DataArt საქართველოში: ცვლილებათა ხუთი წელი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური გარემო შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მას შემდეგ, რაც DataArt-მა 2021 წელს თბილისში საქმიანობა დაიწყო, საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა გლობალურ ინდუსტრიაში მიმდინარე უფრო ფართო ცვლილებების პარალელურად ვითარდებოდა. ამ პერიოდში AI ექსპერიმენტების ფარგლებს გასცდა და რეალური ბიზნესპროცესებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაწილად იქცა, რამაც შეცვალა კომპანიების მიდგომები ტექნოლოგიების შექმნის, პროცესების ორგანიზებისა და პროფესიონალებისთვის საჭირო უნარების მიმართ.
დღეს, როდესაც AI ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების ახალ ეტაპს განსაზღვრავს, მთავარი კითხვა უკვე აღარ არის მხოლოდ ის, რა შეიცვალა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. უფრო მნიშვნელოვანია, რა შესაძლებლობებს ქმნის ეს ცვლილებები საქართველოსთვის, ადგილობრივი პროფესიონალებისა და ბიზნესისთვის.
ქვეყანაში DataArt-ის მოღვაწეობა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ადგილობრივ ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან. კომპანია ICTA Georgia-ს წევრია და თავისი წვლილი შეაქვს ისეთ ინიციატივებში, რომლებიც მიმართულია ინდუსტრიის განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისკენ. თბილისში ახლახან გამართული ვიზიტისას, DataArt-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, იუჯინ გოლანდმა, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ პოტენციალსა და მის ადგილს გლობალურ ტექნოლოგიურ გარემოში.
"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს ტექნოლოგიურმა ლანდშაფტმა მნიშვნელოვანი ევოლუცია გაიარა. ჩვენ ვხედავთ უფრო ძლიერ პროფესიულ რესურსს, უფრო განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და მზარდ პროფესიულ საზოგადოებას. ამავდროულად, ჩვენი გუნდი საქართველოში DataArt-ის გლობალური საინჟინრო ქსელის განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს სხვადასხვა ინდუსტრიის საერთაშორისო პროექტებში. ხელოვნური ინტელექტი ამ განვითარების სრულიად ახალ ეტაპს ქმნის. საქართველოს აქვს პოტენციალი, განიმტკიცოს თავისი პოზიცია გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე – ძლიერი ტექნიკური კადრების, განათლების, საერთაშორისო გამოცდილებისა და დღითიდღე უფრო მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის შერწყმით", – ამბობს გიორგი ეგიაზარიანი, DataArt საქართველოს რეგიონული დირექტორი.
ექსპერიმენტებიდან AI-ის პრაქტიკულ გამოყენებამდე
2026 წლის პროგნოზში DataArt-მა ყურადღება გაამახვილა მასშტაბურ ტენდენციაზე, რაც ხელოვნური ინტელექტის ექსპერიმენტული ფაზიდან საწარმოო გარემოში გადანაცვლებას გულისხმობს.
კონკურენტული უპირატესობა სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ უახლეს AI-მოდელებზე წვდომაზე, არამედ მონაცემთა მძლავრ ინფრასტრუქტურაზე, მართვის სისტემებსა და ხელოვნური ინტელექტის რეალურ ბიზნესპროცესებში ინტეგრირების უნარზე. ინტელექტუალური ავტომატიზაცია, დეველოპერთა პროდუქტიულობის ზრდა და სპეციალიზებული აგენტური აპლიკაციები სწორედ ის მიმართულებებია, რომლებმაც ბიზნესისთვის ხელშესახები ღირებულება უნდა შექმნან.
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტს
პრაქტიკულ პროცესებში AI-ის დანერგვასთან ერთად, იცვლება თავად პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მოდელიც. ხელოვნური ინტელექტი საინჟინრო სამუშაო პროცესების განუყოფელი ნაწილი ხდება დაწყებული პროტოტიპირებიდან და დეველოპმენტიდან, ტესტირებითა და დანერგვით დამთავრებული. ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ეს ნიშნავს ინვესტირებას არა მხოლოდ ინსტრუმენტებში, არამედ ინფრასტრუქტურაში, მართვის სისტემებსა და საინჟინრო გუნდების ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში.
DataArt-ისთვის ეს ტრანსფორმაცია განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად იქცა. 2025 წლის ივნისში კომპანიამ დააანონსა 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამწლიანი ინვესტიცია, რომელიც მონაცემთა და AI-შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად. ამის ერთ-ერთი პრაქტიკული შედეგი იყო 2026 წლის თებერვალში წარდგენილი Artisyn – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საოპერაციო მოდელი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მსხვილ ორგანიზაციებს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში, მასშტაბირებასა და მართვაში დაეხმაროს. ის აერთიანებს AI-აგენტებს, მრავალჯერადი გამოყენების საბაზისო სისტემებსა და კორპორაციულ მართვას პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და მიწოდების სრულ სასიცოცხლო ციკლში. Artisyn-ის ბაზაზე განხორციელებულ პროექტებში, DataArt-ის მონაცემებით, პროტოტიპირების ციკლი 70%-მდე დაჩქარდა, ხოლო დეველოპმენტის ეფექტიანობა 30%-მდე გაუმჯობესდა.
DataArt-მა ასევე გააფართოვა პარტნიორული ეკოსისტემა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით – შეუერთდა NVIDIA-ს პარტნიორთა ქსელს Solution Advisor Partner-ის სტატუსით და გახდა Anthropic-ის Claude-ის პარტნიორული ქსელის სერვისების მიმართულების რჩეული პარტნიორი. მიმდინარე წლის აგვისტოში კი, DataArt-მა OpenAI-ის რჩეული სტატუსიც მოიპოვა.
