Get All Access for $5/mo

და მოგზაურობა იწყება აქ - თაკაკა აბრამიას ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Noxtton

გრაფიკული დიზაინის სფეროში შემთხვევით მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვხატავდი, სკოლის დამთავრებისას წარმოდგენა არ მქონდა რა პროფესიას უნდა დავუფლებოდი.

ხელოვნების სფერო სულ მიზიდავდა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო - ამერჩია პროფესია, ძალიან გამიჭირდა ჩემი ინტერესების მომავალ საქმიანობაში გადათარგმნა. კინაღამ ძალიან ცუდი ეკონომისტი გავხდი. რომ არა ჩემი მეგობრები, დღეს სავარაუდოდ ვიქნებოდი მუშაობით ნატანჯი, დაკარგული ადამიანი, რომელსაც არ განუცდია ის ძალიან მაგარი გრძნობა, რასაც საყვარელი საქმის კეთება გვანიჭებს.

დღემდე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი სამი მეგობრის, რომლებმაც ერთგვარი "ინტერვენცია" გამართეს - დაგეგმეს შეხვედრა, დამსვეს და დამარწმუნეს, რომ ჩემი უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა. მეც თითქოს ზუსტად ამას ველოდი. ეროვნულ გამოცდებამდე 3 თვით ადრე სრულიად შევცვალე ჩემი სასწავლო პროგრამა და მასწავლებლები. დავიწყე მომზადება სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად.

თუმცა, მალევე ახალი დილემა დამატყდა თავს - ვერაფრით გადავწყვიტე, რომელ მიმართულებაზე ჩამებარებინა და ახლობლების რჩევით არქიტექტურის ფაკულტეტზე შევაჩერე არჩევანი.

ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გამიმართლა და არქიტექტურის ფაკულტეტზე მოსახვედრად ქულები დამაკლდა. ისე მოხდა, რომ სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტზე მოვხვდი, სადაც ისწავლება ვიზუალური კომუნიკაცია და გრაფიკული დიზაინი.

სკოლაში სწავლის პერიოდში, როდესაც ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული, აქტიურად მქონდა შეხება სხვადასხვა პროგრამებთან, მათ შორის ფოტოშოფთან. მიყვარდა სიურეალისტურ ფოტოების ჟანრი და ნელ-ნელა სიურეალისტური ფოტოებიდან პოსტერების კეთებაზე გადავედი ისე, რომ არც მქონდა გაანალიზებული თუ გრაფიკული დიზაინზე ვმუშაობდი.

აკადემიაში სწავლის დაწყებისას ვგეგმავდი მეორე სემესტრიდან მედია ხელოვნების ფაკულტეტიდან არქიტექტურაზე გადასვლას, თუმცა მალევე მივხვდი, რომ გრაფიკული დიზაინი ზუსტად ისაა, რასაც ამდენი ხანი ჩემით დილეტანტურად ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, დავრჩი იქ, სადაც მოვხვდი და გრაფიკული დიზაინის სწავლა გავაგრძელე.

დღეს ძალიან მიხარია, რომ ამ პროფესიით ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინტერესი მაქვს, და მუდმივად ახალ-ახალ სფეროებში ვცდილობ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, ზუსტად ვიცი, რომ გრაფიკული დიზაინი ისაა, რასაც ყოველთვის გავაკეთებ. ვგრძნობ, რომ ამაზე კარგი სხვა ვერაფერი ვიქნებოდი.

პირველივე კურსზე მივხვდი, რომ აკადემიაში მიღებული ცოდნა არ იყო საკმარისი და მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა დიზაინ სტუდია 42 გრადუსში. შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა - ყოველგვარი გამოცდილების და ცოდნის გარეშე ამიყვანეს ჯერ ნახევარ განაკვეთზე, ხოლო შემდეგ სრულ განაკვეთზე. ამ პერიოდში შევქმენი ჩემი პირველი ლოგოები და საიტები. მუშაობის პრაქტიკა ჩემთვის ძალიან კრიტიკული აღმოჩნა. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და დავიწყე პირველი გაცნობიერებული ნაბიჯების გადადგმა გრაფიკულ დიზაინში.

რამდენიმე წელში გავხდი Saatchi & Saatchi Tbilisi-ს უმცროსი არტ დირექტორი და უეცრად სულ სხვა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდი. თავიდან ძალიან მაბნევდა სხვადასხვა მარკეტინგული ტერმინები, სტრატეგიის დოკუმენტები და ზოგადად ფიქრის სრულიად ახალი, განსხვავებული პროცესი. მაგრამ ნელ-ნელა გავერკვიე მარკეტინგის და ბრენდ სტრატეგიის საფუძვლებში და ამით კიდევ უფრო გაფართოვდა ჩემი ხედვა და ფიქრის არეალი.

ფიქრი დიზაინ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. კვლევას და ფიქრს ბევრად მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ტექნიკურად დიზაინის შექმნის პროცესს. თან ტვინი სულ მუშაობს, მაშინაც კი როცა გვძინავს. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ფონად სულ მეფიქრება მიმდინარე პროექტებზე, მათ მიზნებზე და გამოწვევებზე.

დღეს ჩემი მოგზაურობა Noxtton-ში გრძელდება, სადაც დიზაინის გუნდს ვხელმძღვანელობ. ეს სრულიად ახალი გამოწვევაა, აქ სხვანაირი მიდგომებია პროექტების, კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების მიმართ და იცი, რომ გაქვს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა. Noxtton-ის გუნდი ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდება და მომწონს, რომ დღეს მეც აქტიურად ვმონაწილეობ კომპანიის დიდი გეგმების განხორციელების პროცესში.

უკვე 11 წელია, რაც გრაფიკული დიზაინის სფეროში ვმუშაობ და ამ ხნის მანძილზე არასდროს მომბეზრდებია ჩემი საქმე და თვითონ პროცესი. რაც მეტი დრო გადის, უფრო და უფრო ფართოვდება ჩემი ხედვა და ჩნდება ახალი გამოწვევები, რაც ჩემთვის თამაშს ჰგავს. ყოველი ახალი გამოწვევა ჩემში იწვევს სირთულის გადალახვის დიდ ჟინს. ხშირად ხდება ისე, რომ რაღაც არ ვიცი და ეს არ მთრგუნავს, პირიქით მიმანიშნებს საით უნდა განვავითარო ჩემი თავი. რაც უფრო მეტს ვსწავლობ, უფრო მკაფიოდ ვხვდები, კიდევ რა ბევრი მაქვს სასწავლი. სწავლის პროცესი არასდროს მთავრდება და გრაფიკული დიზაინიც ამ მხრივ ძალიან საინტერესო სფეროა, რადგან საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ჩნდება ახალი თულები, მეთოდები, ტრენდები. ჩვენ კი არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ განვითარებას, ფეხდაფეხ ვსდიოთ სიახლეებს და იქნებ ერთ დღეს გავუსწროთ კიდეც.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია