Get All Access for $5/mo

და მოგზაურობა იწყება აქ - ლუკა ქობალიას ისტორია პროექტის განხორციელების პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა პროცესების სწორად დალაგება და მორგებაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

აგრარულ უნივერსიტეტში ელექტრონულ ინჟინერიაზე ვსწავლობდი, ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა, რადგან გავაანალიზე ორი ფუნდამენტური რამ: მივხვდი, რომ მომავალი ციფრულ სამყაროშია, და, რომ იმ პერიოდში, როდესაც დიჯითალის მნიშვნელობა საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული, წარმატების მიღწევაში მხოლოდ ტრადიციული განათლება ვერ დამეხმარებოდა.

ამ იდეების გაანალიზებაში კი ჩემი სამუშაო გარემო დამეხმარა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მენეჯერად ვმუშაობდი. ამ პერიოდში პირველად დავაფიქსირე, რომ ადამიანების გონებრივი რესურსი არასწორად იხარჯებოდა. ჩემი თანამშრომლების დიდი ნაწილი პროექტებს ხელით ხაზავდა, ხელითვე ანგარიშობდა და აკეთებდა ეკონომიკურ დასაბუთებას. ანუ ეს ადამიანები საკუთარ ტვინში არსებული ცოდნის მატერიალიზაციას ფურცელზე, უბრალო კალმით ახდენდნენ, რაც მათი დროითი და გონებრივი რესურსის ფუჭ ხარჯვას წარმოადგენდა. ვხვდებოდი, რომ ციფრული ხელსაწყოების გამოყენების შემთხვევაში ისინი შეძლებდნენ, დრო ახალი პრობლემების გადაჭრისა და ინოვაციური პროექტების იმპლემენტაციისთვის დაეთმოთ.

ასე დავიწყე მათი ცოდნის ციფრულ სამყაროში გადატანა. ამ პროცესში ისეთ პრიმიტიულ ციფრულ ხელსაწყოებს ვიყენებდი, როგორებიც არის ექსელი, ვორდი თუ სხვა ბაზისური საოფისე პროგრამა. ეს კი ციფრული სამყაროს რეალური პოტენციალის ნახევარსაც კი არ წარმოადგენდა. ამიტომ გადავწყვიტე, უფრო მეტი გამეგო გაციფრულების მნიშვნელობაზე. ვკითხულობდი სტატიებს, ვუსმენდი ლექციებს, თოქებს და სხვადასხვა ონლაინ მედიუმით ვცდილობდი ამ სფეროში საკუთარი ცოდნის გაღრმავებას. ამ პერიოდში ძალიან დამაინტერესა ციფრულ სამყაროში პროექტების იმპლემენტაციის მიმართულებამ და ვიფიქრე, რომ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით განათლების მიღება დასახული მიზნის მიღწევაში დამეხმარებოდა. ამიტომ მობილობით თავისუფალი უნივერსიტეტის სკოლაში, ESM-ში გადავედი.

რაღაც პერიოდის შემდეგ კვლავ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დაბალი იყო ცნობიერება ციფრული სამყაროს მნიშვნელობის შესახებ და ძალიან ჩამოვრჩებოდით დასავლეთ ევროპის დიჯითალ სფეროს განვითარებას. ამიტომ ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად მხოლოდ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იყო, უფრო მეტი მჭირდებოდა - მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, მეტი არაფორმალური განათლების მიღება, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ცოდნით გაღრმავება. ასე გადავედი მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე.

თავიდან გრაფიკული დიზაინით დავინტერესდი, შემდეგ UI/UX დიზაინში დავიწყე საკუთარი უნარების განვითარება, ამას მალე ვიდეომემონტაჟედ და ციფრული მარკეტინგის მენეჯერად მუშაობის გამოცდილებაც მოჰყვა. 2013-2014 წლებში კი ბაზარზე ბლოკჩეინის მიმართულება გამოჩნდა. სწორედ ამ სფეროში განვახორციელე პარტნიორებთან ერთად პირველი დამოუკიდებელი პროექტი - სტარტაპი, სახელად Ushba.io, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე არ არსებობდა.

