Get All Access for $5/mo

CUnicorn – "თიბისი სტარტაპერის" მხარდაჭერით "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეაქსელერაციის პროგრამა ჩატარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"კავკასიის უნივერსიტეტში", ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და "თიბისი სტარტაპერის" მხარდაჭერით სტარტაპ პრეაქსელერაციის პროგრამის, CUnicorn-ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე გაიმართა.

CUnicorn-ი ინოვაციური ბიზნესპროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, სემესტრში ერთხელ მონაწილე სტარტაპები კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგენენ იდეას. პრეაქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობას წინასწარ შერჩეული 10-მდე სტარტაპი იღებს.

დასკვნით დღეს ჟიურის წინაშე წარდგნენ სტარტაპები: BioNova, Econshop-ი, Eventsmate-ი, Lifekit-ი და Revup-ი. პრეზენტაციების შემდეგ პროექტის გამარჯვებული გამოვლინდა. ჟიურიმ რჩეულად სტარტაპი BioNova დაასახელა. სტარტაპის მიზანია, გარდაქმნას ბიომასა ბიოენერგიად ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი ენერგიის ტრადიციული წყაროები. სტარტაპს 5 000 ლარი გადაეცა. CUnicorn-ის დემო დღეზე დასახელდა "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტის რჩეული სტარტაპიც - Lifekit-ი, რომელმაც 2 000 ლარი მიიღო. Lifekit-ი არის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს უცხო ქვეყანაში ახალჩასულთა ინტეგრაციას ადგილობრივ სერვისის პროვაიდერებთან მათი დაკავშირების გზით.

რაც შეეხება ჟიურის, მის შემადგენლობაში იყვნენ: კახა შენგელია - "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი; ავთანდილ კასრაძე - "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" თავმჯდომარე; კრის ბერი - USMAC-ის აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი რაზმაძე - "თიბისი" ბანკის MSME სეგმენტის რისკების მართვის უფროსი და ილია ხურცილავა - ანტრეპრენერი, "ოტო მოტორსის" აღმასრულებელი დირექტორი.

CUnicorn-ის შესახებ Entrepreneur-ი ესაუბრა ირენა მელუას, რომელიც "კავკასიის უნივერსიტეტის" ვიცე-პრეზიდენტია ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

"კავკასიის უნივერსიტეტში" ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი 2016 წლიდან არსებობს, თუმცა, ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისთან თანამშრომლობით, 2022 წელს განხორციელდა ცენტრის რებრენდინგი, რის შედეგადაც შეიქმნა სტარტაპ პრეაქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ი. მესამე ბეჩში მონაწილეობას იღებდა 5 სტარტაპ გუნდი, რომლებიც დაკომპლექტებულია "კავკასიის უნივერსიტეტის" ბიზნესის, ტექნოლოგიების, მედიცინის სკოლის სტუდენტებით, მათ შორის უცხოელი სტუდენტებით, ასევე, ჩვენი კურსდამთავრებულებით და ლექტორებით. დასკვნით დღეს წარმოდგენილი ხუთივე სტარტაპ იდეა მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიაზე და სტარტაპერები ცდილობენ, ამ ინდუსტრიებში თანამედროვე, ინოვაციური მიდგომების დანერგვას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც მიმდინარე, ასევე წინა ნაკადის მონაწილეები აქტიურად აგრძელებენ საკუთარი სტარტაპების განვითარებას, მონაწილეობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ პროექტებსა და კონკურსებში.

ამ ეტაპზე გვყავს სამი პრეაქსელერაციის პროგრამის 50 ბენეფიციარი. რასაკვირველია, პროგრამა მიმდინარე სემესტრშიც განხორციელდება, რათა, რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ პირს მივცეთ შესაძლებლობა, შეიძინონ, გაიუმჯობესონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები და რეალობად აქციონ საკუთარი სტარტაპ იდეები. ასევე, მიმდინარე სემესტრში დაგეგმილი გვაქვს ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით". - აღნიშნავს ირენა მელუა.

პროექტის მნიშვნელობაზე Entrepreneur-თან ისაუბრა "თიბისი" ბანკის MSME სეგმენტის რისკების მართვის უფროსმა, გიორგი რაზმაძემ:

"თიბისი სტარტაპერისთვის" ამ პროექტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც აქ კარგად ჩანს ახალი თაობის ბიზნესხედვები და შესაძლებლობები. ახალი თაობა იწყებს ინოვაციურად აზროვნებას, ეს პროექტი კი საშუალებას აძლევს, მიიღონ მხარდაჭერა და დააინტერესონ ინვესტორები".

რაც შეეხება თავად გამარჯვებულ გუნდს, როგორც BioNova-ს დამფუძნებლები აღნიშნავენ, ისინი ხშირად იღებენ აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობას და ეს გამარჯვება პროდუქტის დახვეწისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს გამარჯვება დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ პროექტის განვითარებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და მისი სრულყოფისათვის ვიმუშაოთ", - ამბობენ ჩვენთან საუბრისას BioNova-ს გუნდის წევრები.

ჩვენთან საუბრისას CUnicorn-ის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა USMAC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ბერიმ. მისი შეფასებით, მსგავსი პროექტები სტარტაპერებს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად უდიდეს გამოცდილებას აძლევს.

კრის ბერი:

"იყო ანტრეპრენერი, ეს უნარია. შესაძლოა, გქონდეს გარკვეული ცოდნა, იდეა, მაგრამ მისი განხორციელებაც უნდა შეგეძლოს. ამ უნარის შესაძენად კი მსგავსი პროექტები უმნიშვნელოვანესია".

CUnicorn-ის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.

CUnicorn-ში მონაწილეობის ფარგლებში სტარტაპ გუნდებმა ათკვირიანი ინტენსიური ტრენინგ-სესიები გაიარეს, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.

როგორც უკვე აღინიშნა, პროგრამა მიმდინარე სემესტრშიც განხორციელდება და კიდევ უფრო მეტ სტარტაპს და ინოვაციურ ბიზნესიდეას მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივა რეალობად და წარმატებულ ბიზნესად აქციოს.