Get All Access for $5/mo

და მოგზაურობა იწყება აქ - მიხეილ ჯანიაშვილის ისტორია

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

noxtton

ჩემი კარიერა ჰობით დაიწყო. ბავშვობიდან მაინტერესებდა ინჟინერია, კონსტრუქციების აწყობა და გარკვეული სტრუქტურების შექმნა, სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში ჩაბარება ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე გადავწყვიტე. თუმცა, ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული რომ პროგრამირება ჩემი ძირითადი პროფესიული მიმართულება გახდებოდა.

ამ პერიოდში პროგრამირებას, როგორც გატაცებას ისე აღვიქვამდი, რადგან ამ მიმართულებით ბავშვობაში ვიყავი დაინტერესებული - ვთამაშობდი კომპიუტერულ თამაშებს, რომლებისთვისაც ვქმნიდი სერვერებს და ვახდენდი მათ ადმინისტრირებას. თამაშის იდეა იყო ის, რომ ნულიდან იწყებდი ყველაფერს, ვითარდებოდი, იძენდი ახალ-ახალ ნივთებს... იმდენად მაინტერესებდა ეს პროცესი და იმდენად ვიყავი ჩართული ჩემი ვირტუალური სამყაროს განვითარებაში, რომ შემთხვევით პროგრამირება შემომესწავლა.

პირველი პროგრამული ენა რომელიც ვისწავლე იყო Java, რადგან თამაში სწორედ Java-ს სერვერული ნაწილის იყენებდა. თუმცა, ტექნოლოგიებში მიღებული გამოცდილება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. თამაშის რაღაც ეტაპზე შევქმენი საიმიჯო ვებგვერდი იმისთვის, რომ ხალხი ჩემი სერვერით დაინტერესებულიყო. აქედან გამომდინარე, მომიწია PHP დეველოპმენტის სწავლაც, რათა ეს მარტივი საიტი ამეწყო.

შესაბამისად, 13-16 წლის ასაკში ძალიან აქტიურად ვსწავლობდი პროგრამირებას. შევდიოდი სხვადასხვა ფორუმებზე, ვუყურებდი ვიდეოებს, გავხდი ფორუმების კონტრიბუტორი და გააზრებულიც არ მქონდა, ისე დავიწყე პირველ ფრილანს პროექტებზე მუშაობა.

აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარების დროს ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ პროგრამირება ჩემი ცხოვრების სტილი გახდებოდა. თუმცა, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლის დროს მივხვდი, სოფთი იყო ის, რაც მაინტერესებდა. ამიტომ პირველი კურსის მეორე სემესტრში დავიწყე ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური და PHP დეველოპერი გავხდი. ეს სფერო ძალიან მომწონდა. მომწონდა გარემო, სამუშაო სტილი, ანაზღაურება - ჩემთვის იყო ერთიანი კომპლექტი, რომელიც შესაძლებლობას მაძლევდა, სამუშაო პროცესის წარმმართველი თავად მე ვყოფილიყავი.

დღესაც ვფიქრობ, რომ ბაზარზე დეველოპმენტის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი პროფესიაა, რადგან ამ სფეროში არ არსებობს შეზღუდვები და საზღვრები, შეგიძლია თავისუფლად აკეთო საყვარელი საქმე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ამ პროფესიას კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის ის ფაქტიც, რომ ცოდნისა და გამოცდილების მიღება თავადაც შეგიძლია. დღეს ბაზარზე ბევრი თვითნასწავლი დეველოპერია, რომლებიც საკუთარი ინტერესის, მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე აღწევენ წარმატებას.

ამ სფეროში წარმატების მისაღწევად შაბლონური ფორმულა არ არსებობს, უბრალოდ საჭიროა მოთმინების უნარის ქონა, რომელიც მუდმივად საკუთარი თავის განვითარებისკენ უნდა მიმართო. მართალია, ეს პროცესი ძალიან დიდ დროს და რესურს მოითხოვს, მაგრამ ეს გარდაუვალია. ჩვენ ვსწავლობთ რაღაც მაგალითებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხვეწავთ ჩვენს აზროვნებას, და ეს დახვეწილი აზროვნება განსაზღვრავს ჩვენს პროფესიულ წარმატებას. სწორედ ამიტომ, განვითარება ჩემი კარიერის განუყოფელ მიზნად დავისახე.

ჩემთვის ეს პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: გარკვეულ პროექტებზე მუშაობის დროს ვისახავ ამოცანას, პასუხის ძიების პროცესში ვიკვალავ გზას და ვცდილობ აღმოვაჩინო პრობლემის გადაჭრის ახალი გზები. ეს მიდგომა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად და ერთგვარ რუტინად იქცა.

ეს გასაკვირი არც არის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს სფეროში ყოველდღიურად ახალ-ახალი ტექნოლოგიები იქმნება, საჭიროა მუდმივად სიახლეების ცენტრში ყოფნა. პირობითად, დღეს თუ რაღაც კონკრეტული ენა არის პოპულარული, ხვალ შეიძლება სულ სხვა ენა გახდეს მოთხოვნადი. შესაბამისად, გიწევს უფრო და უფრო მეტი ისწავლო, გაიაზრო, შეიმეცნო და განვითარდე, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ისევ შენ იყო მოთხოვნადი ბაზარზე.

მუდმივად სწავლისა და ძიების პროცესის შედეგად დღეს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო, შვედურ და ამერიკულ ბაზარზე ვმუშაობ. თუმცა, ეს გზაც საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა და ჩემი პირველი ნაბიჯებიც პატარ-პატარა პროექტებით დაიწყო.

დაახლოებით სამი წლის წინ სწორედ ერთ-ერთი ასეთი პატარა პროექტის შედეგად მოვხვდი კომპანია Noxtton-ში. მაშინ ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე ახალი შემოსული იყო, შესაბამისად, ახალი დაწყებული ჰქონდა ლოკალური ბაზრის ათვისების პროცესი. მართალია, ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეზღუდული დროით გვიწევდა თანამშრომლობა, თუმცა ჩემთვის ეს მაინც გამორჩეული გამოცდილება იყო, რადგან კომპანია მუშაობის სრულიად განსხვავებულ სტილს, ეჯაილს იყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ეჯაილი ჯერ კიდევ ახალ ცნებას წარმოადგენდა, Noxtton-ის სამუშაო სტრუქტურა სრულად ამ მიდგომას ეფუძნებოდა. თავდაპირველი გაუცხოების მიუხედავად, მალევე დავრწმუნდი ამ მიდგომის ეფექტურობაში.

პროექტის დასრულების შემდეგ კომპანიაში მალევე გაჩნდა საჭიროება შექმნილიყო დეველოპერების უფრო დიდი და ძლიერი გუნდი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ასე გავხდი Noxtton-ის ნაწილი.

დღეს ჩვენი დეველოპერები გუნდი ხუთი წევრისგან შედგება და სრულიად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე ვართ გადასული, რაც სამუშაო პროცესს მეტად კომფორტულს და თითოეულ ინდივიდზე მორგებულს ხდის. ეს კი Noxtton-ში არსებული მენეჯმენტის დამსახურებაა. სამუშაო პროცესში არ არის გათვალისწინებული ზედმეტი ბიუროკრატიული მოთხოვნები, ყველაფერი სისტემატიზირებულია ისე, რომ დავალებები შესრულდეს ეფექტურად, შეთანხმებულ ვადებში და ამავდროულად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. დღეს აშშ-დან მიწევს მუშაობა და ჩვენთვის საათობრივი ბარიერიც კი არ წარმოადგენს დაბრკოლებას. Noxtton-ის მიდგომა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეჯაილ მიდგომის იმპლემენტაცია და გუნდის წევრებზე მორგებული გარემოს შექმნა თითოეულ ინდივიდს შესაძლებლობას აძლევს, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და ხელს უწყობს, ძალისხმევა თვითგანვითარებისკენ მიმართოს.

საბოლოოდ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს დეველოპმენტის მიმართულება, ვურჩევდი, გამოიჩინონ მეტი მოთმინება, არ დანებდნენ მარტივ პრობლემებს და არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რადგან რაც უფრო დიდ დროს დაუთმობ და ჩაუღრმავდები პრობლემას, აუცილებლად იპოვი გადაჭრის გზებს. რაც მთავარია, არასოდეს დაივიწყოთ Google - აქ ხომ ნებისმიერ კითხვაზე შეგიძლიათ პასუხის მოძიება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