სტარტაპის შექმნის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი ამ მიმართულებით და ჩემ პარტნიორებთან ერთად დავაფუძნე ორგანიზაცია BlockMentor-ი, რომლის მიზანსაც ბლოკჩეინის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. თუმცა, მალევე აღმოვაჩინე, რომ ეს მიმართულება არც ისეთი განვითარებული იყო, როგორიც ჩანდა და არ წარმოადგენდა ყველა პრობლემის ეფექტურად გადაჭრის საშუალებას.

სწორედ ამიტომ, ახალი ციფრული პროდუქტების შექმნასა და იმპლემენტაციაზე დავიწყე ფიქრი. გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობები პროექტების მენეჯერის პოზიციაზე გამომეცადა. ასე გავხდი კომპანია Noxtton-ის მმართველი პარტნიორი, სადაც პირველ ეტაპზე ეჯაილის ტრანსფორმაციის მიმართულებით ვმუშაობდი. გამომდინარე იქიდან, რომ ციფრული სფეროს ყველა მიმართულების შესახებ ვფლობ ბაზისურ ცოდნას, ამიტომ მიმარტივდება სპეციფიკური პრობლემების დანახვა და მათი გადაჭრის გზებზე ფიქრი.

ვფიქრობ, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა პროცესების სწორად დალაგება და მორგებაა. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა პროცესები არის საჭირო, შემდეგ როგორ უნდა მოხდეს ელემენტების იმპლემენტაცია და საბოლოოდ, უნდა შევჯერდეთ იმაზე, თუ რისი მიღწევა გვსურს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. ეს მიდგომა ციფრული პროექტის წარმატებას განსაზღვრავს, თუმცა ამის შესახებ საქართველოში ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია.

მოხარული ვარ რომ, დღეს კომპანიების მენეჯმენტის 90%-ს ესმის გაციფრულების მნიშვნელობა, თუმცა მნიშვნელოვანია ყველა იმ ნაბიჯისა და პროცესის სწორად განხორციელება, რომელიც ციფრული ტრანსფრომაციის ეფექტურობის მაქსიმიზაციაში გვეხმარება. პირველ რიგში საჭიროა, რომ ფართო მასას ესმოდეს, რა მნიშვნელობის მატარებელია გაციფრულება ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმისათვის, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას ამ ასპექტშიც დავეწიოთ, საჭიროა საზოგადოების თითოეულ რგოლს - მოსახლეობას, კომპანიებს, სამოქალაქო ინსტიტუტებს ესმოდეთ, რა გავლენა აქვს ციფრულ სამყაროს ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაზე.

ცნობიერების ამაღლების პროცესში Noxtton და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია "ციფრული ინდუსტრიის აკადემია" აქტიურად მონაწილეობს, სადაც მომავლის პროფესიას ვასწავლით და ვქმნით ერთგვარ ციფრულ ქომუნითის. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

Noxtton-ის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი იწყება იმით, რომ დამკვეთებს ვაცნობთ ციფრული სამყაროს მნიშვნელობას და იმ ხელსაწყოებს, რომელიც დაეხმარება მათ, გააუმჯობესონ საკუთარი ბიზნეს საქმიანობა. შესაბამისად, ჩვენთვის ყოველი ახალი დამკვეთი ცნობიერების ამაღლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

საბოლოოდ კი გეტყვით, რომ მომავალი ციფრული ტექნოლოგიების ხელშია. იმისათვის, რომ შეძლოთ ამ სფეროში წარმატების მიღწევა, საჭიროა იპოვოთ საკუთარი თავი, იყოთ ცვლილებებზე ადაპტირებული, აღმოაჩინოთ თქვენი როლი ამ მუდმივად ცვალებად და უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე სფეროში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