DataArt-ის ქართული გუნდისთვის ყოველივე ეს ნიშნავს იმავე გლობალურ საინჟინრო ქსელში ოპერირებას, რომელშიც ეს მასშტაბური AI-ინიციატივები ვითარდება.
ტესტირება საკუთარ თავზე
ბიზნესისთვის მთავარი კითხვა აღარ არის ის, გამოიყენოს თუ არა ხელოვნური ინტელექტი, ახლა მთავარია ის, თუ როგორ დანერგოს იგი სწრაფად ისე, რომ არ დაკარგოს კონტროლი ხარისხზე, უსაფრთხოებასა და საბოლოო შედეგებზე.
DataArt-ის ერთ-ერთი პასუხი ამ გამოწვევაზე მისი Client Zero მიდგომაა, რაც გულისხმობს ახალი პრაქტიკების საკუთარ საინჟინრო გარემოში ტესტირებას, სანამ მათ კლიენტებისთვის მასშტაბირებადი სახით წარადგენს. გუნდები ატარებენ ექსპერიმენტებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტსა და აგენტურ დეველოპმენტზე, რა დროსაც აფასებენ არა მხოლოდ სისწრაფეს, არამედ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, უსაფრთხოებასა და ადამიანის მხრიდან ზედამხედველობის საჭიროებას. აგენტური დეველოპმენტის ჰაკათონები, AI ქოდინგ-ჯემები, ე.წ. ფეთ-პროექტების ფესტივალი და შიდა საგანმანათლებლო ინიციატივები სწორედ ის გარემოა, სადაც ახალი მიდგომების პრაქტიკაში რეალიზება ხდება.
ეს გამოცდილება ინჟინერიაში მიმდინარე უფრო ფართო ცვლილებებზე მიუთითებს: ცალკეული ამოცანების ავტომატიზაცია არ აქრობს ტექნიკური ექსპერტიზის საჭიროებას. პირიქით, ის კიდევ უფრო მეტად ზრდის მყარი საბაზისო ცოდნისა და AI-ის გენერირებული შედეგების კრიტიკულად შეფასების უნარის ფასს.
საქართველოს IT ბაზარიც ასახავს იმ გლობალურ ტენდენციას, რომელიც დამსაქმებელთა მხრიდან ტექნოლოგიური პროფესიონალების მიმართ მოლოდინების ცვლილებას გულისხმობს. AI-წიგნიერება სულ უფრო მეტად იქცევა პრაქტიკულ უნარად და არა განცალკევებულ სპეციალიზაციად.
ამასთან, კვლავ უმნიშვნელოვანესია ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა AI/ML (მანქანური სწავლება), მონაცემთა მეცნიერება და ავტომატიზაცია. ამავდროულად, მყარი საინჟინრო საფუძვლები, კრიტიკული აზროვნება და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შედეგების შეფასების უნარი დღითიდღე უფრო ფასეული ხდება.
ახალი თაობის მომზადება
AI-ტრანსფორმაცია ცვლის არა მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალების ყოველდღიურობას, არამედ იმ მოლოდინებსაც, რომლებიც ინდუსტრიაში ახალშემოსული კადრების მიმართ არსებობს. ეს ტექნოლოგიურ ბიზნესსა და საგანმანათლებლო სფეროს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
საქართველოში DataArt ამ დიალოგში საგანმანათლებლო და პროფესიულ საზოგადოებასთან თანამშრომლობით მონაწილეობს. კომპანიის ექსპერტები ჩართულნი არიან პროფესიული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხილვაში, რომლებიც ტექნოლოგიური ბაზრის რეალურ საჭიროებებს უნდა პასუხობდეს და ხელს უწყობდეს როგორც ტექნიკური, ისე პროფესიული და ინტერპერსონალური უნარების განვითარებას. პარალელურად, სტუდენტებისა და დამწყები სპეციალისტებისთვის DataArt ახორციელებს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა Proggy-Buggy და IT Camp, რომლებიც AI-ის ახალ მიმართულებებს, პროგრამირების ფუნდამენტურ ცოდნასა და პრობლემების გადაჭრის უნარებს უთავსებს.
ქართველი მონაწილეები წარმატებით ასპარეზობენ Proggy-Buggy-ს კონკურსებში. საქართველოს ტექნოლოგიური პროფესიონალების მომავალი თაობის პოტენციალი საერთაშორისო ასპარეზზეც თვალსაჩინოა – 2026 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა სტუდენტებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს.
ადამიანი + AI
საბოლოო ჯამში, ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო სწრაფად ცვლის ცალკეულ ამოცანებს, ვიდრე სრულად ანაცვლებს პროფესიებს. რუტინული სამუშაოს ავტომატიზაციის პარალელურად, კიდევ უფრო იზრდება ადამიანური განსჯის, კრიტიკული აზროვნების, დარგობრივი ექსპერტიზისა და მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.
ეს პერსპექტივა ეხმიანება იმ თემებს, რომლებზეც იუჯინ გოლანდმა "რუსთავი 2"-თან ბოლოდროინდელ ინტერვიუში ისაუბრა, მათ შორის, ინოვაციების ცენტრში ადამიანის შენარჩუნების მნიშვნელობას. AI ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ტექნოლოგიების მდგრადი განვითარება კვლავაც ადამიანებზეა დამოკიდებული – მათ პროფესიონალიზმზე, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვასა და ახალი ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენების უნარზე.
საქართველოსთვის, რომლის მზარდ პოტენციალზეც გლობალურ ტექნოლოგიურ გარემოში გოლანდმა ასევე ისაუბრა, ადამიანური კაპიტალის განვითარება გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისთვის შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც თავად ტექნოლოგიებზე წვდომა.