Get All Access for $5/mo

Data Challenge – საქართველოში პირველი მონაცემთა კონკურსი საქართველოს ბანკისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია, რაც აქტიურად მუშაობს საქართველოში ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მონაცემების მიმართულებით სიახლეების დანერგვისა და ამ სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნის მომართულებით. ამჯერად კი, ბანკი ინოვაციური მიდგომებითა და ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს - Data Challenge-ს იწყებს.

როგორც საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის, მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი, ირაკლი გოგატიშვილი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, მსგავსი კონკურსები მონაცემთა სამყაროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც, ერთი მხრივ, ამ დარგში ტალანტების მოზიდვას წაახალისებს, ხოლო მეორე მხრივ, ახალი, შემოქმედებითი გადაწყვეტების (creative solutions) შემუშავებას უწყობს ხელს.

Data Challenge მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში და იმუშაონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სარეკომენდაციო სისტემები, მეტყველების ტექნოლოგიები და სხვა. გამარჯვებულები 50 000 ლარის მოცულობის საპრიზო ფონდიდან დასაჩუქრდებიან თითოეული ჩელენჯისთვის და გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.

და მაინც, რა ტიპის გამოწვევებსა და საკითხებზე იმუშავებენ აღნიშნული პროექტის მონაწილეები? - "Data Challenge-ს თემატიკა შეეხება პროცესების პროგნოზირებას და ოპტიმიზებას, ქცევის ანალიტიკას, მეტყველების, მხედველობის და აზროვნების ტექნოლოგიებს. ეს ყველაფერი მოემსახურება მრავალფეროვანი მონაცემებიდან სასარგებლო მიგნების კეთებას, ზეპირი თუ წერილობითი ტექსტიდან აზრის გამოტანას, სურათებიდან და ვიდეოდან შინაარსის მიხვედრას, აზრის მანქანურად ჩამოყალიბებას, გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გონივრულად შემუშავებას და ვირტუალური ასისტენტების განვითარებას. შედეგები პროცესების უფრო ეფექტურად წარმართვაში იქნება გამოყენებული, რამაც უნდა გაზარდოს მომხმარებელთა სარგებელი და ბიზნესის წარმატება", - აცხადებს ირაკლი გოგატიშვილი. გარდა ამისა, როგორც საქართველოს ბანკში განმარტავენ, მსგავსი მნიშვნელობისა და დატვირთვის მქონე ღონისძიება, საქართველოში პირველად ჩატარდება, რაც მონაცემთა მიმართულების განვითარების ახალ ეტაპს შეუქმნის საფუძველს.

აღსანიშნავია, რომ Data Challenge-ის კონკურსის მონაწილეები სპეციალურ ვებ პლატფორმაზე იმუშავებენ და შეფასდებიან, როგორც ავტომატურად, თავად პლატფორმის, ისე პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერების მიერ. მონაწილეებს მენტორობას საქართველოს ბანკის თანამშრომლები გაუწევენ. პროექტში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, ყველა მსურველს, რომელიც სწავლობს ან დასაქმებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროში.

Data challenge- ის კიდევ ერთი სპიკერი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბობოხიძე კი ამბობს რომ ეს საქართველოს ბანკის მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება. "მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით საქართველოში პირველი Data Challenge-ის სერია იწყება. კონკურსი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, გაიცნონ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება და, რაც მთავარია, მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით, აღმოაჩინონ მათთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობები. გვჯერა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას", - აცხადებს ვახტანგ ბობოხიძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული არხების მიმართულებით.

მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი, ნიკოლოზ მამისაშვილი კი ამბობს, რომ "Data Challenge-ების ორგანიზება მსოფლიოში უკვე გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, ყველამ ვიცით Kaggle competitions, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო და ის უკვე Google-თან ერთად განაგრძობს ამ საქმიანობას.

"მონაცემთა მეცნიერება საქართველოს ბანკში ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს ბანკში გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება. ბევრი სერვისი, რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ, გამყარებულია მანქანურ სწავლებაზე დაყრდნობილი ალგორითმებით. სწორედ ამ მოდელების განვითარებისთვის გვჭირდება მონაცემთა მეცნიერება. ჩვენთან მონაცემთა მეცნიერების განვითარება Data Tribe-ის კომპეტენციაა. ეს გუნდი აერთიანებს 70-ზე მეტ თანამშრომელს, რომელთაგანაც უმრავლესობა მონაცემთა მეცნიერია"- ამბობს ნიკოლოზ მამისაშვილი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ 12 აპრილს, Facebook-ზე Data Challenge-ის წარმდგენი ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირების ფარგლებში გაჟღერდება, სადაც ამავდროულად, კონკურსის ვებ პლატფორმის ბმული გასაჯაროვდება და ასევე, გაჟღერდება პირველი ჩელენჯის თემა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე