მიიჩნევს, რომ "თავისუფლების" "დაპატენტება" არაა გამართლებული, მეორე ნაწილი კი უშუალოდ კომპანიას ადანაშაულებს, ხოლო ზოგის აზრით, საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოების თანახმად, ბიზნესს უნდა ჰქონდეს უფლება დაიცვას ბრენდის იდენტობის გამომსახველი ვიზუალური ნიშანი და ამით გაიმყაროს საკუთარი პოზიციები ბაზარზე.

"ქროსთის" სასაქონლო ნიშნისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, Entrepreneur პარტიის "გირჩი − მეტი თავისუფლება" დამფუძნებელს, პოლიტიკოს ზურა გირჩი ჯაფარიძეს ესაუბრა.

რას ფიქრობთ აღნიშნული ქეისის შესახებ? რა ტიპის პრეცედენტია ეს ქართული ბაზრისთვის?
ჩემი აზრით, "ქროსთის" კრიტიკა იმის გამო, რომ იგი საკუთარ სასაქონლო ნიშანს იცავს, შინაარსს მოკლებულია. ამასთან, რაც მე ვნახე, ადამიანი, რომელსაც კომპანია უჩივის, თავად აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების არსებობას და უნდა, რომ მის მიერ შექმნილ პროდუქციასაც ჰქონდეს ასეთი ტიპის დაცვა. თუ ინტელექტუალურ საკუთრებას აღიარებ, "ქროსთის" დარეგისტრირებული აქვს კონკრეტული კალიგრაფიით სიტყვა "თავისუფლება", როგორც სასაქონლო ნიშანი და იქცევა ისე, როგორც ბევრი სხვა კომპანია საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც, როცა საკუთარ სავაჭრო ნიშანს ან სხვა ტიპის ინტელექტუალურ საკუთრებას იცავენ. ცხადია, რომ სიტყვა "თავისუფლებას" ვერავინ მიითვისებს, აქ მხოლოდ სასაქონლო ნიშანზე, კონკრეტულ ვიზუალურ ფორმაზეა საუბარი.

როგორია უშუალოდ თქვენი, როგორც ლიბერტარიანელის, პოზიცია სასაქონლო ნიშნის, პატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით?
მე არ ვაღიარებ ინტელექტუალურ საკუთრებას. მგონია, რომ საკუთრების ასეთი ფორმა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მჯერა, რომ საკუთრების უფლების დაწესებას შინაარსი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ტიპის პროდუქციაზე, რომელიც არის შეზღუდული რაოდენობის. თუ რაიმე შეზღუდული არაა და ერთი ადამიანის მხრიდან მისი გამოყენება არ უშლის ხელს სხვა ადამიანს, რომ მანაც გამოიყენოს, მაშინ საკუთრების არსებობას აზრიც ეკარგება. როდესაც ვუსმენ ვიღაცის შექმნილ მუსიკას, ამით არ ვუშლი სხვას, რომ მანაც მოუსმინოს იმავე ნაწარმოებს.

რეალურად, ამას არანაირი პატენტი არ სჭირდება. თუკი ასეთი სავაჭრო ნიშანი შექმნა რომელიღაც კომპანიამ, "დაბრენდა", "გააპიარა", ეს ნიშანი ხარისხის მაჩვენებელი გახდა და შესაბამისად მოგებაც გაზარდა, ხოლო ვიღაცამ ეს ნიშანი საკუთარ უხარისხო პროდუქციას დაადო, ავტორს თამამად შეუძლია სასამართლოში იჩივლოს. ნორმალური სასამართლო გაარჩევს ამ ქეისს, იტყვის, რომ კონკრეტულ კომპანიას კონკრეტული სავაჭრო ნიშნის სხვის მიერ გამოყენებით ზიანი მიადგა, შეელახა იმიჯი, მოგება შეუმცირდა და შესაბამისად, სასამართლო გამოიტანს განაჩენს. მსგავს ქეისებს სასამართლოს გზით უნდა ებრძოლო და არა პატენტების ცნების შემოტანით.

როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ კუთხით? როგორ იცავენ მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს?
ინტელექტუალური საკუთრების ცნება ერთ-ერთი აქტუალური თემაა და ამერიკელები ხარჯავენ ძალიან ბევრ ფულს ამ თემის წინ წამოსაწევად. აშშ იბრძვის ამისთვის, მათ შორის დავები ჰქონდა ევროკავშირთან და ახლაც აქვს მიმდინარე დავა ჩინეთთან, თუმცა ჩემი აზრით ეს მიდგომა არასწორია. რაც შეგვეხება ჩვენ, საქართველო ვერ გამოეთიშება ამ გლობალურ სისტემას, ვინაიდან ეს ბევრ პრობლემას შეგვიქმნის, რაც ამჟამად არ ღირს ბრძოლად.

მაგალითისთვის, ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში არის თავისუფალი ზონები, სადაც ინტელექტუალური საკუთრების უფლება არ მოქმედებს. სწორედ ამიტომ ტექნოლოგიურად ჩინეთი საკმაოდ სწრაფად განვითარდა. თუკი აშშ-ში "აიფონის" მსგავს ტელეფონს გააკეთებ, Apple აუცილებლად გიჩივლებს და მთლიან ქონებას წაგართმევს, რაც ჩემი აზრით პროგრესს დიდწილად აფერხებს. ჩინეთში შეგიძლია რაღაც დაშალო, მცირე რამ გააუმჯობესო და ამით ძალიან სწრაფად მიიღო ბევრად უკეთესი ტელეფონი. საბოლოო ჯამში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ხელს უშლის განვითარებას.

რაც შეეხება ევროკავშირს, იქაც დაცულია ინტელექტუალური საკუთრება და იქაც აქტუალური თემაა. ევროპის რიგ ქვეყნებში არსებობს უამრავი ფონდი, რომელთა მთავარი პრიორიტეტი ამ თემის წინ წამოწევაა.

შესაძლებელია თუ არა "თავისუფლების დაპატენტება"?
ჩემი აზრით, ის, რაზეც აქამდე ვისაუბრე, სწორედ თავისუფლების შინაარსის ნაწილია. თუ მართლა გჯერა ამის, აცნობიერებ, რომ თავისუფლების იდეაც აშენებს ერთგვარ კედლებს. არსებობს ასეთი გაგება − ნეგატიური თავისუფლება, რომლის თანახმად არავის აქვს უფლება შეგიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ან წაგართვას სიცოცხლე. ინტელექტუალური საკუთრების ცნება კერძო საკუთრების ცნებას ეწინააღმდეგება და ეს არის ფუნდამენტური პრობლემა.

თეორიულად, შესაძლოა ადამიანმა დააპატენტოს ასოების ნებისმიერი წყობა, თქვას, რომ ესაა ჩემი და ხმას ვეღარ ამოიღებ, ისევე, როგორც მუსიკაში, თუმცა ეს არ ხდება. მგონია, რომ ინტელექტუალური საკუთრების კომერციულად გამოყენების უფლებაც ყველას აქვს და თუკი ვინმე კონკრეტული ზიანს აყენებს სხვის ბრენდს, სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს ზიანის ანაზღაურების საკითხი და არა პატენტის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

რევოლუცია "შავი ლომისგან"

"ჩვენ მომხმარებლის გემოვნება შევცვალეთ"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია