დასაქმების შესაძლებლობა საქართველოს ბანკის პროექტების ბენეფიციართათვის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ბანკის პროექტების დახმარებით მიიღეს მაღალი ხარისხის განათლება, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დღეს, უკვე ბანკის გუნდის წევრები არიან.
საქართველოს ბანკი, უკვე მრავალი წელია რაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გარდა იმისა, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ეს მიმართულება ბანკისათვის კულტურის შემადგენელ ნაწილად იქცა, საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური ჩართულობა საქართველოს ბანკისათვის ტალანტების მოზიდვის შესაძლებლობასაც წარმოადგენს, ვინაიდან ბენეფიციარები სწავლის დასრულების შემდგომ ბრუნდებიან საქართველოში და მათი ნაწილი, ბანკის გუნდის წევრის ამპლუაში აგრძელებს კარიერულ განვითარებას.
ამ სტატიაში Entrepreneur გიამბობთ საქართველოს ბანკის იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც ისარგებლეს მაღალხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობით და დღეს, უკვე ბანკის გუნდის წევრები არიან.
ანა თორია - საქართველოს ბანკის ანალიტიკოს-დეველოპერი
ანა თორია, ამჟამად, საქართველოს ბანკის ანალიტიკოს-დეველოპერის პოზიციას იკავებს, თუმცა მისი განსაკუთრებული ინტერესი პროგრამირებისა და მათემატიკის მიმართ, ჯერ კიდევ ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლის პერიოდს უკავშირდება. 2018 წელს, სკოლის დამთავრებისას, მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით სწავლის გაგრძელება, რისთვისაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოში წარმატებით ჩააბარა. სწავლის პარალელურად, იგი უნივერსიტეტის აკადემიურ განყოფილებაში დასაქმდა, კითხულობდა სალექციო კურსს უმაღლეს მათემატიკაში და სტუდენტებს უწევდა კონსულტაციას ფიზიკის შესავლების კურსში.
ანას მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მიღწევების გამო, იგი მალევე გახდა სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი.
"საქართველოს ბანკი ჩემი სწავლის თანადამფინანსებელი იყო და უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში მხარში მედგა როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. მუდმივად ვცვლიდით ინფორმაციას ჩემი განვითარებისა თუ მიღწევების შესახებ, რაც უფრო მიმძაფრებდა მოტივაციასა და პასუხისმგებლობას, გამომეყენებინა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ჩემს გარშემო არსებობდა. სწორედ ეს გამოცდილება იქცა ჩემთვის ამერიკული განათლების მიღების, პროფესიული სანაცნობო წრის გაფართოებისა თუ ახალ გამოწვევებთან შეჭიდების წინაპირობად", - ამბობს ანა თორია.
როგორც თავად გვიყვება, საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამის შესახებ უნივერსიტეტის მესამე კურსზე სწავლის დროს გაიგო.
"უნივერსიტეტის მესამე კურსზე გავიგე საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით გავიარე და შედეგად, საქართველოს ბანკში დავსაქმდი. დაახლოებით წელიწად ნახევარზე მეტია, რაც შევუერთდი საქართველოს ბანკის დეველოპერების გუნდს, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ განვითარებაში".
ამჟამად, ანა გუნდთან ერთად ბიზნეს ონლაინ ბანკის პროექტზე მუშაობს, რომელიც იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი. იგი ყოველდღიურად ახორციელებს არსებული მოდულების მხარდაჭერას და მონაწილეობს ახალი პროდუქტების დანერგვა-შემუშავებაში.
ანა თორიას სამომავლო მიზანია განაგრძოს ანალიტიკოს-დეველოპერის ამპლუაში საკუთარი პროფესიული გზა, მიიღოს გამოწვევები და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ანა ტექნოლოგიების სფეროში აკადემიური ხარისხის ამაღლებას და მაგისტრატურის გაგრძელებასაც გეგმავს.
გუგა ბურდული - საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერი
გუგა ბურდული Fulbright-ის 2020 წლის პროგრამის გამარჯვებული და საქართველოს ბანკის სტიპენდიატია, რომელიც აშშ-ში, კერძოდ კი Temple University-ში მიღებული პროფესიული ცოდნით, გამოცდილებითა და უნარებით, საქართველოს ბანკის გუნდს მონაცემთა მეცნიერის ამპლუაში შეუერთდა.
გუგას დამთავრებული აქვს ვ.კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და სწავლის პარალელურად გატაცებული იყო ჭადრაკით, რაშიც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც კი გახდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, გუგამ სწავლის გაგრძელება "თავისუფალი უნივერსიტეტის" ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე გადაწყვიტა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მისი უშუალო სპეციალობის საგნების პარალელურად, გუგამ კომპიუტერული მეცნიერებების მაინორის კურსიც გაიარა და მთელი ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. იგი მუშაობდა რამდენიმე სამეცნიერო სტატიაზე და მონაწილეობდა სამ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში.
"თავისუფალი უნივერსიტეტის" დასრულების შემდეგ, გუგა ბურდული "თავისუფალ სკოლაში" პროგრამირების მასწავლებლად და "თავისუფალ უნივერსიტეტში" სემინარისტად მუშაობდა, რამაც მის მომავალ პროფესიულ მიზნებზეც იქონია გავლენა. მალევე, გუგა მიხვდა, რომ მისი შესაძლებლობების, სურვილებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კომფორტულად მონაცემთა მეცნიერის ამპლუაში იგრძნობდა თავს და შესაბამისად, გადაწყვიტა სწავლა ამ მიმართულებით გაეგრძელებინა. ჩანაფიქრის განხორციელებაში გუგას Fulbright-ის პროგრამა და საქართველოს ბანკი დაეხმარა, რომლის სტიპენდიატიც გახლავთ.
"როდესაც საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერის ვაკანსია ჰქონდათ გამოცხადებული. ამ მიმართულებით საქართველოს ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში. შესაბამისად, გავაგზავნე ჩემი რეზიუმე, ამერიკიდანვე მქონდა გასაუბრებები და საბოლოო ჯამში, შევთანხმდით, რომ ჩემი ჩამოსვლისთანავე შევუერთდებოდი საქართველოს ბანკის გუნდს. მართლაც, ჩამოსვლიდან მესამე დღეს გამოვედი სამსახურში", - გვიამბობს გუგა, - "ამჟამად, საქართველოს ბანკში ვიკავებ მონაცემთა მეცნიერის პოზიციას. ჩემი გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლის ქცევის მოდელების შესწავლაზე სამომავლოდ, მინდა პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვო ჩემი პროფესიის მიმართულებით, განვვითარდე და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო. ასევე, მივიღო საჭირო გამოცდილება, რათა შევძლო ამ მიმართულებით აკადემიური საქმიანობის გაგრძელება".
ინფორმაციისთვის, Fulbright პროგრამის მხარდაჭერას და აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობა მოტივირებულ სტუდენტებს 2014 წლიდან აქვთ. საქართველოს ბანკი პროგრამის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს.
ლუკა ხიმშიაშვილი - საქართველოს ბანკის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს ბანკის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი, ლუკა ხიმშიაშვილი, Chevening-ის სტიპენდიატია, რომელმაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლონდონში, King's College-ში ეკონომიკისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა.
ლუკა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრია. სწავლის სწორედ ამ ეტაპზე, იგი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით დაინტერესდა. შემდგომ, საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და საკონსულტაციო კომპანია - Reformatics-ში დასაქმდა, სადაც ხუთი წელი იმუშავა. როგორც თავად აღნიშნავს, ამ კომპანიაში მუშაობისას, მისი ინტერესი ეკონომიკისა და ფინანსების კუთხით კიდევ უფრო გაიზარდა და გადაწყვიტა ამ მიმართულებით უცხოეთში გაეგრძელებინა სწავლა.
"Chevening-ის პროგრამითა და საქართველოს ბანკის სტიპენდიით, შესაძლებლობა მქონდა ეკონომიკისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამა ლონდონის King's College-ში გამევლო. სტიპენდიის ფარგლებში მოხდა როგორც სწავლის, ისე ცხოვრების ხარჯების დაფინანსება. King's College-ში მიღებული გამოცდილება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან უმაღლესი დონის სწავლებასთან ერთად, გავიცანი ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც თავს იყრიდნენ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში", - აღნიშნავს ლუკა ხიმშიაშვილი, - "ლონდონში სწავლის პერიოდში ვიცოდი, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. მინდოდა მემუშავა ისეთ ადგილას, სადაც გამოვიყენებდი მიღებულ ცოდნას და შეხება მექნებოდა კაპიტალის ბაზართან, რომელიც საქართველოში განვითარების საწყის სტადიაზეა და მხოლოდ რამდენიმე კომპანიის აქციები ივაჭრება საფონდო ბირჟაზე. ერთ-ერთი ასეთი კომპანია კი საქართველოს ბანკია, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია განთავსებული. ეს ჩემთვის მოტივაციად იქცა, გავმხდარიყავი საქართველოს ბანკის გუნდის წევრი. რამდენიმე გასაუბრების შემდეგ შემოთავაზებაც მივიღე მათგან, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი".
