Cyber Week Sale! 50% Off All Access

და მოგზაურობა იწყება აქ - ელენე სახვაძის ისტორია "ადამიანი თავს ყველაზე კომფორტულად მაშინ გრძნობს, როდესაც აკეთებს იმას, რაც უყვარს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

10 წლის წინ საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი ძირითადი მიმართულება ბუღალტერია იყო და ბაკალავრიატის შემდეგ ამ სფეროში დავიწყე მუშაობა.

ბუღალტერია საკმაოდ დამღლელი და მძიმე პროფესიაა, მაგრამ მისი დახმარებით შევიძინე ძალიან მნიშვნელოვანი უნარები - ვისწავლე, რომ აუცილებელია საქმე აკეთო დიდხანს და დაკვირვებით, ორიენტირდე დეტალებზე და გახსოვდეს, რომ პატარა ცვლილებამაც კი შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

ამ სფეროში მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ის საქმე არ იყო, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მინდოდა მეკეთებინა. ამიტომ პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ მენანებოდა ბიზნეს ადმინისტრირების სწავლაში დახარჯული დრო და ენერგია, ჩემი გადაწყვეტილება მაინც ძალიან მყარი იყო.

ახალი პროფესიის ძიების პროცესი საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩნდა, ყველა ეტაპზე შეშინებული ვიყავი, ჩემ თავს მუდმივად ვეკითხებოდი: იქნებ დაგვიანებულია? ღირს ამაზე დროის დახარჯვა? თუმცა იმდენად დიდი სურვილი მქონდა, მეპოვა და მეკეთებინა ის საქმე, რომელიც მიყვარს, რომ ეს ეჭვები გვერდზე გადავდე და ჩემი ოცნების ასრულებას შევუდექი.

პატარაობიდან ვხატავ, ამიტომ ბავშვობიდან ვოცნებობდი, დიზაინერი გამოვსულიყავი. საბოლოოდ ამან გადამაწყვეტინა, ჩემი მისწრაფება რეალობად მექცია.

ორი წლის წინ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსებზე დავიწყე სწავლა. ვფიქრობ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. მიმაჩნია, რომ რაღაც ახალი პროფესიისა თუ საქმის შესწავლის დროს აუცილებელია პროფესიონალებმა მოგცენ სწორი მიმართულება და დაგეხმარონ იმ ბაზისის შექმნაში, რომელიც შემდგომი განვითარების საფუძველი გახდება.

გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ ლოგო დიზაინისა და ბრენდინგზე დავიწყე მუშაობა. ბრენდ დიზაინის კურსის თითქმის სულ თეორიას გავდიოდით. სწორედ ამ კურსის შემდეგ დაიწყო ჩემი, როგორც დიზაინერის ინდივიდუალური ხედვის ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე თეორია, რადგან ეს გეხმარება შენს თავში დაალაგო მიღებული ინფორმაცია და ჩამოაყალიბო შენი საკუთარი სტილი.

სტილისა და საკუთარი ინდივიდუალური ხედვის ჩამოყალიბება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პირველ ეტაპზე, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ რეფერენსები მენახა და მათი გათვალისწინებით შემექმნა ნამუშევრები, არ მინდოდა რაიმე გარე ფაქტორს ჩემს ხედვაზე ოდნავი ზეგავლენა მოეხდინა. თუმცა, დღეს ვხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა არტისტების ნამუშევრების თვალიერება, რათა დაინახო მათი სტილი, შესრულების ტექნიკა, აღმოაჩინო დიზაინის ახალი პრინციპები და სტანდარტები. ეს გეხმარება იდეების ფორმირებასა და ახალი პროდუქტის შექმნაში. რადგან ყველაფერი ახალი უკვე გამოგონებულია, შენ მხოლოდ უკვე არსებულის ტრანსფორმაცია და შენი ინდივიდუალური ხედვით გადმოცემა შეგიძლია.

პირველი ჩემი პროფესიული გამოცდილება აზროვნების აკადემიაში ჩატარებულ პროექტს ეხება, სადაც პირველ ანიმაციური პროექტზე ვმუშაობდი. აქედან დაიწყო ჩემი სამუშაო გამოცდილება და დიზაინის სფეროში პროფესიული საქმიანობა.

მალე Noxtton-ში მოვხვდი. პირველივე დღიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამუშაო გარემომ და კულტურამ. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან. ძალიან მომწონს კომპანიის სამუშაო სტილი და დროის მენეჯმენტისადმი ეფექტური მიდგომა. ყოველთვის მიჭირდა საქმის დროში სწორად გადანაწილება, მაგრამ Noxtton-ის სამუშაო კულტურა მეხმარება, უფრო ეფექტურად მოვახდინო ჩემი დროითი რესურსის ათვისება. ვხვდები, რომ პროფესიული თვალსაზრისით ყოველდღიურად უფრო დიდ გამოცდილებას ვიღებ და ვიზრდები.

დიზაინი მუდმივად ცვალებადი სფეროა. Noxtton-ის გუნდი კი მუდმივად ახალი ტრენდების აღმოჩენაზეა ორიენტირებული, რაც მეხმარება, ვიყო სიახლეების ცენტრში და თვალი ვადევნო ცვლილებებს.

ვფიქრობ, რომ ამ და ნებისმიერ სხვა პროფესიაში საჭიროა შრომა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება. ძალიან მნიშვნელოვანია სათქმელის სწორად გამოხატვის უნარის გამომუშავება და ინდივიდუალიზმის შენარჩუნება.

საბოლოოდ კი, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სურს ახალი პროფესიის ათვისება, ვურჩევდი, რომ არასდროს არის გვიან ისწავლო რაღაც ახალი, აკეთო ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს. მიზეზი კი მარტივია: ადამიანი თავს ყველაზე კომფორტულად მაშინ გრძნობს, როდესაც აკეთებს იმას, რაც უყვარს. მიზნის მისაღწევად კი საჭიროა ბევრი შრომა, დიდი დროითი რესურსის ჩადება და რაც ყველაზე მთავარია - მონდომება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მადლობა ვის?

დავიწყოთ მადლობით ...

ინსპირაცია

46 წესი უკეთესი ცხოვრებისთვის

არ იწუწუნო, საქმეს მიხედე!