დღეს ლუკა ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერია და მის მოვალეობაში შედის როგორც საერთაშორისო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება და მათთან კომუნიკაცია, ისე კომპანიის ESG საკითხების მონიტორინგი და ფინანსური შედეგების ანალიზი. იგი საქართველოს ბანკის გუნდს სულ სამი თვის წინ შეუერთდა და როგორც თავად აღნიშნავს, სამომავლო გეგმები სწორედ ამ კომპანიაში განვითარებას უკავშირდება.
საქართველოს ბანკი 2013 წლიდან უჭერს მხარს Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამას და ყოველწლიურად 3 ნიჭიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლოს.
მარიამ მუმლაძე - საქართველოს ბანკის კორპორაციული დეპარტამენტის ანალიტიკური ჯგუფის უფროსი
საქართველოს ბანკის კორპორაციული დეპარტამენტის ანალიტიკური ჯგუფის უფროსი, მარიამ მუმლაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელიც ბანკის გუნდს 2017 წელს, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შეუერთდა. ასეთი წარმატებული კარიერული გზის გავლა კი, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა "ლიდერატორის" დახმარებით გახდა შესაძლებელი.
როგორც თავად მარიამი გვიამბობს, ამ პროგრამამ შესაძლებლობა მისცა სრულიად გამოუცდელ სტუდენტს, დაეწყო მუშაობა ბანკის ერთ-ერთ დეპარტამენტში, სადაც თავს იყრიან საქართველოში უმსხვილესი კომპანიები, თითქმის ყველა სექტორიდან.
"კარიერის დასაწყისში, ცხადია, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ისეთ გარემოში მოხვედრა, სადაც რეალურად ვხედავდი, როგორ მუშაობს ესა თუ ის სექტორი, რა გამოწვევები და შესაძლებლობებია ირგვლივ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაძლევდა შესაძლებლობას, მიმეღო ცოდნა და მენტორშიპი ძალიან გამოცდილი და კვალიფიკაციური გუნდის წევრებისგან", - გვიყვება მარიამი, - "ამჟამად ვარ ანალიტიკური ჯგუფის უფროსი და ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ კორპორატიული კლიენტების ფინანსურ ანალიზს, მათთვის სხვადასხვა საკრედიტო რესურსებისთვის და არსებული პორტფელის მონიტორინგისთვის. ვფარავთ საქართველოში არაერთ უმსხვილეს სექტორს, მათ შორის არის: HORECA, მძიმე წარმოება, ტრანსპორტირება, სხვადასხვა მეტალების წარმოება/ვაჭრობა და ა.შ. თითოეული ახალი პროექტი, რომელსაც ჩვენი კლიენტები ახორციელებენ, ჩემთვის ძალიან საინტერესო და საამაყოა. ალბათ, ჩემი პროფესიის ყველაზე კარგი ნაწილიც ზუსტად ეს არის - ხედავდე, სულ რამდენიმე თვეში როგორ იქცევა რეალობად, ერთ დროს, მხოლოდ ფურცელზე წარმოდგენილი გათვლები და გეგმები და რამდენი ადამიანის ყოველდღიურობა შეიძლება შეცვალოს ამ ყველაფერმა, იქნება ეს დასაქმების თუ მიღებული სერვისების/პროდუქტების ჭრილში".
რაც შეეხება მარიამის სამომავლო მიზნებს, იგი ამავე სფეროში გეგმავს განვითარებას და შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, იგი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ფიქრობს, რაშიც საქართველოს ბანკში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მისი აზრით, სასურველ პროგრამაზე მოხვედრასა და წარმატებული კარიერის წარმართვაში დაეხმარება.
გუგა სუხიაშვილი - საქართველოს ბანკის "ეჯაილ ქოუჩი"
გუგა სუხიაშვილი თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, რომელიც ამჟამად თსუ-სა და "შპაიერის" ადმინისტრაციული უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს საჯარო მმართველობის მიმართულებით. ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად, მან ერთწლიანი სტაჟირება გაიარა ამერიკის საელჩოს განათლების დეპარტამენტში, იმუშავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, რის შემდეგაც საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ გუგა 2016 წელს "ინგლისურად მოსაუბრეთა კავშირის" მიერ ორგანიზებული და საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილი საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული გახდა საქართველოში, რის შემდეგაც, საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ლონდონის საერთაშორისო ტურნირზეც გაემგზავრა და ნახევარფინალურ ეტაპამდე მიაღწია.
როგორც თავად გუგა გვიამბობს, ამ კონკურსს 80 წლიანი ისტორია აქვს, ხოლო ლონდონის საერთაშორისო ტურში, 70-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები არიან. საქართველოს ბანკი 2012 წლიდან არის საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერი. ამ პერიოდში პროექტში უკვე 800 მოსწავლე და სტუდენტია ჩართული.
გუგას ჰუმანიტარული მიმართულებაზე სწავლის მიუხედავად, მას ყოველთვის აინტერესებდა ტექნოლოგიების სფერო და 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც მან პირველად გაიგო "ეჯაილ" მეთოდოლოგიის შესახებ, გადაწყვიტა საკუთარი ძალები ამ მიმართულებითაც მოესინჯა.
"თავიდან ამ თემის შესწავლა საკუთარი სურვილით დავიწყე, შემდეგ წავაწყდი ინფორმაციას საქართველოს ბანკის მიერ გამოცხადებული "სქრამ მასტერის" პოზიციის შესახებ. "სქრამი" "ეჯაილის" ერთ-ერთი სამუშაო ჩარჩოა. საქართველოს ბანკი მოწინავე აღმოჩნდა ამ მიმართულებით და ძალიან იღბლიანად მივიჩნევ საკუთარ თავს, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. აქ ბევრი ისეთი ადამიანი დამხვდა, ვინც საკუთარი ცოდნა გამიზიარა და პროფესიულად გამზარდა, შესაბამისად, მეც მუდმივად ვცდილობ ჩემი ცოდნა სხვებს გავუზიარო", - აღნიშნავს გუგა სუხიაშვილი, - "ეჯაილ ქოუჩის პოზიციაზე ვმუშაობ როგორც გუნდებთან, ისე ორგანიზაციული მასშტაბით. ეს სფერო როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული უნარების მუდმივ გამოყენებას საჭიროებს, სწორედ ამითაა გამორჩეული ჩემი პოზიცია, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და მუდმივად ახალ და საინტერესო გამოწვევებს გვთავაზობს. ამ პროფესიის ღირსებაა ისიც, რომ არ ხარ შეზღუდული, შეგიძლია გასაქანი მისცე თავისუფალ აზროვნებას და გუნდთან ერთად პროდუქტის მიწოდების გაუმჯობესების ახალი და საინტერესო გზები ეძებო. ამჟამად, ვმუშაობ 3 გუნდთან, რომლებიც ერთი "კლასტერის" წევრები არიან, რაც ნიშნავს, რომ ერთი პროდუქტის გარშემო 3 სხვადასხვა გუნდი ინაწილებს პასუხისმგებლობას, რაც თავის მხრივ, ახალ და განსაკუთრებულად საინტერესო გამოწვევებს გულისხმობს".
ახლო მომავალში, გუგა ამ სფეროში კიდევ უფრო მეტი გამოცდილების და ცოდნის დაგროვებას გეგმავს, რათა არ ჩამორჩეს განვითარების სწრაფ ტემპს და გამოიყენოს სამუშაო პრაქტიკები, რომლებიც აქამდე არ აღმოუჩენია.
საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს გამორჩეული ახალგაზრდების მხარდაჭერას და აძლევს მათ შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, მიიღონ ცოდნა და განივითარონ პროფესიული უნარები.
საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებებია განათლების და დასაქმების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკი ქმნის შესაძლებლობებს ხელმისაწვდომი განთლებისთვის, დასაქმების და კარიერული განვითარებისთვის. ბანკის მიერ უკვე განხორციელდა და დაფინანსდა 35 საგანმანათლებლო პროექტი 100 000 - მდე ბენეფიციარისთვის.
საქართველოს ბანკის მოქმედებები, ქმნის ახალ შესაძლებლობებს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც განვითარება და არ გაჩერება სურს.